გიორგი კანდელაკი: „საერთოდ არა მაქვს შეხება ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ, სასწაული კონცერტი დადგეს“
ყოფილ მოკრივესა და ბიზნესმენს გიორგი კანდელაკს, გორის საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან" ბორის გოგიჩაიშვილს, კანდელაკის ბიზნესპარტნიორ გიორგი ჯალაბაძის ძმას, ქართლოს ჯალაბაძეს და მათთან ერთად დაკავებულ სხვა პირებს: თენგიზ გულორდავას, ალექსანდრე კურტანიძეს, გიორგი ქავთარაძესა და გიორგი ბიბილაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა), ასევე 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გორში არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების ქარხნიდან და უაქციზო სიგარეტების საწყობიდან ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. "ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში - დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისა და წარმოებისთვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები", - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში. არალეგალური სასმელების საწარმო წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა და კუსტარულად ამზადებდა სხვადასხვა დასახელების ქართულ და უცხოურ ბრენდულ ალკოჰოლურ სასმელებს. ამოღებული სასმელის და სიგარეტის ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი ლარი შეადგინოს.
პროკურატურის ინფორმაციით, "ბრალდებულებს გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც აქციზური მარკის გარეშე სისტემატურად ამზადებდნენ ვისკისა და არაყს... რეალიზაციის გასამარტივებლად იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს. წარდგენილი ბრალდება შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".
პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა ყველა პირის პატიმრობა მოითხოვა, პროკურორი ასევე საუბრობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საშიშროებაზეც. ბრალდებულების ადვოკატები ამას არ დაეთანხმნენ და მათი დაცვის პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვდნენ.
სასამართლო პროცესზე რამდენიმე ბრალდებულმა, მათ შორის გიორგი კანდელაკმა, სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. "... საერთოდ არა მაქვს შეხება ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს", - განაცხადა კანდელაკმა.
თუმცა, როგორც ირკვევა, გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ საქმეში სწორედ ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება დევს, სადაც მას თანამონაწილედ ასახელებს.
ადვოკატები ლანა ცერცვაძე და გაგი მოსიაშვილი კანდელაკის გათავისუფლებას 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ, თანახმა იყვნენ პასპორტის ჩამორთმევაზე და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზეც. ადვოკატ ლანა ცერცვაძის თქმით, კანდელაკი წარსულში ნასამართლევი არაა და მას ქვეყანა არაერთხელ უსახელებია. "...გიორგი კანდელაკს ბორის გოგიჩაიშვილთან არანაირი სახის თანხის გადარიცხვა არ უფიქსირდება... არც ერთი ბოთლი რეალიზაციაში არაა გასული და რომელი სარგებლის მიღებაზეა საუბარი?", - განაცხადა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ.
მედიაში უკვე გავრცელდა ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ ფალსიფიცირებული სასმელები რუსული კომპანიის დაკვეთით ჩამოასხეს - პირველ ეტაპზე მის მიერ მოფიქრებული სახელით ("ბორკან") ნაწარმოები ვისკი რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ შეისყიდა, თუმცა შემდეგ რეალიზაციის პრობლემებმა იჩინა თავი. "2020-2021 წლებში რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ, სახელწოდებით "რუსული ღვინის საწარმო სახლი" გამოთქვა ჩემთან სურვილი ვისკის შესყიდვაზე. "ალიდამ" სარეალიზაციოდ დაუმზადა ვისკი, რომელსაც "ბორკან" დავარქვი და გავუგზავნეთ რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიას, მათ მოეწონათ შპს "ალიდას" პროდუქცია და მითხრეს, რომ ვინაიდან მათ ვისკის ხარისხი მოეწონათ, საქართველოში დაგვემზადებინა უაქციზო ბრენდული სახელწოდების ვისკები და არყები. 2024-2025 წლებში შპს "ალიდამ" ჩამოასხა დიდი ოდენობით ბრენდული ვისკი სახელწოდებით "ჩივას რეგალი", არყები "ბელუგა", "გრეი გუსი" და "ბელვედერი", რომელიც უაქციზოა. მათი რეალიზაცია რუსეთში ვერ შევძელი, რის გამოც დავიწყე კლიენტის მოძიება საქართველოში. მთელი ამ პროცესის შესახებ საქმის კურსში იყო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, რომელიც ასევე სრულად ჩაერთო ჩამოსხმული ალკოჰოლური ბრენდული სასმელის რეალიზაციის პროცესში. ისევე როგორც მე, ასევე გიორგი კანდელაკი ვეძებდით პირებს, ვინც მათი შეძენის სურვილს გამოთქვამდნენ, რადგან გიორგი კანდელაკიც, რა თქმა უნდა, მოგებას ნახავდა, ოდენობა დამოკიდებული იყო გაყიდული უაქციზო ალკოჰოლური სასმელის რაოდენობაზე", - წერს თავის ჩვენებაში ბორის გოგიჩაიშვილი.
