ტრამპის ახალი "მარგალიტები"-ის მორიგი ომის შეჩერებით ამაყობს-ამჯერად სომხეთსა და ...კამბოჯას შორის?!
დღე არ გავა,რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტების წინაშე არ წაიტრაბახოს-ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პირველ რიგში მე მეკუთვნის, ხომ ხედავთ შვიდი ომი შევაჩერეო...
მაგრამ,გუშინ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა თავის თავსაც კი აჯობა, როდესაც განაცხადა,რომ სწორედ მან შეაჩერა ომი სომხეთსა და...კამბოჯას შორის!
ეს სიტყვები პრეზიდენტმა ტრამპმა სწრაფ ტემპში როდი წამოისროლა თვითმფრინავის ტრაპზე ასვლის წინ, აბეზარი ჟურნალისტების თავიდან მოსაცილებლად,არამედ ვირჯინიის შტატში ანალიტიკური ცენტრის ACI-ის მიერ მოწყობილ საზეიმო ვახშამზე, რომელსაც ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ...
მართალია, პრეზიდენტი ტრამპი მონაწილეობდა კამბოჯასა და ტაილანდს შორის სასაზღვრო შეიარაღებული კონფლიქტის დროებით მოგვარებაში, ისევე როგორც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ერთმანეთს „ჩაახუტა“ სომხეთის პრემიერ მინისტრი ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი, მაგრამ სომხეთს როგორ ექნებოდა ომი მისგან 6 ათას კმ-ზე მეტად დაშორებულ კამბოჯასთან?
გასაგებია, რომ ტრამპს უბრალოდ შეეშალა,ვის არ მოსვლია, თუმცა აშშ-ის 79 წლის პრეზიდენტს ბოლო დროს რაღაც ძალიან დასჩემდა ასეთი შეცდომები...
რამდენიმე დღის სოციალურ ქსელებში ტრამპზე უკვე იცინეს, როდესაც ის მორიგი ტრაბახის დროს, თუ როგორ შეაჩერა სომხეთ-აზერბაიჯანის ომი(სინამდვილეში,საბრძოლო მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში ორი წლის წინ,2023 წლის სექტემბერში სრულად შეწყდა,მაშინ,როდესაც ტრამპი ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატიც კი არ იყო),კვლავ შეცდა და თანაც ორმაგად,როდესაც სომხეთის ნაცვლად...ალბანეთი დაასახელა,ხოლო აზერბაიჯანი კი... „აბერბაიჯანად“ მოიხსენია...
სხვა დროს,სომხეთისა და აზერბაიჯანიც მკაცრ პროტესტს გამოხატავდნენ ყოველივე ამის გამო,მაგრამ არც ფაშინიანი და არც ალიევი არ შეეპასუხებიან ტრამპს და დუმილს ამჯობინებენ-აშშ-ის 47-ე და არაპგნოზირებად პრეზიდენტთან,რომელსაც მხოლოდ დაყვავება და პირში ლაქუცი მოსწონს, საქმის გაფუჭება არავის უნდა...
ქვეყნების სახელების არევა მარტო ხანდაზმული ტრამპის პრობლემა როდი არის, ამით ხშირად სცოდავდა მისი წინამორბედი პრეზიდენტი ბაიდენიც, რაც მაშინ ხშირად ხდებოდა ტრამპის მხრიდან დაცინვის საგნად.
ისე საინტერესოა, ტრამპს, თავისი მეორედ გაპრეზიდენტებიდან განვლილ რვა თვეში ოფიციალურად ერთხელაც, რომ არ უხსენებია საქართველო...ჩვენ ამერიკის ჯორჯიის შტატში ხომ არ ვეშლებით?
ან იქნებ ოქტაგონის რინგიდან გადამხტარმა ნახევრადშიშველმა ქართველმა სუპერჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა უნებლიეთ დაგვიშინა ტრამპი, როდესაც მას გადაეხვია და საქართველო შეუქო?!