"აფხაზები ცნობილი არიან სიზარმაცით, მათ უყვართ უფროსობა და დირექტორობა - შლაპა, პორტფელი და ჰალსტუხი - გიჟდებიან ამაზე" - მამუკა არეშიძის ანალიზი: რისი ეშინიათ აფხაზებს?!
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 15 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტი აფხაზეში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.
- აფხაზები აპროტესტებენ, რომ 200-ზე მეტი მიგრანტი მუშაობს ტაქსისტად და შუააზიელები ლუკმაპურს ართმევენ. მართლაც 200 შუააზიელი ტაქსისტის გამო კი არ დაწყებულა აფხაზების ნერვიულობა?! აფხაზები ცნობილი არიან სიზარმაცით. მათ უყვართ უფროსობა და დირექტორობა - შლაპა, პორტფელი და ჰალსტუხი - გიჟდებიან ამაზე. ძალიან ცოტა თუ მუშაობს, ძალიან ცოტაა აფხაზი ტაქსისტი. მათი ეს ხმაური და შეზღუდვა ირიბად სომხებს ეხება.
აფხაზების მთავარი პრობლემაა სომეხი მოსახლეობა, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. მათ დიდ უმეტესობას არა აქვს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები არიან, კრასნოდარის მხარეში ან მთიან ყარაბაღში დაბადებულები. თუ ვინმე ართმევს აფხაზებს ლუკმაპურს, სწორედ სომხები არიან, მათ ძირითადად, წვრილი ბიზნესი აქვთ და ძალიან ეფექტურად მუშაობენ. გენეტიკურად მოსდევთ შრომისმოყვარეობა და აფხაზებზე კარგადაც ცხოვრობენ, რაც აფხაზებს აღიზიანებთ. ამიტომაც ლაპარაკობენ აფხაზები პრეტენზიებით შუა აზიიდან ჩამოსულ მიგრანტებზე, რეალურად კი გულისხმობენ სომხებსაც, თან იციან, რომ სომხები ბევრნი არიან და ვერ ახერხებენ მათ შეზღუდვას, რაზეც ნერვიულობენ. აფხაზეთში ანტისომხური გამოსვლები პერიოდულად არის ხოლმე, მაგრამ არა მასობრივი პროტესტი. არჩევნების დროსაც იყო ანტისომხური ამბები, მაგრამ პასუხიც მიიღეს. თუკი ყველა დე ფაქტო არჩევნების დროს სომხური ხმების გადანაწილება ხდებოდა, ნაწილი ოპოზიციას აძლევდა ხმას, ნაწილი კი ე.წ. სახელისუფლებო გუნდს. ახლა ამ ე.წ. არჩევნებზე სომეხი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ე.წ. სახელისუფლებო კანდიდატს მისცა ხმა და ამით პირდაპირ უთხრეს აფხაზებს, ჩვენ შეგვიძლია გადამწყვეტი როლის თამაში, თუ საჭირო გახდებაო.
- ტელეგრამარხებზე წერენ, რომ ამ ახალი "კანონით" ტაქსისტობა აეკრძალებათ გალის ქართველებსაც.
- მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალ შეზღუდვაზე საუბარი ირიბად სომხების გამო ატყდა, ის ქართველებს აუცილებლად შეეხება. ქართველების ეთნიკური წმენდა და აპარტეიდი აფხაზებს იდეოლოგიის დონეზე აქვთ აყვანილი და ერთი კანონით მეტს მიიღებენ თუ ნაკლებს, ეს ქართველების უუფლებო ცხოვრებას არ შეცვლის. ქართველისგან მტრის ხატი შექმნილია და მისი ამოძირკვის მექანიზმი არ მუშაობს. აფხაზეთში ქართველი აფხაზზე წინ არ უნდა იყოს არაფერში, რადგან აფხაზებს შიში აქვთ, რომ შეიძლება ქართველები გაძლიერდნენ და დაბრუნდნენ. პრინციპში, შეიძლება ბევრი აფხაზი აცნობიერებს ამ აპარტეიდული დამოკიდებულების სიმახინჯეს, მაგრამ ბევრს ასეთი ვითარება ხელს აძლევს, იმიტომ, რომ ქართველის ქონებაზე აქვთ თვალი, ზოგი ქართველის ქონებაშია შეჭრილი და იცის, რომ ქართველების მიმართ მიდგომა რომ შეიცვალოს, შეიძლება კანონიერი პრეტენზიები გაუჩნდეთ ქართველებს. ყველაფრის ეშინიათ: ქართველების აშკარად, სომხების - ფარულად, შუააზიელების ნახევრად აშკარად.
