საქართველო 2012, როგორც "1984"?!
"1984" - ჯორჯ ორუელის ეს შესანიშნავი რომანი მხოლოდ სტალინის ბარბაროსული ეპოქის მორიგი აღწერა როდია, მასში ჩვენი საზოგადოება, დღევანდელი დღეც შეიძლება დავინახოთ... ჯორჯ ორუელმა ამ ნაწარმოებში აღწერა ის სასტიკი მეთოდები, რომლითაც სახელმწიფო "ხალხის მტრებს", თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ აზროვნებას ებრძვის. ღირსებააყრილ და ტვინგამორეცხილ მასად ქცეული შეშინებული ხალხი ბრმად ემორჩილება ხელისუფლების დიქტატს. შედეგიც მიღწეულია! - ხალხმა იწამა, რომ:
-"ომი - მშვიდობაა;
-მონობა - თავისუფლება;-უმეცრება - ძალა".
-მშვიდობის სამინისტრო ომის საკითხებს განიხილავს;
-ჭეშმარიტების სამინისტრო - სიცრუის;
-სიყვარულის სამინისტრო - წამების;
-დოვლათის სამინისტრო - შიმშილის.
-"ვინც წარსულს აკონტროლებს, აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულსაც" - ქუხს პარტიის ლოზუნგი.გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გარწმუნებენ, რომ 2+2=5-ს და შენ არ გაქვს არგუმენტი საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად. რობოტად ქცეულ საზოგადოებას დაღუპვა ემუქრება, მას არ გააჩნია სიყვარული, ინდივიდუალიზმი, ვერ აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეს...
...ბოლოს რომანის გმირმა უინსტონმა დღიურში ჩაწერა: თავისუფლება - თავისუფლებაა, 2+2=4-ს...
გამომცემლობა "პალიტრა L"-მა პროექტით: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!" უკვე წარმოადგინა ჯორჯ ორუელის "1984". მართლაც, წაიკითხეთ ეს წიგნი "სანამ ცოცხალი ხართ" და თავად განსაჯეთ, უკვდავია თუ არა ეს ნაწარმოები, იქნება თუ არა მტრობა, ჩაგვრა, სიძულვილი და ტყუილის სიმართლედ თვალში ნაცრად შეყრა, სანამ კაცობრიობა იარსებებს... და შეიძლება თუ არა საქართველო 2012-ის შედარება "1984"-თან...
გთავაზობთ ამონარიდებს წიგნიდან:
სიძულვილის ორწუთეული
...ნაწერთა დეპარტამენტში ოთახებიდან სკამები გამოჰქონდათ და დარბაზში დიდი ეკრანის წინ აწყობდნენ. სიძულვილის ორწუთეულის დრო იყო...(!!!)
...როგორც ყოველთვის, ეკრანზე ხალხის მტრის - ემანუელ გოლდსტეინის სახე გამოჩნდა. აქა-იქ მაყურებლებში სტვენა გაისმა. ჟღალთმიან ქალს შიშ-სიძულვილის კივილი აღმოხდა. გოლდსტეინი გახლდათ განდგომილი მოღალატე, რომელიც დიდი ხნის წინ პარტიის ერთ-ერთი მოწინავე, თითქმის თვით დიდი ძმის რანგის ფიგურა იყო. შემდეგ კონტრრევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და სიკვდილი მიესაჯა. გოლდსტეინი იდუმალ ვითარებაში გაიქცა და მიიმალა.
სიძულვილის ორწუთეულის პროგრამას დღიდან დღემდე ცვლიდნენ, მაგრამ გოლდსტეინი - მთავარი მოღალატე, პარტიის სიწმინდის პირველი შემბღალავი - მუდამ ცენტრალურ ფიგურად რჩებოდა. პარტიის წინაშე ჩადენილი ყველა შემდგომი დანაშაული, ყველა ღალატი, საბოტაჟის ყოველი აქტი თუ ერესი გოლდსტეინის სწავლებიდან იღებდა სათავეს. ის მუდამ სადღაც იყო და მორიგ შეთქმულებას აწყობდა: შესაძლოა, ზღვის გადაღმა თავისი ხაზინადარების მფარველობის ქვეშ ან ეგებ - როგორც მოარული ხმები ამბობდნენ - თვით ოკეანიის რომელიღაც სამალავშიც კი...
