რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების დაყოვნებით ტრამპი პუტინს უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის ახალისებს... - კვირის პალიტრა

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების დაყოვნებით ტრამპი პუტინს უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის ახალისებს...

უკრაინაში ომი 1306-ე დღე-ღამეა გრძელდება და არც იმის ნიშანი ჩანს, რომ არათუ მალე დამთავრდება, არამედ დროებით მაინც შეჩერდება, ბრძოლების ასიოდე დღეც და, რუსეთ-უკრაინის ომი ხანგრძლივობით გადაუსწრებს გერმანია-საბჭოთა კავშირის 1941-45 წლების ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ომის ხანგრძლივობასაც კი...

უკრაინაში ომის გახანგრძლივების მთავარი მიზეზი აგრესორი ქვეყნის - რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი სურვილია, რაც არ უნდა დაუჯდეთ მთლიანად დაიპყრონ უკრაინა, ნაწილებად დაშალონ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მიზნით, ხოლო დაქუცმაცებული ქვეყნის დარჩენილ ბოლო ნაწილს სათავეში კრემლის დანიშნული პრორუსული მმართველობა ჩაუდგეს. ამის მისაღწევად კი პუტინის არმიას დრო სჭირდება, რადგან მოსკოვმა დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლო უკრაინის დამცველების ფრონტის ხაზის ჩამოშლა და უკრაინული მიწის თითოეული ახალი დაპყრობილი კვადრატული კილომეტრი მნიშვნელოვან საბრძოლო დანაკარგად უჯდება.

მიუხედავად ამისა, პუტინი აგრძელებს მთავარი მიზნისკენ სვლას და მისი შემაჩერებელი ძალა მთელ მსოფლიოში თითქოს არ მოიძებნება, უფრო სწორად, დასავლეთი ვერ ახერხებს ან არაფერს აკეთებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, რაშიც წამყვანი როლი აშშ-სა და მის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა ეთამაშათ, მაგრამ... აშშ-ის პრეზიდენტი ერთი და იმავეს გამეორებით წრეზე დადის და მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ქმედებები უკვე დიდ დაბნეულობასა და გაღიზიანებას იწვევს.

რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების თაობაზე ტრამპის ახალ-ახალი განცხადებები საოცრად დაემსგავსა ერთმანეთს და ერთგვარი მოჯადოებული წრე შეიკრა, საიდანაც გამოსვლა ტრამპს უკვე აშკარად უჭირს. ტრამპი ბოლო რამდენიმე კვირაა ყოველ ახალ ინტერვიუში თუ ჟურნალისტების სწრაფ შეკითხვებზე ერთსა და იმავეს იმეორებს:

პირველი - "ტანგოს ორი ადამიანი ცეკვავს".

მეორე - "პუტინსა და ზელენსკის ერთმანეთი ისე ეზიზღებათ, რომ მოლაპარაკებისას მეც უნდა ვიჯდე ოთახში".

მესამე - "მე შვიდი ომი შევაჩერე".

მეოთხე - "ეს ჩემი ომი არ არის, ბაიდენის ომია, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა".

აშშ-ის პრეზიდენტი არასოდეს აღიარებს თავის პოლიტიკურ მარცხს, კერძოდ, იმას, რომ არ შეუძლია პუტინის იძულება უკრაინაში ომის შეჩერებაზე, როგორც იქადნებოდა შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ამირჩიეთ პრეზიდენტად და ერთი სატელეფონო ზარით დავამთავრებ რუსეთ-უკრაინის ომსო. ტრამპს არანაირი ბერკეტები არა აქვს, რომ პუტინს აიძულოს უკრაინაში სამხედრო აგრესიის შეჩერება. გასაგები მიზეზების გამო აშშ არ წავა შეიარაღებულ დაპირისპირებაზე „ბირთვული რუსეთის“ წინააღმდეგ.

ბირთვული იარაღის გამოყენების სრული გამორიცხვითაც კი რუსეთის არმია ბევრად ბრძოლისუნარიანი ჩანს, ვიდრე ამერიკული, რადგან უკრაინაში თითქმის ოთხწლიანი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსეთის არმიამ და მისმა სარდლობამ იმხელა საბრძოლო გამოცდილება მიიღეს (თუნდაც უზარმაზარი მსხვერპლის ფასად), რაც ერაყისა თუ ავღანეთის ანტიპარტიზანულ ომებგამოვლილ ამერიკულ არმიასა და მის ოთხვარსკვლავიან გენერლებს არც დასიზმრებიათ.

