ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა

ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ ძიუდოისტ ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ეს ქმედება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურორ ირაკლი ყვავაძის თქმით, არსებობს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის მომეტებული საფრთხე. პროკურორმა გაიხსენა ზვიადაურის სხვა ბრალდებაც - ის ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, იმყოფება გირაოს ქვეშ, რა დროსაც ახალი დანაშაული ჩაიდინა. პროკურორის თქმით, ამოღებულია ორი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც ერთი გაფორმებული იყო, მეორე კი არა.

როგორც ადვოკატი დათუნა მოდებაძე აღნიშნავს, ზვიადაური გირაოს ქვეშ 3,5 წელია არის, პროკურორის პოზიცია, რომ მოსალოდნელი სასჯელის შიშით შესაძლოა ზვიადაური მიიმალოს, უსაფუძვლოა, რადგან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ზვიადაურს უფრო მკაცრი სასჯელი ელოდება და არ მიმალულა. ადვოკატმა ზვიადაურის მეორე საქმეზეც ისაუბრა: "იმ საქმეში მისი ძმა დაიღუპა. ეს რომ დაინახა, ამის შემდეგ გაისროლა. ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია და ყოფილი დეპუტატი. ახალ დანაშაულს ჩაიდენსო, რომელი ჩაუდენია". თავად ზვიად ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც ადვოკატი დათუნა მოდებაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ზვიადაურს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს, მას იარაღის ტარების უფლება შეზღუდული არ ჰქონდა.

ბოლო წლებში ზურაბ ზვიადაური მედიასთან აღარ გამოჩენილა. ამბები გე-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მათი ოჯახის ახლობელი ირმა ბენდელიანი ამბობს, რომ სპორტსმენი მაშინ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. "მედია ყველაფერს ცალმხრივად აშუქებს. წერს, რომ ზვიადაური მკვლელია. მისი ძმა ვინ მოკლა? - გასაშველებლად და შესარიგებლად მისული ორი ვაჟკაცი მოკლა იმ უბედურმა. კიდევ ბევრს მიაყოლებდა, ზურას რომ არ გაენეიტრალებინა. რაც შეეხება ზურას დაკავებას, ვიცი მხოლოდ ის, რომ იარაღი მოქმედი არ იყო. გასროლა შეუძლებელი იყო იმ ჯართით. ზურა განადგურებული იყო, ფაქტობრივად, ძმის საფლავზე ცხოვრობდა... ხშირად მონასტერში იყო... არ შეარგეს ნანატრი შვილის დაბადება... ზურა ზვიადაური ყველაფერში ჩემპიონია: კაცობაში, სამშობლოს სიყვარულში, ოჯახსა და სამეგობროში. ზურას დედა ზვიადის სანთელთან ერთად მკვლელსაც უნთებს სანთელს... საოცარი ადამიანი იყო ზვიადი, მისნაირი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან... არაფერი არ მოხდებოდა, იმ უბედურს უმისამართო სროლა რომ არ დაეწყო".

ზვიადაური ახალი ბრალდებით ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. რა გაირკვევა გამოძიებით და რას მიუსჯიან ყოფილ სპორტსმენს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წლების წინ მკვლელობაში ბრალდებული გირაოთი გათავისუფლდა

2021 წლის 16 ივლისს, სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს 5 პირი დაიჭრა, მათგან 3 გარდაიცვალა, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. ძალოვანი უწყების ვერსიით, იმ დღეს რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ახმეტის მკვიდრმა ვასილ ცოცხალაშვილმა იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც კენჭოშვილის საპასუხო სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური დაიღუპნენ, ზვიად მაისურაძე და ანზორ შარმელაშვილი კი დაიჭრნენ. პროკურატურის მტკიცებით, ამ კონფლიქტში მონაწილეობდა ზურაბ ზვიადაურიც, რომელმაც საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა 27 წლის ნიკა კენჭოშვილი. მაშინ ზურაბ ზვიადაურს კენჭოშვილის განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს ბრალი. ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ზურაბ ზვიადაური ბრალს არ აღიარებდა. მაშინ დააკავეს ზვიადაურის მეგობარი ჯაბა ჯანგირაშვილიც იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რადგან სწორედ მისი იარაღიდან გაისროლმა ცოცხალაშვილმა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილი - 5 000-ლარიანი გირაოთი.

ამ ფაქტს აპროტესტებდა მოკლული ახალგაზრდის ოჯახი. ამ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ დამდგარა, რადგან ზვიადაურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, მათი შერჩევა კი კვლავ მიმდინარეობს.