"15 წლის ვიყავი, დედა დაიღუპა. სიმართლე გითხრათ, არ მქონდა დარდის ფუფუნება, ჩემი ცხოვრება უნდა ამეწყო ოჯახი რომ არ შევქმენი და შვილები არ მყავს, ამაზე არც ვფიქრობ" - მაია ბარათაშვილის ცხოვრების გზა
მაია ბარათაშვილის ბედნიერი ბავშვობა მაშინ დასრულდა, როცა გამზრდელი ბებია გარდაეცვალა, ამას მალევე მოჰყვა დედის გარდაცვალება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა.
მაია ბარათაშვილი: ჩემი ბავშვობა იყო ძალიან ბედნიერი და იმავდროულად, ძალიან ორგანიზებული. დედა და მამა მუშაობდნენ და მე, ძირითადად, ბებიასთან ვიზრდებოდი. ბებიას გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, რუსულ და ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე იყო და ჩემი მასთან გატარებული წლები შეიძლება, ჩაითვალოს საფუძვლად, რომელმაც შემდეგ ჩემს შემდგომ წლებზე მოახდინა გავლენა. ფაქტობრივად, ის ჩემი მესაიდუმლე იყო. არ დამავიწყდება ჩაის სმის რიტუალი, როცა მაგიდასთან ვსხდებოდით, დიდი სამოვრიდან ვასხამდით ჩაის დიდ ჭიქებში, ვამატებდით შაქრის ნატეხს და ბევრს ვსაუბრობდით. ასე რომ, ჩემს განვითარებაში, მერი ბებიას დიდი წვლილი მიუძღვის.
– საკმაოდ ბედნიერი ბავშვობის წლები გქონდათ, მაგრამ ცხოვრებამ დარტყმა და ტკივილი ადრეულ ასაკში მოგაყენათ, როცა 15 წლის ასაკში დედა გარდაგეცვალათ. ეს, ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი იყო თქვენს ცხოვრებაში, როცა პირველად შეეჯახეთ საშინელ განცდას.
– გარდაცვალებასთან პირველი შეხება იყო 11 წლის ასაკში, როცა ბებია გარდაიცვალა. გადმოდგა აივანზე, დამიძახა, შევიდა, დაჯდა სკამზე, ინფარქტი განვითარდა და გარდაიცვალა. მოქვითინე დედა რომ დავინახე, მივხვდი, ბებია გარდაიცვალა და მას თან გაჰყვა ჩემი ბედნიერი ბავშვობა და ის ბედნიერი წლები, რომელიც პავლოვის 47 ნომერში გავატარე, სადაც, ფაქტობრივად, ჩემი ბავშვობის მეგობრები შევიძინე. ეს ის მერი ბებია იყო. ჩემი ბავშვობა მას გაჰყვა და 11 წლის ასაკში, იმის გააზრება, რომ ბებია გარდაიცვალა, იყო და აღარაა, ძალიან რთული აღმოჩნდა. 4 წლის შემდეგ, როცა 15 წლის ვიყავი, დედა დაიღუპა. სიმართლე გითხრათ, არ მქონდა დარდის ფუფუნება, ჩემი ცხოვრება უნდა ამეწყო. მართალია, მამა ცნობილი იურისტი გახლდათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მე უზრუნველი ვიქნებოდი. პირიქით, ეს იყო დიდი გამოცდა, დიდი ტურბულენციის ზონა, სადაც მომიწია სამყაროსთან გამკლავება, სასვენი ნიშნების დასმა და ბრძოლა გადარჩენისთვის. დედის გარდაცვალების მერე, იყო ის პერიოდი, როცა მე, ფაქტობრივად, ადამიანობას ვსწავლობდი. დედის გარდაცვალების მერე, მე აგურ-აგურ ვაწყობდი ჩემს ცხოვრებას, ვიკვლევდი გზას და ამასობაში ცხვირიც დავარტყი, გვერდიც დამეჟეჟა, ფეხიც წამოვკარი, მაგრამ არ დავნებდი და საბოლოოდ, გავედი ფონს. მუშაობა 17-18 წლის ასაკიდან დავიწყე. მყავდა მოსწავლეები ინლისურ ენაში და ამაში ვიღებდი გასამრჯელოს. დღევანდელი ლექსიკით, ამას ჰქვია საკუთარი ცოდნის კაპიტალის მონეტიზაცია და მე ახალგაზრდა ასაკში მომიწია ჩემი ცოდნის მონეტიზაცია. შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, არქიტექტურის ფაკულტეტზე და ეს იყო არაჩვეულებრივი და შესანიშნავი პერიოდი 17-დან 22 წლამდე – ჩემი ცხოვრების სტუდენტური პერიოდი, როცა შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები, სტუდენტურ დღეებზე პირველად მქონდა მცდელობა, გამომევლინა ჩემი მუსიკალური შესაძლებლობები – ვუკრავდი და ვმღეროდი. შემდეგ კი სულ სხვა მიმართულებით წავედი, კერძოდ, კავკასიის ბირჟაზე ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, უძრავი ქონების აგენტიც ვიყავი, ასისტენტიც, მოკლედ, ბევრი რამ ვისწავლე. შემდეგ, ცოტა ხანი, ტექნიკური თარგმანის ინსტიტუტში წავედი და მერე – სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც უცხოური პროექტების ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი. მაშინ იყო უცხოელი ექსპერტებისა და ტექნიკური დახმარების პირველი ნაკადი, რომელიც საქართველომ მიიღო. ეს ის პერიოდია, როცა საქართველო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი უნდა გამხდარიყო. უცხოურ დეპარტამენტში ძალიან საინტერესო სამი წელი გავატარე და დიდი გამოცდილება მოივიღე. შემდეგ მუშაობა დავიწყე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან კომპანიაში – მულტი დარგობრივ კომპანიაში, რომელსაც საქართველოში გაყინული ფრინველის ხორცი და ხილი შემოჰქონდა. მას ძალიან ცნობილი ადამიანი ხელმძღვანელობდა და ამ კომპანიაში მუშაობამ ისეთი გამოცდილება მომცა და იმდენი რამ მასწავლა, რომ ჩემს სფეროში დღესაც ამ გამოცდილებით ვარ – მოლაპარაკებების წარმოება, კონკურენტებთან მოლაპარაკება, ადამიანებთან ტოლერანტული დამოკიდებულება, მიუხედავად კონკურენციისა, რთული მომენტების სწორად პოზიციონირება და ასე შემდეგ. პარალელურად, ჩემი მუსიკალური საქმიანობაც ძალიან უცნაურად განვითარდა. 1996 წელს სასტუმრო „აჭარის“ პირველ სართულზე გაიხსნა დათოს ჯაზ-კლუბი და ეს იყო ერთადერთი და უნიკალური ჯაზ-კლუბი, სადაც მთელი თბილისი იკრიბებოდა. მიყვარდა ჯაზი, მაგრამ იქ მივხვდი, როგორ უნდა მოვპყრობოდი მიკროფონს. იმ გარემოში ყოფნამ დიდი საფუძველი მომცა. დიდი მადლობა ჩემს ორ მეგობარს, გია მანჯგალაძესა და დათო ლოლაძეს, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაცვლილია, იმისთვის, რომ ეს საშუალება მომცეს. წარმოიდგინეთ, შვიდი წლის განმავლობაში ამ კლუბში ყოფნა ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო და ცხოვრების დიდი ნაწილი, გარკვეულწილად ეპოქა, რომელმაც ჩემი გემოვნების, მისწრაფებების ერთგვარი ფორმირება მოახდინა და ჩამოაყალიბა ურთიერთობები ადამიანებთან, რომელიც დღემდე მომყვებიან.
– მამა ცნობილი იურისტი იყო, დედა – თერაპევტი და როგორც ვიცი, ბავშვობაში გინდოდათ, დედის კვალს გაჰყოლოდით და მომავალ პროფესიად სამედიცინო სფერო აგერჩიათ, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ, არქიტექტურულზე ჩააბარეთ. რატომ თქვით უარი სამედიცინო სფეროზე?
– დიახ, ძალიან მინდოდა, ქირურგი ან გინეკოლოგი გამოვსულიყავი, რადგან დედა იყო ექიმი, კერძოდ თერაპევტი. დედას სამსახურში დავყავდი და მე სტომატოლოგიურ კლინიკაში ვარ გაზრდილი, ჩემ თვალწინ მიმდინარეობდა სასწაული ქირურგიული ოპერაციები. მაშინ არ იყო ასე განვითარებული ტექნიკა და მწირი საშუალებით ურთულეს ოპერაციებს ატარებდნენ ბრწყინვალე სპეციალისტები. მოკლედ, რესპუბლიკური სტომატოლოგიური კლინიკა და კერძოდ, ქირურგიის დეპარტამენტი იყო ჩემი საყვარელი ადგილი, სადაც მე არდადეგების პერიოდში, მთელი ზაფხული, დედას დავყავდი. ძალიან ბევრი ადამიანის პირის ღრუში ჩამიხედია, მინახავს კბილის ამოღებაც, რთული ოპერაციებიც, მათ შორის ღრძილის ჩირქოვანი ჯიბეების გაჭრაც და ასე შემდეგ. თუმცა, როცა სკოლა დავამთავრე, მაინც არქიტექტურულზე ჩავაბარე. სხვათა შორის, კარგად ვხატავდი და ახლობელმა მირჩია, არქიტექტურულზე ჩამებარებინა. კი მქონდა ექიმობა გადაწყვეტილი, მაგრამ ხომ იცით, რაღაცას ადამიანი რომ გადაწყვეტ და შენთვის სულ სხვა რომაა გათვალისწინებული... ვრცლად