"თუ დიადობაზე გაქვს პრეტენზია, შენი სიტყვა ბოლომდე უნდა გაიტანო, თორემ აგერ, ყალიბდება მეორე პოლუსი - რუსეთი, როგორც ჩინეთის ქვეშევრდომი, ჩინეთი და ინ - კვირის პალიტრა

"თუ დიადობაზე გაქვს პრეტენზია, შენი სიტყვა ბოლომდე უნდა გაიტანო, თორემ აგერ, ყალიბდება მეორე პოლუსი - რუსეთი, როგორც ჩინეთის ქვეშევრდომი, ჩინეთი და ინდოეთი... არის ვარიანტი, ტრამპი რუსეთ-უკრაინის თემას ჩაეხსნას"

"რუსი პროპაგანდისტებისა და მთავრობის წევრების რიტორიკაში ძალიან გახშირდა ტერმინი "მოლაპარაკება"

18 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ უკრაინული არმია წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს დონეცკის მიმართულებაზე და სასტიკ ბრძოლებში რუსებისთვის საგრძნობი დანაკარგის მიყენებაც შეძლო. მისივე თქმით, უკრაინის არმია ოკუპანტებს ამ მიმართულებაზე სრულფასოვანი შეტევითი ოპერაციის შესაძლებლობას ართმევს, რომელსაც ისინი დიდხანს გეგმავდნენ.

ამ კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინული მიწის 160 კვადრატული კილომეტრი, შვიდი დასახლებული პუნქტი, ხოლო კიდევ 170 კვადრატული კილომეტრი და ცხრა დასახლებული პუნქტი "გაწმენდილია ოკუპანტებისგან".

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ავრცელებს განცხადებას, რომ რუსეთი მზადაა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კომპრომისები მოძებნოს იმ პირობით, თუ უსაფრთხოების სფეროში მოსკოვის კანონიერი ინტერესები დაცული იქნება. მისივე თქმით, "დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სურს, რათა რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების წინაშე არსებული დაბრკოლებები მოიხსნას".

რას ნიშნავს რუსული კომპრომისი, ჩაეხსნება თუ არა უკრაინის თემას ტრამპი თუ პირიქით, ბოლომდე მიჰყვება და გააძლიერებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ამ და სხვა სიახლეებზე გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება:

