ტრამპის მთავარი "კოზირები" ანუ როგორ მოარჯულებს პუტინს "დიდი დონალდი" ?!
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 16 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი დასავლეთთან მიმდინარე თავის ჩრდილოვან ომს სახიფათოდ აფართოებს. დონალდ ტრამპმა მის ხელთ არსებული კოზირებით უნდა ისარგებლოს“ (ავტორი - ივანა სტრადნერი). პუბლიკაციაში განხილულია ის ნაბიჯები, რომლებიც დასავლეთმა უნდა გადადგას რუსეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ავი ხრიკების წინააღმდეგ.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
საერთოდ, ვლადიმერ პუტინი მუდამ ნატოს დაშლაზე ოცნებობს, მაგრამ ამჯერად იგი განსაკუთრებით ცდილობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 პუნქტის დისკრედიტაციას, რომელშიც ორგანიზაციის წევრები ერთმანეთის უსაფრთხოების დაცვას ვალდებულობენ, ანუ რომელიმე წევრზე თავდასხმა მთლიანად ნატოზე თავდასხმას ნიშნავს, კოლექტიური თავდაცვის პრინციპით. მიუხედავად იმისა, რომ რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სახიფათო ინციდენტს და სიტუაციის ესკალაციის ხელშემწყობ ფაქტს წარმოადგენს, ეს მაინც არ არის ერთადერთი და პირველი შემთხვევა, როცა რუსები ნატოს წევრ სახელმწიფოებზე აგრესიულ ქმედებას ახორციელებენ.
მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მოახდინა - თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს, რუსეთის დაზვერვა პერმანენტულად ახორციელებს ჰიბრიდული ომების თავხედურ ოპერაციებს დასავლეთის წინააღმდეგ.
რუსებმა მოამზადეს დივერსიები ევროპის სამხედრო ობიექტების, თავდაცვითი კომპანიებისა და აშშ-ის სამხედრო ბაზების პერსონალის წინააღმდეგ. მათ ასაფეთქებელი მოწყობილობები დააყენეს გერმანიის სატვირთო თვითმფრინავებზე, რომლებიც აშშ-ში და კანადაში მიფრინავდნენ. მოსკოვი ცდილობდა არმინ პაპერგერის მოკვლასაც კი - იარაღის მწარმოებელი გერმანული კონცერნის „რაინმეტალის“ (Rheinmetall) ხელმძღვანელის ლიკვიდაციას.
პოლონეთში რუსული დრონები, როგორც ჩანს, უშუალოდ მოსაზღვრე ბელარუსიდან შეფრინდნენ, რაც ვლადიმერ პუტინს თავის მართლების გარკვეულ შესაძლებლობას და ბრალდების უარყოფის საფუძველს აძლევს. თუმცა უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტო შეჭრა პოლონეთში იმაზეც მიანიშნებს, რომ კრემლი გათამამდა და სურს დასავლეთის სიმტკიცე და გაბედულება გამოსცადოს. ასეთ სიტუაციაში დასავლეთის ქვეყნებმა, აშშ-ის ჩათვლით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აჩვენონ ვლადიმერ პუტინს, რომ ისინი სერიოზულად არიან განწყობილნი ადეკვატური მოქმედებისათვის.
მაგრამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რეაქცია პოლონური ინციდენტის მიმართ მაინცდამაინც აღმაფრთოვანებელი არ არის. მართალია, აშშ-ის პრეზიდენტმა თავის პოსტში ნეგატიური შეფასება მისცა ნატოს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას, ხოლო ალიანსის სხვა წევრებიც ანალოგიურად მოიქცნენ, მხოლოდ ხმამაღალი განცხადებების გაკეთება საკმარისი არ არის. თეთრ სახლს ხელში ძლიერი კოზირები აქვს, რომლებიც მიზანმიმართულად უნდა გამოიყენოს.
დასაწყისისათვის ვაშინგტონმა იმ სადაზვერვო მონაცემების განსაიდუმლოება უნდა მოახდინოს, რომლებიც რუსეთის განზრახვებს ეხება და რომლებიც დრონების მოქმედების უკან აქვს ჩაფიქრებული. ასევე ფარდა უნდა აეხადოს კრემლის სხვა შეთქმულებებსაც. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა უნდა ითანამშრომლონ მოკავშირე სახელმწიფოების ანალოგიურ ორგანოებთან რუსი მზვერავ-ჯაშუშების გამოვლენისა და ქვეყნიდან გაძევების მიზნით. დასავლეთმა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი რუსეთის შესაძლო მცდელობებს მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს უნდა გაიმართოს.
გარდა ამისა, აშშ -მა, მოკავშირეებთან კოორდინაციაში, უნდა გააძლიეროს ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე. ამგვარი ძალისხმევა უნდა გამოიხატოს ე.წ. მეორად სანქციებშიც, რომლებიც მიმართული იქნება რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის წინააღმდეგ - მათი გაყიდვით მიღებული შემოსავლების შემცირებისა და საერთოდ შეწყვეტის მიზნით. ენერგეტიკული რესურსებით ვაჭრობისგან მიღებული ფული ხომ რუსეთის ეკონომიკის სტაბილიზებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის საფუძველს წარმოადგენს. ანუ რაც უფრო ნაკლებ ნავთობსა და გაზს გაყიდის რუსეთი, მით უფრო ნაკლები ფული შევა ხაზინაში და მით უფრო მცირე თანხები იქნება გამოყოფილი ომის გაგრძელებისათვის.
ასევე დაგაინტერესებთ: ჩარლი კირკის მკვლელობა: სამოქალაქო ომის საფრთხე აშშ-ში?! - "ამერიკელი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ შურს იძიებენ"
აშკარად შესამჩნევი კრიზისული ტენდენცია ჩანს რუსეთის ლიდერობით შექმნილ სამხედრო ორგანიზაციებთან დაკავშირებით: იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინის სამიზნედ დასავლური სამხედრო ორგანიზაცია - ნატო იქნა არჩეული, რუსეთის ეგიდით არსებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია („ოდკბ“) ძლივს ართმევს თავს მის წინაშე მდგარ პრობლემებს და ჯეროვან დონეზე ვერ უზრუნველყოფს როგორც საკუთარი წევრების, ასევე საერთო რეგიონულ უსაფრთხოებას. მაგალითად, სომხეთს იმ მიზეზით, რომ რუსეთი აზერბაიჯანთან ბრძოლაში ერევანს არ დაეხმარა, „ოდკბ“-ში თავისი მონაწილეობა 2024 წლიდან გაყინული აქვს. დასავლელმა ქვეყნებმა ასევე უნდა განახორციელონ საინფორმაციო ხასიათის ოპერაციები, რომლებიც ხაზს გაუსვამენ და ყველას აჩვენებენ „ოდკბ“-ის არაეფექტურობას.
რა თქმა უნდა, უეჭველია, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ომი დასავლეთის წინააღმდეგ გაგრძელდება. და თუ მას გადამწყვეტი და გაბედული პასუხი არ გაეცემა, ვლადიმერ პუტინის ბოროტი რეჟიმი ომის ესკალაციას სამომავლოდაც განახორციელებს.
მოამზადა სიმონ კილაძემ