დამალული ცოლი და შვილი, რომლის ჯანმრთელობის პრობლემაზე ხამზატი განსაკუთრებით დარდობს: რა არის ცნობილი ჩიმაევის საიდუმლო ოჯახზე - უცნობი ფოტოები ჩეჩენი მებრძოლის ქორწილიდან
საქართველოდან წასვლის შემდეგ, UFC-ის ჩეჩენმა ჩემპიონმა, ხამზატ ჩიმაევმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი: "მადლობა მთელ საქართველოს, თუ კავკასიის გული არსებობს, ეს საქართველოა“. 15 სექტემბერს თბილისში ჩიმაევი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიიღო და სოციალურ ქსელში ვიდეოც გაავრცელა წარწერით: „კეთილი იყოს შენი მობრძანება თბილისში, ძმაო“.
აღსანიშნავია, რომ ჩიმაევი საქართველოში პირველად არ იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერშიც სტუმრობდა თბილისს. თუმცა ამჯერად მან საქართველოში განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო, რომელსაც დიდი განხილვა მოჰყვა სოციალურ ქსელში. ჩიმაევს თბილისში Ferrari აჩუქეს. გავრცელებულ ვიდეოში, სადაც მებრძოლს მანქანას ჩუქნიან, ჩანან თბილისის მერი კახა კალაძე და მისი ვაჟიც.
ამ თემაზე განმარტება გუშინ გააკეთა კალაძემ:
"რაც შეეხება "ფერარს“, მე არ მიჩუქებია. გულწრფელად გეტყვით, რაც მოხდა სინამდვილეში. გეცოდინებათ საბა მიკავა, რომელიც ავტოსალონ "ფორცა თბილისის“ მფლობელია. სხვათა შორის, წალენჯიხაში სწორედ მისი კუთვნილი ავტომანქანით ვიყავით. ადამიანმა იშრომა, იწვალა, გაუჩნდა შესაძლებლობები, რომ ეს ლურჯი "ფერარი“ ეყიდა. მე სულ რაღაც 10-15 წუთი დავჯექი მის საჭესთან და დაიწყეთ საუბარი, რომ მე მეკუთვნის. ახლა კი, იწვალა, თავის მეგობრებთან ერთად რაღაცები შეაგროვა, რომ ჩიმაევისთვის ავტომანქანა ეჩუქებინა და ყველა ამბობს, რომ თითქოს მე ვაჩუქე. ბიჭმა ამდენი იწვალა, ყველაფერზე რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, "ფერარის“ ყოლაზე თქვეს, კალაძესიაო; მანქანა აჩუქა, კახამ აჩუქაო, გამოვიდა და თქვა ჩემს ბედს".
ხამზატ ჩიმაევის ოჯახი
ხამზატ ხიზაროვიჩ ჩიმაევი 1994 წლის 1 მაისს, რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოფელ გვარდეისკოეში, ღარიბ და კონსერვატორ მუსლიმურ ოჯახში დაიბადა. მან ბავშვობაში რთული პერიოდი გამოიარა, რაც რეგიონში მიმდინარე ინტენსიურ კონფლიქტს და ომებს დაემთხვა. თავად ხამზატს უთქვამს, რომ ზოგჯერ ოჯახს საჭმელიც კი არ ჰქონდა. "მე ამქვეყნად მაშინ მოვედი, როცა მსოფლიოში ომია," - ასე აღწერა მან ბავშვობის სირთულეები.
ხამზატი ჩეჩნური წარმომავლობით ამაყობს. ის ხშირად საკუთარ თავს "კავკასიის შვილს" უწოდებს. მისი კულტურული იდენტობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩეჩნეთის მეომრულ ტრადიციებთან, სადაც საბრძოლო სპორტი, განსაკუთრებით ჭიდაობა, ღრმად არის ფესვგადგმული. ხუთი წლის ასაკში მან ჭიდაობა დაიწყო, რაც ჩეჩენი ბიჭებისთვის ჩვეული საქმიანობაა. 2013 წელს, 18 წლის ასაკში, ხამზატი დედასა და უფროს ძმასთან, არტურთან ერთად შვედეთში ემიგრაციაში წავიდა, რათა სტაბილურობა და ახალი შესაძლებლობები ეპოვა. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში ათ წელზე მეტი გაატარა, მან არასდროს მიუღია შვედეთის მოქალაქეობა.
UFC-ის ვარსკვლავის საიდუმლო პირადი ცხოვრება
UFC-ის ჩეჩენი ჩემპიონი, ხამზატ ჩიმაევი, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ერთ-ერთი ყველაზე შიშის მომგვრელი მებრძოლია. ის ცნობილია თავისი ძლიერი სტილითა და UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი კატეგორიის წამყვანი მებრძოლის სტატუსით. მიუხედავად მისი საჯარო ცხოვრებისა, ჩიმაევის პირადი და ოჯახური ცხოვრება საიდუმლოდ რჩება. ის ამ მხრივ თავის კოლეგას, ლეგენდარულ დაღესტნელ მებრძოლს ხაბიბ ნურმაგომედოვს ჰგავს, რომელიც ასევე მალავს მეუღლეს.