„არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე ქვეყნის ინტერესმა მართოს ჩვენი დღის წესრიგი“
"საქართველო ახლა ბეწვის ხიდზე გადის, ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ", - ასე აფასებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ქვეყანაში და საქართველოს გარშემო შექმნილ მდგომარეობას.
- საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დღეს საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ადრე დასავლეთის ქვეყნების სახით გვყავდა ისეთი მეგობრები, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში პრინციპულად დადგებოდნენ ჩვენს მხარეს, ახლა კი მხოლოდ პარტნიორები გვყავს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ისინი ჩვენს გამო სერიოზულ და რისკიან ნაბიჯებს არ გადადგამენ. ერთი რამ ცხადია - იმ ურთულესი გამოწვევების გადალახვა, რომლებიც ახლა ჩვენ წინაშეა, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას ძალიან გაუჭირდება.
საფრთხეები ყველა მხრიდან მოდის: ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდანაც კი. გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება და ეს ახალ რისკებს ბადებს. მსოფლიო სტრესულ მდგომარეობაშია, ძველი წესრიგი ინგრევა, ახალი კავშირები ყალიბდება.
- ჩვენი მეზობლების როლი როგორია ამ კონტექსტში?
- მაგალითად, აზერბაიჯანს ძალიან აწყობს სტაბილური საქართველო, რათა თავისი ენერგომატარებლები დასავლეთში გაიტანოს, მაგრამ სურს რეგიონში დომინანტი მოთამაშეც იყოს, პოლიტიკურ საკითხებში გადამწყვეტი ხმა ჰქონდეს. ასეთივე ამბიციები აქვს თურქეთსაც და რუსეთსაც. აზერბაიჯანი თბილისისთვის მტერი არაა, მაგრამ პოლიტიკაში "მადა ჭამაში მოდის". დღეს ბაქო უფრო აქტიურია, ვიდრე წარსულში.
ბაქოში აშკარა ტენდენცია იკვეთება: სურთ რეგიონული პოლიტიკა მათი "გემოვნების მიხედვით" ჩამოყალიბდეს. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: მათი ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობა, გამარჯვება ყარაბაღის კონფლიქტში. დასავლეთი აზერბაიჯანს ბევრ რამეს პატიობს. მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და სხვა ლიბერალური ღირებულებების იგნორირებაზე ხშირად მხოლოდ ფორმალური პრეტენზიები ისმის მაღალი ტრიბუნებიდან. სანქციებიც კი ფორმალურია და იოლად დასაძლევი ბაქოსთვის. საქართველოს შემთხვევაში კი ვითარება საპირისპიროა: იმავე საკითხებზე დასავლეთი არა მხოლოდ მწვავე განცხადებებს აკეთებს, არამედ მოქმედებს სანქციებით, შეზღუდვებით, სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე მსჯელობით და ა.შ. - ანუ ერთსა და იმავე საქციელზე თბილისი გაცილებით მკაცრად ისჯება, ვიდრე ბაქო.
- ამ მოცემულობაში რა გამოწვევის წინაშე გვაყენებს კონგრესმენ უილსონის ინიციატივა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ აღიაროს დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია.
- რეალურად ვხედავთ ლობისტურ ბრძოლას, სადაც ორი ბანაკია: ერთი, რომელიც ცდილობს "ქართული ოცნება" და შესაბამისად, საქართველო დაისაჯოს, და მეორე, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. პირველ შემთხვევაში საქმეში უზარმაზარი თანხებია ჩართული, მეორეში კი მოქმედებს სხვა ტიპის ფაქტორები - გავლენები, პრესტიჟი, წლების განმავლობაში დაგროვილი კავშირები. უილსონი კლასიკური ლობისტია. სხვათა შორის, მისთვის პრესტიჟული მარცხი იყო "მეგობარი აქტის" ჩავარდნა, შესაბამისად, ახლა მისი აქტიურობა ათმაგად გაიზარდება და ყველანაირად შეეცდება საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
- ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ თბილისისა და რუსეთის დაახლოებაზე ვაშინგტონში ეჭვები აქვთ?
