"თუ ესკალაცია გაგრძელდება, ნატო რუსეთს უპასუხებს და...“ - მესამე მსოფლიო ომის აჩრდილი?!
გასულ კვირას პროკურატურამ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დანაშაულის შესახებ გვამცნო - როგორც გაირკვა, 2022-24 წლებში საქართველოში აზერბაიჯანის გავლით აუარება რუსული ფული შემოვიდა. უწყების ინფორმაციით, დააკავეს ერთი პირი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კახა კოტორაშვილი, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მფლობელი. ამ უკანასკნელის სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანიდან რუსული რუბლის გადმოტანაში ჩართული იყო კიდევ ერთი კაცი - ელდარ ჰუსეინოვი. რამდენიმე დეტალის გარკვევის მიუხედავად, ამ გასაოცარი საქმის შესახებ სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, პასუხები კი ჯერ არ ჩანს. როგორც ფულის "გათეთრების" საქმის პროკურორმა ზინიკო ქობალიამ სასამართლო სხდომაზე თქვა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოიტანეს 59 მილიარდი რუსული რუბლი. შემდეგ 624 მილიონ დოლარად და 35 მილიონ ევროდ გადაახურდავეს. ფინანსისტების თქმით, თუ დავუშვებთ, რომ ამ ოდენობის რუსული რუბლი შემოიტანეს ყველაზე მსხვილი კუპიურებით - 5000-რუბლიანი ბანკნოტებით, უკანონოდ შემოტანილი თანხის წონა, სულ ცოტა, 11.8 ტონა გამოდის. თუ იმასაც დავუშვებთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ თანხას ყოველდღიურად "ათეთრებდნენ", გამოდის, ყოველდღე "ათეთრებდნენ" დაახლოებით 607 300 დოლარს. არავის სჯერა, რომ ამ მასშტაბურ მაქინაციაში მხოლოდ 2 პირი მონაწილეობდა ან სახელისუფლებო დიდი ზურგის გარეშე ვინმე ამას გაბედავდა. დაისმის კითხვა, ექნება თუ არა საქმეს პოლიტიკური გაგრძელება და თუ აღმოჩნდებიან საბრალდებო სკამზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის უკვე ყოფილი თუ მოქმედი პირები? - ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს გიორგი მელაშვილთან:
- გადავხედოთ ფაქტებს, უკვე დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შემოვიდა უზარმაზარი ოდენობის უკონტროლო, რუსული ფული. ამ ფულის შემოსვლა, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორუფციაა ყველა დონეზე - დაწყებული საზღვრით, დასრულებული ხელისუფლების მაღალი ეშელონებით... შეუძლებელია ასეთი ოპერაცია სერიოზული სახელისუფლებო მფარველობისა და პროტექციის გარეშე ჩატარებულიყო. ამიტომაც შეფასება, რომ ამ საქმეში ჩართული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, სავსებით საფუძვლიანია. ვინ იყვნენ კონკრეტულად? - სახელდება გვარ-სახელები, მე აღარ გავიმეორებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ საქმის მასშტაბის გათვალისწინებით ისინი უნდა ყოფილიყვნენ პირები, რომლებსაც ეკავათ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები, იმავდროულად, უნდა ყოფილიყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეუძლებელია ერთ ან ორ პირს თამარ მეფის გამზირზე მდებარე ერთი ჯიხურიდან მოეხერხებინა ამხელა სქემის და მაქინაციის განხორციელება.
- ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი დიდი ოდენობის ფულის კონვერტირება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის მიღმა ვერ მოხდებოდა... გამოდის, ამ დანაშაულებრივი სქემის ერთი რგოლი ეროვნულ ბანკშიც არის მოსაძებნი?
- ჯერ ეროვნული ბანკის ჩართულობაზე ოფიციალურად არაფერია ცნობილი, ნორმალურ სახელმწიფოში ამას გამოძიება დაადგენდა. ამ ეტაპზე ჩვენ იძულებული ვართ მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. დიახ, ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა ასეთი ტიპის საქმეების ზედამხედველობა. ამ უწყებას პირდაპირ ევალება ქვეყანაში უცხოური ვალუტის ნაკადების მონიტორინგი, კონტროლი კი ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა. როგორც აღმოჩნდა, სულ ცოტა, ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარის კონვერტაცია მოხერხდა და ამას, რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენა ლარის კურსზე...
