პროვოკაცია „მიგებით“ ანუ პუტინის მორიგი წკიპურტი ნატოს... - კვირის პალიტრა

პროვოკაცია „მიგებით“ ანუ პუტინის მორიგი წკიპურტი ნატოს...

ნატოს წევრი პოლონეთის ცაში რუსული დრონების „განავარდებიდან“ ათიოდე დღეში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა ჩივის რუსეთის მხრიდან მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და ამჯერად საქმე კიდევ უფრო სერიოზულდაა...

19 სექტემბრის დილით სამი რუსული МиГ-31 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში. ნატო-ს საბრძოლო თვითმფრინავებმა უპასუხეს და რუსული თვითმფრინავები იძულებული იყვნენ გაქცეულიყვნენ. მსგავსი დარღვევები სრულიად მიუღებელია. ესტონეთის მთავრობამ ნატო-ს მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნა გადაწყვიტა-განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა.

რასაც მალევე მოჰყვა თავად აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეაქციაც- „ეს არ მომწონს. შეიძლება დიდი პრობლემა იყოს. ეს უნდა შევამოწმო და ამ საკითხს მალე გავეცნობი“

პრეზიდენტ ტრამპის დალოდება, თუ როდის გაეცნობა ამ საჰაერო ინციდენტის დეტალებს და შემდეგ რასაც განაცხადებს, ალბათ არც ღირს (ყველას ახსოვს მისი პოზიცია, რომ პოლონეთში რუსული დრონები თურმე შემთხვევით შეფრენილან, მაშინ, როდესაც ნატოელ სამხედრო სპეციალისტებს უკვე დასაბუთებული ჰქონდათ, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო), რადგან დიდი ალაბათობით, ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა ნატოს ნერვებისა და მისი სამხედრო-პოლიტიკური რეაქციის შესამოწმებლად.

1-migi-1758358543.jpg
მსოფლიოში ყველაზე სწრაფ რუსულ МиГ-31-ებს ნატოს საჰაერო სივრცეში დაუპატიჟებლად „განავარდებას“ აბრალებენ...

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ МиГ-31 ტიპის თვითმფრინავებს ესტონეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ და დაგეგმილი ფრენა საერთაშორისო ავიაციის წესების სრული დაცვით განახორციელეს - ჩვენმა თვითმფრინავებმა კარელიიდან კალინინგრადის ოლქამდე გადაფრენისას ბალტიის ზღვის თავზე სამ კმ-ზე შორს ჩაუფრინეს ესტონურ კუნძულ ვაინდლოსო.

ესტონეთი კი ამტკიცებს, რომ სამი რუსული „მიგი“ 10 კმ-ის სიმაღლეზე 12 წუთის განმავლობაში აგრძელებდა ფრენას ესტონეთის საჰაერო სივრცეში და მათ „გასარეკად“ იტალიური F-35-ები ააფრინეს...

რუსული საბრძოლო თვითმფრინავების 12 წუთი ნატოს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენა უკვე სახუმარო თემა აღარ არის, მაგრამ ამის დასამტკიცებლად აუცილებლად საჭიროა ობიექტური კონტროლის მონაცემები, დაყრდნობილი რადიოლოკაციურ მონიტორინგზე, რადგან იტალიური „პინგვინების“-F-35-ების კაბინებიდან გადაღებული რუსული МиГ-31 -ების ფოტოები ჯერ კიდევ არ ნიშნავს ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას.

ამ ბლოგის ავტორს ჯერ კიდევ 1997 წელს ჰქონდა საშუალება გარედან დეტალურად დაეთვალიერებინა რუსული МиГ-31 ტიპის ზებგერითი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავი, რომელსაც მაშინ ახალი მოხსნილი ჰქონდა საიდუმლოების გრიფი და ახლოს მიახლოება დაშვებული იყო, თუმცა მფრინავისა და შტურმანის კაბინებში ერთი თვალით ჩახედვაც კი სასტიკად აკრძალული.

საბჭოთა/რუსული МиГ-31 დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე სწრაფ საბრძოლო თვითმფრინავად და 3 100 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარის განვითარება შეუძლია, ისევე როგორც ფრენა 22 კმ სიმაღლეზე.

