ისტორიული ამბავი: პუტინს ბერიაშვილის "ჩაიკები" აუფეთქეს - უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაცია - კვირის პალიტრა

ისტორიული ამბავი: პუტინს ბერიაშვილის "ჩაიკები" აუფეთქეს - უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაცია

რუსეთ-უკრაინის ომი თავისი სისასტიკით და დაუნდობლობით მეორე მსოფლიო ომის საშინელებებსაც კი გასცდა, რასაც ლოგიკური ახსნაც აქვს - 21-ე საუკუნის მსოფლიოში ამ ყველაზე დიდ ომში ფართოდ გამოიყენება მართვადი შეიარაღება, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე -კამიკაძე-დრონების სახით, რომლებიც დიდი სიზუსტით ხვდებიან სამიზნეებს და უფრო მეტ ზიანს აყენებენ მათ.

1-chaika-1758527450.jpg
გიორგი ბერიაშვილის (ბერიევის) მიერ ჯერ კიდევ 1960 წელს კონსტრუირებულ Бе-12 Чайка-ს ტიპის თვითმფრინავ-ამფიბიას, იმავე მფრინავ ნავს, პუტინის რუსეთი დღეს შავ ზღვაში უკრაინული საზღვაო დრონების მოსაძებნად იყენებს...

უკრაინის ქალაქების და მათ შორის - დედაქალაქ კიევის სისტემატურ დაბომბვას პუტინის საოკუპაციო არმია კვლავ აგრძელებს, რასაც უკრაინელები პასუხობენ კამიკაძე-დრონების შეტევებით, როგორც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ისე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რუსულ სამხედრო ობიექტებზე.

ეს ღამეც გამონაკლისი არ ყოფილა და კიევის მორიგი სასტიკი დაბომბვის საპასუხოდ უკრაინელებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ფოროსის სამთავრობო აგარაკზე, რომელზეც საბჭოთა პერიოდში გორბაჩოვი ისვენებდა (1991 წლის აგვისტოს სამდღიანი პუტჩის დროს, რასაც მალე მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა, მისი პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი გორბაჩოვი სწორედ ყირიმში, ფოროსის სამთავრობო აგარაკზე იყო შინაპატიმრობაში გამოკეტილი), ახლა რუსული სპეცსამსახურების განკარგულებაშია და უკრაინული კამიკაძე-დრონებისა თუ ფრთოსანი რაკეტების შეტევისას ამ სამთავრობო აგარაკის რესტორანში, სავარაუდოდ, რუსი მაღალჩინოსნების წვეულება იმართებოდა...

2-chaika-1758527515.jpg
ანექსირებული ყირიმის კაჩას სამხედრო აეროდრომზე მდგარი ერთ-ერთი Бе-12 Чайка, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინული თავდასხმის მსხვერპლი გახდა...

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს უკრაინული წერტილოვანი საჰაერო ოპერაცია, სამაგიეროდ, უკვე ცნობილი და ვიდეოკადრებით დადასტურებული, რომ 21 სექტემბერს, პირველად მსოფლიო ავიაციის ისტორიაში, განადგურებული იქნა ორი რუსული ამფიბია-თვითმფრინავი „ჩაიკა“, რომლებსაც ბირთვული სიღრმული ბომბების გამოყენება შეეძლოთ, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების გასანადგურებლად და ამ უნიკალური თვითმფრინავების შემქმნელი ჩვენი თანამემამულე გახლდათ...

3-chaika-1758527587.png

ანექსირებულ ყირიმში, კაჩას სამხედრო აეროდრომზე მდგარი ბერიაშვილის Бе-12 Чайка-ების თანამგზავრული ფოტო - ეს „ჩაიკები“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას დარჩა, მაგრამ 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის რუსული ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ კი - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ავიაციის შემადგენლობაში შევიდა...

ცნობილი საბჭოთა ავიაკონსტრუქტორის, გიორგი ბერიაშვილის (ბერიევის) მიერ ჯერ კიდევ 1960 წელს კონსტრუირებულ Бе-12 Чайка-ს ტიპის თვითმფრინავ-ამფიბიას, იმავე მფრინავ ნავს, ნატოს ატომური წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად და მათი ნავსაწინააღმდეგო ტორპედოებითა და სიღრმული ბომბებით (მათ შორის - ბირთვულმუხტიანების) გასანადგურებლად იყენებდნენ. ბერიაშვილის „ჩაიკა“ საბჭოთა პერიოდში სულ 143 დამზადდა.

დღეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ავიაციის 318-ე ცალკეული შერეული საავიაციო პოლკის (რომელიც ანექსირებული ყირიმის კაჩას აეროდრომზეა დისლოცირებული) შეიარაღებაში 7-8 ერთეული „ჩაიკაღა“ შემორჩა, რომელთაგან საფრენ მდგომარეობაში არაუმეტეს ოთხი თუ იქნება. რუსეთის გენშტაბმა ამ სამოცწლიანი რარიტეტული მფრინავი ნავების გამოყენება უკრაინული საზღვაო დრონების მოსაძებნად იმიტომაც დაიწყო, რომ ბერიაშვილის 29-ტონიან ჰიდროპლანს შავი ზღვის თავზე, დაბალ სიმაღლეზე 320 კმ/სთ კრეისერული სიჩქარით თითქმის ათი საათის განმავლობაში შეუძლია პატრულირება, რისი ტექნიკური შესაძლებლობა სხვა რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს არ აქვთ.

poto-1758527674.jpg
10 კილოტონა სიმძლავრის პირველი საბჭოთა ბირთვული სიღრმული ბომბი РЮ-1 / СК-1 / 5Ф-48 "Скальп"-ი, რომელიც გიორგი ბერიაშვილის მოდიფიცირებულ Бе-12СК ამფიბია-თვითმფრინავებს უნდა გამოეყენებინათ ამერიკული და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ატომური წყალქვეშა ნავების გასანადგურებლად, ოკეანეებისა და ზღვების სიღრმეებში...

რამდენიმესაათიანი საჰაერო პატრულირების დროს, თუკი „ჩაიკას“ ეკიპაჟი და მის ბორტზე მყოფი საჰაერო დამკვირვებლები ვიზუალურად აღმოაჩენენ უკრაინულ საზღვაო დრონს (დიდი სიჩქარით ცურვისას ეს დრონები ზღვის ზედაპირზე კარგად შესამჩნევ თეთრ ნაკვალევს - კილვატერს ტოვებენ), მაშინვე აცნობენ სარდლობას, ისინი კი ზებგერით საბრძოლო „სუებს“ აგზავნიან ღია ზღვაში, უკრაინული დრონების სარაკეტო ზალპებით ჩასაძირად, ხოლო თუკი ეს დრონები „ჩაიკამ“ ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროს სიახლოვეს შეამჩნია, მაშინ საქმეში რუსული შვეულმფრენები ერთვებიან, რომელთა ბორტებიდანაც ტყვიამფრქვევების ჯერებს უშენენ...

ორი „ჩაიკის“ დაკარგვა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი გახდება, რადგან მათ კიდევ უფრო გაუჭირდებათ შავი ზღვის ყირიმისა და ნოვოროსიისკის აკვატორიების საჰაერო პატრულირება და უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონი კატარღების დროული აღმოჩენა...

ანექსირებული ყირიმის კაჩას აეროდრომზე ორი რუსული Бе-12 Чайка-ს აფეთქების ვიდეოკადრები: