"ჩემი ბავშვობა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის" - ხვიჩა კვარაცხელიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რას ჰყვება ქართველი ვარსკვლავი?
ფრანგულმა ლიგა 1-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფილმი ბოლო სანაკრებო პაუზისას თბილისში შეიქმნა. ფილმში, რომლის ჯერ მხოლოდ ნაწყვეტია ხელმისაწვდომი, კვარაცხელია საინტერესო თემაზე საუბრობს:
"ფეხბურთი არის ჩემი მთელი ცხოვრება. მე მაბედნიერებს ეს თამაში. მიხარია, რომ ფეხბურთმა ოცნების ახდენის საშუალება მომცა. უნდა გითხრათ, რომ ფეხბურთი ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერს ნიშნავს. მე კარგად ვიცოდი, ბავშვობაში სად უნდა მეპოვა მეგობრები. ისინი სტადიონზე იყვნენ. ჩემი ბავშვობა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ის ფეხბურთთანაა დაკავშირებული".
კვარაცხელია საფეხბურთო ოჯახში გაიზარდა. მამამისი, ბადრი კვარაცხელია, თავის დროზე ფეხბურთელი იყო. სწორედ ის გახლდათ საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩასათვის, როცა პატარა იყო.
"იმ დროს ფეხბურთელების ვიდეოები ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო. დედას ჰქონდა შემონახული მამას ვიდეოფირები და როცა მე მათ ვუყურებდი, მქონდა შეგრძნება, რომ ეს იყო ნამდვილი სასწაული. ვამბობდი, რომ მამა არის საუკეთესო. მამა მითითებებს მაძლევს. უნდა გითხრათ, რომ მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. ის ფეხბურთელი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთი გენში გვაქვს".
ხვიჩა კვარაცხელია გახდა მეორე ქართველი, ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პირველი, ვინც ლიგის ფინალში გოლი გაიტანა: "როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობდი. სწორედ იქ დაიწყო ყველაფერი", - ამბობს ის.
ყველამ კარგად იცის მისი შეტევითი უნარების მრავალფეროვნება. ბევრისთვის სიურპრიზია ის, თუ როგორ გააუმჯობესა ამ ბოლო დროს კვარაცხელიამ დაცვაში თამაში.
"მე ბოლომდე გავაცნობიერე, რომ იმ თავდამსხმელს, ვინც კარგად თამაშობს დაცვაში, დღევანდელ ფეხბურთში წარმატების მიღწევის მეტი შანსი აქვს. ზოგადად, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს, რასაც მინდორზე და მინდვრის მიღმა ვაკეთებ, ყველა ყურადღებით აკვირდება. ამიტომ, მე მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო ქართველი ახალგაზრდებისთვის". ვრცლად