"კიბეებზე ვიდექით, როდესაც ედუარდ შევარდნაძე თეთრი "ჟიგულით" მოვიდა. ჯაბა იოსელიანი შეხვდა და ეუბნება..." - რუსულ-აფხაზური საჰაერო ტერორიზმი სოხუმის დაცემის წინ... - კვირის პალიტრა

"კიბეებზე ვიდექით, როდესაც ედუარდ შევარდნაძე თეთრი "ჟიგულით" მოვიდა. ჯაბა იოსელიანი შეხვდა და ეუბნება..." - რუსულ-აფხაზური საჰაერო ტერორიზმი სოხუმის დაცემის წინ...

დღეს მთელ მსოფლიოში ძალიან გაზრდილია საფრთხე საჰაერო ტერორიზმთან დაკავშირებით, როდესაც სამიზნე სამგზავრო თვითმფრინავები, მათი ეკიპაჟები და მგზავრები ხდებიან, ოღონდ ამჯერად თავდასხმა შეიძლება მოდიოდეს არა თავად თვითმფრინავების სალონში შეღწეული თვითმკვლელი ტერორისტების „შაჰიდის ქამრებიდან“, არამედ... საზენიტო რაკეტებისგან...

საბრძოლო მოქმედებების ზონის სიახლოვეს მფრენი სამგზავრო ლაინერების საზენიტო რაკეტებით შეცდომით დაზიანება-ჩამოგდების რამდენიმე ფაქტი უკვე დაგროვდა, მათ შორის, 2014 წელს, რუსული „ბუკით“ უკრაინის თავზე მალაიზიური „ბოინგისა“ თუ ისევ რუსული „პანცირით“ გროზნოს თავზე აზერბაიჯანული „ემბრაერის“ კატასტროფების სახით...

1-babusheraa-1758627794.jpg
1993 წლის 22 სექტემბერი -ბაბუშერის აეროპორტში ჩამოგდებული Ту-154-ის ტიპის ქართულ სამგზავრო თვითმფრინავში ეკიპაჟის 8 წევრი და 100 მგზავრი დაიღუპა....

თუმცა ამ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა რუსი მეზენიტეების არაწინასწარგანზრახულ, შეცდომით მოქმედებას, მაგრამ იყო დრო, როდესაც იგივე რუსი სამხედროები, სეპარატისტებთან ერთად, ამას შეგნებულად აკეთებდნენ...

20-23 სექტემბერს შესრულდა 32 წელი მას შემდეგ, რაც 1993 წლის სექტემბერში რუსმა სამხედროებმა აფხაზ შეიარაღებულ პირებთან ერთად ჩაიდინეს საქართველოს სამგზავრო თვითმფრინავებისა და მათ ბორტზე მყოფი ეკიპაჟებისა და მგზავრების მიმართ საჰაერო ტერორიზმად შეფასებადი ქმედებები, მაგრამ დღემდე, სამწუხაროდ, დაუსჯელნი დარჩნენ...

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 1993 წლის 20-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხუთი სამგზავრო თვითმფრინავი გაანადგურეს, მათგან ორი - ჰაერში.

2-babushera-1758627794.png
ბაბუშერის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან შესვლისას ქართული სამგზავრო თვითმფრინავები ზღვაში მოდრეიფე მოწინააღმდეგის კატარღიდან გაშვებული საზენიტო „სტრელებისა“ და „იგლების“ მოქმედების ზონაში ხვდებოდნენ...

20 სექტემბერს აფხაზებმა ბაბუშერის სამოქალაქო აეროპორტს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიწვა ავიაკომპანია "ორბის" კუთვნილი Ту-134-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, თუმცა იმის გამო, რომ უკვე ჩამოწერილი იყო და მასში არავინ იჯდა, მსხვერპლი არ ყოფილა.

21 სექტემბერს საჰაერო ტერორიზმის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ფაქტი მოხდა - ავიაკომპანია "ტრანსეარ ჯორჯიას" კუთვნილი Ту-134-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი სოჭიდან ბაბუშერის აეროპორტში ბრუნდებოდა. აეროპორტთან დაშვებისას, დაახლოებით, 300 მ. სიმაღლეზე, სამგზავრო თვითმფრინავს ძრავაში მოხვდა სითბური დამიზნების "სტრელას" საზენიტო რაკეტა, რომელიც ზღვაში მოდრეიფე კატარღიდან აფხაზმა თორია აჩბამ გაუშვა. დაზიანებული თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა და მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 6 წევრი და 21 მგზავრი დაიღუპა.

