ბაგრამის აეროდრომისთვის ტრამპი ავღანეთში ხელმეორედ შეიჭრება?! - აქედან აფრენილ ამერიკულ ბომბდამშენებს ერთ საათში შეეძლებათ ჩინეთის სტრატეგიული ობიექტების განადგურება
„თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დაუბრუნებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ამშენებელს, ცუდი რაღაცები მოხდება!!!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
„უნდა გავიხსენოთ, რომ დოჰას შეთანხმების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას ან არ დაიმუქრება ძალის გამოყენებით ავღანეთის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და არ ჩაერევა მის შიდასაქმეებში“, - დაუყოვნებლივ უპასუხეს ტრამპს „თალიბანის“ ხელისუფლებიდან.
მაინც ასეთს რას წარმოადგენს ბაგრამის საავიაციო ბაზა, რომ მისი გულისთვის აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი „ცუდი რაღაცებით“ ემუქრება „თალიბანს“, რაც ავღანეთში ამერიკული არმიის ხელახლა შეჭრაშიც კი შეიძლება გადაიზარდოს?
პრეზიდენტი ტრამპი ერთ რამეში ცდება - ავღანეთის ბაგრამში, რომელიც ავღანეთის ფარვანის პროვინციაში მდებარეობს და დედაქალაქ ქაბულიდან 47 კმ-ითაა დაშორებული. პირველი აეროდრომი... საბჭოთა კავშირმა ააშენა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში, ხოლო 1976 წელს იქ გაკეთდა 3 კმ-ის სიგრძის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ყველა ტიპის მძიმე ბომბდამშენისა და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მისაღებად, რითაც 1979 წლის დეკემბრის ბოლოს კარგად ისარგებლა კრემლმა, როდესაც ავღანეთში საბჭოთა ჯარების გადასროლა დაიწყო, სწორედ ბაგრამის აეროდრომზე ერთმანეთის მიყოლებით ეშვებოდნენ საბჭოთა სატრანსპორტო „ილები“ და „ანები“, ჯავშანტექნიკისა და პირადი შემადგენლობის სწრაფი გადასროლის ოპერაციის დროს.
მას შემდეგ, 9 წლიანი ავღანეთის ომის დროს, ბაგრამის საჰაერო ბაზა წარმოადგენდა საბჭოთა საოკუპაციო ძალების ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენ პლაცდარმს ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და გამოიყენებოდა 120-180 კმ-ით დაშორებული პაკისტანის საზღვრის გასაკონტროლებლად.
1979-89 წლებში ბაგრამის აეროდრომზე სავალდებულო სამხედრო-სამსახური საბჭოთა არმიაში ორი წლით გაწვეულმა ასობით ქართველმა ახალგაზრდამ გაიარა, თუმცა მათ გარდა ამავე აეროდრომზე თვეები აქვთ გატარებული თბილისის საავიაციო ქარხნის იმ სპეციალისტებს, რომლებიც ამ ქარხნის მიერ წარმოებული Су-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მომსახურებას აგრძელებდნენ.
ეს მოიერიშეები ახალი ხილი იყო. ბაგრამის აეროდრომზე დისლოცირებული 378-ე ცალკეული მოიერიშე საავიაციო პოლკის საინჟინრო-ტექნიკური შემადგენლობა ნაკლებად იცნობდა ამ თვითმფრინავებს და მათ დახმარებას სწორედ თბილისიდან მივლინებული სპეციალისტები უწევდნენ, ხშირად მოჯაჰედების მიერ აეროდრომისკენ ნასროლი ჭურვებისა და რაკეტების ზალპების ქვეშაც...
1989 წლის იანვრიდან საბჭოთა კავშირმა დატოვა ავღანეთი და რამდენიმე წელში იქ ხელისუფლება „თალიბებმა“ ჩაიგდეს ხელში, თუმცა 2001 წლის ბოლოდან, ამერიკული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ (2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების საპასუხოდ), 2002 წლიდან 2021 წლამდე, ფაქტობრივად, ორი ათეული წლის განმავლობაში, ბაგრამის აეროდრომს სწორედ ამერიკული მხარე ფლობდა, რომელმაც სერიოზული რეკონსტრუქცია ჩაუტარა მას და ბაგრამის აეროდრომი გადააქცია ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სამხედრო-საჰაერო ბაზად, არათუ ავღანეთის, არამედ - მსოფლიოს მასშტაბით.
ამ პერიოდში, ათი წლის განმავლობაში, ბაგრამის საჰაერო ბაზაზე როტაციის პრინციპით რამდენიმე ათასი ქართველი სამხედროც იმყოფებოდა, საქართველოს ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის ფარგლებში.
დღეისათვის ბაგრამის საჰაერო ბაზა მოიცავს 3 და 3,6 კმ სიგრძის ორ ბეტონირებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლებსაც ნებისმიერი ზომისა და მასის თვითმფრინავის მიღება შეუძლია. ბაზის ტერიტორიაზე აშენებულია 110 ანგარი და სხვა დამხმარე ნაგებობა, რაც ამ ბაზაზე სამი საავიაციო პოლკის ერთდროულად განთავსების საშუალებას იძლევა.
ამის შემდეგ გასაგები ხდება, თუ ასე რატომ სტკივა პრეზიდენტ ტრამპს გული ბაგრამის საჰაერო ბაზის „თალიბებისთვის“ დატოვების გამო (თანაც მასზე ბაზირებული საკმაო რაოდენობის ამერიკული საჰაერო და სახმელეთო ტექნიკით), რისთვისაც ხშირად საყვედურობს თავის წინამორბედ პრეზიდენტ ბაიდენს...
თუმცა, ასევე არის კიდევ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ტრამპს ამერიკის ავღანეთში დაბრუნება შეიძლება, სურდეს.
ერთ-ერთი ასეთი მიზეზი თავად ტრამპმა გააჟღერა - ბაგრამის საჰაერო ბაზა ერთი საფრენოსნო საათითაა დაშორებული ჩინეთის დასავლეთის იმ ნაწილიდან, სადაც პეკინი თავის ბირთვულ იარაღს ცდის და ამზადებსო, რითაც მიანიშნა, რომ ავღანეთის ბაგრამის აეროდრომიდან აფრენილ ამერიკულ ბომბდამშენებს ერთ საათში შეეძლებათ ჩინეთის დასავლეთში იმ სტრატეგიული ობიექტების განადგურება, რისთვისაც ჩრდილო-ამერიკის კონტინენტიდან გამოფრენილ ბომბდამშენებს 12 სთ-ზე მეტი დასჭირდებათო...
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ტრამპი სინანულს განიცდის, ბაიდენის დროს ავღანეთიდან ამერიკული არმიის გამოყვანის გამო. ისიცაა, რომ ავღანეთში იშვიათი ლითონების მდიდარი საბადოებია, რომლებიც აუცილებელია სამხედრო მრეწველობაში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიების ფუნქციონირებისთვის და არის იმის დიდი შანსი, რომ ჭკვიანი ჩინელები ბრიტანელებივით, რუსებივითა და ამერიკელებივით ტყვიების სროლით კი არ შეიჭრებიან დამოუკიდებლობისმოყვარე ავღანელებში, არამედ ორმხრივად მოგებიანი გარიგებებით აამუშავებენ ამ საბადოებს ისე, რომ „თალიბებიც“ კმაყოფილი დარჩებიან და ჩინეთიც კიდევ უფრო მნიშვნელოვან სვლას გააკეთებს, მსოფლიოში უძლიერესი ზესახელმწიფოს სტატუსის მოსაპოვებლად...