ლავრენტი ბერიას შურისძიება: სანდრო ახმეტელის საქმე - სტალინთან გადაღებული საბედისწერო ფოტო და გინება, რომელიც დიდ ხელოვანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა
სანდრო ახმეტელისა და ძმები – გიორგი და ილია მაჩაბლების ტრაგიკული ცხოვრება/აღსასრული განგებამ მჭიდროდ დაუკავშირა ურთიერთს. სხვადასხვა საქმეს კი მისდევდნენ , თუმცა სამივე მათგანს წარმატებული პროფესიული კარიერა ჰქონდა, სიცოცხლეც თითქმის ერთნაირად დაასრულეს. ს. ახმეტელი და ი. მაჩაბელი სტალინ–ბერიას ჯალათების მსხვერპლი გახდნენ, რაც დოკუმენტურად დადასტურებულია. გიორგი მაჩაბლის მოულოდნელი და საეჭვო გარდაცვალების ნამდვილი მიზეზები კი დღესაც გაურკვეველია. ერთი კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას: სამივეს მძიმე ხვედრი ლავრენტი ბერიას შურისძიებას უკავშირდება. დღეს ვისაუბროთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, თუმცა ხშირად საბედისწერო საკითხზე: პოლიტიკაში პიროვნული ურთიერთობების და პიროვნული ფაქტორის მნიშვნელობაზე.
სანდრო ახმეტელი, როგორც ყველა დიდი შემოქმედი ძალზე რთული პიროვნება იყო. ამას მისი ქიზიყური წარმომავლობაც ემატებოდა : სანდრო ხომ ბატონისა და მჩაგვრელის ისტორიული მიუღებლობის ლეგენდებზე გახლდათ გაზრდილი. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ახალგაზრდობაშივე თეატრზე არანაკლებ, პოლიტიკით იყო გატაცებული და 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი. 1921 წლის თებერვალ–მარტში ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია–ანექსიას სანდრო ახმეტელი ვერ შეეგუა და რეალურად არასდროს არ აღიარებდა. 1923 წელს ის დაპატიმრებულიც იყო ანტიბოლშევიკური მოღვაწეობისთვის. გათავისუფლების შემდეგ კი თავის პატრიოტულ მრწამსს ხელოვნების ენით სპექტაკლებში აჟღერებდა.
1926-1935 წლებში სადნრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ და დღეს არ ჩაუვლია ისე, რომ დაპირისპირება არ ჰქონოდა საქართველოს ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან. ახმეტელისთვის , როგორც პიროვნებისთვის, ისიც იყო მიუღებელი, რომ მას ჭკუას ასწავლიდნენ და სპექტაკლებს უწუნებდნენ მასზე გაცილებით ახალგაზრდა და ხელოვნებაში სრულიად გაუთვითცნობიერებული საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნები: მიხა კახიანი , ლევან ღოღობერიძე, სამსონ მამულია, ლავრენტი ქართველიშვილი (ლავრენტიევი) და ლავრენტი ბერია.

სანდრო ახმეტელი

ლავრენტი ბერია
სანდრო ახმეტელისთვის საბედისწერო „პენსნეიან კაცთან“ დაპირისპირება აღმოჩნდა. არ გაგიკვირდეთ და ლ. ბერიას „ცივ ჩეკისტურ გონებაში“ ადგილი რჩებოდა ისეთი წვრილმანებისთვის, როგორიცაა: შური, პატივმოყვარეობა, შურისძიება და კიდევ ბევრი „ადამიანური ცოდვა“. 1931 წლის 31 ოქტომბერს სტალინის მიერ ჯერ საქართველოს, ერთი წლის შემდეგ კი „ამიერკავკასიის ნამესტნიკად“ დანიშნული ლავრენტი ბერია ცდილობდა წინამორბედებისგან განსხვავებით ინტელექტუალი (?!) და ხელოვნების დამფასებელი (?!) ბოლშევიკ/კომუნისტის სახელი დაემკვიდრებინა. ამიტომ კულტურის ეს „ქომაგი“ კაბინეტის კარს ფართოდ უხსნიდა მწერლებსა და მსახიობებს. უკვე კარგად „მოთვინიერებული “ პროლეტარული ხელოვნების „ფრონტის მებრძოლნიც“ აქტიურად იყენებდნენ ამ შანსს პირადი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და პარალელურად, – მეგობარ/კონკურენტების „ჩასაძირად“. სანდრო ახმეტელი ერთ–ერთი იყო იმ მცირედთაგან, ვინც არ ისურვა „ბერიას ნავში“ ჩაჯდომა. ახლობლებთან საუბრებში ის არც მალავდა ბერიასადმი ანტიპათიას. შემდეგ ეს სიტყვები, უფრო დრამატულ და უხეშ კონტექსტში, ბერიასთან მიჰქონდათ ამ „ახლობლებს“.
