გია ხუხაშვილის სკანდალური განცხადება: "დიახ, "ნაცმოძრაობა" ხელისუფლების გამყარებას ემსახურება" - რატომ მიიჩნევს ექსპერტი 4 ოქტომბრის "რევოლუციას" "ოც - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილის სკანდალური განცხადება: "დიახ, "ნაცმოძრაობა" ხელისუფლების გამყარებას ემსახურება" - რატომ მიიჩნევს ექსპერტი 4 ოქტომბრის "რევოლუციას" "ოცნების" მიერ შემოგდებულ პროვოკაციად

"მათ არ მოსწონთ ის, რასაც მე ვამბობ და ჩემს წინააღმდეგ, ძალიან მძიმე ფორმებით იყენებენ ყველა ინსტრუმენტს, იქნება ეს შეურაცხყოფა თუ ცილისწამება", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ბრალდებას იმის თაობაზე რომ თითქოს ის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გამყარებას ემსახურება. „გია ხუხაშვილს და მისნაირ ვაი ექსპერტებს ჩვენ კარგა ხანია ვუსმენთ და ეს ადამიანები სახლებიდან, სტუდიებიდან არ გამოდიან. ძალიან დიდი ბოდიში, სხვის მაგივრად ბრძოლაზე თუ რაღაცის თქმა გინდა, უნდა გეთქმოდეს და ბრძოლის წინა ხაზზე ერთხელ მაინც უნდა ვხედავდეთ ამდენი წლის მანძილზე. ამ ადამიანს ვუყურებ, ან სახლიდან ერთვება ან სტუდიაში ვხედავ, სხვაგან ეს კაცი არ მინახავს. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც წინა ხაზზე ვართ, რომლებსაც ლოდებს, ქვებს და გაზს გვესვრიან..“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. გია ხუხაშვილი „კვირის პალიტრის“ საშუალებით „ნაციონალების“ ბრალდებებსაც პასუხობს და მთავარი დაპირისპირების საგანსაც განიხილავს.

- „ნაციონალების“ ბრალდებების მიზეზი მარტივია: მათი პოლიტიკური ტაქტიკა ეფუძნება „ზედმეტი მოლოდინების“ შექმნას, რაც საბოლოოდ ყოველთვის დიდ იმედგაცრუებაში სრულდება. ეს არის მათი სტილი, მუდმივად იყვნენ მოვლენების ეპიცენტრში, შექმნან ყალბი მოლოდინები და ბოლოს მაინც ხელისუფლების წისქვილზე დაასხან წყალი. ეს არის რეალობა და ბუნებრივია, რომ ამაზე საუბარი მათთვის მოსაწონი შეიძლება არ იყოს. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მის მიმართ მართლაც ოდნავ არაკორექტული ვიყავი, სიტყვა გამექცა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს მხოლოდ ემოციური ნაწილია. შინაარსობრივად ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ყალბი მოლოდინები იქმნება, თითქოს ოქტომბერში რაღაც დაიწყებოდა და დასრულდებოდა. სინამდვილეში ეს არის ივანიშვილის დიდი პროვოკაცია და მეტი არაფერი

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ „ნაციონალები“ ცდილობენ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას, მაგრამ არ აქვთ არც ექსკლუზიური მხარდაჭერა და არც ის საფუძველი, რაც მათ გამარჯვებას შეუწყობდა ხელს. ასეთ მოცემულობაში კი მოლოდინის შექმნა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. მე მაქვს მარტივი კითხვა: თუ „ნაციონალებს“ არ მოსწონთ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ავტორიტარიზმს ამყარებს, ოპოზიციაში იგივე გაკეთებას რატომ ცდილობენ? ასეთი ხალხი ხელისუფლებასთან რომ მიაკარო, რით იქნებიან „ოცნების“ წარმომადგენლებზე უკეთესები? ზოგადად, აგრესიული დამოკიდებულება, მედიის მონოპოლიზების მცდელობა, განსხვავებული აზრის დევნა და აბსოლუტურად მიუღებელი მეთოდების გამოყენება „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია და მე ეს არ მიკვირს. ჩემს აზრს ყოველთვის გამოვხატავ, რასაც მართებულად მივიჩნევ, იმას ვიტყვი, 4 ოქტომბერი ივანიშვილის შეგდებული პროვოკაციაა და ამას წყალი არ გაუვა.

