სტალინი ბერიას: "მიხეილ ჯავახიშვილის დაღუპვით თქვენ დიდი დანაშაული ჩაიდინეთ ქართველი ხალხის წინაშე" - დიდი მანიპულატორი ანუ "ხალხთა ბელადის" ფსიქოპორტ - კვირის პალიტრა

სტალინი ბერიას: "მიხეილ ჯავახიშვილის დაღუპვით თქვენ დიდი დანაშაული ჩაიდინეთ ქართველი ხალხის წინაშე" - დიდი მანიპულატორი ანუ "ხალხთა ბელადის" ფსიქოპორტრეტი

მსოფლიოს ყველა კუთხეში ყოველწლიურად ასობით წიგნი და სტატია იბეჭდება იოსებ სტალინის შესახებ, თუმცა მისი ფენომენი დღემდე სათანადოდ შესწავლილი მაინც არ არის. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, სათანადოდ არაა მეცნიერულად გამოკვლეული საბჭოთა იმპერიის შემოქმედის ფსიქოლოგიური პორტრეტი. მკვლევრები ჯერ კიდევ ვერ გასცდნენ სტერეოტიპებს და სტალინის პიროვნებას მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში წარმოაჩენენ. ეს კი ამ ურთულესი პოლიტიკური ფიგურის მოღვაწეობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების გამარტივებული აღქმაა. შტეფან ცვაიგის დარი ოსტატი სჭირდება იოსებ სტალინის ურთულესი პოლიტიკური ბიოგრაფიის შექმნას.

ჩემი აზრით, სტალინს შეეფერება XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსის, ჟოზეფ ფუშეს, ცვაიგისეული შეფასება: „ცივი, უგრძნობელი ადამიანი, კარგი მოანგარიშე და გამჭრიახი მოთამაშე“. მე კი ერთს დავამატებდი: უდიდესი მანიპულატორი, რომელსაც, თუ სჭირდებოდა, შეეძლო, ნებისმიერი მოეხიბლა და ერთგულ ყმად ან მოკავშირედ ექცია. ამავე დროს ის ყოველთვის ემოციების გარეშე და ცივი გონებით აკეთებდა მორიგ სვლას და ყოველთვის ოსტატურად მალავდა თავის ფარულ ზრახვებს, რაშიც კარგი სამსახიობო ნიჭი უწყობდა ხელს. საარქივო დოკუმენტები ადასტურებენ, რომ სტალინი ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილების მიღების დროსაც კი, როდესაც ათსობით ადამიანის ბედი წყდებოდა, ცინიკურად რეალისტი იყო.

მემუარული ლიტერატურიდან ირკვევა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც სტალინმა მოუხშირა საქართველოში დასასვენებლად ჩამოსვლას და ადგილობრივ „პარტიულ ნამესტნიკებთან“ და „ჩეკისტებთან“ პირად შეხვედრებს, მას ძველი ცოდვების სხვისთვის გადაბრალების მცდელობები ჰქონდა. საქართველოს კ.პ. ცკ-ის პირველი მდივანი 1938-1952 წლებში - კანდიდ ჩარკვიანი მოგონებებში - „სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები“, იხსენებს, თუ როგორ „ტუქსავდა“ სტალინი ბერიას (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.):

„...მიხეილ ჯავახიშვილი ჯაშუშად მონათლეთ არა? თუ მოინდომებდით, ყველაფერს გააკეთებდით.

– ჯავახიშვილი პოლონეთის საელჩომ მოისყიდა, თვითონ აღიარა.

– და თქვენ ეს გჯერათ? მეტი დაფიქრება იყო საჭირო, ბრალიც რომ ჰქონოდა, უნდა დაგეძახათ, გაგეფრთხილებინათ. საქმის გამოძიებაც, ალბათ, რიგით გამომძიებელს ჩააბარეთ, კონტროლსაც არ უწევდით. იცოდეთ, მარტო ამ ... მოღვაწის განუკითხავად დაღუპვით თქვენ დიდი დანაშაული ჩაიდინეთ ქართველი ხალხის წინაშე.

მთელი ამ დიალოგის დროს ბერია ფერწასული იდგა და ალბათ, მეტ წყრომას მოელოდა, მაგრამ მსუბუქი დატუქსვით გადარჩა“ (ციტატის დასასრული - ბ.ა.).

