ყველაზე მასიური საჰაერო შეტევა მოსკოვზე... გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნის წინ... - კვირის პალიტრა

ყველაზე მასიური საჰაერო შეტევა მოსკოვზე... გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნის წინ...

22-23 სექტემბრის ღამეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და მის, გარეუბნებზე ყველაზე მასიური საჰაერო შეტევა განხორციელდა, უკრაინული კამიკაძე-დრონების გამოყენებით...

მოსკოვის მერი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვისკენ მფრენი 34 დრონი ჩამოაგდო, თუმცა აღარ აზუსტებს, თუ რამდენმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა შეძლო მიზნამდე მიღწევა.

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები, ჩამოგდებული უკრაინული დრონების რაოდენობაზე, ხშირად არ დაიჯერება, რადგან ისინი „ჩამოგდებულად“ თვლიან იმ კამიკაძე-დრონებსაც, რომლებმაც მიზანს მიაღწიეს და აფეთქდნენ - ჩვენმა მეზენიტეებმა კი ჩამოაგდეს ეს დრონი, მაგრამ მისი ნამსხვრევები ძირს დაეცა და მათ გამოიწვიეს ხანძარიო, - ასე სურთ შენიღბონ უკრაინული დრონების წარმატებული შეტევები...

1-mos-1758614962.jpg
რუსული „პანცირებიდან“ უკრაინული კამიკაძე-დრონების ჩამოსაგდებად გაშვებული საზენიტო რაკეტების პირველი საფეხურები ისევ მოსკოველებს დაეცათ თავზე...

რუსეთის ქალაქების და მათ შორის - მოსკოვის გარეუბნების მაცხოვრებლებს უფრო მეტი საფრთხე არა უკრაინული კამიკაძე-დრონებისგან ემუქრებათ, არამედ, თავად რუსული საზენიტო „პანცირებისგან“, რომელთა მიერ გაშვებული საზენიტო რაკეტების პირველი საფეხურები სტარტიდან მალევე სცილდებიან მათ და დაბლა ცვივიან - ისინი, მართალია, არ ფეთქდებიან, მაგრამ მძიმე დაზიანებების გამოწვევა შეუძლიათ.

კიდევ ერთი, არაპირდაპირი პრობლემა ექმნებათ მოსკოველებს, როდესაც უკრაინული დრონების საჰაერო შეტევებს იგერიებენ -ცხადდება გეგმა „კოვიორი“ და სასწრაფოდ იკეტება რუსეთის დედაქალაქის მიმდებარე 5-6-ივე საერთაშორისო აეროპორტი, რაც რუსეთის აერონავიგაციას უდიდეს პრობლემას უქმნის, ათობით ავიარეისის გაურკვეველი ვადით გადადების გამო.

გუშინ მოსკოვის აეროპორტების სასწრაფო დაკეტვის გამო ჰაერში დარჩა უზარმაზარი სატრანსპორტო „რუსლანი“, რომლის ეკიპაჟსაც რეუტოვოს თავზე, მაღალსართულიან კორპუსებზე მოუწია გადაფრენა, რომ რუსულივე საზენიტო „პანცირების“ რაკეტების შემთხვევითი მსხვერპლი არ გამხდარიყო, როგორც ეს გასული წლის ბოლოს გროზნოს თავზე მოხდა - ასეთივე „პანცირიდან“ გაშვებულმა ორმა საზენიტო რაკეტამ მძიმედ დააზიანა აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი, რამაც, საბოლოო ჯამში, ავიაკატასტროფა გამოიწვია.

2-mos-1758614962.png
რუსული ქალაქის მაცხოვრებლის ბინაში შევარდნილი „პანცირის“ საზენიტო რაკეტის პირველი საფეხური...

ყოველ ღამე როგორ იბომბება კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები, იმასთან შედარებაც არ არის, თუ რა რაოდენობის კამიკაძე-დრონებით ახორციელებენ შურისძიების საჰაერო შეტევებს უკრაინელები, მაგრამ 34 თუ უფრო მეტი დრონით რუსეთის დედაქალაქისკენ „გაჭრის“ მცდელობა, რომ სწორედ 23 სექტემბრისთვის მოხდა, ეტყობა, შემთხვევითი სულაც არ არის...

დღეს, 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში იხსნება გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია, რომელზეც სიტყვით გამოვა აშშ-ის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი, რომელსაც ასევე ექნება პირისპირი შეხვედრა იქ ჩასულ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთანაც.

3-mos-1758614962.png
უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევის მოსაგერიებლად მოქმედი საზენიტო „პანცირების“ შიშით, რომ არ განმეორებულიყო გროზნოს ტრაგედია, 400-ტონიანმა რუსულმა Ан-124 Руслан-მა რეუტოვოს მაღალსართულიან კორპუსებს ძალიან დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა და დააფრთხო ადგილობრივი მაცხოვრებლები...

მოსკოვზე ყველაზე მასიური საჰაერო შეტევის მცდელობით, ზელენსკი, სავარაუდოდ, ეცდება, დაარწმუნოს ტრამპი, რომ პუტინთან ლაპარაკი მხოლოდ ძალის ენითაა შესაძლებელი და მასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მანამდე არ გამოიღებს შედეგს, სანამ რუსეთს არ გაუჩნდება დიდი პრობლემები თავისსავე ტერიტორიაზე...