როგორ ინარჩუნებენ სილამაზეს იაპონელი ქალები
იაპონელი ქალების უჩვეულო, ეგზოტიკური სილამაზით არაერთი უცხოელი მოხიბლულა. ამ უძველეს ქვეყანას განსაკუთრებით გაუთქვეს სახელი გეიშებმა, რომლებიც საოცარი ხიბლითა და დახვეწილობით გამოირჩეოდნენ. ამ ქვეყნის სტუმრები გაოცებით ამბობენ, რომ 35-40 წლის იაპონელი ქალი შეიძლება 20 წლის გოგონას ჰგავდეს. ამომავალი მზის ქვეყანაში მცხოვრები ქალები დიდხანს ცოცხლობენ, კარგა ხანს ინარჩუნებენ ახალგაზრდულ იერს და შესანიშნავად გამოიყურებიან.
რაში მდგომარეობს იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლო? - ამის გარკვევაში ფიტოთერაპევტი, კოსმეტოლოგი ანა ნიშნიანიძე დაგვეხმარება:
იდეალური რაციონი
იაპონელი ქალების სილამაზისა და დღეგრძელობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათივე რაციონია - მათი ყოველდღიური საკვები მდიდარი და მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადი ადგილი უკავია თევზეულს, ხილსა და ბოსტნეულს, სოიას, ბრინჯსა და მწვანე ჩაის. იაპონელი ქალები იშვიათად ეტანებიან მაღალკალორიულ საკვებს, რის გამოც ფორმას ადვილად ინარჩუნებენ. სამაგიეროდ, ჭამენ მაღალი ხარისხის ადგილობრივ ბრინჯს, რომელსაც იაპონიაში პურის ნაცვლად მოიხმარენ. იაპონელი ქალები ბრინჯს არც მარილს უმატებენ და არც ცხიმს. სწორედ ესაა მთავარი საიდუმლო მათი ახალგაზრდული, ჰაეროვანი აღნაგობისა. საიდან იციან, რომ ბრინჯი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა? - სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხს, რითაც თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობას იცავს.
იაპონელები მოშუშულ, გრილზე შემწვარ ან ორთქლზე დამუშავებულ საკვებს ჭამენ და ძალიან ცოტა ცხიმს იყენებენ. იკვებებიან მცირე ულუფებით.
უარი ტკბილეულს...
- იაპონურ კულტურაში შინაგანი ჰარმონია და სიმშვიდე უმთავრესია. მედიტაცია, ბუნებასთან კავშირი და სუფთა ჰაერზე ყოფნა მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია. დიდ ყურადღებას აქცევენ ძილს და ჰიგიენას - ცხადია, ეს ორი ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის გარეგნობაზე.
არანაირი საფუარი, კრემიანი ნამცხვრები და ტორტის მოზრდილი ნაჭერი. ამ ქვეყანაში ნაყინსაც ბრინჯისგან ამზადებენ.
ქალური ხრიკები ამომავალი მზის ქვეყნიდან
- კანის გაწმენდა და დატენიანება იაპონელი ქალების ყოველდღიური რუტინაა. ისინი აუცილებლად იშორებენ მაკიაჟს სახეზე და ამ პროცედურას სახის მკვებავი რძით ან ლოსიონით ატარებენ. დამატენიანებელ თუ მკვებავ საცხებს დიდი ყურადღებით არჩევენ, იშვიათად ენდობიან მეგობრის რჩევას ან ხმაურიან რეკლამებს.
ამომავალი მზის ქვეყნის მცხოვრებთა აზრით, კანისთვის აუცილებელია ცხელი აბაზანა კვირაში ორჯერ მაინც. იდეალურია, თუ აბაზანას ძილის წინ მიიღებთ, ეს ხელს შეგიწყობთ დაძაბულობის მოხსნაში. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად დაუმატეთ წყალს ზღვის მარილი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა მკვდარი უჯრედების აღსადგენად.
იაპონელ ქალებს არ უყვართ მეტისმეტად გარუჯვა. კარგად იციან, რომ მცხუნვარე მზე კანს აბერებს და პიგმენტური ლაქების გაჩენას უწყობს ხელს.
ამომავალი მზის ქვეყნის ქალების უმრავლესობა ლაზერულ სხივებს და პლასტიკურ ქირურგიას უარყოფითად აფასებს: ჯერ ერთი, ეს ძვირი სიამოვნებაა და მეორეც - მსგავსი მეთოდების გამოყენება ორგანიზმისთვის დიდი სტრესია. იაპონურ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში უპირატესობას მასაჟს და ტრადიციულ პროცედურებს ანიჭებენ, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება. ნატურალური საშუალებების გამოყენება მათ გარეგნობაზე დადებითად აისახება.
იაპონელ ქალებს არ ეზარებათ მცენარეული ნიღბების მომზადება და გამოყენება. გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ძალიან პოპულარულია და საუკეთესოდ მოქმედებს სახის კანზე:
2-3 სუფრის კოვზი ბრინჯი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ ისე, რომ დარბილდეს. გადაწურეთ ნახარში და შეინახეთ, რადგან ის სასარგებლო ძვირფასი სითხეა თქვენი კანისთვის. გარეცხეთ ბრინჯი თბილი წყლით და მისგან ერთგვარი პიურე გააკეთეთ. ჯერ კიდევ თბილი მასა გაწმენდილ სახეზე წაისვით, 15-20 წუთით დაიტოვეთ და ბოლოს ბრინჯის ნახარშით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ეს პროცედურა 2-3-ჯერ კვირაში და შედეგს რამდენიმე კვირაში იხილავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე