ტრამპის ჩიხი ანუ "მოჯადოებულ წრეში" ჩაკეტილი "დიდი დონალდი" - მიიყვანს თუ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ კატასტროფამდე აშშ-ის პრეზიდენტი?!
ტრამპის ჩიხი - აშშ-ის პრეზიდენტი, ერთი და იმავეს გამეორებით „ჩაციკლულ წრეზე“ ტრიალებს...
მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები მოუთმენლად ელიან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მორიგ განცხადებებს, რომლებსაც ის თითქმის ყოველდღიურად აკეთებს და ხშირად მორიგ სენსაციას თუ სკანდალს იწვევს...
თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებასთან დაკავშირებით,პრეზიდენტ ტრამპის ახალ-ახალ განცხადებები საოცრად დაემსგავსა ერთმანეთს და ერთგვარი „ჩაციკლული წრე“ შეიკრა, საიდანაც გამოსვლა ტრამპს უკვე შესამჩნევად უჭირს...
პრეზიდენტი ტრამპი ბოლო რამდენიმე კვირაა ყოველ ინტერვიუში თუ ჟურნალისტების სწრაფ შეკითხვებზე,ერთსა და იმავეს იმეორებს:
პირველი -ტანგოს ორი ადამიანი ცეკვავს...
მეორე - პუტინსა და ზელენსკის ერთმანეთი ისე ეზიზღებათ,რომ მოლაპარაკებისას მეც უნდა ვიჯდე ოთახშიო...
მესამე - მე რვა ომი შევაჩერე...
მეოთხე - ეს ჩემი ომი არ არის, ეს ბაიდენის ომია, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა...
აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ღიად არასოდეს აღიარებს თავის პოლიტიკურ მარცხს, კერძოდ იმას, რომ მას არანაირად არ შეუძლია პუტინის იძულება უკრაინაში ომის შესაჩერებლად, როგორც ამის თაობაზე იქადნებოდა ერთი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს-ამირჩიეთ პრეზიდენტად და ერთი სატელეფონო ზარით დავამთავრებინებ რუსეთ-უკრაინის ომსო...
ტრამპს რეალურად არანაირი ბერკეტები არ უპყრია ხელთ, რომ პუტინი აიძულოს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად.
სამხედრო ბერკეტების გამოყენება გამორიცხულია და არა მარტო იმიტომ, რომ გასაგები მიზეზების გამო აშშ-ი არანაირად არ წავა შეიარაღებულ დაპირისპირებაზე „ბირთვული რუსეთის“ წინააღმდეგ.
ბირთვული იარაღის გამოყენების სრული გამორიცხვითაც კი რუსეთის არმია ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანად გამოიყურება ამერიკულთან შედარებით, რადგან უკრაინაში თითქმის ოთხწლიანი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსეთის არმიამ და მისმა სარდლობამ იმხელა საბრძოლო გამოცდილება დააგროვა(თუნდაც უზარმაზარი მსხვერპლის ფასად), რაც ერაყისა თუ ავღანეთის ანტიპარტიზანულ ომებგამოვლილ ამერიკულ არმიას არც კი დასიზმრებია...
ერთადერთი, რაც რჩება ტრამპს პუტინის „მოსარჯულებლად“ ეს არის რუსეთზე ახალი უმკაცრესი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების დაწესება, რის თაობაზეც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი მართალია ნახევარ წელზე მეტია იმუქრება, მაგრამ ბოლო მომენტში ისევ გადადებს ხოლმე ანუ ტრამპი ყველანაირ მიზეზს ეძებს იმისთვის, რომ პუტინის რუსეთისთვის მართლაც მტკივნეული ეკონომიკური სანქციები, რომელიც კრემლის „ომის ბიუჯეტს“ მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებდა, არანაირად არ დააწესოს...
ახალი საბაბი რუსეთზე სანქციების დაწესების გადავადებისა, გახდა პრეზიდენტის ტრამპის მორიგი მიზეზი-ჯერ ევროკავშირმა სრულიად შეწყვიტოს რუსული ენერგომატარებლების შესყიდვა და დაუწესოს ტარიფები ინდოეთსა და ჩინეთს, რუსული ნავთობის შესყიდვის გამო და მერე ამერიკაც იმავეს გააკეთებსო...
მაგრამ, ევროპაში რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მთავარ შემსყიდველებად ხომ სწორედ ის უნგრეთი და სლოვაკეთი რჩებიან,რომელთა პრემიერ-მინისტრები, ორბანი და ფიცო ტრამპთან „ჩახუტებულები“ არიან?!
რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით როდესაც ყველაფერი ასე რთულად მოჩანს, ამასთანავე ყველაფერი ძალიან მარტივად აიხსნება:
პირველი - დასავლეთი თავისი ნატოთი და ევროკავშირით, სამწუხაროდ არ წარმოადგენს ერთიან, შეკავშირებულ, მონოლითურ მხარეს, რომელსაც შეეძლება აგრესორი რუსეთის „სურვილების“ ძირშივე მოთოკვა.
მეორე - აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ უფრო გააღრმავა ის „ნაპრალი“, რაც აშშ-სა და ევროპას შორის ისტორიულად ისედაც არსებობდა.
მესამე - თავისი მოუქნელობით,გადაწყვეტილებების მიღების დაგვიანებით,პოლიტიკური სიბეცითა თუ ბიუროკრატიით ევროპამ საკუთარი თავი განსაცდელში ჩააგდო და პუტინის რუსეთისგან მომდინარე საფრთხე მართლაც შეიძლება რეალობად გადაექცეს აღმოსავლეთ ევროპას, მით უმეტეს, თუკი კრემლმა უკრაინაში სრული სამხედრო გამარჯვების მიღწევა შეძლო.
მეოთხე - ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ 29 მლნ კაციანი ჩრდილოეთ კორეა ბევრად მეტ სამხედრო დახმარებას(გინდ სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო საჭურვლით,გინდაც ცოცხალი ძალით) უწევს რუსეთის არმიას უკრაინის დასაპყრობად, ვიდრე 449 მლნ-იანი ევროკავშირი, 340 მლნ-იან აშშ-თან ერთად ეხმარება უკრაინას თავის დასაცავად...
ალასკაზე შეხვედრამ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ტრამპი პუტინის წინააღმდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების სახით რეალურ და ეფექტიან ზომებს არ მიიღებს და მხოლოდ დროის გაყვანაზე ითამაშებს, რაც სწორედ კრემლის სტრატეგიულ ინტერესებში შედის-რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს უკრაინის მიწის რამდენიმე კვადრატული კილომეტრის დაპყრობას და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ევროპაში მთლიანად მდებარე ქვეყნებს შორის ყველაზე დიდია (2014 წელს დაწყებულ რუსულ აგრესიამდე უკრაინის ტერიტორიის ფართობი შეადგენდა 603 549 კვ.კმ-ს,დღეისათვის აქედან რუსეთის მიერ ოკუპირებულია 20%-ზე მეტი), ერთ ცუდ დღესაც პუტინის აგრესორი არმია უკრაინის დასავლეთ საზღვრამდეც მიაღწევს და უკრაინის ტერიტორიის ბოლო კვადრატულ კილომეტრებსაც დაიპყრობს,თუკი კარდინალურად არაფერი შეიცვალა...