ასე იძაბებოდა თანდათან ორი, თავის საქმეში მართლაც, რომ ნიჭიერი პიროვნებების პირადი ურთიერთობები. მათი დაპირისპირების ამსახველი ისტორიები გასული საუკუნის 30–იანი წლებში „ტიფლისურ ფოლკლორად“ იქცა, სადაც ძნელია გაარკვიო რა იყო სიმართლე და რა შეთხზული.
1930 წლის ივნისში მოსკოვში, თეატრის საკავშირო ოლიმპიადაზე, სანდრო ახმეტელმა გრიგოლ რობაქიძის პიესა ,,ლამარა" წარადგინა. 30 ივნისს სპექტაკლის დასასრულს სტალინიც მივიდა ორჯონიკიძესა და კიროვთან ერთად. ჩემი აზრით სტალინთან ამ შეხვედრამ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა უარყოფითად იმოქმედეს რეჟისორის პატივმოყვარეობა/ ამბიციებზე და მას ბერიასგან დაცულობის ცრუ იმედები ჩაუსახეს . ვფიქრობ საინტერესო იქნება თავად სანდრო ახმეტელს მოვუსმინოთ. ის ჯერ კიდევ მოსკოვში იყო, როდესაც იქიდან წერილი გამოუგზავნა თავის მეგობარს სანდრო შანშიაშვილს (წერილის ტექსტიდან ამონარიდები ციტირებულია ვ. კიკნაძის წიგნიდან „ცხოვრება სანდრო ახმეტელისა“):
„გუშიმწინ ჩვენს წარმოდგენაზე მოვიდნენ ამხანაგები სტალინი და ორჯონიკიძე. მიდიოდა „ლამარა“. მეოთხე აქტზე. რომ გათავდა წარმოდგენა, სტალინმა დამიძახა დირექტორის კაბინეტში, მითხრა ნუთუ წარმოდგენა გათავდაო. მე ვუთხარი კი–მეთქი. აბა ახლა რა ვქნათო? ხელახლა გავიმეორებ–მეთქი ვუთხარი. . . . . განსაკუთრებით უნდოდათ მესამე აქტის ნახვა. . .მე ჩავედი სტალინთან და ერთი საათი ვისხედით. ბოლოს მოვიდა მიშა კახიანი, რომ დავინახე, ვუთხარი სტალინს. მაშინვე დაუძახა. აი ეს ამხანაგია, რომელმაც შექმნა რუსთაველის თეატრიო, მიშა გაწითლდა, სოსომ ხუმრობა დაუწყო. მთელი მოხსენება წაუკითხა თეატრის შესახებ. სოსო, წარმოიდგინე სანდრო, ძალიან გაყვითლებული და გამხდარი იყო, – ეტყობა საშინლად ბევრს მუშაობს. იცინოდა, ხუმრობდა, ერთი სიტყვით კაბინეტში კარგ გუნებაზე გახდა“.
