მორიგი კლანური ომი და სკანდალი ცხინვალში: ვინ გახდა დე ფაქტო "პრეზიდენტის" ძმის კრიმინალური დაჯგუფების მსხვერპლი? - "ამ ქვეყნისთვის სისხლი იმიტომ არ დ - კვირის პალიტრა

მორიგი კლანური ომი და სკანდალი ცხინვალში: ვინ გახდა დე ფაქტო "პრეზიდენტის" ძმის კრიმინალური დაჯგუფების მსხვერპლი? - "ამ ქვეყნისთვის სისხლი იმიტომ არ დაგვიღვრია, რომ ზოგიერთმა მშიშარა ტურამ დღეს უკანონობა ჩაიდინოს"

ოკუპირებულ ცხინვალში კიდევ ერთი ახალი კრიმინალური სკანდალია, რომლის მთავარი მონაწილე კვლავ დე ფაქტო "პრეზიდენტის" ძმის, ალექსანდრე (ალიკ) გაგლოევის კრიმინალური დაჯგუფებაა. მსხვერპლი ამჯერად ადგილობრივი ბიზნესმენია. მსხვერპლის ძმა, ვიქტორ მარგიევი, აცხადებს, რომ ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებმა გაიტაცეს და აწამეს მისი ძმა, ალან მარგიევი და მოითხოვეს, რომ მათთვის 6 მილიონი რუბლის (დაახლოებით 71 ათასი დოლარი) ღირებულების მანქანა მიეცა.

"ამ ქვეყნისთვის სისხლი იმიტომ არ დაგვიღვრია, რომ ზოგიერთმა მშიშარა ტურამ დღეს უკანონობა ჩაიდინოს"

როგორც ოპოზიციური ტელეგრამარხები წერენ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში თითქმის ყველა გახმაურებული დანაშაული სწორედ ალიკ გაგლოევის კრიმინალურ ბანდასთანაა დაკავშირებული. ბიზნესმენი ცხინვალში დაგეგმილ "საერთაშორისო" ეკონომიკურ ფორუმამდე 10 დღით ადრე გაიტაცეს. გატაცების შესახებ 7 სექტემბერს "ფეისბუქზე" დაწერა ბიზნესმენის ძმამ, რომელიც მილიციელია, რომ 6 სექტემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, მისი ძმა ალან მარგიევი ცხინვალში, საკუთარ სახლთან ახლოს გაიტაცა ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელსაც ხოხ გაბარაევი ხელმძღვანელობს. მისი ძმა ტყეში წაიყვანეს, სადაც აწამეს, სხეულზე მრავალი ჭრილობა და დამწვრობა აქვს.

"ყველასთვის ცნობილია, რომ ხოხ გაბარაევთან ერთად ეს ბანდა ატერორებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. ამ ბანდის გამო ბევრმა მეწარმემ შეწყვიტა საქმიანობა. მივმართავ ყველას, ვინც დაზარალდა, ნუ გეშინიათ, მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ამ მშიშარა ტურების შიში, ეს ბანდა უნდა დავასრულოთ. თუ ჩვენ, რესპუბლიკის მოქალაქეები, გავაგრძელებთ ამ უკანონობის ჩუმად ყურებას, ისინი უფრო სერიოზულ დანაშაულებზე წავლენ, მათ შორის მკვლელობაზეც. ჩვენ ადამიანები ვართ და არა ჯოგი, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, რომ არ ეშინოდეთ არაფრის და იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის. ჩვენ ამ ქვეყნისთვის სისხლი იმიტომ არ დაგვიღვრია, რომ ზოგიერთმა მშიშარა ტურამ დღეს უკანონობა ჩაიდინოს", - დაწერა გატაცებულის ძმამ.

