„ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე მოგონება“
"რთულ ამოცანას მაძლევთ, უამრავ საინტერესო ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, აღარ ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო", - ამბობს ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე. ის მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად, აფხაზეთში 1992-1993 წლებში თავს გადახდენილ ამბებზე, იქ განცდილ ემოციებზე და პოლიტიკით გათიშული ქართველების დიდ ტკივილზე გვესაუბრება.
"კეთილი მეზღაპრე"
- რადგან ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, მეც ამ პერიოდიდან დავიწყებ და ერთ-ერთ ნათელ სახეს, მამაჩემის სტუდენტობის მეგობარს, ჟურნალისტ რობერტ ძერიას გავიხსენებ. როდესაც მამა რედაქციაში, ხოლო დედა სასწრაფო დახმარების ბრიგადაში ერთსა და იმავე დღეს იყვნენ მორიგეები, ძია რობერტი ჩვენთან სახლში მოდიოდა, ჩემთან და ჩემს ძმასთან რომ დარჩენილიყო. ის ძიძასავით იყო, თუმცა მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი. ძია რობერტი ზღაპრიდან გადმოსული ადამიანი იყო, თავისი გარეგნობითაც კი გამორჩეული. მამას სხვა მეგობრებისგან განსხვავებით, მას ნაადრევი ჭაღარა და უცნაური საუბარი ჰქონდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს მეგრული დიალექტი იყო. მე და ჩემს ძმას ზღაპრებს თითქოს კი არ გვიყვებოდა, გვეჩვენებოდა, რომ გვიმღეროდა. არადა, სამსახურიდან დაღლილი იყო მოსული და ზოგჯერ ზღაპრების მოყოლაში თავად ჩაეძინებოდა ხოლმე. მოგვიანებით იხსენებდა, თურმე მე ახალი ენაადგმული ხელს ვკრავდი და ვთხოვდი, ძია რობერტ, ერთი "ზღაპარიც" რა. ახლაც, როცა მეგრული დიალექტი მესმის, ჩემი ძია რობერტი მახსენდება. ის დიდი ადამიანი იყო, ძალიან პოპულარული გამოცემის "სკოლა და ცხოვრების" რედაქტორი გახდა. მამაჩემი პეტრე ლიკლიკაძე ნაადრევ ასაკში გარდაიცვალა, ოჯახი კი მის თანადგომას მუდმივად ვგრძნობდით. შეიძლება მასთან ურთიერთობამ განსაზღვრა ჩემი პროფესიაც, ყოველმხრივ სამაგალითო ადამიანი იყო.
მამაჩემის თაობას (ჩემს სამეგობროს ნუ ეწყინება) განსხვავებული მეგობრობა ჰქონდათ და ძალიან მიხარია, რომ ჩემს მეგობრებში არიან მამაჩემის თაობის წარმომადგენლებიც.

მამა ფილოლოგი იყო და მათ საუბრებში ყურს მოვკრავდი ხოლმე სიტყვებს: "საქართველოს დამოუკიდებლობა", "სამართლიანობა", "ცენზურა". მამა რომ გარდაიცვალა, 15 წლის ვიყავი, ის მთარგმნელი იყო, ივან ბუნინის "სუხოდოლი" თარგმნა. ჩვენი ღარიბული ბინის მდიდარ ბიბლიოთეკაში კი ბევრ აკრძალულ ავტორს, მათ შორის გრიგოლ რობაქიძის "ჩაკლულ სულს" მივაგენი.
ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მამას მეგობრებმაც დიდი როლი ითამაშეს. საოცარი ხალხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი დრო გავიდა, აღარც ძია რობერტია, აღარც მამაჩემი, სამწუხაროდ, 3 წლის წინ ჩემი ძმაც გამოგვეცალა, ძია რობერტის ორი შვილი და მე განვაგრძობთ მეგობრობას ოჯახებით და იმედი მაქვს, მეგობრული კავშირის დამყარებას ჩვენი შვილებიც შეძლებენ.
ქენან ალიევი - "საბრძოლო" მეგობარი

- პრაღაში, რადიო „"თავისუფლების" სათავო ოფისში, 16 წელი მომიწია ყოფნამ. იმ პერიოდში ჩეხეთში კიდევ ერთი მეგობარი შევიძინე - აზერბაიჯანელი ქენან ალიევი, ის აშშ-ს მოქალაქეა. რადიო "თავისუფლებაში" ჯერ აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორი იყო, შემდეგ კი რადიო თავისუფლებისა და "ამერიკის ხმის" ერთობლივი რუსულენოვანი ტელეპროგრამის "ნასტაიაშჩეე ვრემიას" პირველი ხელმძღვანელი. ქენანთან ერთად ნამყოფი ვარ კიევში. ერთად ვაშუქებდით ნარინჯისფერ და ღირსების რევოლუციებს. ვხუმრობდით, ჩვენი მეგობრობა ბრძოლის ველზე იშვაო. ქენანი ძალიან ნიჭიერი და პრინციპული, სამართლის მოყვარული ჟურნალისტი და მენეჯერია. არ ვიცი, როგორაა ქართულ საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ აშშ-ის კონგრესის მიერ დაფინანსებულ რადიო "თავისუფლების" პრეზიდენტებად, ძალიან ხშირად ინიშნებიან ისეთი ყაიდის ბიუროკრატები, რომლებსაც არ უყვართ თანამშრომლები, რომლებიც შიდა პრობლემებზე საუბრობენ. ან მენეჯმენტის პოზიციას არ ეთანხმებიან. ქენან ალიევი კი თითქმის ყველა "ედიტორიალზე" სათქმელს ხმამაღლა ამბობდა. ამის გამო, ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ სამსახურიდან გაათავისუფლა. არადა, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მენეჯერს, რადიო "თავისუფლების" პრეზიდენტის არაერთი სერტიფიკატი აქვს მიღებული. ეს 4 წლის წინ მოხდა, ქენანმა ამერიკელი ადვოკატები დაიქირავა და აწარმოებს დავას მისი უფლებების აღდგენისთვის. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, როდესაც რადიო "თავისუფლებას" ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრა, დაფინანსების სრული შეწყვეტის წინაშე აღმოჩნდა, ქენანამ თქვა, რომ დროებით აჩერებს სასამართლო დავას და საკითხს მხოლოდ მას შემდეგ მიუბრუნდება, თუ 2026 წელს კონგრესი და თეთრი სახლი განაახლებენ რადიოს დაფინანსებას. მითხრა, რომ რადიო "თავისუფლება" უყვარს, პრობლემა მის ყოფილ და ამჟამინდელ პრეზიდენტებთან აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რადიო გადარჩეს, დანარჩენზე მერე ვილაპარაკებთო. აი, ასეთი ადამიანია ქენანი. როდესაც ჩემი გარკვეული მოსაზრებების გამო, თავად წამოვედი რადიო "თავისუფლებიდან", თითქმის ყოველ მეორე დღეს მკითხულობს და ინტერესდება ჩემი ოჯახით, ჯანმრთელობით, საქართველოში შექმნილი მდგომარეობით. ქენანს უყვარს თქმა, "გულით ქართველი აზერბაიჯანელი ვარ", მეც არ ვრჩები ვალში და ვეუბნები, რომ ყველა ქართველზე დიდი აზერბაიჯანის პატრიოტი ვარ. შემთხვევითი არ არის, რომ ბედმა ამ ადამიანთან შემახვედრა. ის ახლა პრაღაში ცხოვრობს და ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობს.

"კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა ის დღე, როდესაც ქართველ სამხედრო ტყვეს ქართველში გავცვლიდი"
