"დღემდე შვილებისთვისაც კი არ მომიყოლია ის, რასაც ახლა თქვენ გიამბობთ" - "კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ქართველ სამხედრო ტყვეს ქართველში გავცვლიდი"
გთავაზობთ ეპიზოდს ჟურნალისტ კობა ლიკლიკაძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 22 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა. ინტერვიუს ერთ-ერთ ეპიზოდში კობა ლიკლიკაძე აფხაზეთისა და სამოქალაქო ომზე საუბრობს.
- ჩემი ყველაზე მძიმე მოგონებები აფხაზეთში (1992-1993 წლები) საომარ კონფლიქტს უკავშირდება. იქ ომის დროს ორჯერ ვიყავი. პირველად 1992 წლის ბოლოს, როგორც დამოუკიდებელი გაზეთის "საქართველოს" ჟურნალისტი და შემდეგ 1993 წლის ივლისში, როგორც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული პრესცენტრის წარმომადგენელი. 1993 წლის ივლისში, მოსკოვის შუამავლობით დადებულმა მორიგმა კაბალურმა სამშვიდობო შეთანხმებამ და საქართველოს მხრიდან ამ შეთანხმების ზედმეტად გულმოდგინედ შესრულებამ, საბედისწერო როლი შეასრულა ამ ომში და განაპირობა კიდეც აფხაზეთის დაკარგვა.
მთელი უბედურება ის იყო, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ საბრძოლო პოზიციებიდან მოხსნა არტილერია, მძიმე ტექნიკა და ის არა 12 კილომეტრის დაშორებით, არამედ ფოთში გადაისროლა. 1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა მომხრე დაქირავებულმა რაზმებმა, მასირებული შეტევა წამოიწყეს, ვეღარ მოხერხდა ფოთში გადასროლილი ტექნიკის ოპერატიულად უკან, ფრონტის ხაზზე დაბრუნება. ედუარდ შევარდნაძე ენდო რუსეთის მორიგ გარანტიებს, რაც საერთოდ არის საქართველოს ხელისუფლების პრობლემა.
შევარდნაძის ამ საქციელს ახსნა არ აქვს. მას ხომ ჰქონდა 1992 წლის სექტემბრის შეთანხმების მწარე მაგალითი?! როდესაც რუსების გარანტიით დადებული სამშვიდობო შეთანხმება აფხაზურმა მხარემ დაარღვია და 2 ოქტომბერს ქალაქი გაგრა ცეცხლით და მახვილით აიღო. განა ივლისის შეთანხმების წინაც, მთლად 2 ივლისს არ განახორციელა გუდაუთის დაჯგუფებამ რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი ცნობილი სადესანტო ოპერაცია ტამიშთან? რუსული ხომალდებით გადმოსროლილი 500-კაციანი კბილებამდე შეიარაღებული დესანტი ზურგიდან შემოეპარა ოჩამჩირის დამცველებს და მარტო პირველ საათებში 100-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დახოცეს.
ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს შემზარავი სურათი 12 ივლისს, როდესაც ათდღიანი ბრძოლების შემდეგ ქართულმა გაერთიანებულმა ძალამ (მათ შორის იყვნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ლოთი ქობალიას რაზმებიც) გაანადგურა და განდევნა მტერი და გახსნა სოხუმი-ოჩამჩირის დამაკავშირებელი გზა. სამხედრო მანქანებში და სახლებში ეყარა დესანტის მიერ დახოცილი ქართველი ჯარისკაცების ცხედრები.
1993 წლის 25 სექტემბრის გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" დაიბეჭდა ედუარდ შევარდნაძის მიმართვა სოხუმიდან, მასში არაფერი იყო ნათქვამი რუსეთის როლზე. სახელმწიფოს მეთაური ხალხს ამშვიდებდა, რომ სოხუმისკენ დიდი ძალა მოიწევდა მთელი საქართველოდან და აიმედებდა, რომ სოხუმი არ დაიკარგებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, შევარდნაძემ პირველად ახსენა რუსეთი, რომლის სამხედრო დახმარების იმედი ბოლო წუთამდე ჰქონია. წერდა, რომ "საქართველომ დაიჩოქა", რათა რუსების დახმარება მიეღო. ეს სტატია ამერიკაში წამოსვლამდე კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეროვნულ ბიბლიოთეკაში და რომ იტყვიან, ძველი ჭრილობა გამეხსნა. იმავე ნომერში არის ქრონიკა დასავლეთ საქართველოდან, სადაც ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდია ქალაქს ქალაქზე იღებდა. ექსპრეზიდენტის მომხრე ძალები 29 სექტემბერს უკვე ქუთაისთან იყვნენ მოსულები. ეს ძალიან ცხადად მახსოვს, რადგან 1993 წლის 29 სექტემბერს ქუთაისში ჩემი უფროსი შვილი, ნანო დაიბადა (ნანო ამერიკაში ცხოვრობს და 2025 წლის აგვისტოში პირველი შვილი ნიკო შეეძინა). შესაბამისად, 32 წლის წინ საქართველოს შეიარაღებული ძალები უკვე ქუთაისში იყო გადასული, სამოქალაქო ომი ახალი ძალით მძვინვარებდა, თანამოძმეები ერთმანეთს ვხოცავდით, ერთმანეთს ვატყვევებდით, ვამცირებდით!