- ოპოზიციის ლიდერების ნაწილი და მათ შორის „ნაციონალი“ პოლიტიკოსები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მსგავსი რეჟიმები მარცხდება შემართებით და არა საარჩევნო პროცესით.

- კი, გასაგებია, მაგრამ რესურსები ხომ უნდა შევაფასოთ. ეს არ არის მხოლოდ ემოციისა და სურვილების თემა. საქმე რესურსებშია, და არ არსებობს ისეთი რესურსი, რომელიც 4 ოქტომბერს რაიმეს დაიწყებს და დაამთავრებს. ნეტა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის. ბიძინას გეგმა მარტივია: 4 ოქტომბერს ჩატარდეს არჩევნები, ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს უბნებზე და უპრობლემოდ, გაუყალბებლადაც კი გაიმარჯვოს. მერე კი იტყვის: „მე რა მექნა, ისინი არ მონაწილეობდნენ არჩევნებში.“ ამის შემდეგ ძალით გადატეხს სიტუაციას და საბოლოოდ ჩააბეტონებს ყველაფერს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ძალის გამოყენება ლეგიტიმურ საშუალებას აძლევს. აი, ეს არის პროვოკაცია, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებშია.

- ე.ი. ამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის სასარგებლოდ თამაშობს?

- დიახ! ამ სტრატეგიით ისინი პირდაპირ ბიძინას რეჟიმის გამყარებას ემსახურებიან, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მე არ ვიცი და არც აქვს მნიშვნელობა. ეს არის პროვოკაცია იმ ახალგაზრდების მიმართაც, რომლებიც წრფელი გულით იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ.

- ოპოზიცია სინამდვილეში საკუთარ რესურსად ხალხის უკმაყოფილებას მიიჩნევს, მათი ვერსიით ხალხი ახლა ისეა გაბრაზებული, როგორც არასდროს.

- ტყუილია, როცა ამბობენ, თითქოს ხალხი მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის. დიახ, ხალხი გაბრაზებულია, მაგრამ ორი ძირითადი მიზეზის გამო ვერაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდება. პირველი მიზეზი ისაა, რომ სამწუხაროდ, პროპაგანდამ მოახერხა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღესაც ჰყავს საკმაოდ დიდი რაოდენობის მხარდამჭერი. ყველა კვლევაში ჩანს, რომ ეს მაჩვენებელი 30–35 პროცენტს შორის მერყეობს და არ არის ცოტა. მეორე, და შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს. ხაბეიშვილი ვერ გახდება ლიდერი. „ნაციონალურ მოძრაობა“ ვერ იქცევა იმ კონსოლიდირებულ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ხალხი გაჰყვება. პროტესტის უმრავლესობას არ მოსწონს „ქართული ოცნება“, მაგრამ არანაკლებ ეჯავრება „ნაციონალური მოძრაობა“. ეს რომ ვთქვი, ამაზე გაბრაზდნენ, მაგრამ ეს არის რეალობა და რაც უნდა ფეხები ააბაკუნონ, ფაქტი ფაქტად რჩება.

- როგორ ფიქრობთ, ოპოზიციური ელექტორატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას?

- ნაწილი არჩევნებზე მივა, ნაწილი არა, მაგრამ ბოიკოტის ის ფორმა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა პარტნიორებმა აირჩიეს, სრულიად არასწორია. უფრო მეტიც, ეს დესტრუქციული გზაა. ფაქტია, რომ ამით ისინი ბიძინა ივანიშვილს ეხმარებიან არჩევნების ჩატარებაში. იმიტომ, რომ მხოლოდ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ოპოზიციური ელექტორატი არ მივიდეს საარჩევნო უბნებზე. სხვანაირად ისინი ვერ მოიგებენ. ამიტომ, სწორედ ივანიშვილის სასარგებლოდ მუშაობს მოწოდება იმის შესახებ, რომ ხალხს არჩევნებზე არ წავიდეს. ბოიკოტში თუ უნდათ იყვნენ, მაგრამ მოწოდება - „არ წახვიდეთ არჩევნებზე“ სრული აბსურდია. პირიქით, მათ ინტერესებშიც არის, რომ ხელისუფლება აღმოჩნდეს იძულებული ძალიან მძიმე ფორმით გააყალბოს არჩევნები, ან საერთოდ ვერ გააყალბოს და წააგოს. თუ ძალიან მძიმე ფორმით გააყალბებს, თუ კიდევ ერთხელ გადაგვახევენ თავზე კონსტიტუციას და ისევ მოჰპარავენ ამომრჩეველს ხმას, მაშინ უკვე რეალურად იარსებებს სისტემური წინააღმდეგობის და პროტესტის გამწვავების საფუძველი. სამწუხაროდ, ამის ნაცვლად ისინი ქმნიან შეთქმულების თეორიებს, ადანაშაულებენ სხვას, მაშინ, როცა რეალურად თავად ასრულებენ სუს-ის საქმეს. მოღალატეს მარტო მე ხომ არ მეძახიან — ხაზარაძესაც ეძახიან, გახარიასაც. ვითომ მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობით შეუძლიათ საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადება?

