„კანცეროგენებს შეიცავს ნებისმიერი შემწვარი პროდუქტი, რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მზადდება“ - კვირის პალიტრა

„კანცეროგენებს შეიცავს ნებისმიერი შემწვარი პროდუქტი, რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მზადდება“

კანცეროგენები ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც სიმსივნის პროვოცირებას იწვევენ. ეს ნივთიერებები ადამიანს ყოველ ნაბიჯზე ხვდება, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი ჩვენი ყოფის განუყოფელი ნაწილია.

ყველაზე სახიფათო კანცეროგენებზე გვესაუბრება სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული:

- კანცეროგენებს არაერთი საკვები შეიცავს, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია ძეხვეულს, შაშხს, სოსისებს და ისეთ ხორცეულს, რომელშიც დიდი რაოდენობით შედის საკვები დანამატები, ნიტრიტები და სხვა ნივთიერებები. თუ ამ პროდუქციის მწარმოებელი ნორმებს არ დაიცავს, მისი პროდუქცია ჯანმრთელობისთვის სახიფათო იქნება. დადგენილია, ესა თუ ის დანამატი რა დოზით უნდა იყოს საკვებში და მეწარმემ ეს დოზები უნდა დაიცვას. სარისკო პროდუქტების ჩამონათვალში შედის შებოლილი ხორცპროდუქტები, რომლებსაც ნიტრიტები სასიამოვნო ფერსა და გემოს აძლევს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს მათი შებოლვის ხანგრძლივობასა და მეთოდებს. დიდი ხნის განმავლობაში ხორცის შებოლვა დაუშვებელია, რადგან ამ დროს ისეთი ნივთიერებები წარმოიქმნება, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

საფუვრებით დამზადებული ცომეულიც შეიცავს კანცეროგენებს. მაგალითად, თუ ხაჭაპური ან ლობიანი სპრედით არის გამომცხვარი, ის შეიძლება შეიცავდეს ტრანსცხიმებს, რომლებიც არა მარტო სიმსივნეების, არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ტრანსცხიმებს ხშირად შეიცავს მარგარინი და მისი მსგავსი პროდუქტებიც.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეთის გაცხელების და დამუშავების პროცესი. ყველა ზეთს აქვს ე.წ. კვამლის წერტილი ანუ ის წერტილი, როცა ზეთი წვას და მავნე ნივთიერებების გამოყოფას იწყებს. მაგალითად, რაფინირებული ზეთის `კვამლის წერტილი~ 230 გრადუსამდეა ანუ ამ ტემპერატურამდე გაცხელებას უძლებს. როდესაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე იწვება, ზეთი მავნე ნივთიერებების გამოყოფას იწყებს, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია. არარაფინირებულ ზეთს `კვამლის წერტილი~ უფრო დაბალი აქვს, ამიტომ მისი გაცხელება ისე, როგორც რაფინირებულ ზეთს ვაცხელებთ, არ შეიძლება. ამგვარი ზეთის მეორედ გაცხელებაც არ შეიძლება - ის მაშინვე უნდა გამოვიყენოთ.

კანცეროგენებს შეიცავს ნებისმიერი შემწვარი პროდუქტი, რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მზადდება. ამ დროს დიდი რაოდენობით ტრანსცხიმები წარმოიქმნება. ძალიან ბევრი კანცეროგენი წარმოიქმნება პროდუქტის მზესუმზირის ზეთში შეწვისას და გაცილებით ნაკლები - კარაქში ან ერბოში.

ძალიან საშიში ნივთიერებაა აკრელამიდი, რომელიც ასევე საკვების დამუშავების დროს წარმოიქმნება, მაგალითად, ისეთი პროდუქტების მაღალ ტემპერატურაზე წვის დროს, როგორიცაა კარტოფილი-ფრი. ფრი სპეციალურ აპარატში იწვება და თუ იქ დიდხანს გააჩერებენ, სწორედ მაშინ წარმოიქმნება სახიფათო კანცეროგენი - აკრელამიდი. ამიტომ ნებისმიერმა მეწარმემ, რომელიც კარტოფილი-ფრის წვავს, დროის და ტემპერატურის სტანდარტი მკაცრად უნდა დაიცვას. თუ ფრის მოყავისფრო ელფერი დაჰკრავს, ესე იგი, ჯანმრთელობისთვის საშიშია.

- თამბაქოშიც ხომ საშიში კანცეროგენებია?

- თამბაქო ქიმიური კანცეროგენების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ქალებშიც და მამაკაცებშიც ძალიან გავრცელებულია ფილტვის კიბო, რომელიც უმეტესად მწეველებში ვითარდება.

საშიში კანცეროგენია ბენზინიც: როდესაც ის იწვის, დიდი ოდენობით ტყვია გამოიყოფა, რომელიც ჰაერში იფრქვევა. ამიტომაა, რომ გზის პირას გამოტანილი პროდუქტები საზიანოა და არ უნდა შევიძინოთ. მავნე ნივთიერებებს აქტიურად იწოვს მცენარეები, ხილი და ბოსტნეული, რომელიც დიდ მაგისტრალებსა და ტრასებთან ახლოს მოჰყავთ. ამიტომ გზის პირას მოყვანილი პროდუქტების შეძენას უნდა ვერიდოთ. ადრე გზის პირას სპეციალურად რგავდნენ კაკლებს, რადგან ეს მცენარეები ტყვიას ისრუტავდნენ და ის უფრო დიდ ტერიტორიაზე აღარ ვრცელდებოდა. ამიტომ ადამიანმა გზის პირას გახარებული კაკლის ნაყოფიც არ უნდა მოიხმაროს.

- ცნობილია, რომ კანცეროგენებს აზბესტი და ნიკელიც შეიცავს, ამის თაობაზე რას გვეტყვით?

- ნიკელის ჭურჭელი ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო და ახლაც ბევრ ოჯახში ინახება, რაც ნამდვილად არ არის სასურველი. იგივე ითქმის აზბესტის შესახებაც:

შიფერი არაერთ ქვეყანაში და საქართველოშიც გადასახური მასალა იყო. მტვერი, რომელსაც შიფერი დროთა განმავლობაში გამოყოფს, ერთ-ერთი საშიში კანცეროგენია, ამიტომ ის ხალხი, რომელიც შიფერს ჭრის ან ამუშავებს, ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა. დღესდღეობით შიფერი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკრძალულია, აღარ იყენებენ.

მეტისმეტი გარუჯვაც არ არის კარგი, რადგან კანის კიბოს განვითარებას იწვევს. დიდხანს მზეზე ყოფნა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება კანის კიბოს რისკს ზრდის, ამიტომ განსაკუთრებით საშიშია ხელოვნური რუჯი, რომელსაც სოლარიუმებში იღებენ, რადგან სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები უფრო საფრთხის შემცველია. საერთოდ, ულტრაიისფერი სხივები მზის სინათლის ნაწილია და მისი ხელოვნური ვარიანტი ადამიანისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე ბუნებრივი.

სწორედ ეს და სხვა ფაქტორები განაპირობებს, რომ სიმსივნური დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავებულია. ამის მიზეზი უამრავია: არაჯანსაღი კვება, არასწორად მომზადებული მავნე საკვები, ტყვიით გაჯერებული, მოწამლული ჰაერი, უხარისხო საწვავის მავნე გამონაბოლქვი...

ხათუნა ჩიგოგიძე