"ჩვენთვის უცნობია, დაკრძალეს თუ არა ასლან მარგოშვილი" - კვირის პალიტრა

"ჩვენთვის უცნობია, დაკრძალეს თუ არა ასლან მარგოშვილი"

სოფელ დუისში ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული კიდევ ერთი ადამიანი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაკრძალეს. ადგილობრივებმა ჟურნალისტებს სასაფლაოზე მისვლის საშუალება არ მისცეს.  სავარაუდოდ, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი ასლან მარგოშვილისა და ბაღაუდინ ქავთარაშვილის (ალდამოვი) გვერდით დაკრძალეს...

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია 7, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა – 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. დანარჩენი 5 პირი კი,  რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათგან ერთ-ერთი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.

გარდა ამისა, იდენტიფიცირებულები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – 1968 წელს, ჩეჩნეთში დაბადებული დუკვახა დოშუევი; ასევე ჩეჩნეთში, 1991 წელს დაბადებული სალამ ზაურბეკოვი, ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ  დუკვახა დოშუევი  ახმედ ზაკაევის დაცვის წევრია...

ცნობილი გახდა ისიც, რომ ასლან მარგოშვილი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სწავლა წელს უნდა დაესრულებინა. ასლან მარგოშვილის ბიძის, ვახტანგ მარგოშვილის განცხადებით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა, რომ ასლან მარგოშვილი რომელიმე შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო. მას არ ჰქონდა გავლილი  სამხედრო წვრთნები და იარაღის მოხმარებაც კი არ იცოდა.

"ასლანი იყო საკმაოდ დისციპლინირებული მოსწავლე. საშუალო სკოლა ფრიადზე დაამთავრა, რის შემდეგაც ჩაირიცხა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე. მე-4 კურსზე კი აიღო აკადემიური და ფინეთში წავიდა სასწავლებლად. როგორც ჩვენთვის  ცნობილია, ფინეთიდან 15 მარტს დაბრუნდა, თუმცა, როგორ ჩამოვიდა საქართველოში, ვინ იყო მისი მედიატორი, უცნობია. შინ ავადმყოფი მამა და პაპა ჰყავს, თუმცა, მათ სანახავადაც არ ჩამოსულა. ვინ უბიძგა ამ ჯოჯოხეთისკენ, ჩვენთვის უცნობია.

ჭორის დონეზე თუ ვილაპარაკებთ, ჯგუფი უნდა გადასულიყო სირიაში, რაც ლოგიკას მოკლებულია. ასევე, სრულიად არალოგიკურია იმაზე მსჯელობაც, რომ ის რომელიმე შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო. მან ტირის თოფის სროლაც კი არ იცოდა. ომისთვის კი, როგორც მოგეხსენებათ, საჭიროა ბრძოლის გამოცდილება, თუმცა მას არანაირი წვრთნა არ გაუვლია", - განაცხადა ვახტანგ მარგოშვილმა.

მისივე თქმით, ეს ფაქტი მათთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაღუპულები პროზექტურაში გადაასვენეს. ამოსაცნობად თბილისში ასლან მარგოშვილის ბიძაშვილები წავიდნენ. ამასთან, ვახტანგ მარგოშვილი აცხადებს, რომ  ოჯახის არცერთ წევრს არ მისცეს დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის უფლება.

"ჩვენთვის უცნობია, საერთოდ დაკრძალეს თუ არა ასლან მარგოშვილი. ჩვენ არ მოგვცეს უფლება დავსწრებოდით  ცერემონიას... ხელისუფლების განცხადებებიდან  გამოდის, რომ ასლან მარგოშვილი ტერორისტია, რაც სრულიად უსაფუძლო ბრალდებაა", - განაცხადა ვახტანგ მარგოშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "დამარხული არის თუ არა, არც ვიცი" - ასლან მარგოშვილის ბიძა

"ინტერპრესნიუსი"