- როგორია აფხაზეთის სეპარატისტების აპარტეიდული რეჟიმი გალში, რა ტიპის პრობლემები აქვთ ქართველებს დღეს?
- ყველაზე დიდი აპარტეიდული კანონია ის, რომ გალში ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა აკრძალული აქვთ, მხოლოდ რიგით საგნად ასწავლიან ქართულს კვირაში 2 დღე. ბავშვებსა და მასწავლებლებს აკრძალული აქვთ ქართულად საუბარი დასვენებების დროსაც კი. ეს უკვე არაოფიციალური აკრძალვაა და კონტროლდება. ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღებში დირექტორები აფხაზები ან გააფხაზებული ქართველები არიან. განსაკუთრებით კონტროლდება გალის ზედა ზონის სოფლის სკოლები, იმიტომ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ის ბავშვები, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდათ, ქართულის უცოდინარობის გამო წავიდნენ სასწავლებლად ან სოხუმში, ან რუსეთში.
ე.წ. ქვედა ზონის სოფლებში კონტროლი ნაკლებად აქტიურია. უფრო სწორად, აფხაზებს რესურსი არ ჰყოფნით, რომ ყველაფერი გააკონტროლონ. მინდა ერთი რამ დავაზუსტოთ - როცა ვამბობთ, რომ დირექტორებად და მაკონტროლებლებად ყველგან აფხაზები არიან, ესეც პირობითია - შეიძლება მეგრული გვარი ჰქონდეს, მაგრამ აფხაზობდეს. მაგალითად, წლების წინ გალის ე.წ. გამგებელი იყო თემურ ნადარაია, წარმოშობით ხობელი. მისი ოჯახის წევრები, ძმაც და ნათესაობა ახლაც ხობში ცხოვრობენ, ეს კი ზოგიერთ აფხაზზე მეტად აფხაზია აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერის საქმეში. სხვებიც არიან ასე.
ასევე დაგაინტერესებთ: "ცხინვალში კონტრაბანდას რუსეთის ეფ-ეს-ბე და რუსი ოლიგარქები განკარგავენ"
გალში ქართველები ცხოვრობენ მამა-პაპის სახლებში, რომლებიც აფხაზური ე.წ. კანონით მათი საკუთრება არ არის. როცა ოჯახის უფროსი გარდაიცვლება, მის შთამომავალს სახლიდან არავინ გამოაძევებს, მაგრამ პრობლემები ექმნებათ, თუკი გაყიდვას მოისურვებენ. გალელებს აქვთ მხოლოდ საკუთარ სახლში ცხოვრებისა და ენგურის ხიდზე გადაადგილების უფლება, რისთვისაც აქვთ სპეციალური საბუთი, ბინადრობის მოწმობა (ვიდ ნა ჟიტელსტვო) და ამ საბუთის ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა აღების დროსაც ექმნებათ პრობლემები. თუკი ნაცნობი არა გყავს და ქრთამს არ გადაიხდი, შეიძლება შენი საბუთი თაროზე შემოდონ და დარჩე გადაადგილების უფლების გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში აფხაზური დე ფაქტო ადმინისტრაცია ამ შეზღუდვებს ძალიან აქტიურად ატარებს, ზოგ შემთხვევაში ხდება ამის გაპარება პირადი ურთიერთობებით ან ქრთამით. სამწუხაროდ, დე ფაქტო ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებიც გუშინწინ იყვნენ ქართველები და დღეს აფხაზები არიან. ეს არის უბედურება და საშინელი რეალობა.