"ქართველი მაფიოზები სომეხმა მაფიოზებმა შეავიწროვეს": კავკასიური კრიმინალური ტრილერი ესპანეთში - El Pais - კვირის პალიტრა

"ქართველი მაფიოზები სომეხმა მაფიოზებმა შეავიწროვეს": კავკასიური კრიმინალური ტრილერი ესპანეთში - El Pais

„ესპანეთში მოქმედი ქართული მაფიოზური დაჯგუფებები სომეხმა მაფიოზებმა შეავიწროვეს, - ნათქვამია ესპანურ გაზეთ „ელ პაისში“ (El Pais) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ქართული მაფიის მუტაცია ესპანეთში“ (ავტორი - ხესუს გარსია ბუენო). „ესპანელი სამართალდამცველები ათი წლის განმავლობაში იძიებდნენ ქართული მაფიის დანაშაულებრივ საქმიანობას და ბოლოს საკმაოდ ობიექტური ანგარიში მოამზადეს ესპანეთში თანამედროვე ქართული მაფიის ისტორიის შესახებ“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ესპანეთის ქალაქ ტერასას (კატალონია) მოსამართლემ ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში გაგზავნა ათწლიანი გამოძიების შედეგები, რომელშიც დანაშაულში ეჭვმიტანილი 241 პიროვნება ფიგურირებს.

ქართველი მაფიოზები სომეხმა მაფიოზებმა ჩაანაცვლეს?

ტერასას სასამართლოს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ნათელი მოჰფინა იმ საიდუმლოებებს, კონფლიქტებს და ცვლილებებს, რომელიც ესპანეთში მოქმედ ქართულ მაფიაში ხდებოდა. ყველაფერი კი დაიწყო 2016 წლის იანვარში, როცა ორი მამაკაცი მოკლეს, მათ შორის ევროპაში უდიდესი მაფიოზური დაჯგუფების ერთ-ერთი სავარაუდო ლიდერის მოადგილე გელა გ. და მისი პირადი მცველი. ათი წლის შემდეგ მოსამართლემ, რომელიც საქმეს იხილავდა, მივიდა დასკვნამდე, რომ ესპანეთში ქართული მაფიოზები წამყვანებად უკვე აღარ ითვლებიან: მისი ლიდერები, რომელთაგან ზოგი ციხეში ჩასვეს და ზოგიც ქვეყნიდან გაასახლეს, ისინი სომხებმა ჩაანაცვლეს. ხელისუფლებისათვის ღია ბრძოლაში, რომელიც კატალონიაში და ვალენსიაში მიმდინარეობს, მაფიოზურმა დაჯგუფებებმა, ტრადიციულ დანაშაულობებს სპორტულ თამაშთა შედეგების „ჩაწყობები“ დაუმატეს. დოკუმენტების მიხედვით, რომლებსაც EL PAÍS-ის რედაქცია გაეცნო, ზემოთ ხსენებულ 241 ეჭვმიტანილს შორის ესპანეთში სომხეთის ყოფილი კონსულის გვარიც ფიგურირებს.

ქართული მაფია: „ნაშთი ძველი დიდებისა...“

ტერასაში მომხდარ ორმაგ მკვლელობას რეაქცია საკმაოდ სწრაფად მოჰყვა: 2017 წლის ნოემბერში ესპანეთის პოლიციამ, მათ შორის კატალონიის „მოსოს ესკუადრას“ კორპუსმა 23 ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის კახაბერ შუშანაშვილი (მოკლული გელა გ.-ის ბოსი) და მისი ძმა ლაშა - ქართული მაფიის ცნობილი „ნათლიმამა“, რომელიც საბერძნეთში დააკავეს. ლაშას კარნახით კახაბერი ბარსელონადან ხელმძღვანელობდა ესპანეთში მოქმედ ქართულ მაფიოზურ დაჯგუფებას, რომელიც ძარცვით, გამოძალვით, ნარკოტიკებით და სხვა დანაშაულობებით მიღებულ დიდ თანხებს „ათეთრებდა“. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის ივნისში, პოლიციამ ოპერაცია ბოლო ეტაპზე კიდევ 142 ადამიანი დააპატიმრა. სასამართლომ თავისი გამოძიებით კარგად გადმოსცა ფაქტები და საკმაოდ ობიექტური ანგარიში მოამზადა ესპანეთში თანამედროვე ქართული მაფიის ისტორიის შესახებ.

