"იპოვეთ საკუთარი ბედნიერება, არ დანებდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ!“ - კვირის პალიტრა

"იპოვეთ საკუთარი ბედნიერება, არ დანებდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ!“

"საკუთარ შეცდომებზე "არას" თქმა ვისწავლე", - ამბობს მსახიობი მანანა კოზაკოვა. რა დროს შეუძლია პატიება, რის გამო იღებს საყვედურებს და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- მსახიობი. ჩემს წარმოსახვაში მუდმივად ვთხზავდი სცენებს, ვდგამდი სპექტაკლებს... როდესაც ამ პროფესიას დავეუფლე, ის ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორც ფიქრებში წარმომედგინა.

- ჩემზე ამბობენ...

- რომ ჭოლას ცოლი ვარ.

- ამაზე თქვენი რეაქცია როგორია?

- ძალიან დიდ სიამაყეს განვიცდი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ვეცდებოდი, ბევრი შეცდომა არ დამეშვა. მათ შორის მტკივნეული შეცდომებიც იყო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- "არას" თქმა. როცა გერიდება, რაღაცას ანგარიშს უწევ და არ ამბობ არას, ძალიან ცუდია. მას შემდეგ, რაც "არას" თქმა ვისწავლე, მეტად თავისუფალი გავხდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- იყო მაშინ, როცა ჩემი შიშები გადავლახე. ეს იყო პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც. შიშების დაძლევის პროცესი დღემდე გრძელდება, არც არასდროს დასრულდება, რადგან მუდმივი პროცესია.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ბებიას ჩემი ყოველთვის სჯეროდა. ის პატარა, მეოცნებე მანანას თანამოაზრე იყო და ყველაფერში მეხმარებოდა.

- ბედნიერი ვარ...

- ბედნიერებაა ჩემი ოჯახი, ჩემი თეატრი, ჩემი სამშობლო... სამშობლოს სიყვარულში მოვიკოჭლებთ, მაგრამ მაინც. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პროექტი "აკადემია სახელოსნო 42", წინ ბევრი გეგმები გვაქვს, ამ საქმეში ბოლომდე ჩართული ვარ, ეს ჩემი ახალი როლია. პროფესიულ სცენაზე არაპროფესიონალები, მაგრამ თავიანთ პროფესიებში შემდგარი ადამიანები თამაშობენ და საოცრად ნიჭიერები არიან. მათ აქვთ თეატრის სიყვარული და უდიდესი სურვილი ითამაშონ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- მჯეროდეს მომავლის.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- მეტირება, მალე დასასრულია.

- დასასრულამდე ბევრი დროა.

- დასაწყისია დასასრულის.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- სიყვარული შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ბევრ საკითხში დარწმუნებული არ ვარ.

- თავდაჯერებულობა გაკლიათ?

- ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო საკუთარ თავზე.

- ეს მიდგომა განვითარებაში არ გეხმარებათ?

- მეხმარება. ალბათ რაც არ მომწონს, უფრო მავნე ჩვევeბია, რაც ამდენი ხანი ვერ გადავლახე, თუნდაც თამბაქოს მოხმარება.

- პატიება შემიძლია თუ...

- ადამიანს ჩემი ცხოვრებიდან გავუშვებ.

- დატოვება არ შეგიძლიათ?

- "დატოვებამ" კარგი არაფერი მომიტანა. უფრო ვპატიობ, უფრო მახარებს მისი კარგი და მწყინს ცუდი, მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრებიდან ვუშვებ. წლების წინ გაცილებით მეტს ვპატიობდი და არც ვუშვებდი, ვცდილობდი ურთიერთობა "რესტარტზე" დამეყენებინა, გამომესწორებინა, მაგრამ მერე მივხვდი, როცა ადამაინებს შორის რაღაც ფუჭდება, როცა სვლას სხვადასხვა მიმართულებით იწყებენ, დაშორება სჯობს. ამ მიდგომის სისწორეში საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა.

- ვიბნევი...

- ძუნწ ადამიანებთან, არ ვიცი, რა გავაკეთო, მათ ნაცვლად მრცხვენია და არც მინდა, შესამჩნევი იყოს, ისე ვიქცევი, ვითომ ვერ გავიგე, რა მოხდა.

- ვნანობ...

- ბევრ რამეს, პირველ რიგში იმ შეცდომებს, რომლებიც სხვადასხვა დროს დავუშვი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლიათ...

- უზრდელ, უხამს და მატყუარა ადამიანებს.

- მეზარება...

- თამაში, ვითომ ვერ გავიგე, მაგრამ მიწევს, ყველას ყოველთვის იმას ხომ ვერ ეტყვი, რასაც ფიქრობ.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- სასაცილო იყო. სუნთქვა მეკვროდა და მუცელში პეპლები დაფარფატებდნენ.

- მაკვირვებს...

- პრიმიტიულობა. ზოგჯერ ადამიანები ელემენტარულსაც ვერ ხვდებიან და ვერ ხედავენ.

- მინდა ვიცოდე, პასუხი შეკითხვაზე...

- რატომ არიან ადამიანები ზარმაცები?

- რატომ არიან, რას ფიქრობთ?

- ალბათ დემოტივირებულები არიან, არ სჯერათ, რომ რაღაც გამოუვათ, ცდაც კი არ უნდათ, ურჩევნით ვიღაცას და რაღაცას გადააბრალონ, დინებას მიჰყვნენ. მე საპირისპირო მიმართულებით ცურვა ძალიან მიყვარს, დიდი მოტივაციაა. ახლა რასაც ვაკეთებ, ეს ჩემთვის აბსოლuტურად ახალია, ბოლომდე მოცული ვარ, თითქოს განვითარების ახალი ფანჯარა გაიღო.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ჩემმა შვილმა და შვილიშვილმა. ანდრო უკვე 4 წლის არის, არაჩვეულებრივი ბიჭი გვყავს. თინათინი ჩემს გვერდით არის, ახალ წამოწყებაში მეხმარება, თავის მიმართულებით მუშაობს. კარგია როცა ოჯახის წევრები ერთ საქმეს ემსახურებიან, ერთმანეთის ესმით.

- ვრისკავ...

- თამამად, მაგრამ გაუაზრებელ რისკზე არასდროს მივდივარ. კაზინოში არასდროს შევალ, მაგრამ ჩემს პროფესიასთან და ცოდნასთან რაც ახლოს არის, იქ თამამად ვრისკავ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- მიხარია, მსიამოვნებს.

- მეშინია...

- ახლობლების დაკარგვის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- აქტიურობის გამო. მე ვარ ადამიანი, ვისაც შეუძლია, 24/7 ვიმუშაო და ადამიანები დავღალო.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- კინოში გადაღება.

- შემოთავაზებები იყო და უარი თქვით?

- ბევრჯერ. შეიძლება ეს შიში იყო, შეიძლება არ ვიყავი საკმაოდ თავისუფლალი და სცენები იყო თავისუფალი.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- თვალის დახუჭვა უზრდელობაზე.

- ვიტყუები, როცა...

- სიმართლეს ვერ ვამბობ. მაშინ როცა ის სიმართლე მწარეა. მწარე სიმართლის თქმა არ მიყვარს.

- თავისუფლება...

- ეს უდიდესი კანონმორჩილებაა, სწორი სამოქალაქო პოზიციის ქონა, იმის ცოდნაა, რის უფლება გაქვს და რის - არა. ნებისმიერ ქმედებაზე უნდა გქონდეს პასუხისმგებლობა აღებული.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- უბედური ვიქნებოდი. მგონია, თავისუფლებას დავკარგავდი და ეს არ მინდა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- მარტო დარჩენა მშველის. მარტოობა ბევრნაირ სიტუაციაში ძალიან კარგია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ბებიამ მასწავლა, რომ ბოდიშის მოხდა არ არის სირცხვილი.

- დაბოლოს გეტყვით...

- იპოვეთ საკუთარი ბედნიერება, არ დანებდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ!

თამუნა კვინიკაძე