"დღეს საქართველოში ძალიან სახიფათო პროცესი მიდის..." - ვიქტორ ყიფიანის სკანდალური პროგნოზი: რა გარიგებისთვის ემზადებიან დიდი სახელმწიფოები და სად იქნება ჩვენი ქვეყნის ადგილი?!
ლევან ხაბეიშვილის, მურთაზ ზოდელავასა და ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებებზე და ქვეყანაში დაძაბულობის ზრდაზე ანალიტიკოს ვიქტორ ყიფიანს ვესაუბრეთ.
- პროტესტანტთა დარბევები და ოპოზიციონერი ლიდერების თუ თანაგუნდელების კორუფციის ბრალდებით დაკავება მიუთითებს, რომ ფინანსური ნაკადების შეზღუდვასთან ერთად ხელისუფლებასა და მასთან დაახლოებულ ჯგუფებს მიზნად აქვთ დასახული ნებისმიერი ქმედითი წინააღმდეგობის ფაქტორის განეიტრალება ქვეყანაში. ის, რაც ხდება, ვფიქრობ, მჭიდროდ არის დაკავშირებული გარეთ მიმდინარე პროცესებთან. არ მტოვებს განცდა, რომ დიდი მოთამაშეები ემზადებიან გარკვეული შეთანხმებისთვის გავლენათა სფეროების გადანაწილებისა თუ ახალი გამყოფი ხაზების გასავლებლად. ჩემი ვერსია, რა თქმა უნდა, დოკუმენტებით გამყარებული არ არის, თუმცა არსებული დინამიკა მკარნახობს, რომ ანტიდასავლური ვექტორის მაქსიმალური გაძლიერება ქვეყანაში ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია იმ დიდი შეთანხმებისთვის, რომელიც, წესით, უნდა შედგეს. ყოველივე ეს უპირველესად უკავშირდება უკრაინის ომს, ასევე იმ დამაბნეველ გზავნილებს, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ავრცელებს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე დღეს ისე ფორმირდება, საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, ქვეყანა აღმოჩნდება იმ მხარეს, რასაც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა არ ისურვებდა.
- ტრამპის ადმინისტრაციის უცნაურობაში რას გულისხმობთ?
- დღიდან მისი გაპრეზიდენტებისა, ტრამპის მიდგომა მეტად წინააღმდეგობრივი და მერყევია. თუნდაც იმის გახსენებაც კმარა, რომ მისი მრავალი განცხადება პრაქტიკაში საერთოდ არ განხორციელდა. მისი დაპირებები და განცხადებები, რომლებიც ვერ გადაიზარდა რეალურ პოლიტიკაში, ბევრად სჭარბობს იმ რამდენიმე ნაბიჯს, რაც რეალურად გაკეთდა. ეს გაუგებრობა ეხება არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობას, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცესთან დამოკიდებულებასაც. სამწუხაროდ, ამ სივრცეში შედიან საქართველო და უკრაინაც.
ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ დავსვათ კითხვა: რა სურს ამერიკის ადმინისტრაციას ჩვენგან? როგორი იქნება მათი ხაზი პოსტსაბჭოთა სივრცეში? იქნება შემრიგებლური თუ პირიქით, მკაცრად პრინციპული, ისეთი, როგორსაც ტრადიციულად ველოდით და დღემდე ველით დასავლური სამყაროს ლიდერისგან.
- ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ გაურკვევლობა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკოსების სხვადასხვაგვარი პოზიციით არის განპირობებული?
- დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში არც ელჩი ჰყავს და არც კანდიდატია დასახელებული. ესეც შეიძლება განვიხილოთ როგორც გარკვეული ჟესტი, რადგან პოლიტიკაში სიმბოლიზმს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, უმოქმედობა ხშირად მიანიშნებს კონკრეტულ დამოკიდებულებაზე. მეორე გარემოებაა თავად ამერიკის შიდაპოლიტიკური ვითარება. მე არ მახსოვს ამერიკა ასეთ პოლიტიკურად და საზოგადოებრივად დაძაბულ მდგომარეობაში. ეს განპირობებულია არა მხოლოდ კონკრეტული პირის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხელწერით, არამედ იმ წინააღმდეგობებითაც, რომლებიც დაგროვდა ქვეყანაში, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ხასიათის. ჩვენ საკუთარ გარემოს ვუყურებთ როგორც პოლარიზებულსა და ფრაგმენტირებულს, მაგრამ შეერთებული შტატები დღეს არანაკლებ პოლარიზებულია. სწორედ ამიტომ ელჩის არდანიშვნაც შეიძლება ბუნებრივ გაგრძელებად ჩაითვალოს იმ აზრთა დაპირისპირებისა და მერყეობის, რაც ზედაპირზე ძალიან მკვეთრად ჩანს როგორც აშშ-ში, ისე ზოგადად, დასავლურ სამყაროში. ეს, რა თქმა უნდა, ართულებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებსაც. დამატებით სირთულეებს უქმნის საპროტესტო მოძრაობას, იქნება ეს ქუჩაში თუ პარტიულ დონეზე და ნებსით თუ უნებლიეთ, ერთგვარ "ზურგის ქარს" უბერავს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ.