„ფათერაკიანი“ ქურდი „ბდო“: ნახევარი ცხოვრება ციხეში

პროკურატურის მიერ განხორციელებულმა ანტიკორუფციულმა ოპერაციებმა ქართველი „კანონიერი ქურდები“ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. მოსამართლის თქმით, ეს იყო ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების „გეგმაზომიერი განადგურება“, რამაც საშუალება მისცა სომხებს ქართველები ჩაენაცვლებინათ. მათგან ერთ-ერთი - არმენაკ ბ., მეტსახელად „ბდო“, თავის დროზე კახაბერის ბრძანებით, ესპანეთში მოქმედი ჯგუფების მთლიან კონტროლს ახორციელებდა. 65 წლის „ბდოს“ „ფათერაკები მუდამ უკან სდევდა და ცხოვრების ნახევარზე მეტს ციხე-ციხე ატარებდა“ ყოფილი საბჭოთა კავშირის საპყრობილეებში, სადაც მან „საუკეთესო რეპუტაცია“ მოიხვეჭა მაფიოზურ ბოსებს შორის. სატელეფონო საუბრების მოსმენით ირკვევა, რომ ბარსელონაში ყოფნისას „ბდო“ კახაბერისა და მისი ცოლის ინტერესებს იცავდა და მათ ფულს უგზავნიდა.

დროთა განმავლობაში გაჩნდნენ ახალი დაჯგუფებები, მაგალითად, მაფიოზთა ჯგუფი, რომელიც ლევანტეს სანაპიროზე დაფუძნდა. მისმა წევრებმა მიზნად დაისახეს ვალენსიიდან გაეკონტროლებინათ ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე მოქმედი დამნაშავეთა ჯგუფები. დაიწყო კონფლიქტი ბარსელონელებსა და ვალენსიელებს შორის. სანამ კახაბერი მათ შორის ბალანსის შენარჩუნებას ცდილობდა და პრობლემებს არეგულირებდა, სომეხი „კანონიერი ქურდები“ თვლიდნენ, რომ ესპანეთი მხოლოდ სომხური დაჯგუფებების სამოქმედო არეალი უნდა ყოფილიყო - სამომავლოდ კი ისინი მთელი ევროპის დონეზე კონტროლსაც არ გამორიცხავდნენ.

შეხვედრა არგანდე-დელ-რეიში

მაფიოზური ხელისუფლების პრობლემების გადაჭრას დიალოგის გზით ცდილობდნენ. 2018 წლის იანვარ-მაისში, უკვე გაგანია დაპატიმრებების და გამოძიების დროს, მადრიდში „კანონიერი ქურდების“ ორი „სხოდკა“ (კრება) ჩატარდა იმ მიზნით, რომ როგორმე ერთმანეთს შერიგებოდნენ და კომპრომისებისათვის მიეღწიათ. იანვრის კრების ორგანიზატორი იყო არტემ ბ., მადრიდის დაჯგუფების აქტიური წევრი. 42 წლის სომეხს, რომელიც ასევე ითვლებოდა კახაბერის სანდო პირად, პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ფულის საერთო სალაროში შეკრება-შენახვისათვის. მოსამართლის თქმით, მისი „აგრესიული ხასიათი“ სხვებს „პატივისცემის გრძნობას უნერგავდა“ და „საშუალებას აძლევდა იოლად გადაეჭრა ქურდული დავები“.

