დიდი "სტალინური რეპრესიების" დაწყების ზუსტი თარიღი ცნობილია? - "იპოვეთ და გაანადგურეთ ჯაშუშები და კონტრრევოლუციონერები!" - თანდათანობით საბჭოთა მოქალაქეები ერთმანეთზე მონადირე "ჩამშვებ კილერებად" იქცნენ და ურთიერთდასმენა ყოველდღიურ მოვლენად იქცა"
"მილიონობით საბჭოთა მოქალაქის საუბედუროდ, სტალინის ყველა თეორია, რაც უნდა აბსურდული ყოფილიყო, ცხოვრებაში უნდა განხორციელებულიყო"
ვფიქრობ, დღევანდელი გადასახედიდან უკვე შეიძლება დიდი „სტალინური რეპრესიების“ დაწყების ზუსტი თარიღის გასაზღვრა: ჩემი აზრით, ეს 1929 წლის 16 აპრილია. რატომ? ყველა ავტორიტარ/დიქტატორი ეძებს შინ და გარეთ „მტრებს“, რათა მათ გადააბრალოს პრობლემები და ამით გაამართლოს მოსახლეობის გაჭირვება, შიმშილ-სიღატაკე და ქვეყნის სრული უპერსპექტივობა.
1929 წლის 16 აპრილს მოსკოვში სკ. კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტისა და ცენტრალური საკონტროლო კომისიის ერთობლივი პლენუმი გაიხსნა, რომელზეც კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ სტალინმა ვრცელი სიტყვა წარმოთქვა. სწორედ მაშინ გაისმა სტალინის მოწოდება: ”...ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ისეთი მაგალითები, რომ მომაკვდავ კლასებს ნებაყოფლობით დაეტოვებინოთ სცენა... ჩვენი შეტევა შეავიწროებს კაპიტალისტურ ელემენტებს, გამოიწვევს მათ განდევნას, ხოლო ისინი, მომაკვდავი კლასები, რაც უნდა მოხდეს, მაინც გაგვიწევენ წინააღმდეგობას”.
მომავალი საბჭოთა დიქტატორის თეზისი მარტივი და ძალზე საშიში იყო: საბჭოთა კავშირის საგარეო და საშინაო წარმატებები აიძულებს გარეთ - კაპიტალისტებს, შინ კი -კონტრრევოლუციონერებს, გადმოვიდნენ ღია და ფარულ შეტევაზე, რათა გაანადგურონ ჩვენი ქვეყანაო. მილიონობით საბჭოთა მოქალაქის საუბედუროდ, სტალინის ყველა თეორია, რაც უნდა აბსურდული ყოფილიყო, ცხოვრებაში უნდა განხორციელებულიყო.
"დიდი ბელადი" თავად აკონტროლებდა ამ პროცესს. სტალინმა კარგად იცოდა, რომ 1929 წელს მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა და საბჭოთა კავშირისთვის არავის ეცალა. ამიტომ, მან მთავარი აქცენტი ქვეყნის შიგნით კლასობრივი ბრძოლის გამწვავებაზე გადაიტანა. სტალინის მსჯელობის "ლოგიკა" საკმაოდ მარტივი იყო: კაპიტალისტები ეცდებიან, გარედან ჯაშუშებისა და ტერორისტების შემოგზავნით დაამყარონ კავშირი ქვეყნის შიგნით მიმალულ ოპოზიციასთან, მოახდინონ საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწეების ლიკვიდაცია და სახელმწიფო გადატრიალება (უნდა ითქვას, რომ სტალინის ეს "თეზისი" ძალზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და ავტორიტარული მმართველები მას დღესაც ხშირად მიმართავენ). ამიტომ სტალინის მოწოდება-ბრძანება ამგვარი იყო: იპოვეთ და გაანადგურეთ ჯაშუშები და კონტრრევოლუციონერები! თანდათანობით საბჭოთა მოქალაქეები ერთმანეთზე მონადირე "ჩამშვებ კილერებად" იქცნენ და ჯაშუშობა/ ურთიერთდასმენა ისეთივე ყოველდღიურ მოვლენად იქცა, როგორც დილით მზის ამოსვლა! გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებმა საბჭოთა საზოგადოების ყველა ფენა და ჯგუფი მოიცვა. რეპრესიები არ იყო ქაოსური და შემთხვევითი: ის ერთი ცენტრიდან, კრემლიდან, კონკრეტულად კი - სტალინის კაბინეტიდან იმართებოდა. რეპრესიები სტალინის პოლიტიკური ოპოზიციისთვის "საქმეების შეკერვით" დაიწყო და 1937-1938 წლებში „კობა-სოსოს“ მოწინააღმდეგე, ყველა - „ძველი ბოლშევიკი“ თუ „ახალგაზრდა კომუნისტი“ დახვრიტეს. საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაუნდობელი ტერორი რამდენიმე მიმართულებით პარალელურად ვითარდებოდა. "პარტიული ბლოკი", "სამხედრო ბლოკი", "სპეცსამსახურების ბლოკი", "მეცნიერებისა და განათლების მუშაკთა ბლოკი", "მწერლების ბლოკი", "ტექნიკური ინტელიგენციის ბლოკი", „თეატრალურ მოღვაწეთა ბლოკი“ და ა.