„ჰამასის“ განადგურების საბაბით, ისრაელის არმია ქალაქ ღაზას მიწასთან გაასწორებს...
ისრაელის თავდაცვის არმიამ „ცახალმა“ გადამწყვეტი შეტევა დაიწყო ღაზის სექტორის მთავარ ქალაქ ღაზაზე - 15 სექტემბრის საღამოდან ინტენსიურად იბომბება ქალაქ ღაზის საცხოვრებელი უბნები, რასაც წინ უძღოდა ისრაელის ხელისუფლების გაფრთხილება ამ ქალაქის მაცხოვრებლების მიმართ, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქალაქი...
ქალაქის მილიონამდე მაცხოვრებლიდან ევაკუაცია დაიწყო დაახლოებით 300 ათასამდე მაცხოვრებელმა, რომლებიც მანქანებითა და ფეხით გაეშურნენ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ მხარეს, მაგრამ ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოსახლე რჩება, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ შეძლეს ევაკუაცია და შესაბამისად „ცახალის “ ამ ფართომასშტაბიან შეტევას ქალაქ ღაზაზე ეტყობა დიდი მსხვერპლი მოჰყვება...
საგულისხმოა, რომ ისრაელის ეს გადამწყვეტი შეტევა ღაზის სექტორში უშუალოდ ქალაქ ღაზაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც თელ-ავივში დასრულდა ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან - მარკო რუბიოსთან...
ამ ფაქტით კი იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ პრეზიდენტ ტრამპის დავალებით ისრაელში სპეციალურად გაგზავნილმა მარკო რუბიომ თეთრი სახლის სახელით ერთგვარი დასტური მისცა ნეთანიაჰუს გადამწყვეტი შეტევა დაეწყო ღაზის სექტორში საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების „ჰამასის“ საბოლოო განადგურებისთვის... ოღონდ ისრაელის არმიის ეს საბრძოლო ოპერაცია წარმატებით რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, ასეთია ტრამპის ადმინისტრაციის კატეგორიული მოთხოვნა ისრაელის მთავრობის მიმართ.
ის, რომ ტრამპი ყოველთვის ისრაელის მხარეზე დადგებოდა, ეს ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო პერიოდის დროს გამოჩნდა, თუმცა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის საპრეზიდენტო სავარძელში მეორედ ჩაჯდომის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის სრული სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა ნეთანიაჰუს ხელისუფლების მიმართ აღარავისთვის დასამალი არ აღმოჩნდა - ჯერ იყო ისრაელის მხარდამხარ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკული ზემძლავრი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბების ჩამოყრა, ახლა კი ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მიერ პალესტინური პრობლემის სრული ლიკვიდაციისთვის გადამწყვეტი სახმელეთო შეტევის დაწყებაში ამერიკული მხარის სრული მხარდაჭერა, თანხმობის დუმილით...
ფაქტია, რომ, „ჰამასის“ მებრძოლები ღაზის სექტორში თავს სწორედ დასახლებულ პუნქტებს და პირველ რიგში, ქალაქ ღაზის დანგრეულ საცხოვრებელ სახლებს და მათ სარდაფებს აფარებენ. გარდა ამისა, ქალაქის ქვეშ გათხრილია მრავალი გვირაბი, რომელთა საშუალებით „ჰამასის“ მეთაურობას შეუძლია მებრძოლების მცირერიცხოვანი ჯგუფების ფარული გადასროლა ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში, შემდეგი ტაქტიკის გამოყენებით - ამ გვირაბებს დაყოლებული აქვს შენიღბული ამოსასვლელები და „ჰამასის“ ერთი-ორი მებრძოლი უეცრად ამოძვრებიან და რამდენიმე ათეულ მეტრში მდგომ „ცახალის“ „მერკავას“ ტანკსწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნიდან ზუსტად ესვრიან ან სულაც ტანკთან მიირბენენ და გაღებულ ლიუკში ხელყუმბარას ჩაუგდებენ და შემდეგ ისევ გვირაბში ჩაძვრებიან...
„ჰამასის“ სრული განადგურება ქალაქის პირობებში ბრძოლისას თეორიულადაც კი შეუძლებელია, ამისთვის საჭიროა ქალაქ ღაზის მთლიანი დანგრევა...
მაგრამ, იქნებ, სწორედ ესეც არის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს საბოლოო მიზანი,რომ ღაზის სექტორში ყველა დასახლების სრული დანგრევა მოხდეს,რათა იქიდან სრულიად იქნეს გამოყვანილი პალესტინელი მოსახლეობა?