ასევე დაგაინტერესებთ: ქართული ოცნება" ლევან ხაბეიშვილისგან გმირს ქმნის, მისგან ოპოზიციონერი ლიდერის იმიჯს ძერწავს" - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: რა არის ქართული პოლიტიკის მთავარი უბედურება?!
- შესაძლებელია თუ არა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს მიმართ თავისი პოზიცია უფრო მკაფიოდ გამოხატოს არჩევნების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდება 4 ოქტომბერს?
- ამერიკის ადმინისტრაციას წარსულშიც არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ 4 ოქტომბერი იქნება იმ კატეგორიის დღე, რომელიც მათ დაეხმარება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. ქვეყანაში უკვე შეიქმნა ისეთი მოლოდინი, რომელსაც აუცილებლად ექნება გავლენა არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე განწყობებზე. სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ 4 ოქტომბერი გარკვეულწილად გარდამტეხი ეტაპია. ამ თარიღს მოჰყვება პროცესები, რომლებიც განსაზღვრავს როგორც ქვეყნის შიდაპოლიტიკურ რეალობას, ისე საერთაშორისო დამოკიდებულებასაც საქართველოს მიმართ. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებზე არ არის საუბარი. არ უნდა გამოგვრჩეს ევროკავშირი, რომელიც საქართველოს საკითხში ისეთივე გაურკვეველ მდგომარეობაშია, როგორშიც ვაშინგტონი.
- დღევანდელი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების ფონზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 4 ოქტომბრამდე?
- ცალსახაა, რომ ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების კომპონენტის კიდევ უფრო კონსოლიდირებას. ამოცანა ნათელია - თეორიული წინააღმდეგობის კერების მაქსიმალურად ამოღება. მიღებულია მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც გამორიცხავს გონივრულ კომპრომისს, მოქნილობას და ინტერესთა თანხვედრას. რაც შეეხება სამართლებრივ ბრალდებებს, მინიმუმ, მოსმენის თვალსაზრისით, გარკვეული ეჭვები მაქვს. მაგალითად, ხაბეიშვილის საჯარო მოწოდებას "გარკვეული სარგებლის შეთავაზებაზე" მართლაც შეიძლება ჰქონდეს დანაშაულის ნიშნები, მაგრამ ჩემთვის რთულია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ეს კვალიფიკაცია ისეთი საფუძვლიანია, როგორც სუს-ის განცხადებაში წარმოადგინეს. ზოდელავას შემთხვევა კიდევ უფრო ბუნდოვანია. თუ ხაბეიშვილის საქმეში მცირედად მაინც იკვეთება რაღაც ფაბულა, მიუხედავად იმისა, რომ ესეც არასაკმარისად დამაჯერებელია, სულ მცირე, იმ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მოვისმინეთ, ზოდელავას საქმეში სურათი ათჯერ უფრო გაურკვეველია.
დღეს ქვეყანაში ძალიან სახიფათო პროცესი მიდის. სამწუხაროდ, სანამ შიდაპოლიტიკური საპროტესტო კონსოლიდაცია არ გაჩნდება, ეს პროცესი შეუქცევადი იქნება. მოლოდინი, რომ ის თავად, თვითშეგნებით ან რაიმე გადააზრებით შეჩერდება, მინიმუმ, მიამიტურია. გარე ფაქტორებს რაც შეეხება, იქ მიმდინარე მოვლენები სულაც არ მოქმედებს სასიკეთოდ საქართველოს საშინაო პროცესებზე. ამიტომ მთავარი ყურადღება ქართულ მოძრაობაზე უნდა გადმოვიდეს.
გადაჭარბებული მოლოდინის დამყარება გარე მოთამაშეებზე, ერთი მხრივ, არასწორია, რადგან შეიძლება ვერ გამართლდეს, მეორე მხრივ კი, თავმოყვარეობის საკითხია. გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ჩვენი შიდა პრობლემები, ძირითადად, ჩვენსავე რესურსით მოგვიგვარებია და არა უცხოეთის ჩარევით. ეს ბრძოლა განსაზღვრავს იმასაც, თუ როგორი იქნება ქართული სახელმწიფო ხვალ, რამდენად თვითკმარი და თავმოყვარე საზოგადოება გვეყოლება. სწორედ ამიტომ ეს არის არა მხოლოდ დღევანდელი დღის ტესტი, არამედ მომავლის გამოცდა: დავიჯერებთ თუ არა ჩვენს საკუთარ რესურსსა და პოტენციალს. ამით პირველ რიგში საკუთარ თავის პატივისცემას დავიმსახურებთ, შემდეგ კი პარტნიორებისაც. და კიდევ ერთხელ - ჩვენი "საშინაო დავალება" მხოლოდ ჩვენ უნდა შევასრულოთ. ამ საქმეში სხვას ვერ დავეყრდნობით და არც უნდა დავეყრდნოთ.