ესაა „ხალხთა ბელადის“ ფარისევლობის მწვერვალი! მან კარგად იცოდა, სხვების თანდასწრებით ლავრენტი ბერია ვერ შეეპასუხებოდა და სიმართლეს ვერ იტყოდა. ასე იბადებოდა მითები „კეთილი და სამართლიანი“ სტალინის შესახებ!

რეალობა კი ისაა, რომ სწორედ ბერიას ხელით დაიწყო "დიდმა ბელადმა" ძველი ქართველი რევოლუციონერ-ბოლშევიკების (კახიანი, შ. ელიავა, ოქუაშვილი, ორახელაშვილი, მდივანი, ღოღობერიძე და სხვ.) განადგურება: მათ ბევრი იცოდნენ "კობას" შესახებ.

ლავრენტი ბერიას საკუთარი ცოდვები იმდენი აქვს, ბარემ მთელ „დუნიას“ ეყოფა. ის იყო დიდი ქართველი პროზაიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის ჯალათი და მან განახორციელა მწერლის დაპატიმრება-წამება, მაგრამ სიკვდილით დასჯის ბრძანება ვინ გასცა? - ალბათ, მიხვდით.

დადასტურებულია, რომ სტალინის მტრების დიდ სიას ბერია საკუთარი მტერ-კონკურენტების გვარებს (ტ. ლორთქიფანიძე, დ. კილაძე, მ. ტოროშელიძე, ლ. აღნიაშვილი, გ. ელიავა, ს.ახმეტელი, ვ. ჯიქია და სხვ.) ამატებდა, ერთმანეთს, როგორც ჯაშუშ-ტროცკისტებს უკავშირებდა და სასჯელის უმაღლესი ზომის დასამტკიცებლად "განწირულთა სიას" მოსკოვში "დიდ ბელადს" უგზავნიდა. სტალინიც, ცოტა ხნით ადრე ორდენებით დაჯილდოებული და მოფერებული ქართველი მწერალ-რეჟისორების (მათ შორის, თუნდაც მ. ჯავახიშვილისა და ს. ახმეტელის) დახვრეტის გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის, აუღელვებლად ამტკიცებდა.

stalo-2-1758267418.jpg

მაგალითად, მ. ჯავახიშვილი საქართველოს „ენკავედეს“ სახელმწიფო უშიშროების მე-4 განყოფილებამ 1937 წლის 15 აგვისტოს დააპატიმრა. სასიკვდილო განაჩენი კი 1937 წლის 30 სექტემბერს სსრკ-ის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გამოუტანა, რომელიც მითითებებს უშუალოდ სტალინისგან იღებდა. თავად „ხალხთა ბელადს“ კი დასახვრეტთა სიები დასამტკიცებლად წინასწარ ეგზავნებოდა.

1937 წლის 31 მაისს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ნიკოლაი ეჟოვმა „ინსტანციას“ (ანუ პოლიტბიუროს) დასამტკიცებლად მორიგი სრულიად საიდუმლო დოკუმენტი გაუგზავნა, რომელიც სულ ექვსი გვერდისგან შედგებოდა. თავფურცელს თუ დააკვირდებით, კარგად იკითხება: „საქართველოს სსრ. სია იმ პირებისა, რომლებიც სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ გასამართლებას ექვემდებარებიან. 31 მაისი 1937 წელი“. თავფურცელს ორი ავტოგრაფი „ამშვენებს“: „თანახმა ვარ. ი. სტალინი; ვ. მოლოტოვი“.