...გოლდსტეინი ამჯერადაც თავის შხამიან კრიტიკას აფრქვევდა პარტიის სწავლებათა მიმართ. ბავშვიც კი მიხვდებოდა ამ თვითნებური და უსაშველოდ გაზვიადებული კრიტიკის უსაფუძვლობას, მაგრამ ის მაინც დამაჯერებლად ჟღერდა და, ამდენად, გასაკვირი არ იქნებოდა, განგაშის გრძნობა გამოეწვია ადვილად ასაყოლიებელ ხალხში. გოლდსტეინი ბრალს სდებდა დიდ ძმას, ამხელდა პარტიულ დიქტატორობაში, ითხოვდა სასწრაფო ზავს ევრაზიასთან, მხარს უჭერდა სიტყვის, პრესის, საჯარო შეკრების, აზრის თავისუფლებას, რევოლუციას უღალატესო... და ამ ყველაფერს გამოთქვამდა მრავალმარცვლიანი მეტყველებით - პარტიის ორატორებისთვის დამახასიათებელი სტილის ერთგვარი პაროდირებით. იყენებდა თვით ახალმეტყველების სიტყვებსაც კი, გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე პარტიის რომელიმე წევრს უხმარია ოდესმე. ვიდრე გოლდსტეინი ლაპარაკობდა, არავის რომ არ შეჰპარვოდა ეჭვი იმ სინამდვილეზე, რომელსაც მისი მაცდუნებელი მეტყველება გულისხმობდა, - მის თავს უკან განუწყვეტლად მოჩანდა ევრაზიული ჯარის უსასრულო ნაკადი, სადაც ერთმანეთს მწკრივებად მოჰყვებოდნენ უგრძნობელი აზიური სახეები. ისინი წუთით გამოჩნდებოდნენ ეკრანზე და იქვე ქრებოდნენ, რათა ადგილი დაეთმოთ ტყუპისცალებივით მსგავსი სხვა მწკრივებისთვის. ჯარისკაცთა ჩექმების ყრუ და რიტმული ბრახუნი ფონად გასდევდა გოლდსტეინის ხმას.
სიძულვილის პირველი ოცდაათი წამის მანძილზე ნახევარი დარბაზი თავშეუკავებელ სიშმაგეს აფრქვევდა. აუტანელი სანახავი იყო ეკრანიდან გამომზირალი თვითკმაყოფილი ცხვრის სახე და ევრაზიული არმიის დამზაფვრელი ძალმოსილება. გოლდსტეინის დანახვა, თვით მასზე გაფიქრებაც კი უკვე მექანიკურად იწვევდა შიშსა და რისხვას. ეს კაცი უფრო მძაფრი სიძულვილის საგანი იყო, ვიდრე ევრაზია ან აღმოსავლეთ აზია, რადგან, როდესაც ოკეანია ერთ-ერთ მათგანთან ომობდა, მაშინ, როგორც წესი, ზავი ჰქონდა მეორესთან. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ, თუმცა გოლდსტეინი ყველას სძულდა და ეზიზღებოდა, თუმცა ბაქნებზე, ეკრანებზე, გაზეთებსა თუ წიგნებში მის თეორიებს ყოველდღიურად ამასხარავებდნენ, უარყოფდნენ, ანადგურებდნენ და, მთლიანობაში, რაღაც უბადრუკ ნაგვად ნათლავდნენ, - ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი გავლენა თითქოს არასოდეს კლებულობდა. ყოველთვის გამოიძებნებოდნენ მიამიტები, რომლებსაც იგი შეაცდენდა. დღე არ გავიდოდა, აზრის პოლიციას არ ემხილებინა გოლდსტეინისთვის მომუშავე ჯაშუშები და დივერსანტები...