შ. - ამგვარი იყო გასანადგურებელი ”მიზნობრივი ჯგუფები". ჯალათი "ჩეკისტების" მონდომებით ამ "ბლოკებს" შორის ცრუ ჩვენებებით "გამყარებული" "კონტრრევოლუციური ხიდებიც" გაიდებოდა ხოლმე: მაგალითად, მეგობრული ურთიერთობა ან ნათესაობა "ძველ ბოლშევიკსა" და ცნობილ მწერალს შორის საკმარისი იყო ორივეს დასახვრეტად და მათი ცოლ-შვილის ციმბირში გასაშვებად!
გასანადგურებლად გამიზნული „ბლოკებისთვის“ კონტრრევოლუციური და ჯაშუშური საქმეების „შესაკერად“ გამოიყენებოდა ერთი ტრაფარეტული მეთოდი: „ოგეპეუ“-„ენკავედე“ ჯერ ჯაშუშებს ეძებდა და „პოულობდა“, საბჭოთა კავშირში მცხოვრებ უცხოელთა შორის, შემდეგ კი, მათი წამების შედეგად მიღებულ ჩვენებებში დანაშაულის თანამონაწილეებად ადგილობრივი „ხალხის მტრების“ გვარებს ამატებდა. ამის შემდეგ მათაც აპატიმრებდნენ, აწამებდნენ და ახალ ჩვენებებში (რომლებიც, როგორც წესი, წინასწარ უკვე დაბეჭდილ/დაწერილი იყო და მხოლოდ „დამნაშავის“ ხელის მოწერაღა აკლდა) ახალი „შეთქმულების“ გვარები ჩნდებოდა.
გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების დროს, კონტრრევოლუციურ-ჯაშუშური საქმეებიდან სამი, ყველაზე გახმაურებული შემთხვევა გავიხსენოთ, როდესაც უცხოელებთან კონტაქტი და პროფესიული თანამშრომლობა ქართველ მწერლებს, რეჟისორებსა და მსახიობებს სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.
1935 წლის 21 აპრილს ასფსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1893 წელს თბილისში დაბადებული, ეროვნებით გერმანელი და პროფესიით პედაგოგი, რაინჰოლდ ჩაკერტი, რომელსაც ბრალი დასდეს იმაში, რომ ის იყო ადოლფ ჰიტლერის აქტიური მომხრე და ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას. "ჩეკისტების" მტკიცებით, ის შედიოდა გერმანიის გენერალურ საკონსულოში არსებულ ჯაშუშურ რეზიდენტურაში, რომლის ხელმძღვანელი იყო გერმანელი დიპლომატი ბრუნო ფრანკე. სასტიკი წამების შედეგად ჩაკერტიმ "აღიარა", რომ მისი მთავარი დავალება საქართველოში სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის მოპოვება და ნაციონალისტურად განწყობილ, საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგე ინტელიგენციასთან დაახლოება ყოფილა. მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუწყია მუშაობა, ჩაკერტს „მოუხერხებია“ ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან დაკავშირება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რ. ჩაკერტის პიროვნებით "ჩეკისტების" დაინტერესება იმ გარემოებამაც გამოიწვია, რომ ის მეგობრობდა გრიგოლ რობაქიძესთან, რომელიც უცხოეთში დარჩენის გამო, 1935 წელს უკვე "ხალხის მტრად" იყო გამოცხადებული. 1935 წლის 16 ივნისს რ. ჩაკერტის სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს და 1936 წლის 14 თებერვალს დახვრიტეს. ათი წლით გადაასახლეს მისი მეუღლეც, – ერიკა ჩაკერტი.