- ჩემი ყველაზე მძიმე მოგონებები აფხაზეთში (1992-1993 წლები) საომარ კონფლიქტს უკავშირდება. იქ ომის დროს ორჯერ ვიყავი. პირველად 1992 წლის ბოლოს, როგორც დამოუკიდებელი გაზეთის "საქართველოს" ჟურნალისტი და შემდეგ 1993 წლის ივლისში, როგორც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული პრესცენტრის წარმომადგენელი. 1992 წლის ივლისში, მოსკოვის შუამავლობით დადებულმა მორიგმა კაბალურმა სამშვიდობო შეთანხმებამ და საქართველოს მხრიდან ამ შეთანხმების ზედმეტად გულმოდგინედ შესრულებამ, საბედისწერო როლი შეასრულა ამ ომში და განაპირობა კიდეც აფხაზეთის დაკარგვა. მთელი უბედურება ის იყო, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ საბრძოლო პოზიციებიდან მოხსნა არტილერია, მძიმე ტექნიკა და ის არა 12 კილომეტრის დაშორებით, არამედ ფოთში გადაისროლა. 1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა მომხრე დაქირავებულმა რაზმებმა, მასირებული შეტევა წამოიწყეს, ვეღარ მოხერხდა ფოთში გადასროლილი ტექნიკის ოპერატიულად უკან, ფრონტის ხაზზე დაბრუნება. ედუარდ შევარდნაძე ენდო რუსეთის მორიგ გარანტიებს, რაც საერთოდ არის საქართველოს ხელისუფლების პრობლემა. შევარდნაძის ამ საქციელს ახსნა არ აქვს. მას ხომ ჰქონდა 1992 წლის სექტემბრის შეთანხმების მწარე მაგალითი?! როდესაც რუსების გარანტიით დადებული სამშვიდობო შეთანხმება აფხაზურმა მხარემ დაარღვია და 2 ოქტომბერს ქალაქი გაგრა ცეცხლით და მახვილით აიღო. განა ივლისის შეთანხმების წინაც, მთლად 2 ივლისს არ განახორციელა გუდაუთის დაჯგუფებამ რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი ცნობილი სადესანტო ოპერაცია ტამიშთან? რუსული ხომალდებით გადმოსროლილი 500-კაციანი კბილებამდე შეიარაღებული დესანტი ზურგიდან შემოეპარა ოჩამჩირის დამცველებს და მარტო პირველ საათებში 100-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დახოცეს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს შემზარავი სურათი 12 ივლისს, როდესაც ათდღიანი ბრძოლების შემდეგ ქართულმა გაერთიანებულმა ძალამ (მათ შორის იყვნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ლოთი ქობალიას რაზმებიც) გაანადგურა და განდევნა მტერი და გახსნა სოხუმი-ოჩამჩირის დამაკავშირებელი გზა. სამხედრო მანქანებში და სახლებში ეყარა დესანტის მიერ დახოცილი ქართველი ჯარისკაცების ცხედრები.
1993 წლის "საქართველოს რესპუბლიკაში" დაიბეჭდა ედუარდ შევარდნაძის მიმართვა სოხუმიდან, მასში არაფერი იყო ნათქვამი რუსეთის როლზე. სახელმწიფოს მეთაური ხალხს ამშვიდებდა, რომ სოხუმისკენ დიდი ძალა მოიწევდა მთელი საქართველოდან და აიმედებდა, რომ სოხუმი არ დაიკარგებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, შევარდნაძემ პირველად ახსენა რუსეთი, რომლის სამხედრო დახმარების იმედი ბოლო წუთამდე ჰქონია. წერდა, რომ "საქართველომ დაიჩოქა", რათა რუსების დახმარება მიეღო. ეს სტატია ამერიკაში წამოსვლამდე კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეროვნულ ბიბლიოთეკაში და რომ იტყვიან, ძველი ჭრილობა გამეხსნა. იმავე ნომერში არის ქრონიკა დასავლეთ საქართველოდან, სადაც ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდია ქალაქს ქალაქზე იღებდა. ექსპრეზიდენტის მომხრე ძალები 29 სექტემბერს უკვე ქუთაისთან იყვნენ მოსულები. ეს ძალიან ცხადად მახსოვს, რადგან 1993 წლის 29 სექტემბერს ქუთაისში ჩემი უფროსი შვილი, ნანო დაიბადა (ნანო ამერიკაში ცხოვრობს და 2025 წლის აგვისტოში პირველი შვილი ნიკო შეეძინა). შესაბამისად, 32 წლის წინ საქართველოს შეიარაღებული ძალები უკვე ქუთაისში იყო გადასული, სამოქალაქო ომი ახალი ძალით მძვინვარებდა, თანამოძმეები ერთმანეთს ვხოცავდით, ერთმანეთს ვატყვევებდით, ვამცირებდით!