...მეორე წუთში სიძულვილი უკვე სიგიჟეში გადაიზარდა. მაყურებლები ადგილებზე ხტუნავდნენ და მთელი ხმით ღრიალებდნენ, რათა როგორმე ჩაეხშოთ ეკრანიდან მოკიკინე ეს ჭკუიდან გადამყვანი ხმა. მთლად გავარდისფრებულ ჟღალთმიან ქალს პირი ნაპირზე გადმოსროლილი თევზივით ეღებოდა-ეხურებოდა. ო’ბრაიენსაც კი ანთებოდა ის ტლანქი პირისახე. წელგამართულად მჯდომს მკერდი ისე აუდ-ჩაუდიოდა, თითქოს ტალღის დარტყმას უძლებსო. უინსტონის უკან მჯდარმა შავთმიანმა გოგონამ, აქამდე სულ "ღორო! ღორო!"-ს რომ გაჰკიოდა, უცებ საიდანღაც ახალმეტყველების მძიმე ლექსიკონი დააძრო და პირდაპირ ეკრანს ესროლა... რაღაც მომენტში უინსტონმა დააფიქსირა, რომ ისიც სხვებთან ერთად ყვიროდა და სხვებივით გამეტებით ურტყამდა ფეხებს სკამის საფეხურს. სიძულვილის ორწუთეულის მთელი საშინელება ის კი არ იყო, რომ მაყურებელს ამ პროცესში მონაწილეობას ავალდებულებდა, არამედ ის, რომ შეუძლებელს ხდიდა მასში ჩაურთველობას.
ოცდაათი წამის შემდეგ აღარავის სჭირდებოდა თავის მოკატუნება. შიშისა და შურისგების საზიზღარი ექსტაზი, კაცის კვლის, წამების, მტრის სახეში უროს ცემის მძაფრი სურვილი ელექტროდენივით იღვრებოდა დარბაზში შეგროვილი ადამიანებისგან და თითოეულ მათგანს სახეშეშლილ, აღრიალებულ გიჟად აქცევდა. და მაინც, ეს გაშმაგება წარმოადგენდა აბსტრაქტულ, მიზანმიუმართავ ემოციას, რომელიც სარჩილავი ლამპის ალივით შეიძლებოდა მიგემართათ ერთი საგნიდან მეორისკენ. ამგვარად, ერთ რომელიღაც წამს, უინსტონის სიძულვილმა მიმართულება იცვალა, გოლდსტეინს თავი ანება და ამჯერად დიდი ძმის, პარტიისა და აზრის პოლიციისკენ გადაინაცვლა. მსგავს მომენტებში მისი გული ემხრობოდა მარტოხელა, ყველასგან გამასხარავებულ ერეტიკოსს - ჭეშმარიტებისა და გონიერების ერთადერთ მცველს სიცრუის სამყაროში. მაგრამ მომდევნო წამს უინსტონი კვლავ ირგვლივმყოფთ უერთდებოდა და ყველაფერი, რასაც გოლდსტეინზე ამბობდნენ, სიმართლედ ესახებოდა. ასეთ დროს დიდი ძმის მიმართ ფარული ზიზღი მისივე თაყვანისცემად ექცეოდა. დიდი ძმაც ზემოდან გადმოსცქეროდა, როგორც დაუმარცხებელი, უშიშარი მფარველი, კლდესავით აღმართული აზიურ ურდოთა პირისპირ...