კანდელაკისა და გოგიჩაიშვილის ურთიერთობაზე ასევე ისაუბრა საქმის პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა. "ბორის გოგიჩაიშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის იყო მიმოწერა, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა მათ დანაშაულს, რომ ისინი უაქციზო ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებდნენ. ბრალდებულები ერთმანეთს წარმოების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს უგზავნიდნენ, რამდენი ბოთლი იქნა დამზადებული და რა დრო დასჭირდებოდა გარკვეული რაოდენობის უაქციზო ალკოჰოლური სასმელის დამზადებას. რეალიზების შესახებ მიმდინარეობს გამოძიება, თუ დადასტურდება, ბრალი დაზუსტდება", - ამბობს პროკურორი. გოგიჩაიშვილის ადვოკატმა თამარ კუჭავამ პროცესზე მისი დაცვის პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. "ბატონ ბორისს უმძიმესი დაავადება აქვს. მისი კოგნიტური ფუნქციები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. სახეზეა სავალდებულო დაცვის უფლება... ბორის გოგიჩაიშვილმა სრულყოფილად საკუთარი საცხოვრებელიც ვერ გაიხსენა. ის ღამის 2 საათზე ადვოკატის გარეშე გამოიკითხა. მისი ჩვენებიდან ახლა შემიძლია ნებისმიერი აბზაცი წავიკითხო და ვთხოვო მას, თუ გაიმეორებს. სწორედ მისი გამოკითხვის ოქმი დაედო გიორგი კანდელაკის ბრალდებას. ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება არის ერთადერთი, რაც კანდელაკის წინააღმდეგაა. ერთადერთი მტკიცებულება საქმეში ამ ორ პირს შორის გაგზავნილი ფოტოსურათია, რომელიც ერთ-ერთ ალკოჰოლურ სასმელს ასახავს, თითქოს ის გაყალბებული იყო. რაც შეეხება გიორგი ბიბილაშვილს, ის ქარხანაში მუშად მუშაობდა. ალექსანდრე კურტანიძე სხვადასხვა ხელშეკრულებებს აფორმებდა. ბატონ ბორისს თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადია აქვს, მეტასტაზური და სწრაფად პროგრესირებადი. ახლახან თავის ტვინის ტრეპანაციაც ჩაუტარდა. თუ მის მიმართ პატიმრობას გამოიყენებთ, ვერ გეტყვით, რომ ერთი კვირაც გაძლებს საპატიმროში... გთავაზობთ 50 000-ლარიან გირაოს. თუ ჩათვლით, რომ ის ამ მდგომარეობაში მოწმეებზე მოახდენს ზემოქმედებას, ჩამოასხამს სასმელს, არ ვიცი... ", - განაცხადა ადვოკატმა თამარ კუჭავამ.
გიორგი კანდელაკის მსგავსად კიდევ ერთი ბრალდებული, ქართლოს ჯალაბაძე, სასამართლოში ირწმუნებოდა, რომ ამ საქმესთან შეხება არ ჰქონია და დაკავებულებიდან მხოლოდ ორ პირს იცნობს. "გიორგი ქავთარაძეს და ბორის გოგიჩაიშვილს ვიცნობ, მათი არც ნომერი მაქვს, მხოლოდ ჩვენი ქალაქიდან - გორიდან ვიცნობ. რატომ ვარ აქ? არც დამირეკავს ვინმესთან, არც შეტყობინება გამიგზავნია. დანარჩენებს არც ვიცნობ. 2023 წელს ჩამოვედი ამერიკიდან. გიორგი კანდელაკი შარშან ვნახე, 22 წლის ძმისშვილი დამეღუპა და მის წლისთავზე. ბატონი ბორისი კი სამძიმარზე ვნახე, იმის შემდეგ თვალითაც არ მინახავს...", - თქვა პროცესზე ჯალაბაძემ.
ბრალდებული თენგიზ გულორდავაც უარყოფს ამ საქმესთან კავშირს. "არც ერთი არ მიცნობს, არც მე ვიცნობ. 2022 წელს გლდანის ციხეში ვიჯექი, 7 თვით ვიყავი დაპატიმრებული, არც დარეკვის საშუალება მქონდა, არც წერილის დაწერის", - განაცხადა თენგიზ გულორდავამ.
დანაშაულს არ აღიარებენ ამავე საქმეზე დაკავებული სხვა პირებიც. თუმცა მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და შვიდივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
კიდევ ერთი დაკავებულის, გრიგოლ ქავთარაძის ადვოკატი მუხრან ღურწკაია მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. "პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, სავსებით საკმარისი იყო სასამართლოს გამოეყენებინა გირაო. თითოეულმა ჩვენმა კოლეგამ და მათ შორის მეც, სოლიდური გირაო შევთავაზეთ, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა", - ამბობს მუხრან ღურწკაია.
საქმის პროკურორის გიორგი ჯავარაშვილის თქმით, საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა: "სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულთა მხრიდან არსებობდა მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე და გამოყენებულ იქნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდგომ ამოღებულ იქნა ყველა ის ნივთმტკიცება, რომლებიც ბრალდების მხარემ და საგამოძიებო ორგანომ მიიჩნიეს, რომ დაკავშირებულია დანაშაულთან".
გამოძიება გრძელდება. რა გაირკვევა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი
გიორგი კანდელაკი ფლობს რესტორნებსა და სასტუმროებს გორში, ვარიანში, ქარელსა და ბორჯომში. არის ტელევიზია "სეზონი ტვ"-ს 100%-იანი წილის მფლობელი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, არის 26 სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი ან მეწილე; საქართველოს "რინგსის" ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელი; კავშირი "სპორტული ლიგის" დამფუძნებელი; "გორელების გაერთიანება" გენერალური დირექტორი; საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელი; "ერთად ძლიერი საქართველოსთვის" გამგეობის თავმჯდომარე და დირექტორი; საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი; "სტალინის ფონდი 2024"-ის დირექტორი; შპს "კრივის ჯგუფის" მეწილე. დაკავებული ქართლოს ჯალაბაძის ძმა გიორგი კანდელაკის ბიზნესპარტნიორია. გიორგი ჯალაბაძე და კანდელაკი ერთად ფლობენ სამშენებლო კომპანია "ვარსკვლავს".