ლიომა ჩიბაევი: "სააკაშვილმა "კავკასიის საამიროს" წინააღმდეგ ფრონტი გახსნა - კვირის პალიტრა

ლიომა ჩიბაევი: "სააკაშვილმა "კავკასიის საამიროს" წინააღმდეგ ფრონტი გახსნა

"ლოპოტას ხეობაში საქმის უსისხლოდ მოგვარება შეიძლებოდა და ინფორმაცია, რასაც მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები გვაწვდიან, ნდობას არ იმსახურებს" , - ამის შესახებ რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ჩეჩნეთის პრეზიდენტების - ასლან მასხადოვისა და ჯოხარ დუდაევის ყოფილი პრესმდივანი და რადიო "თავისუფლების" ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი ლიომა ჩაბაევი აცხადებს.

"რამზან კადიროვის ადმინისტრაციისა და კრემლის ერთგული ადამიანებისათვის სულერთია, ჩეჩნები იყვნენ ისინი, დაღესტნელები, ქისტები თუ არაქისტები, რადგან ეს შემადგენლობა, "კადიროვის ხროვა", მომართულია იმაზე, ოღონდ როგორმე დახოცოს მეამბოხე პარტიზანები და მნიშვნელობა არა აქვს, ვისი ხელით მოხდება ეს - რუსების, ქართველების, სომხებისა თუ ებრაელების. თუმცა, კადიროვისა და მისი ლაქიების გარდა, არის სოლიდური რაოდენობა ჩეჩნებისა, რომლებიც თანაუგრძნობენ მეამბოხეებს, რომლებიც მთელი არსებით ემხრობიან დოკუ უმაროვს. სააკაშვილმა ამ სპეცოპერაციით ფრონტი გახსნა "კავკასიის საამიროსა" და იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს "კავკასიის საამიროს". ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო, ჩეჩნებისა და დაღესტნელებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა, ყოველთვის იყო და რჩება ქვეყნად, რომლის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასაც მუდმივად ესწრაფვოდნენ და მხარს უჭერდნენ ჩრდილოკავკასიელები, რადგან რაც უფრო ძლიერია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მით მეტი საყრდენი ექნებათ ჩრდილოკავკასიელებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა.

ცხადია, გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება, რადგან თავად საქართველოშიც კი ძნელია იმის დადგენა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ერთი მხრივ შეიძლება იმის თქმა, რომ სააკაშვილმა კრემლსა და მოსკოვს გარკვეული რევერანსი გაუკეთა, აგრძნობინა - აი, გეხმარებით თქვენი ბანდიტებისა და ტერორისტების განადგურებაში, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენო...

ცხადია, არ შემიძლია ზუსტად იმის თქმა, რა მიზნით და რატომ აღმოჩნდა ეს ჯგუფი იქ, სადაც აღმოჩნდა. მაგრამ შეიძლებოდა, არ დაღვრილიყო სისხლი, შეიძლებოდა ცოტა უფრო ლოიალურად მოქცეოდნენ, დალაპარაკებოდნენ და რაღაცაზე მოელაპარაკათ. ჩვენ კავკასიელები ვართ და გავარკვევდით ყველაფერს", - მიიჩნევს ლიომა ჩაბაევი. მისივე აზრით, აღნიშნული სპეცოპერაციით საქართველოს ხელისუფლებასთან დოკუ უმაროვი და მის მებრძოლები "მტრობაში შევიდნენ".

"ის ინფორმაცია, რასაც სააკაშვილი და საქართველოს ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები გვაწვდიან, გულწრფელად გეტყვით, ნდობას არ იმსახურებს. დასაშვებია, რომ ეს ხალხი საქართველოში გელაევის შვილის საფლავის სანახავადაც ჩასულიყო. ან სწორედ ის ადამიანები ყოფილიყვნენ, რომლებმაც სირიიდან რუსლან გელაევის შვილის ცხედარი ჩაასვენეს... რაკი ვიცნობ ჩვენს ხალხს და კარგად ვიცი, რას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ "კავკასიის საამიროს" წარმომადგენლებს ვუწოდებთ, გარწმუნებთ, რომ საქართველოსათვის რაიმე მზაკვრული გეგმით ეს ხალხი საქართველოში არ ჩავიდოდა, ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული.

ვფიქრობ, რომ დოკუ უმაროვის მებრძოლებს, როგორც რუსეთის პრეზიდენტს უყვარს თქმა, კარგად შეუძლიათ ბუზებისა და კოტლეტის გარჩევა - იმის გამო, რომ სააკაშვილის ბრძანებით სისხლი დაიღვარა, იმედი მაქვს, დოკუ უმაროვსა და მის მებრძოლებს ეყოფათ ჭკუა, რომ ბრალი მთელ ქართველ ხალხზე არ გადაიტანონ. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს მებრძოლი ჩეჩნები და მებრძოლი დაღესტნელები საქართველოს წინააღმდეგ ომის გზას დაადგებიან, მაგრამ ერთმნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ისინი ნამდვილად შევიდნენ მტრობაში. მათ ეს აიძულეს", - აღნიშნავს ჩეჩნეთის პრეზიდენტების, ასლან მასხადოვისა და ჯოხარ დუდაევის ყოფილი პრესმდივანი.

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები: შსს საქართველო-რუსეთის საზღვართან მიმდინარე დევნის ოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ინფორმაციით, დევნის ოპერაციისას მოკლულია დივერსანტი

ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი - შსს

ლოპოტას ხეობაში დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახი ინფორმაციას თითქმის ორი დღეა, ელის

სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის შსს-მ საქართველოს ორი მოქალაქე დაასახელა

პირველი კადრები ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ადგილიდან