დაკითხვის ოქმებში მოცემულია რ. ჩაკერტის ჩვენებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებთან და ქართველ მწერლებთან ურთიერთობის შესახებ. ამ კონტექსტში მან დაასახელა: შ. ნუცუბიძე, გ. წერეთელი, ი. ტატიშვილი, კ. გამსახურდია, მ. ზანდუკელი, ა.შანიძე, ი. ყიფშიძე და სხვ. რ. ჩაკერტის ეს ჩვენებები საკმარისი აღმოჩნდა, რომ "ფაშისტ ჯაშუშებად" გამოეცხადებინათ ყველა ის ქართველი მეცნიერი და მწერალი, რომელსაც რაიმე ურთიერთობა ჰქონდა ჩაკერტისთან. ამიერკავკასიის "პირველი კაცის", ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით "ჩეკისტებმა" დაიწყეს "შეთქმულების გორგალის" ვითომდა გახსნა. თუმცა ერთ "უმნიშვნელო" პრობლემას წააწყდნენ: რ. ჩაკერტის ჩვენებებში დასახელებული პირების ტერორიზმისა და ჯაშუშობის ბრალდების მტკიცებულებები არ არსებობდა! ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში როდი იყო - "დიად" საბჭოთა კავშირში, ურთიერთდაბეზღების შედეგად, ათი ათასობით "ოპერატიული სიგნალი" იყო ჯაშუშობის შესახებ, თუმცა მყარი მტკიცებულება არ ჰქონდათ. თუმცა გამოსავლის მოძებნა არ გაუჭირდათ: ბრალდებულის აღიარება მთავარი მტკიცებულება გახდა. ამის შემდეგ "ჯაშუშობის” საქმეების გამოძიების პროცესში თავს არ იწუხებდნენ მყარი მტკიცებულებების მოპოვებით, საზოგადოებისათვის წარდგენით და სამართლებრივი სფეროდან აშკარად გადავიდნენ მტკიცებულებების შექმნაზე.
რ. ჩაკერტის შესახებ თხრობა, ერთი საინტერესო და ძალზე ნიშანდობლივი ფაქტის გახსენებით მინდა დავასრულო: 1962 წელს ერიკა ჩაკერტიმ საბჭოთა ხელისუფლებას ამ საქმის გადახედვისა და მისი მეუღლის რეაბილიტაციის შუამდგომლობით მიმართა, თუმცა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილეს, იმიტომ, რომ სტალინის საქმის გამგრძელებლები თავადაც იყვნენ იმ „დიდი რეპრესიების“ შემოქმედნი.

ანდრე ჟიდი სიტყვას წარმოთქვამს მ. გორკის დაკრძალვაზე. ი. სტალინი კი ყურადღებით უსმენს. მოსკოვი 1936 წლის 20 ივნისი.
1936 წლის ზაფხულში საბჭოთა კავშირში სტუმრად იმყოფებოდა ცნობილი ფრანგი მწერალი, „საბჭოთა სოციალისტური ექსპერიმენტის“ დიდი თაყვანისმცემელი ანდრე ჟიდი (1869–1951), რომელიც „სტალინის სამშობლოში“ - საქართველოშიც ჩამოვიდა. მას მასპინძლობდნენ ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი, მ. ჯავახიშვილი. კ. გამსახურდია და სხვ. საფრანგეთში დაბრუნებულმა ა. ჟიდმა 1936 წლის ბოლოს გამოსცა ძალზე კრიტიკული წიგნი ამ მოგზაურობის შესახებ -(„საბჭოთა კავშირიდან დაბრუნება“), რაც მის მასპინძელ ყველა მწერალს, როგორც მოსკოვში, ასევე - საქართველოში, სახათაბალოდ გაუხდა. მათ მოუხდათ ა. ჟიდის კრიტიკული (თუმცა ობიექტური) შენიშვნების საჯაროდ დაგმობა და ფრანგი მწერლის, როგორც „ფაშისტების დამქაშის“ მხილება. მისი მასპინძელი ქართველი მწერლების უმრავლესობა „დიდ რეპრესიებს“ ვერ გადაურჩა. „დაგმობილი“ ანდრე ჟიდი კი 1947 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
მესამე უცხოელი კი, რომლის პერსონაც აქტიურად გამოიყენეს „ჩეკისტებმა“ სხვადასხვა ბრალდების (მათ შორის, სანდრო ახმეტელის წინააღმდეგ) „შესაკერად“ ამერიკელი მომღერალი სერგეი რადამსკი (რადომსკი) გახლდათ. საბჭოთა უშიშროების საარქივო დოკუმენტების შესწავლა/ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს პიროვნება ძალზე აქტიურად იყო ჩართული, როგორც უშუალოდ საბჭოთა კავშირის (მათ შორის - საქართველოს) თეატრალურ ცხოვრებაში, ასევე, მის კულისებში მიმდინარე პროცესებში. ის ფაქტი, რომ სერგეი რადამსკი აშშ-ის მოქალაქე იყო, 1927-1936 წლებში სისტემატურად მართავდა კონცერტებს საბჭოთა კავშირში და ხვდებოდა საბჭოთა მოქალაქეებს, ასევე, მოსკოვში არსებულ სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ჰქონდა ხშირი კონტაქტი, მართლაც კარგი „პლაცდარმი“ იყო სადაზვერვო საქმიანობისთვის. სანამ ამ საკითხს შევეხები, მინდა, „ახმეტელის საქმეში“ მისი შეგნებული თუ უნებლიე მოქმედებებით გამოწვეულ დიდ ნეგატიურ როლზე ვისაუბროთ.
ს. რადამსკი ხშირად ფიგურირებს ს. ახმეტელისა და მისი მეუღლის, მსახიობ თამარ წულუკიძის დაკითხვის ოქმებში: „უცხოელი მსახიობი რადამსკი ჩვენ გავიცანით 1933 წელს, თეატრის მოსკოვში გასტროლების დროს. მაშინ ჩვენ არ შევხვედრილვართ. პირველად სადგურზე დავინახე, როდესაც გასაცილებლად მოვიდა. მოსკოვში რადამსკის იცნობდნენ, როგორც ცნობილ მომღერალს, რომელიც ამერიკაში საბჭოთა ხელოვნებას რეკლამას უწევდა. ჩვენ მას ასეთად ვიცნობდით. ის ძალიან გატაცებული იყო რუსთაველის თეატრით და ამბობდა, რომ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ ჩვენება,“– ამგვარად პასუხობდა თ. წულუკიძე ”ჩეკას“ გამომძიებლის შეკითხვას.

თამარ წულუკიძე-ახმეტელის ფოტო მის „საქმეში“
ირკვევა, რომ ს. რადამსკი ხშირად ესწრებოდა რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლებს, როგორც ტფილისში, ასევე - საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც. 1935 წელს, ჩვენს დედაქალაქში ვიზიტის დროს, ის და მისი მეუღლე, ასევე მომღერალი (სოპრანო) მარია სალჩი, თითქმის ორი კვირა ახმეტელების ბინაში ცხოვრობდნენ. ჩანს, რომ რადამსკის ახმეტელთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ისინი ხშირად საუბრობდნენ თეატრის მომავალ გასტროლებზე ამერიკასა და ევროპაში. ცნობილია, რომ 1935 წლის სექტემბერში ს. ახმეტელი გაათავისუფლეს რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან და ის იძულებული გახდა იმავე წლის ნოემბრის ბოლოს მოსკოვში, „მწვანე თეატრში“ გადასულიყო სამუშაოდ. თ.წულუკიძე-ახმეტელის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მოსკოვში მათი შეხვედრები ს. რადამსკისთან უფრო გახშირდა, რა დროსაც, ისინი ბევრ საკითხზე საუბრობდნენ. თუ სანდრო ახმეტელის ფიცხ ხასიათს გავითვალისწინებთ, სრულიად შესაძლებელია, ამ საუბრებში მას არა მარტო ლავრენტი ბერია (რომელმაც ის, ფაქტობრივად, საქართველოდან მოკვეთა), არამედ - „დიდი ბელადიც“ (რომელიც არ დაეხმარა რეჟისორს) ”ლამაზად“ მოეხსენებინა. სიტყვა კი გაფრენილი ჩიტია, რომელიც ადრე თუ გვიან სტალინთან „მიფრინდებოდა“. „დიდ ბელადს“ კი ძალიან უყვარდა სხვათა საუბრების მოსმენა/მიყურადება! ს. რადამსკი თურმე ურჩევდა ახმეტელს, რომ მას წერილი დაეწერა თავისი შეცდომების აღიარებით. ვინ უნდა ყოფილიყო ადრესატი? ეს „რჩევა“ თავად რადამსკის ინიციატივა იყო თუ სხვისი დავალება?