- ძალიან დიდი ფრონტია და არის მონაკვეთები, სადაც გარდამავალი უპირატესობით მიდის ბრძოლები. დონეცკის შემდეგ ამჟამად ყველაზე ცხელი წერტილი, ალბათ, კუპიანსკია - ეს ორი მიმართულებაა ოპერატიულად გადამწყვეტი. კუპიანსკი მნიშვნელოვნად დასახლებული პუნქტია, ის უკრაინელების მომარაგების ჰაბი იყო და მისი კონტროლით ორივე მხარეა დაინტერესებული. შემოდგომა მოდის, წვიმების სეზონი დაიწყება, შავი თიხოვანი ნიადაგია და რუსებს ძალიან გაუჭირდებათ ღია ველზე გადაადგილება. ამ შემთხვევაში კუპიანსკის ალყაში მოქცევა გაცილებით ძნელია, ამას მეტი დრო, ხალხი და რესურსი სჭირდება. ამდენად, შემოდგომის მოსალოდნელი ამინდების გამო, რუსები ცდილობენ პატარ-პატარა ჯგუფებით შევიდნენ ქალაქში, გამაგრდნენ და ქალაქში გადაიტანონ დაპირისპირება. ამისთვის მათ ახლა კუპიანსკში მეორედ გამოიყენეს (პირველად რუსებმა ასე შეღწევა დაიწყეს ავდეევკაში) გაუქმებული გაზის მილებით გადაადგილება. ეს არის დაახლოებით 10 კმ სიგრძის მილი, რომელიც გადის მდინარე ოსკოლის ფსკერზე. ჩემი მონაცემებით, მილი წყლით არის დატბორილი, მაგრამ პირველადი გადაადგილება რუსებმა მოახერხეს. მილში გადაადგილებისთვის გააკეთეს ბორბლებიანი საკაცეები, დანაკარგის გარეშე მოახერხეს მდინარის მეორე მხარეს გადასვლა. უკრაინელებმა მილი დააზიანეს - ვინაიდან ეს მილი მდინარის ფსკერზე გადის, ალბათ, ნახევრად დაძირული ნაღმის გამოყენებით და ის წყლით დაიტბორა. თუმცა რუსებმა მანამდე შეძლეს გადაადგილება და მარაგების გადატანაც. ახლა ბრძოლები თითქმის კუპიანსკის ცენტრში მიმდინარეობს. უკრაინელების დიდი შეცდომა იქნება, თუ მომზადებული არა აქვთ ჰაბის დუბლირებული ვარიანტი და სიღრმეებში თავდაცვითი ზღუდეები (ჩემი აზრით, მომზადებული აქვთ), ვინაიდან ეს ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს და ნებისმიერი შედეგისთვის შტაბები მზად უნდა იყვნენ, წინასწარ უნდა ჰქონდეთ გამზადებული შემდგომ სიღრმეში განთავსებული როგორც ეშელონი, ასევე მომარაგების ინფრასტრუქტურაც. დობროპოლიეს ე.წ. შვერილს რაც შეეხება, ამჟამად ის ვითარებაა, რომ უკრაინელებმა რუსების პოზიციები ორ ადგილას გახლიჩეს და რუსების ორი დაჯგუფება ალყაშია მოქცეული -– მიკოლაივკა, ვოლოდიმირივკა (ქვედა დაჯგუფება) და მეორე - კუჩერივ-იარის რაიონში (ზედა დაჯგუფება). რუსების ეს ორი დაჯგუფება დრონებით იღებს მომარაგებას, ასევე, დრონები ახორციელებენ ჰაერიდან მათ მხარდაჭერას. რუსების ჯგუფები კუპიანსკში თითქმის 1,5 კმ-ით არიან შესული (ქალაქის სიგანე 3-4 კმ-ია), ანუ თითქმის ნახევრამდე.

ზელენსკიმ წარმატებაში ალბათ იგულისხმა ჩრდილოეთის რაიონში სუმის ოლქის გათავისუფლება, სადაც რუსები პუტინის დავალებით ბუფერული ზონის შექმნას აპირებდნენ, მაგრამ უკრაინელებმა, ფაქტობრივად, ის გაათავისუფლეს და რუსების კონტროლქვეშ სულ რამდენიმე დასახლებული პუნქტი დარჩა.

სხვათა შორის, ერთი ტენდენცია დავიჭირე - რუსი პროპაგანდისტებისა და მთავრობის წევრების რიტორიკაში ძალიან გახშირდა ტერმინი "მოლაპარაკება". ეს რაღაცის მაჩვენებელია, ვინაიდან ახლა რუსეთს არ ულხინს, უკრაინელები აგრძელებენ დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ობიექტებზე, რუსეთში ბევრ დასახლებულ პუნქტში საწვავზე რიგებია და უკვე ტალონებით გაიცემა. ამდენად, მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო მოსახლეობისთვის საწვავი აღარ რჩება. რუსები სულ იმას გაიძახიან, "მშვიდობისთვის მზად ვართ, ოღონდ"... და მერე იწყება დათქმები. ალბათ, დათქმებში ისევ რჩება ის, რომ უკრაინაში არ უნდა იყვნენ ნატოს ძალები, უნდა შეწყდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა, მისი რაოდენობა შემცირდეს, რუსეთს უნდა გადაეცეს ის ტერიტორიები, რომლებიც მათ დაკავებული არა აქვთ, თუმცა კონსტიტუციით მიიღეს (საუბარია ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქებზე - უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე). თუმცა ბოლო საუბრებში რუსები ხერსონსა და ზაპოროჟიეს აღარ ახსენებენ. რუსების კომპრომისის ვარიანტში შესაძლოა უფრო იყოს ასეთი რამ: ზაპოროჟიე და ხარკოვი დარჩეს თქვენთან, მაგრამ დონბასი მთლიანად მოგვეცითო. რუსული კომპრომისი რასაც ნიშნავს, ვიცით -– ის გპირდება, აღარ დაგიხოცავ ხალხსო. ალბათ, ეს არის მისი მხრიდან კომპრომისი.