მეორე ფურცელს მარჯვენა ზედა კუთხეში აწერია: „პირველი კატეგორია. საქართველოს სსრ“. მკითხველს შევახსენებ, რომ „პირველი კატეგორია“ გულისხმობდა პატიმრობაში მყოფის სიკვდილით დასჯას, „მეორე“ და „მესამე“ კატეგორიები კი - სხვადასხვა ვადით გადასახლებასა და „გულაგებში“ გამოკეტვას. სტალინისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ ამ დოკუმენტში (ამგვარი დოკუმენტები პოლიტბიუროში რეგულარულად იგზავნებოდა) სულ 174 ადამიანის გვარი იყო. მათგან უდიდესი ნაწილი (139 ადამიანი) დასახვრეტად იყო განწირული, 35-ს კი ათი წლით გადასახლება ემუქრებოდა. „ხალხთა ბელადის“ მიერ დამტკიცებული დოკუმენტი უკვე სავალდებული იყო სსრკ-ის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ განაჩენი სასამართლომდე იყო უკვე გამოტანილი და დანარჩენი ფორმალობა იყო. აქ მკითხველს კიდევ ერთ გარემოებას შევახსენებ: სტალინი აქტიურად იყო ჩართული რეპრესიების მთელ პროცესში (მსხვერპლის შერჩევა, დაკითხვის მეთოდების გამოყენება, წამებით მიღებულ „აღიარებით ჩვენებებში“ ახალი „დამნაშავეების“ ჩამატება და ბოლოს - სასჯელის ზომის განსაზღვრა) და ის წყვეტდა, ვინ უნდა დაეხვრიტათ და ვინ უნდა შეეწყალებინათ. 1936-1938 წლებში ძალზე ცოტას ერგო დიქტატორის წყალობა, - მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა იმიტომ, რომ ისინი ჯერ კიდევ სჭირდებოდა.

dokk-1758267449.jpg

სტალინი ყოველთვის ყურადღებით ეცნობოდა „ენკავედეს“ მიერ მომზადებულ დასახვრეტთა სიებს და, ალბათ, მსხვერპლთა სახეც წარმოუდგებოდა თვალწინ: ისინი ხომ მისი გუშინდელი თანამებრძოლები - ცნობილი ბოლშევიკები ან მის მიერვე დაჯილდოებულ-მოფერებული გენერლები, მეცნიერები, მწერლები, რეჟისორები და მსახიობები იყვნენ. ძალზე მიამიტურია ზოგიერთის მტკიცება, რომ რეპრესიების შესახებ, თურმე, სტალინმა არაფერი იცოდა და იგოდა, ეჟოვი და ბერია „თვითნებობდნენ“. ამ „ჯალათ კომისრებს“, რა თქმა უნდა, შეეძლოთ, დასაპატიმრებელ-დასახვრეტთა სიაში პირადი მტრების გვარებიც ჩაერთოთ, თუმცა სტალინის გარდა, საბოლოო გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა!

ზემოთ მოტანილ დოკუმენტში საქართველოს სსრ-დან დასახვრეტთა სია ძალზე მრავალფეროვანია. აქ არიან: ბუდუ მდივანი და მისი სამი ვაჟი, „ძველი ბოლშევიკი“, ახალგაზრდა „კობას“ უფროსი მეგობარი არაქელა ოქუაშვილი, ძმები - ლევან და პეტრე აღნიაშვილები, მალაქია ტოროშელიძე, ბარონ ბიბინეიშვილი, ლიდია გასვიანი, მსახიობი პლატონ კორიშელი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის მოადგილე (ამხანაგი) – ნიკო ქარცივაძე ; 1921 წლის ოკუპაციის და ანექსიის ერთ-ერთი „შემოქმედი“ და ბოლშევიკების შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის პირველი ხელმძღვანელი - ბესარიონ კვირკველია, პარტიული მუშაკი კოტე გორდელაძე, „ჩეკისტი“ სიმონ ფირუმოვი, ცნობილი ინჟინერი ვლადიმერ ჯიქია და სხვ.

„მეორე კატეგორიის“ სიაში კი იყვნენ: გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე - ოლია ოკუჯავა, სანდრო ახმეტელის მეუღლე - თამარ წულუკიძე, მსახიობი ბუჟუჟა შავიშვილი და სხვ.

დაკითხვების დროს, საშინელი წამების შედეგად, ბრალდებულის მიერ მიცემული "აღიარება" საბრალდებო დასკვნის საფუძველი ხდებოდა. ამიტომაც იყო, რომ თუ რომელიმე ყოფილი ბოლშევიკ-კომუნისტი ან მწერალი არაადამიანური წამების შედეგად "აღიარებდა” სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტობას და ამ მიზნით "ბომბეიდან - ლონდონამდე გვირაბის გაყვანას", სხვა მტკიცებულება უკვე აღარ იყო საჭირო, ისე მიჰყავდათ დასახვრეტად. თუმცა "საბჭოთა აპოკალიფსი" ამით არ მთავრდებოდა: მისი "თანამონაწილეები" წამების შედეგად, თავის მხრივ, ახალ "ჯაშუშებს" ასახელებდნენ და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ...

ასევე დაგაინტერესებთ: ლავრენტი ბერიას შურისძიება: სანდრო ახმეტელის საქმე - სტალინთან გადაღებული საბედისწერო ფოტო და გინება, რომელიც დიდ ხელოვანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა

"ორდერი" მკვლელობებისთვის: როგორ იქცა პუტინი სტალინის იდეების "ქურდად" - ჯალათები, რომლითაც რუსეთი ამაყობს

როცა ცოლში არ გიმართლებს ანუ ქართველებზე მზრუნველი ქართველი მილიონერის ტრაგედია - როგორ დაეუფლა მის ფულს ინდოელი მისტიკოსი

ბერიას საიდუმლო წერილი სტალინს და დიდი ბელადის პასუხი თბილისს - როგორ მტკიცდებოდა სიკვდილის ციფრები

sandro-axmeteli-da-lidia-gasviani-1758267478.jpg

პირველ რიგში: სანდრო ახმეტელი და ლიდია გასვიანი

ბუდუ მდივანი მრავალთვიანი წამების შემდეგ იმდენად იყო დაუძლურებული, რომ რამდენიმე ასეული "გადაბირებული" დაასახელა. მათ შორის იყო "სახელგამის" (სახელმწიფო გამომცემლობა) დირექტორის მოადგილე ლიდია გასვიანი, რომელსაც, ვითომდა, მწერლებისა და ხელოვნების სფეროს "ტროცკისტ" წარმომადგენლებთან კავშირი ჰქონდა დავალებული. ლიდია გასვიანი ერთი წელი ჰყავდათ პატიმრობაში, რათა მაქსიმალურად ბევრ "ჯაშუშსა" და "ტროცკისტზე" გასულიყვნენ. სასტიკი წამების შემდეგ ლ. გასვიანიც იძულებული იყო, დაესახელებინა ან ხელი მოეწერა წინასწარ შედგენილ "აღიარებაზე". ქართველი მწერლები იმდენად იყვნენ შეშინებულნი, რომ ამ ქალბატონთან (რომლის ხელშიც ერთ დროს მათი წიგნების ბეჭდვა იყო) ყოველგვარ ურთიერთობას უარყოფდნენ. 1937 წლის გაზაფხულზე მწერალთა კავშირის ერთ-ერთ სხდომაზე მიხეილ ჯავახიშვილს შეუტიეს: ლიდია გასვიანთან შენ გქონდა ურთიერთობა და ახლავე ყველაფერი თქვიო. გამოჩენილი ქართველი მწერალი კი თავს იმართლებდა: "არავითარი ურთიერთობა გასვიანთან არ მქონიაო". ამ დროს კ. გამსახურდია წამომხტარა: " რატომ ჯიუტობ სიმართლე თქვი, მე თვითონ არ გნახე ლიდასთან სახლშიო?" ახლა ჯავახიშვილი გაფიცხებულა: " აბა გვიამბეთ თქვენ რა გინდოდათ მასთან სახლშიო". ასე იბრძოდა ორი დიდი პროზაიკოსი სიცოცხლის გადასარჩენად. სისხლიანი რეპრესიების "გორგალი" კი იშლებოდა და იშლებოდა. რეპრესიების სცენარები მოსკოვში, სტალინის კაბინეტში იქმნებოდა.

„დიდი ბელადის“ მიერ დამტკიცებულ „ეჟოვის დოკუმენტში“ განსაკუთრებულ ყურადღებას დასახვრეტად წინასწარ განწირულთა სიის მე-12 ნომერი იპყრობს: „ახმეტელი ალექსანდრე ვასილის ძე“ , – დიახ ეს სწორედ ის სანდრო ახმეტელია, რომელიც 1930 წლის

dok-1758267503.jpg

ივნისის ბოლოს ასე ახასიათებდა სტალინს: „ახლანდელი მისი სახე სულ სხვაა, ვიდრე ჩვენ გვაქვს წარმოდგენა. უფრო წმინდანს ჰგავს, ვიდრე მრისხანე სტალინს... ამ ბუმბერაზ ადამიანს სრულებით არ დაუკარგავს ბუმბერაზული უბრალოება. გამომშვიდობებისას მითხრა: სანამ წახვალ, კიდევ შევხვდებით, მე დაგირეკავო“...

დიდი რეჟისორი დიდი მანიპულატორის მსხვერპლი გახდა.