ერთადერთი, რაც ტრამპს პუტინის "მოსარჯულებლად"“ რჩება, ახალი უმკაცრესი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების დაწესებაა, რასაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ნახევარ წელზე მეტია იმუქრება, მაგრამ ბოლო მომენტში ისევ გადადებს ხოლმე - ანუ ტრამპი ყველანაირ მიზეზს ეძებს, რომ პუტინის რუსეთს მართლაც მტკივნეული ეკონომიკური სანქციები, რომლებიც კრემლის „ომის ბიუჯეტს“ მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს, არ დაუწესოს...

ახალი საბაბი რუსეთზე სანქციების დაწესების გადავადებისა გახდა პრეზიდენტ ტრამპის მორიგი მომიზეზება - ჯერ ევროკავშირმა შეწყვიტოს რუსული ენერგომატარებლების შესყიდვა და დაუწესოს ტარიფები ინდოეთსა და ჩინეთს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო და მერე ამერიკაც იმავეს იზამსო. მაგრამ ევროპაში რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მთავარი შემსყიდველები ხომ სწორედ ის უნგრეთი და სლოვაკეთია, რომელთა პრემიერ-მინისტრები, ორბანი და ფიცო, ტრამპთან „"ჩახუტებული"“ არიან?!

ყოველივე ეს ძალიან მარტივად აიხსნება: პირველი - დასავლეთი თავისი ნატოთი და ევროკავშირით, სამწუხაროდ, არ არის ერთიანი, შეკავშირებული, მონოლითურ მხარე, რომელიც აგრესორი რუსეთის „სურვილებს“ ძირშივე მოთოკავს; მეორე - პრეზიდენტმა ტრამპმა უფრო გააღრმავა ის „ნაპრალი, რაც აშშ-სა და ევროპას შორის ისტორიულად ისედაც იყო; მესამე - თავისი მოუქნელობით, გადაწყვეტილებების მიღების დაგვიანებით, პოლიტიკური სიბეცითა თუ ბიუროკრატიით ევროპამ საკუთარი თავი განსაცდელში ჩააგდო და პუტინის რუსეთისგან მომდინარე საფრთხე მართლაც შეიძლება რეალობად ექცეს აღმოსავლეთ ევროპას, მით უმეტეს, თუკი კრემლმა უკრაინაში სრული სამხედრო გამარჯვება მოიპოვა; მეოთხე - ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ 29 მლნ-კაციანი ჩრდილოეთი კორეა ბევრად დიდ სამხედრო დახმარებას (გინდ სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო საჭურვლით, გინდაც ცოცხალი ძალით) უწევს რუსეთის არმიას უკრაინის დასაპყრობად, ვიდრე 449 მლნ-იანი ევროკავშირი 340 მლნ-იან აშშ-სთან ერთად.

ალასკაზე შეხვედრამ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ტრამპი რუსეთს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს და მხოლოდ დროის გაყვანაზე ითამაშებს, რაც სწორედ კრემლის სტრატეგიულ ინტერესებში შედის - რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს უკრაინის მიწის რამდენიმე კვადრატული კილომეტრის დაპყრობას. ერთ ცუდ დღესაც პუტინის აგრესორი არმია უკრაინის დასავლეთ საზღვრამდეც მიაღწევს და უკრაინის ტერიტორიის ბოლო კვადრატულ კილომეტრებსაც დაიპყრობს, თუკი კარდინალურად არაფერი შეიცვალა.

"თუ ნავთობის ფასი დავარდება, პუტინს არჩევანი არ ექნება, ამ ომიდან გასვლა მოუწევს. და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ,…მე მზად ვარ სხვა რაღაცებიც გავაკეთო, მაგრამ მაშინ არა, როდესაც ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. ნავთობის ფასი თუ დავარდება, ძალიან მარტივად, რუსეთს გარიგება მოუწევს", - განაცხადა 18 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თითქოს პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს სწორად ამბობს, მკაცრი ეკონომიკური სანქციები პუტინს ომის გაგრძელების შესაძლებლობას შეუზღუდავსო, მაგრამ ამასთანავე, ისევ პირობებს უყენებს ევროპას და კვლავ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს, რათა ახალი სანქციების დაწესება კვლავ გადაიდოს.

სანამ დასავლეთის ლიდერებს შორის ასეთი პოლიტიკური „პინგ-პონგი“ მიმდინარეობს, უკრაინა თავისი ძალებით ცდილობს მსოფლიოს უდიდეს „"ბენზოკოლონკას" -“ რუსეთს მტკივნეული დარტყმები მიაყენოს. ომში მონაწილე ქვეყანა, რაც არ უნდა მდიდარი იყოს ნავთობის საბადოებით, ნედლ ნავთობს აუცილებლად სჭირდება ფრაქციული გადამუშავება მაზუთის, დიზელის, ბენზინისა და საავიაციო ნავთის მისაღებად, რათა მისმა ტანკებმა, ჯავშანმანქანებმა, სამხედრო ხომალდებმა, თვითმფრინავებმა და შვეულმფრენებმა ბრძოლის ველზე მოქმედება შეძლონ. ამიტომაც მოწინააღმდეგის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო და დიდი მასშტაბი მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ამერიკული „მფრინავი ციხესიმაგრეები“ ხალიჩისებურად ბომბავდნენ ჰიტლერის არმიისთვის მომუშავე რუმინეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს.

ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები ვერც 21-ე საუკუნის ევროპის ყველაზე დიდ ომში გადაურჩენენ მთავარი სამიზნის როლს - რუსეთი სარაკეტო დარტყმებს აყენებს უკრაინულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს, მაგრამ ვალში არც უკრაინული კამიკაძე-დრონები რჩებიან, რომლებმაც ა.წ.-ის აგვისტოში ერთგვარი რეკორდიც კი დაამყარეს რუსეთის საწვავის გარეშე დატოვებაში - უკრაინული დრონები მისწვდნენ ფრონტის ხაზიდან ათას კმ-ზე მეტად დაშორებულ რუსულ ქარხნებსაც და თანაც არაერთხელ, რასაც რუსეთში უკვე მოჰყვა ბენზინის მწვავე დეფიციტი, რადგან ამ ქარხნების უმეტესობამ დაგვიანებით ან დღემდე ვერ შეძლო საწარმოო პროცესის აღდგენა.

წესით, ბენზინის დეფიციტი ნაკლებად უნდა დაეტყოს რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევების ტემპს უკრაინაზე, რადგან რუსული ტანკები და ჯავშანმანქანები დიზელის საწვავს მოიხმარენ, ხოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები საავიაციო ნავთს. სამაგიეროდ, უბენზინოდაა რუსეთის სხვადასხვა რეგიონის მილიონობით ავტომფლობელი, რომელთა უკმაყოფილების მუხტის ზრდა პუტინის რეჟიმისთვის ახლო მომავალში შეიძლება ბევრად სახიფათო გახდეს, ვიდრე უკრაინის ფრონტზე რუსული ტანკებისთვის დიზელის საწვავის დეფიციტი.

2025 წლის აგვისტოში უკრაინული კამიკაძე-დრონების "დაუპატიჟებელი" სტუმრობა რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე შემდეგი თანმიმდევრობით ხდებოდა: 2 აგვისტო - თავდასხმა რიაზანისა და ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე; 7 აგვისტოს კრასნოდარის აფიპსკის ქარხანაზე (საქართველოს საზღვრიდან 180 კმ-ში); 10 აგვისტოს სარატოვში; 13 აგვისტოს ვოლგოგრადში; 15 აგვისტოს სიზრანში; 19 აგვისტოს ისევ ვოლგოგრადის „ლუკოილის“ ქარხანაზე; 24 აგვისტოს სიზრანისა და ნოვოშახტინსკის ქარხნებზე; 25 აგვისტოს ილსკის ქარხანაზე (ანაპასთან); 28 აგვისტოს კუიბიშევისა და ისევ აფიპსკის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე.

თავდასხმები გაგრძელდა სექტემბერშიც: ბალტიის ზღვაში საჰაერო თავდასხმა რუსულ მსხვილ პორტ პრიმორსკზე, სადაც ნავთობი იტვირთება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებში; ლენინგრადის ოლქში მდებარე კირიშკის უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ისე ააგიზგიზეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა, რომ ძლიერი ხანძარი კოსმოსიდანაც კი ფიქსირდებოდა; შეუტიეს უფის, სარატოვისა და ვოლგოგრადის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებსაც, ასევე, უკრაინიდან რეკორდულად შორს, 1400 კმ-ში მდებარე ბაშკირეთის სალავათის ქარხანას.

რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე სისტემატური დარტყმების შემდეგ მოსკოვმა აკრძალა რუსული ბენზინის ექსპორტი, რაც გარკვეულწილად გააძვირებს ბენზინს მსოფლიოში. სამაგიეროდ, რუსეთის ბიუჯეტს აკლდება ბენზინის ექსპორტიდან მისაღები ასეულობით მლნ დოლარის შემოსავალი, რაც ირიბად თუ პირდაპირ აუცილებლად იმოქმედებს უკრაინაში კრემლის სამხედრო აგრესიის ტემპზე.