ასევე დაგაინტერესებთ: "ორდერი" მკვლელობებისთვის: როგორ იქცა პუტინი სტალინის იდეების "ქურდად" - ჯალათები, რომლითაც რუსეთი ამაყობს
აქ დროებით შევწყვიტოთ სანდრო ახმეტელის წერილის ციტირება, რადგანაც მკითხველს მინდა ჩემი მოსაზრებები გავუზიარო ზემოთ მოტანილ ტექსტთან დაკავშირებით. იცოდა რა, რომ ამ წერილის შინაარსი მთელ ტიფლის სწრაფადვე მოედებოდა („ახმეტელი სოსო–სტალინს შეხვედრიაო“) რეჟისორი სტალინს ქება დიდებას არ აკლებს , თან დაუფარავად კენწლავს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის ყოფილ პირველ მდივანს, მიხეილ კახიანს, რომელიც სწორედ სოსოს გადაწყვეტილებით 1930 წლის 6 მაისს გაათავისუფლეს თანამდებობიდან და შუა აზიაში უკრეს თავი. ეს კახიანი იყო სწორედ ერთ–ერთი ის ქართველი პარტიული ჩინოვნიკი, რომელიც წლების მანძილზე „სისხლს უშრობდა“ სანდრო ახმეტელს. ახლა კი კვლავ მივყვეთ წერილის ტექსტს:
„შემდეგ წავედით დარბაზში და დაიწყო მესამე აქტი. ვერ წარმოიდგენ, სანდრო, მის სახეს ფარდის ახდის შემდეგ. უნდა გითხრა, ახლანდელი მისი სახე სულ სხვაა ვიდრე ჩვენ გვაქვს წარმოდგენა. უფრო წმინდანს ჰგავს, ვიდრე მრისხანე სტალინს. . . .მთელი აქტის დროს არ განძრეულა, როცა „ზამთარიო“ დაიწყო, ერთი მაგრად ამოისუნთქა და ღიმილით მითხრა, უჰ რა სიმღერაოო. აქტი რომ გათავდა, მკითხა: კიდევ გვაჩვენებ, თუ უნდა გვეყოსო. მთელი დასი, ზოგი პარტერში, ზოგი სცენიდან მიესალმა. სტალინი გამოემშვიდობა და იქვე პარტერში გადავიღეთ სურათი – სტალინი, სერგო , მიშა კახიანი და მე. . . . ამ ბუმბერაზ ადამიანს სრულებით არ დაუკარგავს ბუმბერაზული უბრალოება. გამომშვიდობებისას მითხრა: სანამ წახვალ, კიდევ შევხვდებით, მე დაგირეკავო“ (ციტატის დასასრული) .

მარცხნიდან მარჯვნივ: სერგეი კიროვი, მიხეილ კახიანი, სტალინი, სერგო ორჯონიკიძე და სანდრო ახმეტელი
თბილისში დაბრუნებულმა სანდრო ახმეტელმა ეს ფოტო გაადიდებინა და რუსთაველის თეატრის ფოიეში დააკიდებინა. ალბათ მას იმედი ჰქონდა, რომ სტალინთან შეხვედრა და ეს ფოტო რუსთაველის თეატრს და პირადად მასაც დაიცავდა არაობიექტური და ჩასაფრებული კრიტიკოსებისგან. სტალინს, არც მაშინ და არც შემდეგ, არ დაურეკავს. სამაგიეროდ სანდრო ახმეტელმა დამატებით შეიძინა მტრები. ერთ–ერთი მათგანი ლავრენტი ბერია იყო. ის უკვე მთელ ამიერკავკასიას აკონტროლებდა, როცა ახმეტელთან ცკ–ას თანამშრომელი გაგზავნა და დააბარა: ეგ ფოტო სასწრაფოდ ჩამოხსენიო. ამაყმა ქიზიყელმა, რომელიც „დიდი ბელადისგან“ იყო უკვე მონუსხული და მისი „ბუმბერაზული უბრალოების“ იმედი ჰქონდა, გუშინდელი „ჩეკისტის“ მოთხოვნა არად ჩააგდო და ფოტო არ ჩამოხსნა. უფრო მეტიც: ბერიას მიერ ერთ–ერთი სპექტაკლის რეპეტიციაზე დასასწრებად გაგზავნილი ხალხი, თეატრშიც კი არ შეუშვა. ის ბერიას არაფერს უთმობდა. ტიფლისი პატარა ქალაქი იყო, არც საქართველო იყო იმდენად დიდი, რომ ახმეტელის მხრიდან ამგვარი მოქმედებები საყოველთაო განხილვისა და ჭორაობის მიზეზი არ გამხდარიყო. ეს კი ბერიას თავმოყვარეობაზე საშინლად მოქმედებდა: მისი ავტორიტეტი, რომელიც თავიდან მხოლოდ „ჩეკაში“ მუშაობას ეყრდნობოდა, შარშანდელი თოვლივით დნებოდა.