შეუძლებელია ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის თვალთახედვაში არ მოხვედრილიყო. რადგან ეს უწყება ამაზე თვალს ხუჭავდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს განპირობებული იყო ფინანსური დანაშაულის მაღალი სახელისუფლებო პატრონაჟით.
გამოდის, ეროვნული ბანკიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ სქემის თანამონაწილე იყო, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად კორუმპირებული იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ კონკრეტულ წლებში.
- აქამდე ვიცოდით, რომ რუსული ფულის "გამთეთრებელ" ქვეყნად, ძირითადად, მიიჩნეოდა კვიპროსი, რომელიც ევროკავშირის წევრია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა ამ მიმართულებით კონტროლი საკმაოდ გაამკაცრა. გამოდის, ახლა რუსული შავი ფული საქართველოში "ირეცხება"?
- მართალი ხართ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გაამკაცრა კონტროლი რუსულ ფულზე. გაუქმდა ე.წ. ოქროს პასპორტები მალტაში, ასევე გამკაცრდა კონტროლი კვიპროსსა და ჩერნოგორიაში. ბუნებრივია, რუსმა ოლიგარქებმა და მათთან დაკავშირებულმა "ჩინოვნიკებმა" დაიწყეს სხვა გზების მოძიება. მაშინ, როდესაც ქართველი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი აფრთხილებდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ეკონომიკის რუსეთზე ჩამოკიდების საფრთხეებზე, ამაში ის რისკებიც იგულისხმებოდა, რომელთა წინაშეც უკვე დადასტურებულად დადგა ქვეყანა. ხომ გვახსოვს რუსეთის მოქალაქეების დაფუძნებული ასამდე კომპანია საქართველოში, რომლებიც დარეგისტრირებული იყო ერთ მისამართზე, ერთ პატარა ქართულ სოფელში. ესეც, რა თქმა უნდა, იმ სქემის ნაწილია, რომ რუსეთის მოქალაქეებს გაუმარტივდეთ ცხოვრება დასავლური სანქციების პირობებში. როდესაც ხდება ეკონომიკის რუსიფიკაცია, რუსული ფული უკონტროლოდ შემოდის, თან ამას ემატება სრულიად კორუმპირებული სახელმწიფო აპარატი, საფრთხეები ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არათუ თვალსაჩინო, უკვე ძალიან დამაზარალებელია. ასეთი სქემები, დარწმუნებული ვარ, სხვაც იყო და ნაწილი ახლაც მოქმედებს, უბრალოდ, მათ უკან დგანან იმ სახელისუფლებო ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც ახლა ძალაუფლებაზე კონტროლი მოიპოვეს. ეს საქმე უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ფულის გათეთრების, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლის კონტექსტშიც. ხომ ვიცით, რომ "ქართულ ოცნებაში" სხვადასხვა კლანი მუდმივად ებრძვის ერთმანეთს. ახლა ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ჯგუფი გაძლიერდა, მან ოპონენტების რუსული კავშირები გამოააშკარავა, მაგრამ სავსებით საფუძვლიანად არსებობს ეჭვები, რომ ბევრი სხვა მსგავსი სქემა არსებობს სწორედ მათი მფარველობით. როგორც ეს ხდებოდა ქოლცენტრების შემთხვევაში, რომელშიც ჩართული იყო სახელმწიფო მართვის ვერტიკალის თითქმის ყველა შტო.
- თქვენი აზრით, რა გაგრძელება ექნება ამ საქმეს, ბოლოს და ბოლოს, როდის მოეფინება ნათელი ამ ბნელით მოცულ დანაშაულს?
- ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება, რატომღაც არ ველი, რომ ეს პროცესები განვითარდება 4 ოქტომბრამდე. მას მერე კი, თუ "ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში ისევე უკონტროლოდ, როგორც ახლა არის, მაშინ აუცილებლად შეეცდებიან, რომ კობახიძემ სრული კონტროლი დაამყაროს "ქართულ ოცნებაზე" და შესაბამისად, ყველა იმ კორუფციულ სქემაზე, რომლებიც სხვადასხვა დაჯგუფების მფარველობით მოქმედებდა აქამდე. ასეთ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ციხეში ჩასმასაც.
- გასულ კვირას არაერთი სხვა დაკავებაც ვნახეთ. მოგეხსენებათ, უაქციზო ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისთვის დაკავებულია ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი, ხოლო იარაღის უკანონო ტარებისთვის ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური... საინტერესოა, რომ ორივენი წლების განმავლობაში "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულ პირებად მიიჩნეოდნენ... აქამდე მათ ეპატიებოდათ ის, რაც სხვებს არა... მათი წინასაარჩევნოდ დაკავება შესაძლოა მხოლოდ შემთხვევითობა და რიგითი კრიმინალის აღკვეთა იყოს?
- რა თქმა უნდა, არა... "ქართული ოცნების" კონტრაქტი იმ ბიზნესმენებსა და კონკრეტულ ელიტურ ჯგუფებთან ყოველთვის მოიცავდა კორუფციულ გარიგებებს. ეს გულისხმობდა, რომ ხელისუფლება თვალს დახუჭავდა ფულის მიტაცებასა თუ სხვა ტიპის დანაშაულზე, თუმცა საპასუხოდ მათგან ითხოვდა ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. თავის დროზე გიორგი გახარიამ ჩამოაყალიბა ამ მიდგომის დევიზი - "ქართული ჯიგრული პონტი" და ასეთი დამოკიდებულება იყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, "ქართული ოცნება" თვალს ხუჭავდა მთელ რიგ კორუფციულ სქემებზე, თუ მათ ჰქონდათ უპირობო მხარდაჭერა ამ კონკრეტული ჯგუფებისგან.
ამგვარი ელიტური შეთანხმება მუშაობდა წლების განმავლობაში და იყო "ქართული ოცნების" ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი წყარო. ახლა, როგორც ჩანს, პირდაპირი ინვესტიციების შემცირებისა და რეალური ეკონომიკური ზრდის არარსებობის გამო (მიუხედავად იმისა, რომ ციფრებში გვაქვს ლამაზი სურათი, ეკონომიკური ზრდის ეს ციფრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე არანაირად არ აისახება, რადგან ბუტაფორიაა), "ქართულ ოცნებას" შეექმნა პრობლემები. მათთვის საკმარისი აღარ არის ამ კორუმპირებული ჯგუფების მხარდაჭერის დღემდე არსებული სტანდარტი და ითხოვენ უფრო მეტს. რაც მეტი სანქცია დაწესდება და მეტად შეიზღუდება საქართველოში კაპიტალის შემოსვლა, მით უფრო გამწვავდება ვითარება და გაუჭირდება ხელისუფლებას არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება... შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" დასჭირდება უფრო მეტი ფულის გამოტანა ეკონომიკიდან, დაიწყება ბიზნესის დარეკეტება. ამის პირველი ნიშნები უკვე არსებობს. რაც უფრო მეტად ავტორიტარული გახდება "ქართული ოცნება", მით უფრო დიდი ზეწოლა იქნება როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და წვრილ ბიზნესზეც.
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარზეა მომდგარი, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ამას ხელისუფლების შეცვლისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს, ბოიკოტის მომხრეები კი 4 ოქტომბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციას და ხელისუფლების ამ გზით შეცვლას გვპირდებიან...
- 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერ მოხერხდა საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბება და საერთო სტრატეგიის შეთანხმება. როგორც მონაწილეობა, ასევე ბოიკოტი კონკრეტული ბრძოლის სტრატეგიაა, რომელიც ერთ თუ მეორე შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო შედეგიანი. თუმცა ოპოზიციამ აირჩია ყველაზე წამგებიანი ვარიანტი - ერთიანობის ნაცვლად, ძალების დაქსაქსვა და დანაწევრება, თან ისე, რომ დისტანცირდნენ საკუთარი ელექტორატისგანაც. ასეთ პირობებში რთული წარმოსადგენია, როგორ მოახერხებს ოპოზიცია ქუჩაში 200 000 კაცის გამოყვანას. თუ ეს მოხერხდა, მაშინ 5 ოქტომბერს სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა შეიძლება მივიღოთ, მაგრამ მთავარი კითხვაა: გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში და ოპოზიციური სპექტრი 4 ოქტომბრის მერე მაინც თუ მოახერხებს მოკლე და გრძელვადიანი მიზნების გარშემო ერთიანი სტრატეგიით გაერთიანებას.
- მინდა ორიოდე სიტყვით შევეხოთ საერთაშორისო თემებსაც. გასულ კვირას ევროპაში მასშტაბური საპროტესტო აქციები ვნახეთ, საფრანგეთში ქუჩაში, როგორც ამბობენ, მილიონამდე ადამიანი გავიდა, დიდ ბრიტანეთშიც ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკა... კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ ვითარება უკიდურესად დაიძაბა აშშ-შიც. ბევრი მიიჩნევს, რომ დასავლურ სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება და კონსერვატორული განწყობები სულ უფრო მზარდია...