ეს აბსურდია და შეუძლებელია, რომ ეს თავადაც არ ესმოდეთ. 1905 წელს ბერმა გაპონმა ხალხის ემოციები გამოიყენა, გამოიყვანა ქუჩაში, შემდეგ კი ეს ხალხი დახოცეს, რის შედეგადაც რუსეთის იმპერატორმა ძალაუფლება კიდევ უფრო განიმტკიცა. ბიძინასაც იგივე სურს, შექმნას ისეთი სცენარი, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, შემდეგ კი პროტესტი ცეცხლითა და მახვილით ჩაახშოს და ხალხი ქუჩიდან სამზარეულოში შეყაროს. ამ დროს არჩევნები უკვე ჩატარებული იქნება. ამიტომ ჩემთვის ეს ყველაფერი პირდაპირი პროვოკაციაა.

- ბოლო პერიოდში, ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული რიტორიკის გამკაცრება, მათ შორის საკუთარი გუნდის წევრების დაკავებები, შეცვლის თუ არა საზოგადოების განწყობებს?

- რა თქმა უნდა, შეცვლის. ხელისუფლება წლების განმავლობაში გვარწმუნებდა, კორუფცია არ არსებობს, ყველაფერი წესრიგშია და ეკონომიკა წინ მიდისო. ახლა კი ვხედავთ, რომ საკუთარი გუნდის წევრებიც დააკავეს. ეს, გარკვეულწილად, შეცვლის საზოგადოებრივ განწყობებს, მაგრამ ილუზია, თითქოს ამის გამო სისტემა ჩამოიშლება, არარეალურია. ეს უფრო შიდა პროცესია, პარალელურად კი სისტემაში კრიზისის ნიშნებიც არის. თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორი სისტემის დასანგრევად საკმარისი არ არის, ბევრი სხვა გარემოებაა საჭირო

- თქვენ საუბრობთ სისტემაში კრიზისის ნიშნებზე, თუმცა შეიძლება თუ არა, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების წინ გადადგმული ასეთი ნაბიჯები სრულიად სხვა რამეს ნიშნავდეს, თუნდაც იმას, რომ მისი პოზიციები იმდენად მყარად არის გამაგრებული და საკუთარი გამარჯვების ისე სჯერა, რომ მსგავს რისკებსაც კი აღარ ერიდება?

- რა გასაკვირია? ხელისუფლება კომფორტში აღმოჩნდა იმის გამო, რომ ოპოზიცია სამ შეურიგებელ გუნდად არის გაყოფილი და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე არიან გადასულები. ოპოზიციაში არსებული კრიზისი პირდაპირ ხელისუფლებას ეხმარება. დღეს ოპოზიციაში გაცილებით დიდი პრობლემებია, ვიდრე თავად ხელისუფლებაში. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ პოლემიკა არ არის? გახარიას და ხაზარაძეს მოღალატეებად მოიხსენიებენ და მოიხსენიებდნენ მაშინაც კი, როცა ხაზარაძე ციხეში იჯდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესებშია. ბიძინა ამას გვერდიდან უყურებს და უბრალოდ იცინის.

ასევე დაგაინტერესებთ: ქართული ოცნება" ლევან ხაბეიშვილისგან გმირს ქმნის, მისგან ოპოზიციონერი ლიდერის იმიჯს ძერწავს" - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: რა არის ქართული პოლიტიკის მთავარი უბედურება?!