"ფეისბუქზე" სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ ოსური სოციალური ქსელები აღშფოთებული კომენტარებით აჭრელდა. ე.წ. პროკურატურას მოუწოდეს დაეკავებინათ ალიკ გაგლოევის კრიმინალი მეგობრები, უპირველესად კი ხოხ გაბარაევი. რამდენიმე საათში დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ "აღიძრა სს საქმე პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულებით სიცოცხლისთვის საშიში იარაღისა და ძალადობის გამოყენებით ჩადენილი გატაცებისა და გამოძალვის ფაქტზე". რუსეთის სს კოდექსის თანახმად, დანაშაული 5-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს (ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა მოქმედებს).

როგორც ცნობილია, ერთი გამტაცებელი, მეტსახელად ტატე, დაკავებულია, თუმცა მთავარი დამნაშავე, ხოხ გაბარაევი თავისუფალია.

როგორც "ეხო კავკაზამ" გაარკვია, დაზარალებული ალან მარგიევი უცხოური წარმოების მანქანებს ყიდის. ინციდენტამდე დაახლოებით ხუთი დღით ადრე ხოხ გაბარაევმა მას შესთავაზა, რომ ნისიად მიეყიდა Lეხუს GX 550, მეწარმემ უარი უთხრა და ამას მოჰყვა მისი გატაცება. ამას წინ უძღოდა ინციდენტი - რამდენიმე თვის წინ ხოხ გაბარაევმა "მილიციის" ერთ მაღალჩინოსანს ნისიად გამოართვა რამდენიმე ძვირადღირებული მანქანა, შემდეგ კი არც ფული მისცა და არც მანქანა დაუბრუნა.

"ეხო კავკაზას" ცნობით, სწორედ ამის გამო მარგიევს არ ჰქონდა იმედი, რომ ხოხ გაბარაევი მას ფულს გადაუხდიდა. ბიზნესმენის უარის შემდეგ ხოხ გაბარაევი და მეორე გამტაცებელი, მეტსახელად ტატე, ბიზნესმენ მარგიევს სახლთან დახვდნენ და ავტოსადგომზე გაყოლა მოსთხოვეს გასაყიდი მანქანის შესამოწმებლად, რეალურად კი ტყეში წაიყვანეს. მანქანის გასაღების წართმევისა და წამების შემდეგ გამტაცებლებმა ბიზნესმენი უკან დააბრუნეს და სახლთან ჩამოაგდეს.

საინტერესოა, რომ გატაცებული ბიზნესმენის ძმა, მილიციის პოლკოვნიკი, ამ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ დევნის ობიექტი გახდა. როგორც მილიციელი წერს, მასთან სახლში სპეცრაზმი მივიდა, რათა "ფეისბუქის" განცხადების გამო პასუხი მოეთხოვათ, მაგრამ მან მოახერხა დამალვა. ორივე ძმა ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთშია.

"ეხო კავკაზას" ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკაში კრიმინალური სიტუაცია რუსეთში 1990-იან წლებს მოგვაგონებს, ერთადერთი განსხვავებით, რომ პოტენციურ მსხვერპლს ალტერნატივა არა აქვს - ყველაფერს წყვეტს მხოლოდ ერთი ბანდა, რომელსაც ე.წ. უსაფრთხოების ძალები, ე.წ. საიდუმლო სამსახურები და თავად ე.წ. პრეზიდენტი იცავენ.

"რესპუბლიკაში რეკეტია გავრცელებული. ბიზნესები მასობრივად იხურება გამოძალვის გამო, ხალხს არ სურს ოცდაათი წლის წინანდელი ველური დროის დაბრუნება, როდესაც ბიზნესმენებს სცემდნენ, მიჰყავდათ ტყეში "ფიზიკურ გასაუბრებაზე" და უცხოური მანქანებიდან ძალით გადმოჰყავდათ. ამის საილუსტრაციოა თუნდაც ორი კვირის წინანდელი ინციდენტი: პრეზიდენტის ძმამ, ალიკ გაგლოევმა, ლენინის ქუჩაზე სასურსათო მაღაზიის მეპატრონე სცემა, 11 მილიონი რუბლი გამოსძალა და ხარკის გადახდა აიძულა. თუმცა მილიციაში არავის არაფერი განუცხადებია, მსხვერპლი დუმს, რადგან დარწმუნებულია თავისი მდგომარეობის უიმედობაში", - წერს გამოცემა.

