ახალი "მასტ ქერი" - კვირის პალიტრა

ახალი "მასტ ქერი"

ჩემი გადაცემა ("პროვოკატორი") რადიო "პალიტრაში" შვებულებაშია და ამ ორშაბათიდან დავუბრუნდები ეთერს. ამიტომ სხვადასხვა მიზეზის გამო, ინტერნეტსა და ქართულ საინფორმაციო სივრცეს კვირა-ნახევრით მოწყვეტილი, ხარბად "დავეწაფე" ჩვენს საინფორმაციო საიტებს, როგორც კი ამის საშუალება მომეცა და ამბების გაგების გარდა, მიზნად ისიც მქონდა, რადიოში ჩემი ყველაზე ხშირი და რეიტინგული რესპონდენტებიც "გადამემოწმებინა" - ხომ არიან ჯანზე და ლაპარაკის იშტაზე, რომ ორშაბათიდან საქმეს შევუდგეთ-მეთქი?..

ამ ძებნაში ჯონდი ბაღათურიას ინტერვიუ ვნახე ერთ საიტზე და უკვე ვიცი, ვინ იქნება "რადიოპროვოკატორის" ერთ-ერთი პირველი სტუმარი ახალ სეზონში: ჯონდიმ თავი უკვდავყო ამ ინტერვიუში ნათქვამი ფრაზით, როდესაც საბურთალოზე მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას ხსნიდა. ხომ გაგიგონიათ: "სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა!.." ანდა: "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი..." ან სულაც: "ნაშე დელო პრავოე, პაბედა ბუდეტ ზა ნამი!" ჯონდიმ ყველაფერი გადაფარა უკვდავებისათვის "განწირული" ამ ფრაზით: "ჩემი სამშობლოს ნაწილია საბურთალო და ქვეყნის მტერს საბურთალოს და ჩემს სამშობლოს ვერ დავუთმობ!"

სანამ ჯონდი საბურთალოს სამანებს იცავს შემოსეული მტრისაგან და თავის მომხრეთა კოჰორტებს ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის ამოსასვლელში, გაგარინის მოედანსა და ვაკე-საბურთალოს "იწროებში" განალაგებს (ქავთარაძის ქუჩისა და ნუცუბიძის ფერდობის მიმართულებებს ბუნებრივი დაბრკოლებები ამაგრებს მთების სახით), მანამდე სხვა საიტებზეც შევიარე და ჩემს მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, რამდენიმე გამოკითხვაში მიმეღო მონაწილეობა. ერთგან ჩვენი ქვეყნის უკვე მუდმივად ქცეული მთავარი შეკითხვა დამხვდა: "რა მიგაჩნიათ საქართველოს უპირველეს პრობლემად?" აღმოჩნდა - მე მხოლოდ 14%-თან ერთად ვთვლი, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა გვინდოდეს ყველაზე მეტად.

"პროვოკატორობა" იქით იყოს და, რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებ პროცენტს იღებს სხვადასხვა გამოკითხვაში პასუხის ეს ვარიანტი. თანაც, ამჯერად ე.წ. ოპოზიციურ საიტზე იყო ეს კითხვა დასმული და მკითხველიც შესაბამისად, "პოლიტიკურად მომწიფებული" და "პროგრესული" უნდა ყოფილიყო. აბა, "სახელისუფლებო საიტზე" საერთოდ ვერ გავეცი პასუხი, ისეთი კითხვა იყო დასმული: "თქვენი აზრით, რა განაპირობებს კოალიცია "ქართული ოცნების" არაპოპულარობას?" პასუხების ვარიანტებიც შესაფერისი იყო, დაწყებული: "ივანიშვილის არაქარიზმატულობით" (ყველამ თავის ქარიზმატულ მამიდას მიხედოს), დასრულებული "მიჭირს პასუხის გაცემა"-თი (ამ ვარიანტს ყვე¬ლაზე ცოტა პროცენტი ჰქონდა - ამ საიტის მკითხვე¬ლებს არ უჭირთ ასეთ "მარტივ" კითხვებზე პასუხის გაცემა).

პრეზიდენტი კი ამასობაში, თავისი პირდაპირი მოვალეობების შესრულებას განაგრძობს - პრეზიდენტობს, დადის ქვეყნის მასშტაბით და მის გარეთაც, ამოწმებს, როგორ შეასრულეს ხელქვეითებმა მოქალაქეთა საკეთილდღეოდ გაცემული მისი ბრძანებები. ზოგს აქებს კარგი შედეგებისთვის, ზოგს - ტუქსავს დაგვიანებისთვის. მაგალითად, აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის გახსნის "ლენტის გაჭრაზე" (ახალი ბილიკი! ყველაზე გრძელი ევროპაში! უმაგისოდ ხომ არ გახსნიდნენ?!) ქართველ ავიაკომპანიებს უსაყვედურა: მე ხომ გითხარით, ქართველი ახალგაზრდები ევროპაში უფრო იაფად უნდა დაფრინავდნენ-მეთქი? განსაკუთრებით ვაჟები და განსაკუთრებით კიევში-მეთქი?! აბა, 600 დოლარი რა ამბავია?! როდემდე უნდა უსმინონ მამების მოგონებებს, 37-მანეთიანი ბილეთით მოსკოვში გრიალის შესახებ?! მაგიტომაც არის, ჩვენი მტრები ხმებს რომ გვართმევენ!

მოკლედ, კიევის ამბავი მგონი, მოგვარდება.

სამაგიეროდ, ქება არ დაიშურა სოფელ სუფსაში, სადაც თურმე უკვე 70 ადამიანს "ჩაუწიკწიკეს" ახალი კბილები და იქიდან მოძრავი სტომატოლოგიური კლინიკა-ავტობუსი მეზობელ სოფელში გადაინაცვლებს, სადაც 270(!) კაცი ელოდება "გაკბილიანებას"!

ჰო, კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენას ველით თურმე: ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი ჩამოდის! აღარ არის დრო?! წავიდა ჯონ ბასი რა ხანია და ვყრივართ უპატრონოდ და საცოდავად... ჩამოვა ახლა ის პატიოსანი კაცი და მიგვითითებს ჩვენ-ჩვენ ადგილს...

"მასტ ქერის" პრინციპით საკაბელო ტელევიზიების იძულება - ყველა საინფორმაციო არხი გაუშვან, არჩევნების მეორე დღესვე შეწყდება და ისევ "ყრუობაში" დარჩებითო - მე-9 არხმა გამოაცხადა და ონლაინ-პეტიციაზე ხელმოწერას გვთავაზობს, არჩევნების მერეც განვაგრძოთ საერთო-ეროვნული მაუწყებლობაო!

ხელი, ცხადია, მოვაწერე, მაგრამ მე სხვა წინადადება მაქვს: გინდ, "ახალი მასთ ქერი" დაარქვით და გინდ - "პროვოკატორ-ქერი": არჩევნების შემდეგ, ცოტა ხნით მაინც, საერთოდ დავადუმოთ ყველა არხი და ვიყოთ "ტკბილად"! დარწმუნებული ვარ, ჩემი წინადადება იმ პეტიციაზე მეტ მხარდამჭერს მოიპოვებს - მე უკვე ერთი კვირაა, ამ "ახალი მასთ ქერის" პირობებში ვარ და გარწმუნებთ, ძალიან კარგია!..