მაშინ თავდაცვის მინისტრ გია ყარყარაშვილის ბრძანებით, ტყვეთა გაცვლის საქმეში მის პირად წარმომადგენლად დავინიშნე. საშტაბო კავშირგაბმულობის მანქანის საშუალებით, პირდაპირი კავშირი დავამყარე ლოთი ქობალიასთან, ოქტომბრის ბოლოს დავთქვით ზუგდიდში შეხვედრა, ტყვეების გაცვლაზეც შევთანხმდით. ქუთაისში მდებარე შტაბს ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ციხეში მოწინააღმდეგე მხარის მიერ დატყვევებული მრავალი ჯარისკაცი და ოფიცერი იმყოფებოდა. მე კი ქუთაისში, წინასწარი დაკავების საკნებში, საბრძოლო მოქმედებების დროს დატყვევებულ მეორე მხარეზე მებრძოლ მხოლოდ 5 ტყვეს მივაგენი. ისინი გამოვიყვანე, ჩავსხედით სპეციალურ ავტობუსში და დათქმულ დროს ფოთში ჩავედით. ეს ის დროა, როცა შევარდნაძის ხელისუფლებამ დახმარებისთვის რუსეთს უხმო და მოსკოვმაც მის ორბიტაზე დაბრუნებულ შევარდნაძეს დასახმარებლად შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ძალები გამოუგზავნა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით. ამ ფლოტის ერთი საკონტროლო პოსტი სწორედ ფოთის გასასვლელთან, ჭალადიდისკენ მიმავალ გზაზე, ხიდის გადაღმა, ჭალაში იდგა. შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა საყარაულო ჯიხურთან მიმაცილეს. იქიდან ნამძინარევი, ჩემი ასაკის ოფიცერი გამოვიდა, გავეცანი და ქართულ ენაზე შედგენილი ბრძანება ვაჩვენე. ავუხსენი ვინ ვიყავი, ვინ მახლდა და ზუგდიდისკენ წასვლის ნებართვას რატომ ვითხოვდი. მან ახედ-დახედა დოკუმენტს, ვერაფერი გაიგო და რუსულად უხალისოდ მკითხა, გამაგებინეთ, როდემდე აპირებთ ამ სირობის გაგრძელებას? გავმწარდი, მაგრამ ემოციები დავიოკე. არადა, კაცმა რომ თქვას, რას ამბობდა არასწორს? კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა ის დღე, როდესაც ქართველ სამხედრო ტყვეს ქართველში გავცვლიდი. ფოთამდე ტყვეები ავტობუსით მიმყავდა, იცოდნენ, რომ მათ გაცვლაზე ვმუშაობდი, მაგრამ ვიდრე ჭალადიდის გზას არ დავადექით, ტყვეებს გათავისუფლების იმედს ბოლომდე ვერ ვაძლევდი. როცა თეთრი დროშით ხელში, დაცარიელებული ჭალადიდის გზას დავადექით, მაშინ ყველამ ამოვისუნთქეთ. იზოლატორებში ყოფნის და ფსიქოლოგიური სტრესების გამო, ტყვეები დაღლილები იყვნენ, მაგრამ როცა გაიგეს, ზუგდიდში ფეხით უნდა წავსულიყავით, სიხარულისგან მიფრინავდნენ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა თბილისში ვმუშაობდი, რადიო "თავისუფლების" ქართულ სამსახურში და 2000-იანი წლების საპროტესტო აქციებს ვაშუქებდი, 2 მათგანი შემხვდა და საკუთარი თავი გამახსენეს, რადგან ვერ ვიცანი. გადავეხვიეთ ერთმანეთს ზუსტად ისე, როგორც 32 წლის წინ, როცა ზვიად გამსახურდიას მომხრე ჯარისკაცების დახმარებით, ჩავაღწიეთ ზუგდიდში. სხვათა შორის, ჭალადიდის ბოლოში, პირველ საგუშაგო პოსტზე ორი კბილებამდე შეიარაღებული ჩეჩენი მებრძოლი დაგვხვდა. მითხრეს, აფხაზეთში ცუდ ქართველებს ვებრძოდით, ახლა კი კარგი ქართველების მხარეს ვიბრძვითო. მოშორებით ცეცხლის გარშემო ისხდნენ გამსახურდიას მომხრე გვარდიელები. მათი მეთაური ერთ-ერთი პირველი გვარდიელი ზურაბ ირემაძე იყო. მას მოწინააღმდეგე მხარეს მყოფი ქართველი სამხედროებიც დიდ პატივს სცემდნენ და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ დავით თევზაძის თავდაცვის მინისტრობის დროს ზურაბი საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლად დაინიშნა. ზურაბთან მისი სიცოცხლის ბოლომდე კარგი ურთიერთობა მქონდა. დღემდე შვილებისთვისაც კი არ მომიყოლია ის, რასაც ახლა თქვენ გიამბობთ. აი, ზურაბ ირემაძეს კი, რომელსაც მოგვიანებით, 1998 წლის მაისში გალის მოვლენების დროსაც მოუწია საბრძოლო დავალებების შესრულებამ, უსათუოდ ბევრი ექნებოდა გასახსენებელი. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ადმირალი გაურკვეველ ვითარებაში 2004 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა.
1990-იან წლებში პოლიტიკით გათიშულმა ქართველებმა ერთმანეთს ბევრი ტანჯავა და ტკივილი მივაყენეთ. ამაზე გულწრფელი სინანულით წერს ჩემი მეგობარი გენერალი გიორგი ყარყარაშვილი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში "სამშობლოს ამარა". ასეც არის, შეცდომები ყველამ უნდა ვაღიაროთ და მოვინანიოთ!
თამუნა კვინიკაძე