ოქრიაშვილის გოლი: მესისეული? არა - მესხისეული! - კვირის პალიტრა

ოქრიაშვილის გოლი: მესისეული? არა - მესხისეული!

ვინ უქომაგებს ბეთჰოვენს?

საქართველო-ბელარუსის მატჩისას "ლელოს" კორესპონდენტმა ალექსანდრე კოტორაშვილმა საინტერესო ფოტო გადაიღო: ორი ბელარუსი ბალახზე გართხმულა, ერთი ზურგით დგას და ვერ მიმხვდარა, რომ თორნიკე ოქრიაშვილი საპირისპირო მიმართულებით უტევს. ეს ეპიზოდი ქართველის ზუსტი დარტყმითა და ბელარუსთა კარში გატანილი გამარჯვების გოლით დასრულდა.

ოქრიაშვილის ფინტის ხილვისას ესპანელი დავიდ სილვას მიერ ირლანდიელთა კარში გატანილი გოლი გამახსენდა. დავიდმაც ერთიანად გააბითურა ოთხი სამყურა კუნძულელი... საქართველო-ბელარუსის მატჩის მსვლელობისას ჩემს გვერდით მყოფმა გულშემატკივარმა აღფრთოვანება ვერ დამალა: ეს ხომ მესის გოლი იყოო... ვისი? - ვკითხე. მესის, მესისო, - გაიმეორა.

იცით, რატომ გავამეორებინე? იმიტომ, რომ მესის ნაცვლად მესხი მომესმა. მის ფინტებსა და გოლებზე უკვე ლეგენდები ითხზება. ოქრიაშვილის გოლის ამსახველი სურათის ხილვისას თვალწინ დამიდგა 1960 წელს გადაღებული მიხეილ მესხის ფოტო (ავტორი გურამ თიკანაძე), რომელშიც მისი მოწინააღმდეგე ყირამალაა, თავად კი მშვიდად აგრძელებს თამაშს.

ასე და ამგვარად, როცა ფინტებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტოქეთა გაბითურება ქართველებსაც გენებში გვაქვს. უბრალოდ, ისეთი დროება გვიდგას, რომ მხოლოდ ნიჭი საქმეს არ შველის, საჭიროა კლასი, რომელიც თავდაუზოგავი შრომითა და უმაღლეს დონეზე ხშირი თამაშით მიიღწევა. ისეთ დონეზე, როგორზეც ჩავი, ინიესტა, ვილია, კასილიასი, დავიდ სილვა, ფერნანდო ტორესი თამაშობენ - ჯერ ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობენ, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში, საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ კი ნაკრების მაისურს ირგებენ და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონობას არავის უთმობენ. დასავლეთის იბერიელთა ნიჭს სათანადო შრომა და გამოცდილებაც დაერთო და ამიტომაც ჰგვანან ესპანელები უცხო პლანეტიდან ჩამოსულებს - საფეხბურთო საოცრებებს სჩადიან.

სხვათა შორის, 11 სექტემბერს სწორედ ესპანეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ. ბელარუსთან მატჩის შემდეგ ქართველთა თავკაცმა თემურ ქეცბაიამ საინტერესო რამ თქვა:

- ვიცი, რომ შემდეგ თამაშზე ტრიბუნები სავსე იქნება, თუმცა სამწუხაროა, რომ მაყურებელი ესპანეთის ნაკრების საყურებლად მოვა და არა ჩვენს მხარდასაჭერად. ესაა ჩვენი მენტალიტეტი...

ეს ფრაზა გულზე მომხვდა. ვთქვათ, საქართველოში მსოფლიოს მუსიკის კლასიკოსი ბეთჰოვენი რომ ჩამოსულიყო და რიგით ქართველ მუსიკოსს გაჯიბრებოდა, რომელი ჩვენგანი უქომაგებდა ბეთჰოვენს? თუმცა, გერმანელი გენიოსის ჰანგებით დატკბობაზე უარს არავინ იტყოდა. ასევე, ვერ წარმომიდგენია მსოფლიოს ფეხბურთის ცოცხალ კლასიკოს ესპანელებს რომელიმე ქართველმა უქომაგოს, მათი თამაშის ხილვის საშუალება კი ევროპის აღმოსავლეთის კიდეზე მყოფ უბრალო ქართველს ცხოვრებაში შესაძლოა ერთხელ მიეცეს. გულშემატკივარი ტრიბუნებზე სიტყვებმა კი არა, იმედმა უნდა დააბრუნოს, საქართველოს ნაკრების იმედმა, რომელიც ბელარუსთან მატჩისას გაჩნდა.

ვაჟა სიმონიშვილი  (სპეციალურად საიტისთვის)