გაგლოევის ბანდის წევრების კრიმინალური "საქმეები"

ვინ არის ამ საქმეზე დაკავებული ტატე. როგორც გაირკვა, მისი სახელია რუსლან ცხოვრებოვი, რომელიც 2001 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის ჯერ კრასნოდარის მხარეში იმალებოდა, შემდეგ დააკავეს და სასჯელს რუსეთის ციხეში იხდიდა, ხოლო 2 წლის წინ, ალან გაგლოევის "პრეზიდენტობის" დროს, ის რუსეთიდან ჯერ ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს და შემდეგ გაათავისუფლეს. ის ალან გაგლოევმა "შეიწყალა". ოპოზიციური ტელეგრამარხების თქმით, ალან გაგლოევი მფარველობს კრიმინალი ძმის ბანდიტ მეგობრებს და ხოხ გაბარაევიც სწორედ ალიკ გაგლოევთან მეგობრობის გამოა თავისუფალი.

alan-gagloev-2025-05-10-cropped-1758475375.jpg

"ჭრებაი ყარგანაგი"-ს ცნობით, ალიკ გაგლოევის ბანდას გამოეყო ხოხ გაბარაევი, რომელსაც ახლა "პრეზიდენტ" გაგლოევის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალან ალბოროვი მფარველობს. ალბოროვი ადრე რუსეთში ბავშვის გატაცებისთვის იყო გასამართლებული, შემდეგ ცხინვალში გადმოიყვანეს და მალე ამნისტიაც შეეხო. ამის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მაღალი თანამდებობაც დაიკავა გაგლოევის კარზე.

ტელეგრამარხ "ჭრებაი ყარგანაგი"-ს ინფორმაციით, 2022 წელს ხოხ გაბარაევმა და ოლეგ ჯაბიევმა ორგანიზება გაუწიეს ბიზნესმენ ვლადისლავ ვალიევის გატაცებას, რომელმაც სამხრეთ ოსეთში მომგებიანი სამშენებლო კონტრაქტები გააფორმა. ბიზნესმენი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს და აწამეს, მათ შორის, ზოგიერთი ცნობით, ბიზნესმენს "ეგზოტიკურად" - მახრჩობელა გველი ბოათი აშინებდნენ. დამნაშავეები წინა დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის დროს დააკავეს, თუმცა ე.წ. სასამართლომ ალან გაგლოევის "გაპრეზიდენტების" შემდეგ მხოლოდ 8-წლიანი პირობითი სასჯელი დააკისრა სწორედ "პრეზიდენტის" ძმასთან მეგობრობის წყალობით და გამოუშვა ციხიდან.

მას შემდეგ, სულ მცირე, ორი გახმაურებული კრიმინალური სკანდალი მოხდა. 2024 წლის 14 ივლისს ხოხ გაბარაევი, რომელიც "პირობით სასჯელს იხდიდა", მონაწილეობდა ცხინვალის ცენტრში მე-12 სკოლის წინ ძმები კაბისოვების დაჭრაში. მაშინ ამ სროლაში მონაწილეობდა "პრეზიდენტის" ძმა ალიკიც. ძმები კაბისოვები ყოფილი ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის კლანის წევრები არიან და გაგლოევის ბანდას მასთან დიდი დაპირისპირება აქვს. თავდამსხმელები დაინახეს, თითქოს საქმეც აღიძრა, თუმცა გამოძიებამ დამნაშავე "ვერ იპოვა".

