"უხმოდ ელოდნენ უბედურების წამს. სალონში ავბედითი სიჩუმე ჩამოვარდა. გარდაუვალი დაღუპვისთვის განწირული თვითმფრინავი აუცილებლად გადატყდებოდა, აფეთქდებოდა - კვირის პალიტრა

"უხმოდ ელოდნენ უბედურების წამს. სალონში ავბედითი სიჩუმე ჩამოვარდა. გარდაუვალი დაღუპვისთვის განწირული თვითმფრინავი აუცილებლად გადატყდებოდა, აფეთქდებოდა და დაიწვებოდა, რომ არა..." - ვიქტორია სირაძის მოგონებებიდან

"კიდევ ერთი ასეთი სასწაული მოხდა, ანუ როგორ გადავურჩით კატასტროფას, როცა მოსკოვში მივფრინავდით" - ქვეყნის მაღალჩინოსნის მოგონება

"დაღუპვისთვის განწირული ლაინერის მართვა დაახლოებით 4-5 კილომეტრის სიმაღლეზე მოახერხა ხომალდის მეთაურმა - ზერმაგ მიქელაძემ... მსოფლიო ავიაციის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, ეკიპაჟს ჰაერში გამორთული ძრავები აემუშავებინოს", - ეს არის ვიქტორია სირაძის მოგონებები, რომელიც წიგნში - "ხსოვნის სიცოცხლე" უფრო ვრცლად არის აღწერილი.

ვიქტორია სირაძის ეს მოგონება ჯერ პრესაში არ გამოქვეყნებულა...

- ეს მოხდა დიდი ხნის წინათ - 1980 წლის, 23 ივნისს. თვითმფრინავი Ty - 104, ჩვეულებრივ, ასრულებდა რეისს თბილისი- მოსკოვის მიმართულებით. მაშინ ყოველდღიურად რამდენიმე ასეთი რეისი სრულდებოდა.

მოსკოვში მიმავალი მგზავრების შემადგენლობაში იყო შესანიშნავი, თითქოს საგანგებოდ იყვნენ შერჩეულები - საქართველოს შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლები - ახალგაზრდები, ლამაზები, ნიჭიერები, საქმიანები, აღიარებულნი, პოპულარულები და წარმატებულები: ოთარ ლითანიშვილი, თბილისის მთავარი მხატვარი, კინორეჟისორი და მწერალი გურამ პატარაია: არქიტექტორი მერაბ ვაჩნაძე: არქეოლოგი, აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე: ლეგენდარული მფრინავი, სამოქალაქო ავიაციის ასი ვლადიმერ ეგნატაშვილი და სხვა ცნობილი პირები.

მათ შორის იყო ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საქვეყნოდ ცნობილი - ზურაბ წერეთელი. საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ლენინური პრემიის ლაურეატი, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მთავარი მხატვარი, რომელიც მოსკოვში მიფრინავდა თავისი მასშტაბური მონუმენტური ნამუშევრების - ქანდაკებების, მოზაიკის, ემალის, ჰორელიეფების დასამთავრებლად, რომლებიც დაამშვენებდა მოსკოვში 30-ზე მეტ მშენებარე ოლიმპიურ ნაგებობას.

ყველა თავის საქმეზე მიიჩქაროდა, უბედურებას არაფერი გვიქადდა. არაჩვეულებრივი ამინდი, ზაფხულის გამჭვირვალე ცისფერი ზეცის დიდებულება, ლაინერის ბრწყინვალე ეკიპაჟი, ყურადღებიანი ბორტგამცილებლები და კომფორტი. მშვიდობიანად გადავლახეთ ბრწყინვალე კავკასიის თოვლიანი ქედი და უკვე ღრუბლებს ზევით ვიმყოფებოდით, როცა საწვავის მიუწოდებლობის გამო, გამოირთო ძრავები და ხომალდმა წარმოუდგენელი სიჩქარით დაიწყო ვარდნა. ბუკვალურად, წამის რამდენიმე მეასედის განმავლობაში გარდაუვალი დაღუპვისთვის განწირული ლაინერის მართვა დაახლოებით 4-5 კილომეტრის სიმაღლეზე მოახერხა ხომალდის მეთაურმა - ზერმაგ მიქელაძემ და ეს მრავალტონიანი მანქანა ლივლივით გადაევლო რუსეთის დაბლობის სივრცეში გაშლილ მინდვრებსა და სახნავ-სათესებს. ეკიპაჟი ემზადებოდა ავარიული დაშვებისთვის. ღირსეულად მოიქცნენ მგზავრები, დაძლიეს შიში და პანიკა, უხმოდ ელოდნენ უბედურების წამს. სალონში ავბედითი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა თავისას ფიქრობდა, კარგად ესმოდათ, რით შეიძლებოდა დამთავრებულიყო იძულებითი დაშვება... თვითმფრინავი აუცილებლად გადატყდებოდა, აფეთქდებოდა და დაიწვებოდა. დანარჩენი ბედის ხელში იყო! და ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ბორტმექანიკოსს აფრენის დროს დაავიწყდა, ჩაერთო ძრავებისათვის საწვავის მიწოდების ღილაკი, რაც ხორციელდებოდა ოთხი ურთიერთდაკავშირებული ჭურჭლის მეშვეობით - პირველის დაცლის შემდეგ ავტომატურად ირთვებოდა დანარჩენები. საწვავის მიწოდების ღილაკი, რომელიც დაფარული იყო სპეციალური თავსახურავით, მარჯვენა პანელზე თვითმფრინავის კაბინაში შესასვლელთან იყო. ამ შემთხვევის შემდეგ ქვეყნის რეაქტიულ თვითმფრინავებში ეს ღილაკი მთავარ პანელზე გადაიტანეს, შტურვალთან, უშუალოდ ხომალდის მეთაურისა და პირველი მფრინავის განკარგულებაში. ჩვენ გადაგვარჩინა იმან, რომ ბორტმექანიკოსმა დაუყოვნებლივ აღიარა თავისი საბედისწერო დაუდევრობა, რამაც საშუალება მისცა ეკიპაჟსა და სადისპეტჩერო სამსახურს, ემოქმედა ოპერატიულად, უმაღლეს პროფესიულ დონეზე და საქმის ცოდნით.