2-migi-1758358543.png
იტალიელი მფრინავის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცეში გადაღებული რუსული МиГ-31БМ-ის ფოტო...

მათი გადასროლა რუსეთის კალინინგრადის ოლქის სამხედრო აეროდრომზე შემთხვევითი არ არის, რადგან ამით კრემლი აძლიერებს ევროპის ჩრდილოეთში არსებულ ამ რუსულ ანკლავს, საიდანაც ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია ნატოს ალიანსისთვის.

თავის დროზე ამ ბლოგის ავტორი საბჭოთა სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა კალინინგრადის ოლქში და იმის თვითმხილველი გახლდათ, თუ როგორ ვარჯიშობდნენ ჩერნიახოვსკის აეროდრომიდან აფრენილი Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენები იმისთვის, რომ ბრძანების შემთხვევაში საჰაერო იერიშები მიეტანათ ნატოს წევრი ქვეყნების სტრატეგიულ ობიექტებზე და მათ შორის ბირთვულქობინიანი რაკეტებითა და ბირთვული საავიაციო ბომბებით.

დღეს, კრემლს ანალოგიური საბრძოლო ამოცანები აქვს დასახული კალინინგრადის ოლქში დისლოცირებული რუსული ავიაციისთვისაც, რომელთა კავშირი რუსეთის ტერიტორიასთან მხოლოდ ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე გამავალი საჰაერო დერეფნით ხორციელდება.

ფინეთისა და ესტონეთის სანაპიროებს შორის მანძილი კი მხოლოდ 50-კმ-მდეა,ამასთან უშუალოდ ბალტიის ზღვაში მდებარეობს კუნძულებიც,მათ შორის ესტონური კუნძული ვაინდილოც,რომელზეც გადაფრენაც უკვე ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევად ჩაითვლება.

3-migi-1758358543.png
რუსული „მიგების“ მიერ ესტონეთის კუნძულ ვაინდილოსთან საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის ამსახველი რუკა,რომლის ქვედა ნაწილში ასევე ასახულია იმავე დღეს ორი რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ახლოს ჩაფრენა ნავთობმომპოვებელ საზღვაო ჭაბურღილთან,რომელიც პოლონეთის ეკონომიკურ ზონაშია განთავსებული...

ამიტომაც, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ რუს პილოტებს, რომ ამ წვრილ საჰაერო დერეფანში ისე „გაძვრნენ“, რომ ჩრდილოეთით ფინეთის საჰაერო სივრცე არ დაარღვიონ, ხოლო სამხრეთით კი ესტონეთის.

მაგრამ, დარღვევები მაინც ხდება, ოღონდ ზოგჯერ შემთხვევით, უყურადღებობით, ზოგჯერ კი სპეციალურადაც-გუშინდელი საჰაერო ინციდენტი კი დიდი ალბათობით შეგნებულად განხორციელდა, რადგან МиГ-31 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელ თვითმფრინავებზე ნავიგაციის თანამედროვე სისტემები აყენია და რაც მთავარია, მისი ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთი სწორედ შტურმანია-თავად წარმოიდგინეთ, მიფრინავს სამი МиГ-31-ი რომელთა ეკიპაჟებში სამი შტურმანია და სამივეს შეეშალა ფრენის მარშრუტის სწორედ გავლება?!

იტალიური „პინგვინებიდან“ გადაღებულ ფოტოებზე მოჩანს, რომ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული „მიგები“ МиГ-31БМ მოდიფიკაციის იყვნენ და ფრთის ქვეშ პილონებზე ეკიდათ „ჰაერი-ჰაერი“ კლასის Р-73 ტიპის ახლო მოქმედების მართვადი რაკეტები (სწორედ ისეთები,როგორებსაც თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობდნენ), თუმცა МиГ-31-ის სპეციალურ მოდიფიკაციას შეუძლია „კინჟალის“ ტიპის აერრობალისტიკური რაკეტით საჰაერო დარტყმის მიყენება ორ ათას კმ-ის რადიუსში,რაც იმას ნიშნავს,რომ რუსული ანკლავის-კალინინგრადის ოლქიდან აფრენილ МиГ-31-ს ბირთვულქობინიანი „კინჟალის“ მიწვდენა ნატოს წევრი თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის დედაქალაქამდე(გარდა მადრიდისა და ლისაბონისა) შეუძლია...