მეორე გახმაურებული თავდასხმა მოხდა 2025 წლის 27 აპრილს - ხოხ გაბარაევი და კიდევ ორი პირი სამუშაო საათებში კაბინეტში შეუცვივდნენ დე ფაქტო საბაჟოს უფროსს ალექსანდრე ჩოჩიევს და სცემეს. მაშინვე ითქვა, რომ ეს განგსტერული თავდასხმა დაკავშირებული იყო ჩრდილოვანი ეკონომიკის კონტროლისთვის ბრძოლასთან. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა მილიარდრუბლიანი სიგარეტის კონტრაბანდაზე კონტროლი და ალიკ გაგლოევის ბანდამ და ე.წ. საბაჟოს შეფმა კონტრაბანდული შემოსავლები ვერ გაიყვეს. თვითმხილველი ამ ინციდენტსაც ჰყავდა და თავდამსხმელებიც ამოიცნეს - ხოხ გაბარაევი, ოლეგ ჯაბიევი, კა-გე-ბეს ოფიცერი ვლადისლავ ცხოვრებოვი და სოსლან გაგლოევი. იმდენად დიდი იყო საზოგადოების აღშფოთება ამ განუკითხაობის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა საჩვენებლად რეაგირება მოეხდინა და მეორე დღეს დაიწყო ოპერაცია "პერეხვატი", რა დროსაც 11 პირი დააკავეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა თავდასხმის მონაწილე. მალე ყველა გაათავისუფლეს. რამდენიმე დღეში მილიციას თავად ჩაბარდნენ გაგლოევი და ცხოვრებოვი. გამოძიების შედეგმა ყველა გააკვირვა. ბანდის ლიდერები, ხოხ გაბარაევი და ოლეგ ჯაბიევი, საქმიდან გაუჩინარდნენ, მათი ადგილი "მოხალისემ" დაიკავა, ხოხ გაბარაევის ძმამ სოსლანმა, რომელიც ბანდის წევრია, თუმცა მაშინ დანაშაულის ადგილზე არ იმყოფებოდა. მაშინ ითქვა, რომ ამ ორი ბანდიტის სს საქმიდან გაქრობის მიზეზი მათი 8-წლიანი პირობითი სასჯელი იყო, რომელიც 2022 წელს ბიზნესმენის გატაცების გამო დაეკისრათ, "მოხალისე" სოსლან გაბარაევს კი მხოლოდ ჯარიმა გადაახდევინეს.

ოპოზიციურმა ტელეგრამარხებმა ე.წ. პრეზიდენტისა და მისი კრიმინალი ძმის შესახებ ახალი სკანდალური ინფორმაციაც გაავრცელეს. როგორც "ჭრებაი ყარგანაგი" წერს, სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენპროკურატურის არქივში ინახება საქმე, რომელიც ღალატისა და ტერორიზმის გახმაურებულ სასამართლო პროცესად უნდა ქცეულიყო, მაგრამ ალან გაგლოევმა ჯერ დაზვერვის ოფიცრად ყოფნისას გააყალბა საქმე, შემდეგ კი "პრეზიდენტობისას" საერთოდ გააქრო.

არხის ცნობით, გამოძიების მასალების თანახმად, 2007-2008 წლებში ცხინვალში ტერორისტული თავდასხმების სერია მზადდებოდა. მთავარი სამიზნე სასტუმრო "ალანი" იყო. ხალხის მასობრივი შეკრებისას, უდიდესი საზოგადოებრივი ორგანიზაციის კონგრესის დროს, აფეთქება უნდა მომხდარიყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ უშუალო შემსრულებელი ვინმე ამირან დოგუზოვი იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა კი მას ალექსანდრე (ალიკ) გაგლოევმა გადასცა. როგორც ჩვენებაში დოგუზოვი ამბობს, ის სასტიკად აწამა დაზვერვის ოფიცერმა და აიძულა დამკვეთად ალიკ გაგლოევი არ დაესახელებინა და ყალბი ჩვენება მიეცა. ის ოფიცერი ალან გაგლოევი იყო. 2020 წელს დაკავებულმა მისი წინა ჩვენების გაბათილება მოითხოვა. პროკურატურა გამოძიებას ხელახლა იწყებს. ახალი ჩვენებები და ახალი მტკიცებულებები ჩნდება. თუმცა 2022 წელს სს საქმე კვლავ დაიხურა - ერთ-ერთი ბრალდებული (ალან გაგლოევი) "პრეზიდენტი" გახდა.

ეკატერინე ბასილაია