"ტერმინატორის" გაფრთხილება: "უფსკრულის პირას არ უნდა მივიდეთ, თუ გადავიჩეხებით, მერე გვიან იქნება დემოკრატიაზე ფიქრი“ - რა თქვა არნოლდ შვარცენეგერმა ჩარლი კირკის მკვლელობაზე
ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არნოლდ შვარცენეგერმა სტუდენტებს გულახდილად გაუზიარა თავისი პოზიცია ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით: „ტერმინატორი კარგად ლაპარაკობს“, - ასე შეაფასეს ახალგაზრდებმა კინოვარსკვლავისა და ყოფილი გუბერნატორის თვალსაზრისი“ (ავტორი - ჯეიკობ სტოლუორთი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
არნოლდ შვარცენეგერმა სტუდენტებისაგან ქება დაიმსახურა მას შემდეგ, რაც იგი ემოციურად გამოვიდა ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით.
ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა და ყოფილმა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ვიდეოშეხვედრისას თქვა, რომ ძალიან არის ხოლმე დამწუხრებული, როცა ვინმეს სიცოცხლეს უსპობენ განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო.
როგორც ცნობილია, პოლიციამ უკვე დააპატიმრა ტაილორ რობინსონი, რომელსაც ბრალად რესპუბლიკელი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობა წაუყენეს.
თავის მხრივ, „ტერმინატორმა“ აღნიშნა, რომ მკვლელობის მიზეზი უფრო ღრმად არის საძიებელი და მიანიშნა, რომ სოციალურ ქსელებში და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სიძულვილის დათესვის კამპანია მიმდინარეობს, რასაც გარკვეულწილად პოლიტიკოსებიც - დემოკრატები და რესპუბლიკელები - აღვივებენ თავშეუკავებელი გამოსვლებით და განცხადებებით.
„ჩვენ, მოქალაქეებს, ყოველი მხრიდან „გვირტყამენ“ და თავს გვახვევენ ისეთ აზრებს, რომლებიც მიუღებელია ნორმალური საზოგადოებისათვის. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა უფსკრულის პირას არ მივიდეთ. და თუ გადავიჩეხებით, მერე უკვე გვიან იქნება დემოკრატიაზე და უფლება-მოვალეობებზე ფიქრი“, - თქვა არნოლდ შვარცენეგერმა, რომელიც კალიფორნიის შტატის გუბერნატორი იყო 2003-2011 წლებში.
„ტერმინატორმა“ მოუწოდა სტუდენტებს, რომ სხვადასხვა პოზიცია-შეხედულებების მიუხედავად, გაერთიანდნენ და ერთმანეთთან ურთიერთობა გააღრმაონ. „თქვენ, ახალგაზრდებმა, უნდა აჩვენოთ ამერიკის საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს, რომ იმ სახალხო ძალას წარმოადგენთ, რომელსაც ცივილიზებულად შეუძლია სიტუაცია უკეთესობისაკენ შეცვალოს“, - მიმართა კინოვარსკვლავმა უნივერსიტეტის სტუდენტებს.
„თქვენ იქნებით აშშ-ისა და მსოფლიოს უნივერსიტეტებისათვის მაგალითი, თუ როგორ ურთიერთობა უნდა გქონდეთ ერთმანეთთან. თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ სხვებს მტრულად კი არ უყურებთ, არამედ ტოლერანტული მიდგომა გაქვთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ... თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ ცეცხლს ცეცხლითვე არ ებრძვით და ერთმანეთს ომს არ უცხადებთ“, - თქვა ყოფილმა გუბერნატორმა და დასძინა: „ხალხის ხელისუფლება უმაღლესი ხელისუფლებაა, სწორედ ამაში არის დემოკრატიის არსი. ყურს ნუ უგდებთ [ოდიოზურ] პოლიტიკანთა მქადაგებლობას, მოუსმინეთ რიგით თანამოქალაქეებს, მოუსმინეთ სერიოზულ ადამიანებს, ჩაებით დისკუსიაში და დასკვნები გააკეთეთ“.
ასევე დაგაინტერესებთ: ჩარლი კირკის მკვლელობა: სამოქალაქო ომის საფრთხე აშშ-ში?! - "ამერიკელი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ შურს იძიებენ"
ტრამპის მთავარი "კოზირები" ანუ როგორ მოარჯულებს პუტინს "დიდი დონალდი" ?!
მსახიობის თაყვანისმცემლებმა სოციალურ ქსელებში მოიწონეს „ტერმინატორის“ აწონილ-დაწონილი გამოსვლა. ერთ-ერთმა ასე დაწერა: „კარგად ლაპარაკობ, არნოლდ. მეტი დისკუსია და ნაკლები მრისხანება“. მეორემ აღნიშნა: „მართლაც კარგად ილაპარაკა. მე მისი დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ (პოლიტიკას რაც შეეხება), მაგრამ მან ზუსტად თქვა ის, თუ რაშია პრობლემა და როგორ უნდა გადაიჭრას“. მესამემ ხაზი გაუსვა: „არ შემიძლია არნის არ დავეთანხმო. სიფრთხილე გვმართებს: სოცქსელებში ადამიანმა შესაძლოა ადამიანურობა დაკარგოს. ნუ შეურაცხვყოფთ ერთმანეთს. ნუ გავაღვივებთ ერთმანეთისადმი სიძულვილს. ნუ მივცემთ საკუთარ თავს ამის უფლებას“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ არნოლდ შვარცენეგერმა ინტერნეტში თავის ვებ-გვერდზე კომენტარები გამოაქვეყნა: „ამ ვიდეოს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანობაში, ვიდრე ჩემს კონკრეტულ ნათქვამს. ეს ის არის, რაც ყველასთვის აუცილებელია: ისაუბრეთ ლანძღვა-გინების გარეშე, ნუ გამოავლენთ ერთმანეთის უპატივცემლობას. არავითარი ყვირილი და მწარე ეპითეტები“.
„ვიცი, რომ სოციალური ქსელები ხშირად ადამიანების ყველაზე ნეგატიურ მხარეებს აჩენს. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფი თავიანთი მიუღებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით უფრო მეტ ყურადღებას იზიდავს, ვიდრე მშვიდად და სერიოზულად მოსაუბრეები. თავი შეიკავეთ იმ ადამიანებთან კონტაქტებისაგან, რომლებიც გამომწვევი ქცევით და ყვირილით ცდილობენ თავიანთი ხედვა-პოზიციების თავს მოხვევას. ისინი, საერთოდ, უმცირესობაში არიან და მათ დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ. მათ სწორედ ის უნდათ, რომ წყობიდან გამოგიყვანონ, საპასუხო პოსტები გამოაქვეყნოთ და ლაიქები დაუსვათ, ანუ მათ პოპულარობას ხელი შეუწყოთ“, - დაამატა არნოლდ შვარცენეგერმა.
„ტერმინატორმა“ მაღალ დონეზე შეაფასა შეხვედრა, რომელშიც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის 500-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. მან მადლობა უთხრა ახალგაზრდებს, რომ მის მიმართ ყველამ პატივისცემა გამოავლინა: „მჯერა, რომ ინტერნეტის მიღმა რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი სერიოზულები ხართ. თუ შეატყობთ, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანობას კარგავთ, გამოდით რეალურ ცხოვრებაში და ისევ ადამიანები გახდებით“.
მოამზადა სიმონ კილაძემ