„მთაში არავინ შეგაწუხებს, შენი თავი შენვე თუ არ შეაწუხე. აქ იალაღზე ვარ და ეს ჩემი სამოთხეა“
ხევსურეთში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი შემორჩა - გოგია გიგაური, იგივე ბლოელი გოგია. მისი ძველი ხევსურული ბანიანი სახლი 2015 წელს ზვავმა დაანგრია, უსახლკაროდ დარჩენილი ბარში მაინც არ ჩამოსულა, ბლოში ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა. მის სოფლამდე სამანქანო გზა არ მიდის, როშკასთან წყდება. ბლოდან როშკამდე 5 კილომეტრია და ხმის გამცემიც იქ ჰყავს - წიკლაურების სამი ოჯახი.
"მე თუ არ დავრჩებოდი, სოფელს სტატუსი არ ექნებოდა. ერთხანობას ის ნასოფლარად ჩაიწერა კიდეც და სტატუსი მე დავაბრუნებინე. აქ ვცხოვრობდი, ვცხოვრობ და კიდევაც ვიცხოვრებ, ბლოს ნასოფლარად არ ვაქცევ... მთა ჩემი ყველაფერია, უფრო მალაღებს, აქ თავისუფალი ვარ", - მეუბნება გოგია გიგაური და თავის ცხოვრებაზე მიყვება:
- მარტოკა ვარ ბლოში, გზას ველოდებით, მუშაობა შარშან დაიწყეს, სოფლის პროგრამით გამოიყო თანხა, თუ არ ვცდები, 30 ათასი ლარი. წესით, მომავალ წელს უნდა დასრულდეს. დენი მზის პანელებზე მაქვს, მყოფნის... რა ვიცი, მეზობლებსაც უნდათ ამოსვლა, არის მსურველი და მეც მათ მოლოდინში ვარ... მითხრეს, სამანქანე გზა როგორც კი მოვა, ეგრევე დავიწყებთ სახლების მშენებლობასო. გამოცოცხლდება ცოტა სოფელი. ადრე ბლოში 50 ოჯახი ცხოვრობდა, აქ ყველას თავისი ნასახლარი აქვს.
1973 წელს დავიბადე, 11 წელი ბარისახოს სკოლა-ინტერნატში ვისწავლე. სკოლაში მამას დავყავდით, თოვლში ბილიკს გაგვიკვალავდა და მე და ჩემი და-ძმა მის ნაფეხურებს მივყვებოდით. ბარისახოდან შაბათ-კვირას ამოვდიოდით, კვირა საღამოს უკან ვბრუნდებოდით. სწავლის პერიოდში ვჭიდაობდი, საკავშირო ტურნირზე მეორე ადგილიც მაქვს აღებული. გივი ლიქოკელთან ვვარჯიშობდი ძიუდოში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში. სულ 15 სპორტსმენი ვიყავით. პირველი თანრიგი მქონდა მოზარდებში, სპორტსკოლაში მიმიწვიეს, უნდა გადავსულიყავი, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს, მითხრეს, მოხულიგნო ელემენტი ხარო. მშობელმა ყველაზე კარგად იცის შვილისა და სხვა ვინ მეტყოდა? მეორე და მესამე თანრიგი ვისაც ჰქონდა, იმათგან გამოვიდა რაღაც, ჩემპიონატები მოიგეს და ვინ იცის, მე რისთვის მიმეღწია. თუმცა არ ვნანობ, სპორტს რომ არ გავყევი, იმ პერიოდში სპორტსმენის ცხოვრება ისეთი იყო, როცა სპორტს თავს ანებებდა, ძალოვან სტრუქტურაში საქმდებოდა, მე კი იქ ვერ გამოვდგებოდი.