- ეგ მხოლოდ საბაბია. როგორ ხდება დასავლეთში მსგავსი მესიჯების შეფუთვა? კონკრეტულ ნაბიჯებს თან უნდა ახლდეს ისეთი მიზეზები, რომლებიც დასავლურ საზოგადოებაზე ემოციურად იმოქმედებს. ამიტომაც გამოიყენება მუდმივად "რუსეთის ფაქტორი", "ირანის ფაქტორი", "ჩინეთის ფაქტორი". მაგალითად, კონგრესმენი უილსონი ხშირად ახსენებს "კომუნისტურ ჩინეთს". რეალურად დასავლელი ლიდერები ჩინეთში მიდიან, კონსულტაციებსაც მართავენ, მაგრამ "კომუნისტური" ეპითეტი პოლიტიკური ნარატივისთვის აუცილებელია, ის ეფექტურად მუშაობს დასავლელ საზოგადოებაზე. საბოლოოდ ასეთი რიტორიკა ქმნის ფსიქოლოგიურ ფონს. ჩემი კოლეგებისგანაც, ჩვეულებრივი მოქალაქეებისგანაც, არაერთხელ მომისმენია კითხვა: "რა ხდება თქვენთან?" და ეს მაშინ, როცა იმ ხალხის დიდი ნაწილი საკუთარ სოციალურ, ეკონომიკურ თუ იდეოლოგიურ პრობლემებშია ჩაფლული და საქართველო არ აინტერესებს. მაგრამ იმდენად ხშირად ისმის უარყოფით კონტექსტში საქართველო, რომ საბოლოოდ მათი ყურადღებაც მახვილდება. ზოგმა თავიდანვე თავი შეიკავა საქართველოში ჩამოსვლისგან, ამან კი ნიადაგი მოამზადა იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ კატეგორიული გადაწყვეტილება მიღებულიყო. ამისთვის უზარმაზარი თანხებიც დაიხარჯა. საბოლოოდ, ამ ნიადაგის მომზადება ერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველოს წინააღმდეგ კატეგორიული გადაწყვეტილება მიღებულიყო. თუმცა გარკვეულმა კონტრშემოქმედებამ, დიპლომატიურმა ნაბიჯებმა ნაწილობრივ გაანეიტრალა ვითარება, მაგრამ მთლიანად ვერა.
- გამოსავლი რა შეიძლება იყოს?
- პირველ რიგში დიასპორა, რომლის პოტენციალი თვალსაჩინოა. თუმცა ამ რესურსის მთლიანად გამოყენებას, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. არ არის სისტემა, რომელიც დიასპორული რესურსების სტრატეგიულად გამოყენებას უზრუნველყოფს, ხშირად აქტივობა სპონტანურია ან არასისტემური, ამიტომ შედეგი არ არის ის, რაც შეიძლება იყოს. რატომ? არის რამდენიმე მიზეზი. პირველ ყოვლისა გამოცდილების დეფიციტი. დიდ პოლიტიკაში ნაბიჯის გადადგმას სჭირდება არა მხოლოდ ამბიციურობა, არამედ პოლიტიკური გამოცდილება, სტრატეგიული ხედვა, რეგიონისა და ქვეყნის შინაგანი ფენების მენტალობის ღრმა ცოდნა, უახლესი ისტორიის გაკვეთილები. საჭიროა პრაქტიკული გამოცდილება, რომ იგივე შეცდომები აღარ გავიმეოროთ. ჩვენი პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი ასეთ გამოცდილებას მოკლებულია. ამის გამო საზოგადოებაში დაგროვილი ზიზღი და დაძაბულობა ყოველდღიურად იზრდება და შესაძლოა ისეთი მასშტაბის გახდეს, რომ პროცესები შეუქცევადი იყოს. მთავარი ისაა, რომ ქრება მორალური საზღვრები, იშლება მოქალაქეობრივი ცნობიერება. როცა ადამიანი საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევს, ქვეყნის წინაშე დგება ყველაზე დიდი საფრთხე - შიგნიდან დაშლის. სამოქალაქო ომი მხოლოდ შედეგია, მთავარი ისაა, რომ დიალოგი აღარ არსებობს. სანამ საზოგადოებაში ზიზღის ეს უზარმაზარი ღრუბელი არ გაიფანტება, სანამ კომპრომისის კულტურა არ დაბრუნდება და ხელისუფლება სტრატეგიულ ხედვას არ შეიძენს, საფრთხე რეალურია. გამოსავალი არის ორი: ქვეყანაში დიალოგისა და კომპრომისის აღდგენა, მის გარეთ პროფესიონალური და მოქნილი საგარეო პოლიტიკის გაძლიერება. მხოლოდ ეს დაგვიცავს იმისგან, რომ ქვეყანა ბეწვის ხიდზე მარტო არ დარჩეს.
- რა იყო მიზეზი, რის გამოც ორი მხარე ვერ შეთანხმდა?
- ძალები, რომლებსაც სურთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათი დავალებების დიდ ნაწილს უსიტყვოდ შეასრულებს. დიდ ქვეყნებთან ურთიერთობა სხვა პრინციპებზეა აგებული, მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საერთაშორისო პოლიტიკაში სხვა ლოგიკა მოქმედებს. მათთვის საკმარისია, რომ აქ რამდენიმე ადამიანი იჯდეს, ვინც უცხო ქვეყნის ინტერესებს უსიტყვოდ გაატარებს. ამიტომაც არსებობს მუდმივი რისკი, რომ გარე ძალები ეცადონ საქართველოში ისეთი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებას, რომელიც მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს უპრობლემოდ მოემსახურება.
ყველა ქვეყანაში, რომელთაც რეგიონი და საქართველო აინტერესებთ, არსებობენ ჯგუფები და ინტერესები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხელისუფლების მოსვლას ცდილობენ, რომელიც მათ მითითებებს დიდწილად შეასრულებს. მათ სრულ კონტროლზე არა აქვთ პრეტენზია - საკმარისია, თუ ხელისუფლების გარკვეული ნაწილი (არ არის საჭირო 100%) უსიტყვოდ შეასრულებს მთავარ ბრძანებებს და არ შეუქმნის პრობლემას. ამის მიზეზი მარტივია: მათ აქვთ ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები რეგიონში. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე ქვეყნის ინტერესმა მართოს ჩვენი დღის წესრიგი...
მიუხედავად დასავლეთის ზოგიერთი დაპირების აგრესიული ხასიათისა და ჩვენი მეზობლების გარკვეული ქმედებების სურვილისა, სტაბილურობა მაინც შენარჩუნებულია. როდესაც სტაბილურობაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მშვიდობას, არამედ ეკონომიკისა და სოციალური განვითარების მიმართულებას. დიახ, ეს განვითარება ჯერ არ არის ეფექტური, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა მაინც უკეთესია, ვიდრე ბევრ მეზობელ ქვეყანაში. სომხეთში პოლიტიკური არასტაბილურობაა, აზერბაიჯანში შიდა გამოწვევები, თურქეთში წარმოუდგენელი ინფლაცია. ამ ყველაფერს რომ შევხედოთ, შეიძლება ითქვას: ჩვენს სიტუაციას თავისი სირთულეები აქვს, მაგრამ შედარებით სტაბილური ფონი მაინც არსებობს.
- ფიქრობთ, რომ ეს სტაბილურობა 4 ოქტომბრის შემდეგაც შენარჩუნდება?
- ასე რომ არ ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ვთქვი ინტერვიუს დასაწყისში, რომ ბეწვის ხიდზე გავდივართ. ქართველმა ხალხმა უნდა გაითვალისწინოს: დასავლეთიდან მომდინარე გამოწვევები არაფერია იმასთან შედარებით, რაც აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეიძლება წამოვიდეს. ყველა ცდილობს საქართველოში ფეხის მოკიდებას. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ უბანში საცხოვრებელ სახლში მოაწყვეს სალოცავი და მეჩეთი დაარქვეს, სინამდვილეში კი ეს არის თურქული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზაცია. თუ აქამდე ეს მხოლოდ აჭარაში ხდებოდა, ახლა უკვე ადიგენსა და ახალციხეში უძრავი ქონების შესყიდვის დავალება აქვთ. აი, ამის პარალელურად თბილისში უკვე მეჩეთიც გახსნეს.
- სად არიან ამ დროს ჩვენი სპეცსამსახურები?
- გგონიათ, არ იციან? მაგრამ... ჩვენ ხომ შეთანხმებული ვართ, რომ საქართველოს შუა საუკუნეებიდან დღემდე ყოველთვის უწევდა როგორც მეგობრების, ისე მტრების ინტერესების გათვალისწინება. სწორედ ამ რეალობიდან უნდა ვიმოქმედოთ და ისე გადავდგათ კონტრნაბიჯები. იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს, ორი მთავარი პირობაა შესასრულებელი: შესაბამისი იდეოლოგიური ნარატივის გავრცელება და შედეგებზე მუდმივი საუბარი, რათა საზოგადოებამ კარგად იცოდეს, რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ, და მეორე - საგარეო პოლიტიკურ სივრცეში აქტიური მუშაობა.
ხათუნა ბახტურიძე