- ლავროვისავე თქმით, "დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სურს, რათა რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების წინაშე არსებული დაბრკოლებები მოიხსნას". მართლა შეიძლება ტრამპი ჩაეხსნას ამ თემას?

- დიახ, არის ვარიანტი, ტრამპი ამ საქმეს ჩაეხსნას, მაგრამ ჩახსნას თუ აპირებდა, ამას რაც უფრო ადრე იზამდა, მით უკეთესი, უფრო ნათელი იქნებოდა გზები. მთავარია, ტრამპმა უკრაინისთვის იარაღის მიცემა არ შეწყვიტოს, არც წყვეტს და ამაში დიდ ფულსაც იღებს ევროპიდან.

- ტრამპმა განაცხადა, ნატოს ქვეყნებს უკრაინისთვის დიდი რაოდენობით იარაღს მივყიდითო. მისმა ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კიდეც უკრაინისთვის ამერიკული იარაღით დახმარების პირველ პაკეტს, კერძოდ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ელბრიჯ კოლბიმ დაამტკიცა სამხედრო დახმარების ორი ახალი პაკეტი (თითოეულის ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარია). სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი PUღL მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ტრამპმა 14 ივლისს ვაშინგტონში ნატოს გენმდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას გამოაცხადა, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენდნენ.

- ალბათ, მისი მრჩევლები ურჩევენ, თუ დიადობაზე გაქვს პრეტენზია, მაშინ შენი სიტყვა ბოლომდე უნდა გაიტანო, თორემ აგერ, ყალიბდება მეორე პოლუსი - რუსეთი (როგორც ჩინეთის ქვეშევრდომი), ჩინეთი და ინდოეთი. თუმცა იმდენად ფრთხილია ინდოეთი, არა მგონია, ჩინეთის სამხედრო მოკავშირე გახდეს (პოლიტიკურად შეიძლება).

დანიამ განაცხადა, რომ დანიაში უკრაინის საწარმოს ხსნის, სადაც უკრაინული შეიარაღება იქნება წარმოებული. პოლონეთს რომ ვუყურებთ, ისიც იარაღდება, ბელარუსში სწავლების გამო საერთოდ დაუკეტა საზღვარი ბელარუსს. ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს პოლონეთი წარმოადგენს ნატოს შეიარაღებული ძალების 60%-ს და პირველი ქვეყანაა, რომელმაც თავდაცვის მშპ-ს ხარჯები 5%-ზე ასწია. თუ პოლონეთი აქამდე ნატოში იყო ერთ-ერთი კომპონენტი, ვინაიდან ამერიკა იყო ყველაფრის გადამწყვეტი, ბოლო პერიოდში მის დამოუკიდებლად გაძლიერებაზეა საუბარი და საჭიროების შემთხვევაში ემზადებიან რუსების წინააღმდეგ დამოუკიდებლად საომარი მოქმედებების საწარმოებლად. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ აშშ "ტომაჰავკებს" პირველად გერმანიას გადასცემს და ისინი გერმანიაში განთავსდება. ასევე, დრონების შეფრენის შემდეგ პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის თავზე ბრიტანეთის საჰაერო ძალების პატრულირება დაიწყება...

- უკვე გაცხადდა, რომ გერმანია უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის იარაღს და საბრძოლო მასალას შეიძენს. კონკრეტულად რა სამხედრო პროდუქციაზეა საუბარი?