არსებული ინფორმაციით, ს.რადამსკიმ და მისმა მეუღლემ საბჭოთა კავშირი სანდრო ახმეტელი დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვეს. თუმცა რადამსკის „კვალი“ არ გაქრა: სანდრო ახმეტელს და მის მეუღლეს წაუყენეს ბრალდება, რომ ისინი „ამერიკელმა მზვერავმა რადამსკიმ“ გადაიბირა, რომელიც საბჭოთა კავშირში სადაზვერვო საქმიანობას აწარმოებდაო. ვინ იყო სერგეი რადამსკი სინამდვილეში?

სერგეი რადამსკი
სერგეი რადამსკი უკრაინულ-ებრაულ ოჯახში ლოძში (ახლანდელი პოლონეთი, მაშინ რუსეთის იმპერიის ნაწილი) დაიბადა, 1889 წელს. ცხრამეტი წლის იყო, როდესაც რუსეთი დატოვა. 1910 წელს ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც ნიუ-იორკში ერთ-ერთ სამკერვალო ფაქბრიკაში მკერავად მუშაობდა. ბუნებით ჰქონდა მომღერლის ნიჭი მომადლებული და „თვითნასწავლმა ტენორმა“ სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობა მიატოვა და ბროდვეიზე, სხვადასხვა იაფფასიან შოუებში დაიწყო სიმღერა. 1923 წელს მან აშშ-ის მოქალაქეობის მიღება სცადა. ხელისუფლება ყოყმანობდა, რადგან მას კომუნისტად თვლიდნენ და - არა უმიზეზოდ: რადამსკი აშკარად თანაუგრძნობდა ჯერ რუსეთში მომხდარ ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებას, შემდეგ კი - საბჭოთა კავშირს. თუმცა, საბოლოოდ, მას აშშ-ის მოქალაქეობა მაინც მიანიჭეს.
1927 წელს ცნობილი ამერიკელი მწერალი თეოდორ დრაიზერი, რომელიც საბჭოთა კავშირის დიდი გულშემატკივარი იყო, საბჭოთა ხელისუფლებამ მიიწვია „რევოლუციის 10 წლის იუბილეზე“ . დრაიზერმა, თავის მხრივ, დაარწმუნა მასპინძლები, რომ მისი პირადი ნაცნობი ოპერის მომღერალი - ტენორი, სერგეი რადამსკიც მოეწვიათ. თითქმის სამი თვის მანძილზე ამერიკელმა სტუმრებმა საბჭოთა კავშირის ბევრი ქალაქი მოიარეს (მათ შორის - ტიფლისსა და ბათუმშიც იყვნენ). ბუნებრივია, სერგეი რადამსკი კონცერტებსაც მართავდა. წარმომიდგენია, მაშინდელი ქართველი ბოლშევიკ-კომუნისტების მძიმე განწყობა, რომლებიც „ამერიკელი იმპერიალისტის“ კონცერტს უნდა დასწრებოდნენ.
თუმცა არც მთლად ასე იყო საქმე: სიმღერის გარდა, ის აშშ-ის კომუნისტური პარტიის დიდი მხარდამჭერი და მათი გაზეთის, The Daily Worker-ის კორესპონდენტიც გახლდათ. მოსკოვში ის მხოლოდ კონსერვატორიას კი არა, არამედ, კომინტერნის შტაბის ხშირი სტუმარიც იყო.
(პირველი ნაწილი დასასრული)