...სიძულვილმა ზენიტს მიაღწია. გოლდსტეინის ხმა ნამდვილი ცხვრის კიკინში გადავიდა, მისი სახეც ერთი წამით ცხვრის სახედ იქცა, მერე კი ევრაზიელი ჯარისკაცის სახედ გადადნა. ეს დიდი და საშინელი სახე თანდათან წინ წამოვიდა ავტომატის კაკან-კაკანით და ისე მოახლოვდა, გეგონებოდათ, ეკრანიდან უნდა გადმოხტესო. პირველ რიგში მსხდომი მაყურებლები სკამების საზურგეებზე გადაწვნენ... მაგრამ შემდეგ მომენტში მტრის სახე დიდი ძმის სახედ იქცა, - შავთმიან, შავულვაშიან, ძალითა და იდუმალი სიმშვიდით აღსავსე სახედ, რომელმაც მთელი ეკრანი დაფარა... შემდეგ დიდი ძმის სახე გაქრა და ეკრანზე დიდი ასოებით დაიწერა პარტიის სამი ლოზუნგი:
ომი - მშვიდობაა
მონობა - თავისუფლებაუმეცრება - ძალა
თუმცა დიდი ძმის სახე რამდენიმე წამს კიდევ დარჩა ეკრანზე: თითქოს მეტისმეტად ცოცხლად აღიბეჭდა თითოეული მაყურებლის გუგებში და ამიტომ მყისიერად ვერ გაქრებოდა. პატარა ჟღალთმიანი ქალი წინა სკამის საზურგეს მიაწყდა. ათრთოლებული ჩურჩულებდა რაღაც "ჩემო მხსნელო!"-ს მსგავსს და ხელებს ეკრანისკენ იწვდიდა. შემდეგ კი სახე ხელებში ჩარგო. აშკარა იყო, ლოცულობდა.ამ მომენტში ყველამ ერთად წამოიწყო სიმღერა - ღრმა, ნელი, რიტმული: "ბი-ბი! ბი-ბი! ბი-ბი!" ძალიან ნელა იმეორებდნენ და პირველ "ბი"-სა და მეორეს შორის დიდ პაუზას აკეთებდნენ. ეს მეორე "ბი" - მძიმე, მოჩურჩულე, განსაცვიფრებლად ველური ხმა - შიშველი ფეხების ბაკუნსა და დაფდაფების ცემას ჰგავდა. სიმღერა დაახლოებით ოცდაათ წამს გაგრძელდა.
მსგავსი რეფრენი ხშირად გაისმოდა სიძულვილის ორწუთეულის ემოციურად ყველაზე დატვირთულ მომენტებში. ნაწილობრივ, ეს იყო დიდი ძმის სიბრძნისა და სიდიადის ერთგვარი ქებათა ქება, უფრო მეტად კი - თვითჰიპნოზის აქტი, ცნობიერების შეგნებული გათიშვა რიტმული ხმაურის მეშვეობით.
უინსტონს თითქოს მთელი შიგნეული დაუზრა. ვერა და ვერ შეძლო საერთო ბოდვაში ჩართვა. ეს არაადამიანური "ბი-ბი!" ხომ მთლად თავზარს სცემდა ყოველთვის. რა თქმა უნდა, ისიც სხვებთან ერთად მღეროდა, რადგან სხვაგვარად, უბრალოდ, არ შეიძლებოდა. გრძნობების დამალვა, საკუთარი სახის კონტროლი, ყველაფერ იმის კეთება, რასაც სხვები აკეთებდნენ, - ინსტინქტური რეაქცია იყო. მაგრამ ერთი-ორი ისეთი წამიც გამოერია, როდესაც მისი გულისნადები შეიძლებოდა თვალების გამომეტყველებას გაეცა.
სწორედ ამ მომენტში მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი, თუ მართლა მოხდა.
ერთ რომელიღაც წამს უინსტონმა ო’ბრაიენს შეხედა: უკვე ფეხზე წამომდგარს სათვალე მოეხსნა და ახლა კი ისევ იკეთებდა ჩვეული ჟესტით. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა... და ეს საკმარისი აღმოჩნდა. ამჯერად უინსტონმა იცოდა, დიახ, იცოდა, რომ ო’ბრაიენი ზუსტად მასავით ფიქრობდა, მზერამ შეუმცდარად აუწყა მზერას. თითქოს ორი გონება ერთდროულად გაიხსნა და აზრები პირდაპირ გადადინდა ერთიდან მეორეში თვალების ღიობით, "მე შენთან ვარ, - ეუბნებოდა ო’ბრაიენი, - ზედმიწევნით ვიცი, რას ფიქრობ. ყველაფერი ვიცი შენს ზიზღსა და სიძულვილზე, მაგრამ ნუ იდარდებ: მე შენს მხარეზე ვარ!" მეორე წამს ღიობი დაიხურა და ო’ბრაიენის სახეც ყველა სხვა სახესავით შეუვალი გახდა...