1935 წლის ნოემბრის ბოლოს სანდრო ახმეტელი იძულებილი გახდა, მოსკოვში, „მწვანე თეატრში“ გადასულიყო სამუშაოდ. ის სწორედ საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში დააკავეს 1936 წლის 19 ნოემბერს. ამ ერთი წლის მანძილზე ჰქონდა თუ არა ახმეტელს სტალინთან რაიმე კონტაქტი, უცნობია. ფაქტი კი ისაა, რომ 1937 წლის 31 მაისს სტალინმა სანდრო ახმეტელის დახვრეტის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, ხოლო

axmeteli-1758267529.jpg

იმავე წლის 29 ივნისს ახმეტელი დახვრიტეს. ქვემოთ გთავაზობთ სსრკ-ის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას: „ ახმეტელი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც აქტიური მონაწილე, კონტრრევოლუციური ტროცკისტულ-ზინოვიევური ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელმაც ს. კიროვის მკვლელობა ჩაიდინა და შემდგომ წლებში პარტიის ლიდერებისა და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდა. 1932 წელს კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაბირებული ახმეტელი კულტურის ფრონტზე დივერსიულ კონტრრევოლუციურ საქმიანობას ახორციელებდა. იღებდა რა სხვა რესპუბლიკების ეროვნულ თეატრებზე შეფობას, ამ საფარქვეშ მან შექმნა ფარული საბრძოლო- მეამბოხე ჯგუფები ბაქოში, სოხუმში, გროზნოში, სტალინირსა და საქართველოს რამდენიმე რაიონში. ახმეტელმა 36 ადამიანი გადაიბირა საბრძოლო-მეამბოხე ჯგუფების ორგანიზებისთვის. კონტრრევოლუციური ორგანიზაციის დავალებით, ახმეტელმა შექმნა ტერორისტული ჯგუფი თბილისის რუსთაველის თეატრში, რათა ბერიაზე თავდასხმა განხორციელებულიყო. 1935 წლის ნოემბერში ახმეტელი მოსკოვში ჩავიდა, რათა მოსკოვის თეატრებში ტერორისტული დაჯგუფებები შეექმნა და სპექტაკლის დროს ამხანაგ სტალინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა მოეწყო. კონტრრევოლუციური საქმიანობის განმავლობაში ახმეტელი ორგანიზაციულ კავშირებს ინარჩუნებდა ლიდია გასვიანთან, რომელიც ქართული კონტრრევოლუციური ცენტრის აქტიური მონაწილე იყო. 1935 წელს, მოსკოვში გამგზავრებამდე, ახმეტელმა მას გადასცა მის მიერ შექმნილი ტერორისტული ჯგუფი.

გარდა ამისა, 1935 წელს ახმეტელი ჯაშუშობაში ჩართო ერთ-ერთი უცხო ქვეყნის ჯაშუშმა რადომსკიმ.

განაჩენის გამოტანის თარიღი: 1937 წლის 28 ივნისი.

სასამართლო ორგანო: სამხედრო კოლეგია; მონაწილეები: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი. მუხლი: საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-6, 58-8, 58-11. სასჯელი: სიკვდილით დასჯა პირადი ქონების კონფისკაციით“.

ვფიქრობ, ამ „დოკუმენტის“ აბსურდულობა საკამათო არ უნდა იყოს. მე კი რამდენიმე მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ:

1. სტალინი ნამდვილად იქნებოდა გაცნობილი სანდრო ახმეტელის „საქმეს“, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი „ბრალდება“ მასზე ვითომდა თავდასხმის მომზადებას ეხებოდა;

2. სსრკ-ის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ, ასევე, სხვა წევრებს, რეპრესიები სტალინის პერიოდში არ შეხებიათ. პირიქით: ისინი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ სისტემატურად იღებდნენ ორდენებსა და ვადამდელ სპეციალურ წოდებებს.

3. კვლავ გამოიკვეთა ვინმე სერგეი რადომსკი–რადამსკის, როგორც „ერთ–ერთი უცხო ქვეყნის ჯაშუშის“ პიროვნება, რომელიც ძალზე აქტიურობდა 1930–1936 წლებში სანდრო ახმეტელის გარემოცვაში. განსაკუთრებით საზღვარგარეთ გასტროლების ორგანიზების საკითხში.