"დღეს საქართველოში ძალიან სახიფათო პროცესი მიდის..." - ვიქტორ ყიფიანის სკანდალური პროგნოზი: რა გარიგებისთვის ემზადებიან დიდი სახელმწიფოები და სად იქნება ჩვენი ქვეყნის ადგილი?!

"საქართველოში შესაძლოა, ყველაზე მძიმე სცენარი განვითარდეს და ეს სახიფათო იქნება ქვეყნისთვის" - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: რა მოხდება 4 ოქტომბრის შემდეგ?!

"თუ ხელისუფლება სრულად აკონტრო­ლებს ძალოვან სტრუქტურებს, მთავრობის ქუჩიდან შეცვლა გამორიცხულია" - დავით ზურაბიშვილის ანალიზი: რა შეცდომას უშვებს ოპოზიცია?!

- პროკურატურამ 2022–2024 წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი ფულის გათეთრების ამ სქემას ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობას უკავშირებს.

- ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ვერსია სრულიად აბსურდულია. ფულის ლეგალიზაცია ტექნიკურად ვერასოდეს მოხდება საბანკო სისტემის გარეთ, რადგან ყველა ასეთი ოპერაცია საბოლოოდ ბანკებში ილექება. ეროვნულ ბანკს, საბაჟოსა და სასაზღვრო სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს სწორედ ამიტომ აქვთ ზედამხედველობის ფუნქცია. ასეთ სქემაში მათი გვერდის ავლით მოქმედება უბრალოდ, წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, 2022 წელს, როცა ომი დაიწყო და რუსეთიდან უზარმაზარი შავი ფული წამოვიდა საქართველოში, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა კონტროლის გასამკაცრებლად. რეგულაციები არ შემოიღეს, ზედამხედველობა არ გააძლიერეს, უბრალოდ თვალები დახუჭეს. ეს იყო არა მხოლოდ გულგრილობა, არამედ კრიმინალის ხელშეწყობა.

ახლა კი ცდილობენ ყველაფერი ერთი კაცის, კოტორაშვილის ბრალეულობად წარმოაჩინონ. ეს არის კლასიკური „განტევების ვაცის“ სცენარი: საზოგადოებას აჩვენო, თითქოს დამნაშავე უკვე ნაპოვნია მაშინ, როცა სინამდვილეში საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება. ასეთი მასშტაბის ფულის სქემა ვერ იმუშავებდა ეროვნული ბანკის ჩართულობის, საბაჟოსა და სასაზღვრო სამსახურის ნებართვისა თუ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის გარეშე.

შეუძლებელია მსგავსი მასშტაბის დანაშაული განხორციელებულიყო უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცოდნისა და თანხმობის გარეშე. ამ სქემაზე ლაპარაკი მხოლოდ 600 მილიონ დოლარზე არ არის. აქ რამდენიმე მილიარდზეა საუბარი, სხვადასხვა არხითა და ფორმით შემოსული თანხებზე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შავი ფულის მასიური ნაკადი წამოვიდა და ხელისუფლებამ არა კონტროლი, არამედ „მწვანე შუქი“ აუნთო. სწორედ ამიტომ ეს საქმე ცალკეული ადამიანის დანაშაულს კი არა, სისტემურ კორუფციას წარმოადგენს.

შესაძლოა, ახლა კოტორაშვილი მხოლოდ „განტევების ვაცი“ იყოს და შემდეგი სამიზნე გახდეს ღარიბაშვილი. მაგრამ ღარიბაშვილიც მარტო ვერ გააკეთებდა. ეს დანაშაული სისტემურია, და პოლიტიკური „კრიშის“ გარეშე ვერ მოხდებოდა. სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობა ბიძინასა და კობახიძესაც ეკისრებათ. ქვეყანა იმდენად კრიმინალიზებულია, რომ ყველაფერი შესაძლებელია, სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაც კი. შეიძლება ფულის გათეთრების სქემებიც უკავშირდებოდეს სხვა კრიმინალურ საქმეებს. ეს ყველაფერი ტრანსნაციონალური დანაშაულის ნაწილი ხდება, მეტასტაზებივითაა გაფანტული და სახელმწიფო მთლიანად არის დაავადებული.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)