მსოფლიო ავიაციის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, ეკიპაჟს ჰაერში გამორთული ძრავები აემუშავებინოს. მაგრამ ცხოვრება ნებისმიერ ფანტაზიაზე მდიდარია. აბა, წარმოიდგინეთ: სამარისებური სიჩუმის მეექვსე წუთზე თვითმფრინავის სალონში სასწაული ხდება... საწვავი რომ მიიღო, ოდნავ გასაგონად ამოიქოშინა ერთმა ძრავამ, თანდათან ძალა მოიკრიბა და წვალებითა და ჯახირით გაიყვანა ტრასაზე ხომალდი. ამას მოჰყვა ეკიპაჟის ლაინერის მეთაურის ახალი გმირული მცდელობა და კიდევ ვ.ეგნატაშვილის, რომელიც ბედად, ბორტზე იმყოფებოდა. ასევე, მათი უმაღლესი პროფესიული ოსტატობის, გამოცდილებისა და უდრეკელობის წყალობით გადავრჩით. ჩვენმა თვითმფრინავმა მინერალური წყლებისკენ აიღო გეზი და მშვიდობიანად დაფრინდა აეროპორტში. დიდებულად და პომპეზურად დაგვხვდნენ აეროპორტში. ყველა მიწისზედა სამსახური მზად იყო დახმარების აღმოსაჩენად. სპეცმანქანებით, ტექნიკით, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებით სავსე იყო იქაურობა. ყველაფერი ისეთი ეფექტური იყო და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, როგორც ჰოლივუდის ფილმებს ახასიათებს. დამხვედრთა და გადარჩენილთა სიხარული უსაზღვრო იყო.

სანამ ახალ ბორტს გვიმზადებდნენ მოსკოვში გასაფრენად, მოვასწარით და აეროპორტის ვიპ დარბაზში სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე აღვნიშნეთ დედამიწაზე ჩვენი ბედნიერი დაბრუნება. მეორე დღეს, ზურაბმა ამ ეპოპეის მონაწილეებს რესტორან „ნაციონალში“ მოგვიწყო მშვენიერი მიღება, რომელსაც ევგენი პრიმაკოვი თამადობდა, ხოლო დასკვნითი ნადიმი გაფართოებული შემადგენლობით შინ გავმართეთ, თბილისში, მოსკოვის ოლიმპიადის (1980 წლის 19 ივლისი-3 აგვისტო) ბრწყინვალედ დამთავრების შემდეგ. მერე ყოველი სამუშაო შეხვედრისას ვპოულობდით წუთებს გადატანილის ხუმრობით გასახსენებლად, იდუმალი ფიქრების მოსაგონებლად თვითმფრინავში საბედისწერო ხუთწუთიანი სიჩუმისა, რომელიც საუკუნესავით გაიწელა. დიდხანს იუმორით ვარკვევდით, მგზავრთაგან ვის გაუღიმა ბედმა, ვის უწყალობა ღმერთმა ჩვენი თვითმფრინავის გადარჩენა, მიწას რომ არ დაეხეთქა ეს გიგანტური საფრენი აპარატი. და ყველა შევთანხმდით: რა თქმა უნდა, ზურაბს! სწორედ მან, თავის კეთილი ღიმილითა და სასწაულთმოქმედი ჯვრით, ბებიამ რომ უსახსოვრა და რომლის დემონსტრირება უყვარდა, შეჰღაღადა ღმერთს ჩვენი გადარჩენა და სასწაული, როგორც ზღაპარში მოხდა. თუმცა სხვა ვერსიებიც არსებობდა: ზოგიერთები ბორტზე ჩემს ყოფნასაც მიაწერდნენ სასწაულს.

თბილისში დაბრუნებისთანავე დავინტერესდი ყველასგან მივიწყებული ბორტმექანიკოსის, 26 წლის პეტრე არჯევანიძის ბედით, რომელიც ჩვენ თვალწინ, აეროპორტში დააპატიმრეს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა და შემდეგ გადასცეს მართლმსაჯულებას, რომელიც ბოლოს და ბოლოს მისდამი კეთილგანწყობილი აღმოჩნდა. მას პირობითი სასჯელი აკმარეს, აუკრძალეს ფრენა და უფლება დართეს, ემუშავა სამოქალაქო ავიაციის მხოლოდ მიწისზედა სამსახურებში. და ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი დაღუპვის რისკიც და სასწაულებრივი გადარჩენაც მასთან იყო დაკავშირებული.

მას შემდეგ ყოველ წელიწადს, 23 ივნისს მოდიოდა ჩვენი გმირი ჩემთან, მთავრობის სახლში, 23 წითელი მიხაკის თაიგულით. ასე აღვნიშნავდით ჩვენ ორნი ჩვენი და ყველა შესანიშნავი თანამგზავრის მეორედ დაბადებას. შემდეგ იგი რიგაში გადავიდა, გააგრძელა სწავლა ავია საქმიანობის დასაუფლებლად და საქართველოში აღარ დაბრუნებულა...

(სპეციალურად საიტისთვის)