გამოძიების მონაცემების თანახმად, დაბადების დღის გადახდის საბაბით, არტემმა მადრიდთან ახლოს მდებარე თავის სახლში, არგანდა-დელ-რეიში, მიიწვია სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული მაფიოზები, მათ შორის საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, რუსეთიდან სომხეთიდან და აშშ-დან. კრებაზე მაფიოზური გავლენის სფეროებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ყალბი კომპანია ფულის გასათეთრებლად

დანაშაულებრივი დაჯგუფებები სულ უფრო მეტად ისე მოქმედებენ, თითქოსდა სააქციო საზოგადოებებს წარმოადგენენ. მაფიოზებს ჰქოდათ ყალბი კომპანიები (რეალური საქმიანობის გარეშე) - რომლებშიც საცხოვრებელი ბინების ძარცვის დროს მიღებული ფულის გათეთრებას ახორციელებდნენ. ისინი არაფერს არ თაკილობდნენ და ყველა სფეროში საქმიანობდნენ: ნარკოვაჭრობაში, ავტომობილების უკანონო გაყიდვებში, საგუნტოს ნავსადგურში სხვადასხვა პროდუქციის მსხვილი პარტიების ყიდვა-გაყიდვაში. გარდა ამისა, ეს მაფიოზური ჯგუფები დაკავებულები იყვნენ ფსონების დადებასთან დაკავშირებულ თაღლითობაშიც, აყალბებდნენ სპორტული შეჯიბრებების შედეგებსაც.

სპორტული ფსონებით მაფიის გამდიდრების საიდუმლო

როგორც გამოძიების მასალებშია აღნიშნული, სპორტული ფსონები მაფიოზური დაჯგუფებების შემოსავლის კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენდა: მისი წევრები ფსონებს დებდნენ „მეორეხარისხოვან“ სპორტულ შეჯიბრებებზე და კალათბურთის ტურნირებზე, ტენისში, საპლაჟო ფრენბურთში ან ჰოკეიში. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მოიგებდნენ - „ადრევე გაჟონილი პრივილეგირებული ინფორმაციის“ წყალობით. რუსეთის მცხოვრები არტურ კ. ამ ინფორმაციას იღებდა და მას, ფულის გადახდის შემდეგ, ესპანეთში ქართული მაფიის მეკავშირეს გადასცემდა. ისინი, თავის მხრივ, სპორტულ ღონისძიებებზე ფსონების დასადებად თავიანთ ხალხს აგზავნიდნენ.

როგორც გამოძიების მასალებშია ხაზგასმული, ფსონები საიმედო და სარწმუნო იყო, რადგან მაფიოზებს მოთამაშეთა შორის თავიანთი ხალხი ჰყავდათ, რომლებიც გარკვეული სქემების გამოყენებით დიდძალ შემოსავალს იღებდნენ.

სომეხი კონსულ-მაფიოზის „საქმენი საგმირონი“

ათი წლის შემდეგ ტერასას საგამოძიებო სასამართლოს თავმჯდომარემ ნურია ოლივიემ გადაწყვიტა, რომ საქმე ეროვნული უმაღლესი სასამართლოსთვის გადაეცა. ეჭვმიტანილ 241 დაკავებულს შორის არის ტიგრან ბ., რომელიც სომხეთის რესპუბლიკის კონსული იყო მადრიდში, 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით. გამოძიების მიხედვით, იგი ახლოს იყო არტემ ბ.-სთან (მადრიდის მაფიოზური დაჯგუფების ხელმძღვანელთან) და „კანონიერ ქურდებთან“ ყველა ელიტურ შეხვედრებს ესწრებოდა.

სავარუდოდ, ტიგრანი ორგანიზაციას გარკვეულ სამსახურს უწევდა და ამისთვის ფულად ანაზღაურებას იღებდა - ამზადებდა სხვადასხვა ყალბ დოკუმენტებს, წყვეტდა საკითხებს და ა.შ. როცა მოსამართლემ მისი დაპატიმრება დაადგინა მაფიოზურ ჯგუფებში, მექრთამეობასა და დაღლითობა-გაყალბებშიო, იგი ბელგიაში იმყოფებოდა, თუმცა ტიგრანი საბოლოოდ, 2019 წლის ზაფხულში, ესპანეთში მაინც ჩაიყვანეს.

ჩვენი გაზეთი წარუმატებლად ცდილობდა რაიმე ცნობა მიეღო სომხეთის საელჩოდან ყოფილი კონსულის საქმიანობის შესახებ, მაგრამ უშედეგოდ.

წყარო