მაშინ თავდაცვის მინისტრ გია ყარყარაშვილის ბრძანებით, ტყვეთა გაცვლის საქმეში მის პირად წარმომადგენლად დავინიშნე. საშტაბო კავშირგაბმულობის მანქანის საშუალებით, პირდაპირი კავშირი დავამყარე ლოთი ქობალიასთან, ოქტომბრის ბოლოს დავთქვით ზუგდიდში შეხვედრა, ტყვეების გაცვლაზეც შევთანხმდით. ქუთაისში მდებარე შტაბს ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ციხეში მოწინააღმდეგე მხარის მიერ დატყვევებული მრავალი ჯარისკაცი და ოფიცერი იმყოფებოდა. მე კი ქუთაისში, წინასწარი დაკავების საკნებში, საბრძოლო მოქმედებების დროს დატყვევებულ მეორე მხარეზე მებრძოლ მხოლოდ 5 ტყვეს მივაგენი. ისინი გამოვიყვანე, ჩავსხედით სპეციალურ ავტობუსში და დათქმულ დროს ფოთში ჩავედით. ეს ის დროა, როცა შევარდნაძის ხელისუფლებამ დახმარებისთვის რუსეთს უხმო და მოსკოვმაც მის ორბიტაზე დაბრუნებულ შევარდნაძეს დასახმარებლად შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ძალები გამოუგზავნა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით. ამ ფლოტის ერთი საკონტროლო პოსტი სწორედ ფოთის გასასვლელთან, ჭალადიდისკენ მიმავალ გზაზე, ხიდის გადაღმა, ჭალაში იდგა.
შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა საყარაულო ჯიხურთან მიმაცილეს. იქიდან ნამძინარევი, ჩემი ასაკის ოფიცერი გამოვიდა, გავეცანი და ქართულ ენაზე შედგენილი ბრძანება ვაჩვენე. ავუხსენი ვინ ვიყავი, ვინ მახლდა და ზუგდიდისკენ წასვლის ნებართვას რატომ ვითხოვდი. მან ახედ-დახედა დოკუმენტს, ვერაფერი გაიგო და რუსულად უხალისოდ მკითხა, გამაგებინეთ, როდემდე აპირებთ ამ სირობის გაგრძელებას?
გავმწარდი, მაგრამ ემოციები დავიოკე. არადა, კაცმა რომ თქვას, რას ამბობდა არასწორს? კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა ის დღე, როდესაც ქართველ სამხედრო ტყვეს ქართველში გავცვლიდი. ფოთამდე ტყვეები ავტობუსით მიმყავდა, იცოდნენ, რომ მათ გაცვლაზე ვმუშაობდი, მაგრამ ვიდრე ჭალადიდის გზას არ დავადექით, ტყვეებს გათავისუფლების იმედს ბოლომდე ვერ ვაძლევდი. როცა თეთრი დროშით ხელში, დაცარიელებული ჭალადიდის გზას დავადექით, მაშინ ყველამ ამოვისუნთქეთ. იზოლატორებში ყოფნის და ფსიქოლოგიური სტრესების გამო, ტყვეები დაღლილები იყვნენ, მაგრამ როცა გაიგეს, ზუგდიდში ფეხით უნდა წავსულიყავით, სიხარულისგან მიფრინავდნენ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა თბილისში ვმუშაობდი, რადიო "თავისუფლების" ქართულ სამსახურში და 2000-იანი წლების საპროტესტო აქციებს ვაშუქებდი, 2 მათგანი შემხვდა და საკუთარი თავი გამახსენეს, რადგან ვერ ვიცანი. გადავეხვიეთ ერთმანეთს ზუსტად ისე, როგორც 32 წლის წინ, როცა ზვიად გამსახურდიას მომხრე ჯარისკაცების დახმარებით, ჩავაღწიეთ ზუგდიდში. სხვათა შორის, ჭალადიდის ბოლოში, პირველ საგუშაგო პოსტზე ორი კბილებამდე შეიარაღებული ჩეჩენი მებრძოლი დაგვხვდა. მითხრეს, აფხაზეთში ცუდ ქართველებს ვებრძოდით, ახლა კი კარგი ქართველების მხარეს ვიბრძვითო. მოშორებით ცეცხლის გარშემო ისხდნენ გამსახურდიას მომხრე გვარდიელები. მათი მეთაური ერთ-ერთი პირველი გვარდიელი ზურაბ ირემაძე იყო. მას მოწინააღმდეგე მხარეს მყოფი ქართველი სამხედროებიც დიდ პატივს სცემდნენ და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ დავით თევზაძის თავდაცვის მინისტრობის დროს ზურაბი საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლად დაინიშნა. ზურაბთან მისი სიცოცხლის ბოლომდე კარგი ურთიერთობა მქონდა. დღემდე შვილებისთვისაც კი არ მომიყოლია ის, რასაც ახლა თქვენ გიამბობთ. აი, ზურაბ ირემაძეს კი, რომელსაც მოგვიანებით, 1998 წლის მაისში გალის მოვლენების დროსაც მოუწია საბრძოლო დავალებების შესრულებამ, უსათუოდ ბევრი ექნებოდა გასახსენებელი. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ადმირალი გაურკვეველ ვითარებაში 2004 წლის 13 აგისტოს გარდაიცვალა.
1990-იან წლებში პოლიტიკით გათიშულმა ქართველებმა ერთმანეთს ბევრი ტანჯავა და ტკივილი მივაყენეთ. ამაზე გულწრფელი სინანულით წერს ჩემი მეგობარი გენერალი გიორგი ყარყარაშვილი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში "სამშობლოს ამარა". ასეც არის, შეცდომები ყველამ უნდა ვაღიაროთ და მოვინანიოთ!