- მე ამ პროტესტებს ერთ კონტექსტში არ განვიხილავდი. დავიწყოთ საფრანგეთით, სადაც მასშტაბური გაფიცვა და მრავალრიცხოვანი აქციები ვნახეთ. საზოგადოდ, საფრანგეთს ახასიათებს მასშტაბური პროტესტი, მათ შორის ქუჩაში სრული უწესრიგობით, მაღაზიებისა და მანქანების გადაწვით - ეს არის ამ ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილი. საფრანგეთში ეს იყო სოციალური უკმაყოფილება, პროტესტანტებს კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ გადასახადებთან დაკავშირებით... მოკლედ, ჩემი შეფასებით, იქ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. დღეს საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, რამდენად მოახერხებს ულტრამემარჯვენე ბანაკი კონსოლიდაციას იმის გათვალისწინებით, რომ მარინ ლე პენი ვერ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, და მეორე მხრივ, ვინ იქნება ცენტრისტული, ლიბერალური და მემარცხენე ბანაკების კანდიდატი, რადგან პრეზიდენტ მაკრონს ეწურება ვადა და ის ვეღარ იყრის კენჭს.
რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, იქ სხვა გამოწვევებია. ვიმეორებ, ეს არ უნდა განვიხილოთ საერთოევროპული ცვლილებების ნაწილად. როგორც ბრძანეთ, დიდ ბრიტანეთში პროტესტის მიზეზი გახლდათ საემიგრაციო პოლიტიკა და უკმაყოფილება, ძირითადად, მიმართული იყო მმართველი ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ.
რაც შეეხება აშშ-ს, იქ შედარებით განსხვავებული ვითარებაა. ამ ცოტა ხნის წინ ქვეყანაში მოხდა პოლიტიკური მკვლელობა, რამაც, ბუნებრივია, შოკში ჩააგდო საზოგადოება, შესაბამისად, ამას მოჰყვა პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, რაც მოსალოდნელი რეაქცია იყო. მოკლედ, არ უნდა შევხედოთ ამას როგორც ერთიან ტალღას, ამგვარი ტალღები სხვა დროსაც ხშირად მინახავს. ის, რომ არსებული, შედარებით ლიბერალური მემარცხენე წესრიგის გარკვეული ჩანაცვლება ხდება და დასავლური დისკურსი ოდნავ მარჯვნივ გადადის, მოსალოდნელი იყო არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქმე ისაა, რომ ნებისმიერ დიდ კრიზისს მოჰყვება ხოლმე სოციუმის რეაგირება, უკრაინაში ომი ამგვარი დიდი კრიზისია...
ჩვენთან უყვართ ძალიან გაზვიადება და გაშავთეთრება, რეალურად ევროპული პოლიტიკა გაცილებით კომპლექსურია.
- ბოლო ხანს რუსული საფრენი აპარატების მიერ ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევის არაერთი შემთხვევა მოხდა, პოლონეთის და რუმინეთის შემდეგ, ნატოს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა ესტონეთმა, სადაც სამი რუსული მოიერიშე თვითმფრინავი შეფრინდა და საჰაერო სივრცეში თითქმის 12 წუთი დაყო...
- ეს არ არის შემთხვევითობა - რუსეთი ტესტავს ნატოს, მის შესაძლებლობებსა და რეაგირების ხარისხს. ამ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები იჩენენ ძალიან დიდ თავშეკავებას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. მომხდარის გამო უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ის უკმაყოფილოა პუტინით...
ფაქტია, ტრამპის სამშვიდობო ცდებმა უკრაინაში არ გაჭრა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ პუტინი არ არის დაინტერესებული მშვიდობით. მას აინტერესებს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა. ამასთანავე, ვხედავთ, რომ ევროპული ქვეყნები და ნატოც მნიშვნელოვნად ზრდიან თავდაცვის ხარჯებს. იმავდროულად, რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთი კორეა ცდილობენ შექმნან ერთგვარი ვიზუალური ალტერნატიული ალიანსი, რისი მიზანიც არის გაერთიანება დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ. ამ მოცემულობაში დასავლეთიც ემზადება.
შემთხვევითი არ ყოფილა, როდესაც ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს სახელი გადაარქვა და მას ომის სამინისტრო უწოდა. თუ რუსეთიდან პროვოკაციები და ვითარების ესკალაცია გაგრძელდა, ამას აუცილებლად მოჰყვება ნატოს პასუხი. ამის შემდეგ რა მოხდება, რთულია პროგნოზირება.