სკოლა რომ დავამთავრე, 1991-ში ყიზლარში წავედი ცხვარში 2 წლით. მერე, არეულობის პერიოდში, ჩემი 100 სული ცხვარი გავყიდე და ბლოში დავბრუნდი. ძალიან ცუდი პერიოდი იყო - 90-იანები, "მხედრიონის" პარპაში... მას მერე ჩემს სოფელში ვარ. სოფლის დაცლა 1956-დან დაიწყო, როცა მოსახლეობა გაასახლეს. მამა გუდრუხში ცხოვრობდა, იქ მოჰყვა გადასახლებაში, მაგრამ უკან დაბრუნდა და მერე შეირთო ცოლი -– წიკლაურის ქალი და გავჩნდით მე და ჩემი და-ძმა. ჩემები ახლა თბილისში არიან. ზაფხულობით მაქვს სტუმრიანობა, ჩამოდიან მეგობარ-ნათესავები, ბავშვები, ხალხმრავლობაა და მოლხენა-ქეიფი. მერე მიდის ყველა, მოიწყენ, მაგრამ ამას შეგუებულიც ხარ და წიგნებით ემზადები. თავისუფალ დროს ბევრს ვკითხულობ, შრომა და კითხვა - ესაა ჩემი მაცოცხლებელი. ლექსი როგორ არ დამიწერია, ხევსური და ლექსი არ დაეწეროს, როგორ გამოვა, თუმცა პოეტობას ვერ დავიჩემებ.

როშკაში წიკლაურების სამი ოჯახია. ერთმანეთს ტელეფონით ვეხმიანებით, დიდთოვლობაში ან რაიმე გასაჭირში ერთმანეთის იმედი გვაქვს, აქეთ-იქით მოკითხვაში ვართ...
ჩემი დღე დილის 5-6 საათზე იწყება. სანამ გათენდება, ძროხებს ვწველი, 10 მეწველი მყავს, ხბორებიც, მოზვრებიც, ძაღლებიც, 70 სული ცხვარიც (კახელებისთვის მყავს მიბარებული, ისინი აძოვებენ, ვმეგობრობთ, ვთანამშრომლობთ) და ცხენებიც. ამომყავს ყველი (რძე და ყველია ჩემი შემოსავლის წყარო), თუ სათიბია, ვთიბავ, ვაგროვებ, ვაპურებ შინაურ ცხოველებს. ბოსტნეული, კარტოფილი, მწვანილი მომყავს, იმდენია, მე რომ მყოფნის. შრომაში მიღამდება... თუ სტუმარია, სათანადოდ ვუმასპინძლდები, მარტოკა როცა ვარ, წიგნებს ჩავუჯდები. პირველ რიგში, ამინდის პროგნოზს ვამოწმებ და ამის მიხედვით ვგეგმავ საქმეს.
სანამ მთა ჩაიკეტება, უნდა მოემზადო, შემოდგომაზე მივდივარ დუშეთში, ამომაქვს ფქვილი, შაქარი... რაც მჭირდება, ხანდახან ვერტმფრენით გადმომაქვს, მესაზღვრეები მეხმარებიან. პურსაც მე ვაცხობ, ხაჭაპურსაც და ხინკალსაც ვახვევ...
2015-ის ზამთარში დიდთოვლობა იყო, მე ბარად ვიყავ და ჩემი სახლი ზვავს ჩაეტანა. ბანიანი სახლი მქონდა, დაბზარული კედლებით, ადრეც ყოფილა ზვავი, მაგრამ იმ ზამთარს დახსნილმა კედლებმა დიდ თოვლს ვერ გაუძლო, სახლი დაანგრია... ამის შემდეგ 4 წელი ზამთარ-ზაფხულ კარავში ვცხოვრობდი. მერე მესაზღვრეებმა კოტეჯი ამიშენეს - ერთი ოთახია და წინ პატარა სამზარეულო. შეშით ვთბები, მაქვს გაზის ბალონი და დენიც.
იმისათვის, რომ მთაში დაბრუნების ინტერესი გაჩნდეს, პირობებია საჭირო, პირველ რიგში, გზა. კარგი იქნება სათბურებიც. სოფლის პროგრამაში თუ ჩაიდება, დიდი ხელშეწყობა იქნება ჩვენთვის, მთელი ზამთარი ადამიანი არც უსაქმურად იქნება, სათბურს ამუშავებს, პროდუქტს გაყიდის და იცხოვრებს. საბაგირო გზებიც აუცილებელია, ტურისტები ამოვლენ და ჩავლენ. აქ მესაქონლეობისთვის ხელსაყრელი ტერიტორიაა, ბალახი ასათვისებელია და საქონლით უნდა შეივსოს. არის ანგუსის ჯიშის (ამერიკული გამოყვანილი ჯიშია) საქონელი, მინუს 25 გრადუსს უძლებს, თოვლსა და ყინვაში თავს ჩვეულებრივად გრძნობს და უბალახობის შემთხვევაში შეუძლია ასკილის ღეროებითაც გამოიკვებოს, ხორცის ხარისხიც უმაღლესი აქვს. ძალიან მინდა მყავდეს. აქ დათვი ბინადრობს და საქონელს ერჩის, ცხვარსა და ძროხას ცუდ დღეში ყრის. ჩემებს ძაღლები იცავენ, ეგ მშველის, ყაზბეგური ქოსა ნაგაზები მყავს. დათვი გზად შემხვედრია კიდეც, მაგრამ ჩემკენ არ წამოსულა, გასაქცევი თუ აქვს, თვითონ გერიდება. მგელი შეიძლება სეზონზე ერთხელ გამოჩნდეს...

ფათერაკი არ მახსენდება, თუმცა იყო შემთხვევა, გზაში კინაღამ გავიყინე. 3-4 წლის წინ ბარისახოდან ბლოში ფეხით მოვდიოდი, დიდი თოვლი იყო და მთელი ღამე მომიწია სიარულმა. სავალი თხილამურები თან არ მქონდა და ცარიელა ფეხით მოვაბოტებდი. სიარულში გაყინვას გადავრჩი, როცა გათენდა და მზეც მომწვდა, იმან გამათბო და ეგრევე დამეძინა თოვლზე. გამეღვიძა და გზა გავაგრძელე. მეორე დღესაც ყინვა და ცუდი ამინდი რომ ყოფილიყო, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი...
შეიძლება ვიღაცამ თქვას, ბარში ჩამოვიდეს, რა თავს იკლავს, მოსცლიაო... აგრე თუ იფიქრებ, ბოლოს ინანებ. აქ ვცხოვრობდი, ვცხოვრობ და კიდევაც ვიცხოვრებ, სააკაშვილის დროს ბლო ნასოფლარად ჩაიწერა, მე დავაბრუნებინე სტატუსი. რუკა რო რუკაა, რაიონში, მერიაში რუკაზე სოფელი ბლო არ არის მონიშნული. ქალია მერი და არ მინდოდა რამე მეთქვა, თორემ ცუდად ვეტყოდი... თითქოს შენი სოფლის ტერიტორიის გამოგლეჯა გიწევს. სოფელს საერთო საკუთრებაში უნდა გადაეცეს მიწები, ოღონდ არგასხვისების უფლებით და ყველა დაიწყებს ტერიტორიის ათვისებას და დასახლებას.
სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს. ეგრე აეწყო ცხოვრება, ცოლ-შვილი არ მყოლია. სიყვარულით როგორ არ მყვარებია, აბა, კაცი ისე როგორ იცხოვრებ? მთაში როცა ხარ, გვერდში ცოტა სხვანაირი ქალი უნდა გყავდეს, უნდა ესმოდეს, უყვარდეს აქაობა, ფეხი უნდა აგიწყოს და გვერდში დაგიდგეს. რადგან მთაში ვაპირებ ცხოვრებას, ალთა-ბალთას ვერ ვიქნებით - ერთი ქვეით, ერთი - ზეით. ახლა გზა თუ იქნება, მეზობლები მეყოლება და არემარე გამოცოცხლდება, აზრი მიეცემა ყველაფერს...
მთასა და ბარს შორის განსხვავება იცით, რაშია? – სიწყნარესა და სიმშვიდეში, სისუფთავეში. ზედმეტი ხმაური არ მიყვარს. აქ არაფერი გაწუხებს, შენი თავი შენვე თუ არ შეაწუხე. აქ იალაღზე ვარ და ეს ჩემი სამოთხეა.