...ისე დაბრუნდა თავის ოთახში, ო’ბრაიენისთვის მეორედ აღარ შეუხედავს. აზრადაც არ მოსვლია წამიერი კონტაქტის შემდგომი გაღრმავება. რომც სცოდნოდა, როგორ მოეხერხებინა ეს, მაინც დიდად სარისკო იქნებოდა...
უინსტონი ფიქრიდან გამოფხიზლდა... თვალები ისევ ფურცელს მიაპყრო. მიაპყრო და აღმოაჩინა, რომ, ფიქრებში წასულს, ავტომატურად განეგრძო წერა. მაგრამ ეს აღარ იყო იგივე მინგრეულ-მონგრეული ხელნაწერი. მის კალამს ვნებიანად ესრიალა და პრიალა ქაღალდზე მოჩანდა გამართული მთავრულით გამოყვანილი სიტყვები:
ძირს დიდი ძმა!
ძირს დიდი ძმა!
ძირს დიდი ძმა!
და ასე, ფურცლის შუაგულამდე.
არანაირი პანიკა არ უგრძნია. ან რატომ უნდა ეგრძნო, როცა ასეთი სიტყვების დაწერა იმაზე უფრო სახიფათო არ იყო, ვიდრე დღიურის გადაშლის თავდაპირველი აქტი. თუმცა ერთ მომენტში მოუნდა, დაეფლითა შევსებული ფურცლები და საერთოდ თავი დაენებებინა ამ საქმისთვის. მაგრამ არ დაფლითა, რადგან ეს სრულებით უსარგებლო რამ იქნებოდა. არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, დაწერა თუ არა ძირს დიდი ძმა. ამიერიდან არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, განაგრძობდა თუ არა დღიურის წერას. აზრის პოლიციისთვის ეს სულერთი იყო, მას ჩადენილი ჰქონდა - და მაშინაც ჩადენილი ექნებოდა, საერთოდ რომ არ აეღო ხელში კალამი - უმძიმესი დანაშაული, თავის თავში რომ მოიცავდა ყველა სხვა ბოროტმოქმედებას. ამ დანაშაულს აზრკრიმინალი ერქვა. აზრკრიმინალს სამუდამოდ ვერ დამალავდი. შეიძლებოდა ცოტა ხნით შენიღბულიყავი, მაგრამ მაინც მოგძებნიდნენ.
ეს ყოველთვის ღამით ხდებოდა: მძინარეს უცებ წამოგაგდებდნენ, უხეშად შეგანჯღრევდნენ, თვალებში შუქს მოგანათებდნენ... უმრავლეს შემთხვევაში, არავითარი სასამართლო პროცესი არ ეწყობოდა, არც დაპატიმრების თაობაზე ცხადდებოდა რამე. ადამიანები ღამით ქრებოდნენ, ეს იყო და ეს. შენს სახელს რეესტრიდან იღებდნენ და ყველა ჩანაწერს შენი საქმიანობის შესახებ ერთიანად შლიდნენ. შენი ერთჯერადი არსებობა სამუდამო დავიწყებას ეძლეოდა. შენ გაუქმებული, ანულირებული, ანუ, როგორც ამბობდნენ, აორთქლებული იყავი.
ერთი წამით უინსტონი ისტერიკამ შეიპყრო, ფურცელს დააცხრა და ჩქარ-ჩქარა, ოკრობოკროდ დაწერა: დამხვრეტენ ფეხებზე მკიდია, კისერში მესვრიან ფეხებზე მკიდია, ძირს დიდი ძმა! ყოველთვის კისერში გესვრიან? ფეხებზე მკიდია, ძირს დიდი ძმა!
თავისი თავით ცოტათი დარცხვენილი უინსტონი სკამის საზურგეზე გადაწვა და კალამი მაგიდაზე დადო. ვიღაც აკაკუნებდა...
მოამზადა სალომე ნემსაძემ