ამავე ბლოგში, 22 აგვისტოს გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით „გადამწყვეტი შეტევა ღაზის სექტორზე - საიდუმლო მოლაპარაკებები: რომელი ქვეყანა მიიღებს 2 მილიონ პალესტინელს 30 მილიარდ დოლარად?!“,რომელშიც ვწერდით-„ამჟამად ისრაელს საუკეთესო დრო უდგას, რომ ძალის გამოყენებით საბოლოოდ გადაწყვიტოს ათწლეულების უდიდესი პრობლემა, დაკავშირებული ღაზის სექტორთან, რისი საუკეთესო საბაბიც აქვს - 2023 წლის 7 ოქტომბერს სწორედ ამ ღაზის სექტორიდან „ჰამასის“ ტერორისტების ისრაელის კიბუცებზე თავდასხმისა და იქ ჩადენილი საშინელი ხოცვა-ჟლეტის გამო, ასევე, იმ მძევლების გასათავისუფლებლად, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან „ჰამასის“ ტყვეობაში - ღაზის სექტორში გათხრილ გვირაბებში გადამალულები.
მართალია, 7 ოქტომბრის ტრაგედიისთვის ისრაელმა „ჰამასს“ უძლიერესი შურისძიებით უპასუხა, რაც ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტების დაუნდობელ დაბომბვებში გამოიხატა (რასაც, თავის მხრივ, ათი ათასობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა-დაჭრა მოჰყვა), მაგრამ თელ-ავივს დაწყებულის ბოლომდე მიყვანა სურს, რომ ღაზაში საბოლოოდ გაანადგუროს „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფება.
მაგრამ, სანამ ღაზის სექტორში პალესტინელები ცხოვრობენ, ეს თეორიულადაც კი შეუძლებლად მოჩანს, რადგან ადგილობრივ პალესტინელ ბიჭუნებს „ჰამასი“ ბავშვობიდანვე წვრთნის მომავალ მებრძოლებად და თავის რიგების შესავსებად, რასაც აძლიერებს პალესტინელების ისტორიული მტრული დამოკიდებულება ისრაელელების მიმართ...
აღარ იცხოვრებენ პალესტინელები ღაზის სექტორში, აღარ იქნება თავად ღაზაც და, შესაბამისად, ისრაელს მოეხსნება ეს უდიდესი თავის ტკივილი - ასე ფიქრობენ თელ-ავივში და ნეთანიაჰუს მთავრობაც, თურმე, ინტენსიურად აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებებს მსოფლიოს რიგ მუსლიმურ ქვეყნებთან, რომ ისინი დათანხმდნენ ღაზის სექტორიდან გასახლებული ორ მილიონამდე პალესტინელის მიღებას...... ამის შესაძლებლობაზე პირველად ღიად აშშ-ის ახლად არჩეული 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მაშინ ჯერ კიდევ მისი დიდი თაყვანისმცემელი და თანამოაზრე ილონ მასკი ალაპარაკდნენ, როდესაც გააჟღერეს იდეა, რომ ღაზის სექტორიდან გასახლებული თითოეული პალესტინელი მდიდრულ კომპენსაციას მიიღებდა სხვა ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრების ისე გასაგრძელებლად, რომ აღარც „ჰამასის“ მოთხოვნების შესრულება დასჭირდებოდათ და აღარც ისრაელის მუდმივი დაბომბვების შიში ექნებოდათ...
ბოლო დროს გაჟონა ინფორმაციამ, რომ ისრაელის დიპლომატები თითქოს საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ ორად გაყოფილი ლიბიის ორივე ლიდერთან - დასავლეთის მიერ აღიარებულ იბრაჰიმ დბეიბისა და რუსეთთან დაახლოებული მარშალ ჰალიფა ჰაფთარის რეჟიმთანაც.
... მართალია, ლიბიის ორივე, ერთმანეთთან დაპირისპირებული რეჟიმი უარყოფს ისრაელთან და აშშ-თან საიდუმლო მოლაპარაკებებს ღაზელი პალესტინელების მათ ქვეყანაში გადასახლების შესაძლებლობაზე, მაგრამ, როგორც იტყვიან, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. მით უმეტეს, რომ ისრაელი დიპლომატები სხვა მუსლიმურ ქვეყნებშიც, მათ შორის - მალაიზიაშიც კი არკვევენ, ისინიც ხომ არ მიიღებდნენ პალესტინელ დევნილებს ღაზის სექტორიდან, რა თქმა უნდა, სერიოზული ფინანსური დაინტერესების სანაცვლოდ...“
ისე მოჩანს, რომ გუშინდელი, 2025 წლის 15 სექტემბრის საღამოდან ისრაელმა სწორედ ამ გრანდიოზული და ისტორიული გეგმის - „ჰამასის“ საბოლოო განადგურების საბაბით ღაზის სექტორიდან პალესტინელი მოსახლეობის სრული გაყვანის-აღსრულება დაიწყო...