დიდი „ჩეკისტისა“ და დიდი რეჟისორის დაპირისპირება კი გრძელდებოდა. ერთხელაც ბერიას შავი „ბიუკი“ რუსთაველის სახელობის თეატრის წინ შეჩერდა. მანქანის მინა ჩაიწია და ლავრენტის სახე გამოჩნდა: „საშა, მოდი ჩაჯექი“ – მიმართა თურმე ბერიამ თეტრის წინ გაჩერებულ მსახიობების შუაგულში მდგომ სანდრო ახმეტელს. რეჟისორმა რაღაც ჩაილაპარა თავისთვის, შემდეგ კი ბერიას მიუგდო: „წადი, არ მცალიაო“ , შებრუნდა და საუბარი გააგრძელა. ახალგაზრდა, თუმცა უკვე საოცარი პატივმოყვარეობის ჟინით შეპყრობილი ლავრენტისთვის ეს იყო საქვეყნო დამცირება და თავის მოჭრა. ახმეტელს კი, რატომღაც ძალზე ეხალისებოდა ამგვარი „ექსპერიმენტების“ ჩატარება.

საქართველოს სახკომსაბჭოსა და საქ. კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის 1935 წლის 13 სექტემბრის დადგენილება რუსთაველის სახელობის თეატრის შესახებ და ა. ახმეტელის თეტრის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების თაობაზე.
ლ. ბერიასთან დაკავშირებული ერთი ნამდვილი ისტორია კი შესაძლოა დიდი ხელოვანისთვის საბედისწეროც აღმოჩნდა. 1935 წლის 1 მაისს ქართველი მწერლებისა და მსახიობების ერთი ჯგუფი ცნობილი ინჟინერის, ვლადიმერ ჯიქიას ოჯახში ქიაჩელის ქუჩაზე შეკრებილან სავახშმოდ. სანამ ქალბატონები სუფრას ამზადებდნენ, მამაკაცები აივანზე გასულან ნარდის სათამაშოდ. ქუჩის მოპირდაპირე სახლში ლავრენტი ბერია ცხოვრობდა, რომელიც ამ ჟრიამულზე აივანზე გამოსულა და შეკრებილებს მისალმებია. ვლადიმერ ჯიქიას ლავრენტი დაუპატიჟებია : შემოგვიერთდი ლავრენტი პავლოვიჩო. სანდრო ახმეტელს კი კარგა გვარიანად შუკურთხია: რას პატიჟებ მე მაგისო . . . . არსებობს ორი ვერსია, თუ როგორ შეიტყო ბერიამ ამ ყველაფრის შესახებ. ზოგი ამტკიცებს, საკუთარი ყურით მოისმინა და გაცოფებული სახლში შევარდაო. ზოგი კი ვარაუდობს, რომ იქ დამსწრეთაგან, რომელიღაცამ მეორე დღეს „ჩაუშვა“ ახმეტელი და ბერიას შეატყობინა ამ ამბის შესახებო. 1955 წელს, როდესაც სანდრო ახმეტელის რეაბილიტაციის საკითხის განხილვა და მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობდა, კონსტანტინე გამსახურდიას ამგვარი ჩვენება მიუცია: “ მოწმე გავხდი, როგორ მოხდა შელაპარაკება ჯიქიას ბინაში. ახმეტელმა აივნიდან ბერიას ფამილარულად და უხამსად მიმართა. შენიშვნა მივეცი, რადგან ასე მოქცევა არ შეიძლებოდა, ბერია ცეკას მდივანი იყო და მისი ავტორიტეტი უნდა დაგვეცვა“.
საქრთველოს სსრ სუკ–ის არქივებში შემორჩენილია სანდრო ახმეტელის საქმის მასალები. ირკვევა, რომ 1936 წლის ნოემბერში დაპატიმრებული ახმეტელი რამდენიმე თვის მანძილზე უარყოფდა კონტრრევოლუციაში, ტერორისტული აქტების მომზადებასა და ჯაშუშობაში ბრალდებებს. სასტიკი წამების შედეგად კი იძულებული გახდა არა მარტო ეს ბრალდებები ეღიარებინა, არამედ ათეულობით „თანამონაწილეც“ კი დაესახელებინა. არა ადამიანურ წამებებს, ვერც ახმეტელის მეუღლემ, თამარ წულუკიძემ გაუძლო და „ენკავედეს“ გამომძიებლებს მისცა ჩვენება, რომ კონტრრევოლუციურ ტერორისტულ ორგანიზაციაში ქმარმა ჩააბა და ერთად ეწეოდნენ ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელ საქმიანობას. გამოძიებას განსაკუთრებით ერთი პიროვნება, მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი სერგეი რადამსკი და მასთან სანდრო ახმეტელის „ჯაშუშური კავშირები“ აინტერესებდა.
(მეოცე ნაწილის დასასრული)