- პრესაში იდება ის ინფორმაცია, რაც უნდა გავრცელდეს, რაც არაა საჭირო, არც შუქდება. რატომ უნდა იცოდნენ რუსებმა, რა შეიარაღება უნდა მიიღოს უკრაინამ და რატომ უნდა მოემზადოს წინასწარ? რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ვინაიდან ეს ახლა უკრაინას ძალიან სჭირდება. რუსებმა გააძლიერეს რეაქტიული "შაჰიდების" გამოყენება, მათ წინააღმდეგ ბრძოლა უფრო რთულია, ვინაიდან სისწრაფე მეტი აქვს, მისი განადგურება რთულდება და შესაბამისად, უკრაინას უკვე სჭირდება არა ძველი, არამედ თანამედროვე შეიარაღება. უკრაინელების არსენალი ჭრელია, მაგრამ თანამედროვდება - მიღებული ძველი შეიარაღება გაიხარჯა და ისინი ახალი, თანამედროვე წარმოების შეიარაღებას იღებენ. რუსები კი ვერაფერს მატებენ თავიანთ შეიარაღებას. მე ვესაუბრე ერთ პირს, რომელიც ყურადღებით აკვირდება ბელარუსში სწავლებას. როგორც მითხრა, რუსებს აბსოლუტურად ახალი არაფერი უჩვენებიათ, მხოლოდ სახმელეთო რობოტები, რომლებიც დადიოდნენ და ტყვიამფრქვევს ისროდნენ, რაც საჩვენებელი უფრო იყო, ვიდრე რეალური. სიახლე არაფერია - არც ტექნიკური, არც ტაქტიკური, არც სტრატეგიული. სხვათა შორის, ამ სწავლების ამოცანებიდან მხოლოდ 40% შესრულდა, თან ერთი ძალზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა - პუტინი სწავლებაზე, როგორც წესი, გერასიმოვთან ერთად მიდის ხოლმე. უცნაურია და ამჟამად გერასიმოვი არ ახლდა.

- ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა კვლავაც ყიდულობს რუსულ ნავთობს და, ფაქტობრივად, აფინანსებენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთისგან ნავთობის შეძენა შეწყვიტონ, ამასთან, ტრამპი მიიჩნევს, რომ "ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინი იძულებული იქნება გარიგებაზე წავიდეს და ომიდან გავიდეს".

- რა ვიცი, ტრამპის მეგობარია ორბანიც და ფიცოც (უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები). მათ მოუწოდოს, თორემ დასავლეთი ნავთობს, ძირითადად, ინდოეთიდან და თურქეთიდან ყიდულობს. თუკი ნავთობზე ფასები დავარდება, რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება. თანხა, რომელიც შედის რუსეთში, შეიარაღებას ხმარდება და ნავთობიდან შემოსავალი რუსეთს თუ შეუმცირდა, ამხელა შეიარაღებული ძალებისთვის ხელფასების გაცემა ძალიან გაუჭირდებათ.

რუსეთს შეუძლია ამ ომში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანოს იმ შემთხვევაში, თუკი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს და შექმნის დამატებით დანაყოფებს, მილიონიან არმიას. ამ მასით და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას მნიშვნელოვანი უპირატესობის მიღწევა. მაგრამ დამატებით მილიონიან არმიას ასევე სჭირდება ჩაცმა, აღჭურვა, მომზადება და ეს პატარა თანხები არაა.

თუკი რუსეთი თანხებს წაართმევს პენსიონერებს, მასწავლებლებს, მოსახლეობას, რომელიც ყველაფერს იტანს და შექმნის დამატებით არმიას, მისი ხარისხი არ იქნება მაღალი, მხოლოდ რაოდენობა იქნება დიდი. ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსებს ექნებათ წარმატების შესაძლებლობა (არ ვამბობ - გამარჯვების). მერე ამას შეიძლება მოჰყვეს სოციალური დაპირისპირება, სოციალური პირობების უფრო გართულება, ამიტომაც არ უნდა პუტინს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება.