"თუ ჩვენ მას "კუდის ქიცინს" გავუგრძელებთ, შეიძლება უარესი მოხდეს. პუტინი, სტალინის მსგავსად, მხოლოდ სამხედრო ძლიერებას სცემს პატივს. ჩვენც კრემლს სწორედ სამხედრო ძალა უნდა ვაჩვენოთ"
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინი, სტალინის მსგავსად, მხოლოდ სამხედრო ძლიერებას სცემს პატივს. ჩვენც კრემლს სწორედ სამხედრო ძალა უნდა ვაჩვენოთ“ (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი, სამხედრო ექსპერტი). მასში განხილულია რუსეთ-ესტონეთს შორის მომხდარი ინციდენტი, რომელიც რუსულმა თვითმფრინავებმა გამოიწვიეს.
„მოსკოვი ძალისმიერად მოქმედებს, რასაც ნატომ, ასევე, ძალა უნდა დაუპირისპიროს“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დიდ ბრიტანეთში და, საერთოდ, მთელ ევროპაში ყველაზე მთვლემარე და საკუთარ თავში ჩაკეტილი პოლიტიკოსიც კი უნდა მიხვდეს, რომ ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელება სურს - განსაკუთრებით იმიტომ, რომ იგი, როგორც ჩანს, თვლის: კრემლს ახლა საუკეთესო შანსი აქვს თავის ორბიტაზე ხელახლა გადაიყვანოს რუსული „რკინის ფარდის“ მიღმა არსებული ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა ესტონეთი. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომაც - რადგან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოყმანობს და წინააღმდეგობრივ სიგნალებს გზავნის, ნატომ კი, თავის მხრივ, მკაცრი რეაგირება არ მოახდინა გასულ კვირას რუსული დრონების შეჭრაზე პოლონეთში.
ვლადიმერ პუტინის განზრახვის დამარწმუნებელი სიგნალი გახდა რუსული ავიაგამანადგურებლების -„მიგ-31“-ების შეღწევა ნატოს - ამ შემთხვევაში, ნატოს წევრი ესტონეთის საჰაერო სივრცეში, რომლის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კონტინგენტია განთავსებული. რუსი დამრღვევების „გზის დასაჭრელად“ და გასაფანტავად ცაში იტალიის ავიაგამანადგურებელი „ფალკონი“ - F-35-ები აიჭრნენ. მათ ძალიან იოლად შეეძლოთ უკვე საკმაოდ მოძველებული „მიგ-31“-ების ჩამოგდება, რომლებსაც სსრ კავშირი ჯერ კიდევ ცივი ომის დროს უშვებდა. ეს იქნებოდა ნატოს სამხედრო უპირატესობის დემონსტრირება. სწორედ ასეთი საცეცხლე ძლიერების ჩვენება დაარწმუნებს პუტინს, რომ მისი სიმკაცრის გამოვლინება დაუსჯელი არ დარჩება - ეს არის ის ერთადერთი ენა, რომელიც პუტინს ესმის.
ცხადია, რასაც ახლა ვწერ, ეს არც ჩვენი სულელური თავდაჯერებულობა და არც ყოყოჩობა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რუსები უკრაინის სტეპებში ნელ-ნელა წინ მიიწევენ და ახალ-ახალ სანგრებს თხრიან, ზოგადად, ისინი მაინც „საფლობში სხედან“ - რუსეთის არმია ნატოს არმიებს ვერ შეედრება. ნატოს ჯარებში, რუსებისაგან განსხვავებით, დაქირავებულები და ყოფილი პატიმრები არ მსახურობენ ანუ რუსი სამხედრო მოსამსახურეები პროფესიონალიზმით ნატოელ კოლეგებს ბევრად ჩამოუვარდებიან. ამას წინათ ჩატარებული ბელარუს-რუსეთის ტრადიციული ერთობლივი წვრთნები - „ზაპადი“ კი, გულახდილად რომ ვთქვათ, მხოლოდ ხუმრობა იყო და მეტი არაფერი. დღეს უკრაინის არმია უფრო გამოცდილი და მომზადებულია, ვიდრე ევროპის ქვეყნების არმიები.
ყველას, მათ შორის დონალდ ტრამპსაც, ეჭვი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მშვიდობის დამყარებით არ არის დაინტერესებული - მისი მიზანი ბალტიისპირეთის ქვეყნების დაპყრობაა და თუ ჩვენ მას „კუდის ქიცინს“ გავუგრძელებთ, შეიძლება კიდევ უფრო უარესი მოხდეს. სამხედრო სტრატეგია იმით გამოიხატება, რომ მოწინააღმდეგის პოზიციებში და გეგმებში რაც შეიძლება ადრე გაერკვე. ძველმა ჩინელმა სარდალმა - სუნ ძიმ (ავტორმა წიგნისა „ომის ხელოვნება“), კარგად იცოდა, რომ უმაღლესი დონის გამარჯვება იმით გამოიხატება, რომ მტერი ბრძოლის გარეშე დაიმორჩილო. დღეს სწორედ ამას აკეთებს ვლადიმერ პუტინი ნატოს მიმართ - იჭრება მის ტერიტორიაზე, მაგრამ ალიანსის მხრიდან საპასუხო საომარ მოქმედებებს არ ელოდება.
მე სამხედრო პროფესიით ჯავშნიანი ტექნიკის სპეციალისტი ვარ, მაგრამ ომის წარმოების საფუძვლები ერთნაირია ხმელეთზეც, ზღვაზეც და ჰაერშიც. ჩვენი შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობის უმეტესობას სუნ ძი წაკითხული აქვს, ამიტომაც კარგად იციან, რომ როცა რუსული თვითმფრინავები ნატოს საჰაერო სივრცეს არღვევენ, ისინი პასიურები არ უნდა დარჩნენ და მოწინააღმდეგეს საკადრისი პასუხი უნდა გასცენ. ჩვენი ჯარისკაცები ასევე უნდა მოიქცნენ ზღვაშიც და ხმელეთზეც. ევროპული ქვეყნების ლიდერები და მათ შორის ისინიც, ვისი სახელმწიფოებიც რუსეთთან ახლოს მდებარეობენ, გვაფრთხილებენ რუსეთის თავდასხმაზე და ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ. მათი ქვეყნები ოდესღაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ და კარგად უწყიან, თუ როგორია ცხოვრება რუსეთის საიდუმლო პოლიციის რკინის ხელის ქვეშ.
ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ 1939 წლის შეცდომები [მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით] და უნდა გვახსოვდეს, რომ რეალური თავდასხმა ან მისი მუქარა ისტორიულად თავდაცვის საუკეთესო ფორმას წარმოადგენს.
როგორც ჩანს, ჩვენი იმედი დროებითია და ცუდ სიზმარს ჰგავს: გვგონია, რომ თუ ჩვენ პუტინს ძალიან არ გავაბრაზებთ, კრემლი იტყვის, რომ „საკმარისია, გავჩერდები და ომსაც შევაჩერებო“. ასეთი თავდაჯერებულობა სისულელეა. როგორც იოსებ სტალინი სცემდა პატივს იარაღს და ძალას, ვლადიმერ პუტინიც მხოლოდ სამხედრო ძლიერებას სცემს პატივს. ჩვენ ჩვენი ძალა უნდა გამოვავლინოთ მანამ, სანამ ძალიან დაგვიანებული არ იქნება.
მოამზადა სიმონ კილაძემ