მაკკეინი: "ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან კავშირი გაწყვიტა და ჩვენ მის სიტყვებს ვიღებთ.. არჩევნების შედეგები შეიძლება დავის საგანი გახდეს" - კვირის პალიტრა

მაკკეინი: "ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან კავშირი გაწყვიტა და ჩვენ მის სიტყვებს ვიღებთ.. არჩევნების შედეგები შეიძლება დავის საგანი გახდეს"

მიმდინარე კვირას საქართველოში დიდი სტუმრიანობა იყო, ნატოს გენერალური მდივნის კვალადაკვალ ქვეყანას აშშ-ის გავლენიანი სენატორები: მაკკეინი, ლიბერმანი და გრემი ეწვივნენ. ხელისუფლებამ სცადა, სენატორთა ვიზიტი საკუთარ მხარდაჭერად წარმოეჩინა, თუმცა ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სამივე მათგანმა განაცხადა, რომ აშშ არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ უჭერს მხარს. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს:

-ბატონო რამაზ, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფონ რასმუსენმა განაცხადა: არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვისო. ბევრი ელოდა, რომ ის საარჩევნო გარემოს ნაკლოვანებებზე ილაპარაკებდა, თუმცა მსგავსი არაფერი უთქვამს…

- სიმართლე გითხრათ, მეც ველოდი, თუმცა, როდესაც გავარკვიე, რომ ის საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა და სომხეთსა და აზერბაიჯანსაც სტუმრობდა, მივხვდი, მის ვიზიტს უფრო რეგიონალური პოლიტიკისთვის ჰქონდა მნიშვნელობა. ეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ინტერნეტში გავრცელებულ მის ვიდეომიმართვაში, სადაც მან ცალკე საქართველოზე არაფერი თქვა, თუმცა ილაპარაკა რეგიონის მნიშვნელობასა და ნატოს კავკასიისადმი დამოკიდებულებაზე. რაც შეეხება ამერიკელი სენატორების ვიზიტს, მარათლია, სამივე მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის მეგობრად და ახლობლად მიიჩნევა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ვიზიტი ხელისუფლების მხარდაჭერად ვერაფრით შეფასდება. აშკარად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებისგან მათი დისტანცირება ხდება. ბიძინა ივანიშვილი კი მათთვის ახალი ძალაა, რომლითაც დაინტერსებულნი არიან. ასევე აშკარად გამოჩნდა ისიც, რომ სენატორები დაინტერესდნენ, მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებული სადაო საკითხებით, მოისმინეს და გარკვეულწილად განმარტებებიც მიიღეს. მაკკეინის  ფრაზა - არჩევნების შედეგები შეიძლება დავის საგანი გახდესო, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ წინასაარჩვენო პროცესებს დადებითად არ აფასებენ. ამით სენატორებმა აღიარეს, ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ არჩევნების შედეგის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ლოგიკური და მოსალოდნელია.

- როგორ შეაფასებთ მაკკეინის განცხადებას - "ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან კავშირი გაწყვიტა და ჩვენ მის სიტყვებს ვიღებთ?.."

- მართალია, ალასანიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ივანიშვილმა დაიწყო, ანუ თემა მაკკეინს არ წამოუწევია წინ, მაგრამ მან საჭიროდ მიიჩნია, ამაზე შემდგომ გაემახვილებინა ყურადღება. ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია, თუ ვინ გამოდის საქართველოში ქვეყნის მართვის პრეტენზიით. გაგახსენებთ სენატში ცოტა ხნის წინ საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი და რომლის დროსაც გაისმა სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ საკმაოდ მწვავე  კრიტიკა. რადგან სენატში ამ კრიტიკულ განცხადებებს არავინ შეკამათებია, უნდა ვიფიქროთ, მას სენატი იზიარებს. მოსაზრება, რომ სააკაშვილი დემოკრატიის გზიდან ნელ-ნელა უხვევს, უკვე კარგა ხანია არსებობს ამერიკის ხელისუფლებაში და როგორც ჩანს, მყარდება კიდეც. ვფიქრობ, სწორედ ამ პრობლემების  შესწავლას ითვალისწინებდა სენატორთა ვიზიტი, რადგან შესაძლოა, რესპუბლიკელებმა ძალიან ცუდ დღეში ჩაიგდონ თავი თუ სააკაშვილის ხელისუფლების უსამართლო დამცველებად იქცევიან.

- სენატორმა მაკკეინმა განაცხადა: "აშშ ყურადღებით აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს და არჩევნების შეფასებისას NDI-ის, IRI-სა და ეუთო-ს შეფასებებით იხელმძღვანელებს"…

- მოდი, დავაზუსტოთ, მაკკეინი ლაპარაკობდა NDI-ისა და IRI-ს სადამკვირვებლო მისიებზე და არა ამ ორგანიზაციების აქაურ ოფისებზე. საქმე ისაა, რომ არსებობს NDI, რომლის მისიაც საარჩევნო პროცესს აკვირდება და არსებობს ნავარო, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ამ ორგანიზაციისადმი ნდობა დააკარგვინა. ამ ორგანიზაციის ქართული ოფისი უკვე რამდენიმე წელს ითვლის და როგორც ჩანს, ისე შინაურულად გრძნობენ თავს, რომ ჰყავთ თავიანთი პოლიტიკური ფავორიტები, რაც მათ საქართველოში მუშაობაზე გავლენას ახდენს. რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიას, ის შედგება ქვეყანაში ახალჩამოსული ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან ასე გათქვეფილი ჩვენს პოლიტელიტაში. სხვათა შორის, ამ მისიის წინასაარჩევნო პროცესის შუალედური შეფასება საკმაოდ ახლოს იყო იბიექტურობასთან.

- NDI-მ გამოაქვეყნა ახალი პოლიტიკური რეიტინგები. კითხვაზე " "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", შედეგები ასე გადანაწილდა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" " 37% ; "კოალიცია "ქართული ოცნება" " 12%; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" " 3%. არც ერთს " 3%, არ ვიცი " 22%, პასუხზე უარი თქვა 16%-მა.

-მოდი, ვიანგარიშოთ გამოკითხულთა ის რაოდენობა, რომელმაც საერთოდ უარი თქვა პასუხის გაცემაზე. სამს მივუმატოთ ოცდაორი, ოცდახუთია, ამას  მივუმატოთ თექვსმეტი, მივიღებთ 41%-ს, ანუ რა გამოდის? "

ფაქტობრივად, ამ კითხვაზე პასუხს ამა თუ იმ ფორმით თავი აარიდა ძალიან ბევრმა ადამიანმა, ნახევარზე ოდნავ ცოტამ. ამხელა პროცენტი რომ თავს არიდებს კითხვას, ამან არ უნდა დააფიქროს კვლევის ჩამტარებელი? ნუთუ, ნავარო არ უშვებს იმ ვერსიას, რომ ამ ადამიანებს ეშინიათ პასუხის გაცემა? ამ საკითხზე ამხანაგ ნავაროს სიჩუმე, ძალიან ბევრ რამეზე მუთითებს. გამოკითხულთა დაახლოებით 1/5-მა (22%) არ იცის, ვის უნდა მისცეს ხმა, ეს ხომ სასაცილოა!

ნათია დოლიძე  (სპეციალურად საიტისთვის)