3-babushera-1758627795.png
აფხაზი სეპარატისტების „გრიფის“ პროექტის კატარღა, რომლიდანაც ახორციელებდნენ „სტრელასა“ და „იგლას“ საზენიტო რაკეტების გაშვებას ბაბუშერის აეროპორტისკენ დაშვებული ქართული სამგზავრო თვითმფრინავების მიმართულებით...

მეორე დღეს, 22 სექტემბერს, თურმე, უფრო დიდი ტრაგედია გველოდა - "ტრანსეარ ჯორჯიას" კუთვნილ Ту-154-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს, რომელსაც თბილისიდან სოხუმში დასახმარებლად 120 მგზავრი (მათ შორის, მაშინდელი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მებრძოლები) მოჰყავდა, ისევ ბაბუშერის აეროპორტში დაჯდომის წინ ზღვაში მოდრეიფე კატარღიდან საზენიტო რაკეტა ესროლეს და ძრავაში მოარტყეს. პილოტებმა შეძლეს თვითმფრინავის დასაფრენ ზოლამდე მიყვანა, მაგრამ უხეში დაჯდომის შედეგად თვითმფრინავმა დაშლა დაიწყო და ხანძარი გაუჩნდა. ლაინერის ავზები საავიაციო ნავთით თბილისში ბოლომდე აავსეს, რომ სოხუმიდან უკან გამოსაფრენადაც საკმარისი ყოფილიყო და ხანძრის მძლავრი კერების გაჩენას საწვავის დიდმა მარაგმაც შეუწყო ხელი. ამ ტრაგედიის შედეგად ლაინერის ეკიპაჟის 8 წევრი და 100 მგზავრი დაიღუპა.

23 ოქტომბერს ბაბუშერის აეროდრომიდან დევნილების გამოსაყვანად ემზადებოდა "ტრანსეარის" Ту-134 და აფხაზებმა აეროპორტის ტერიტორია "გრადიდან" სწორედ ამ დროს დაბომბეს. თვითმფრინავს რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა და ცეცხლი გაუჩნდა. ეკიპაჟმა ცეცხლმოდებული თვითმფრინავიდან 24 მგზავრის გამოყვანა მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა.

ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ამავე დაბომბვის დროს "გრადის" ერთი ჭურვი აეროპორტში მდგარ "ორბის" ერთ Ту-154 -ს მოხვდა და სამგზავრო თვითმფრინავი გაანადგურა, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა.

საერთო ჯამში,1993 წლის 20-23 სექტემბერს ბაბუშერის აეროპორტში განხორციელებული რუსულ-აფხაზური საჰაერო ტერორიზმის შედეგად დაიღუპა 137 ადამიანი, 24 დაიჭრა...

4-babushera-1758627794.png
ბაბუშერის აეროპორტში იწვის „გრადის“ რაკეტით აფეთქებული Ту-134-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი...

ბლოგის ავტორის მოგონებიდან:

1993 წლის 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულება აფხაზურმა მხარემ 16 სექტემბერს ვერაგულად დაარღვია და შეტევები წამოიწყო სოხუმზე, მანამდე კი კოდორის ხიდი გადაკეტა და სოხუმი ფაქტობრივ ალყაში მოაქცია.

სოხუმში 19 სექტემბერს ჩავფრინდი, მეორე დღიდან დაიწყო ბაბუშერის აეროპორტის ინტენსიური დაბომბვა.

22 სექტემბერს, როდესაც ბაბუშერის აეროდრომზე დაჯდომისას "ტრანსაირ ჯორჯიას" კუთვნილი Ту-154-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, კელასურში, შტაბში მივედი, რომელიც სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის შენობაში იყო განთავსებული.

იქ ერთი მომენტი დამამახსოვრდა. კიბეებზე ვიდექით, როდესაც ედურდ შევარდნაძე თეთრი "ჟიგულით" მოვიდა (უკან წითელი "ტაბლეტკა-უაზი" და გაზ-66 აცილებდა დაცვით). ჯაბა იოსელიანი შეხვდა და ეუბნება - ბაბუშერის აეროპორტში ჩვენი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოგვიგდეს, ბევრი დაღუპულია, მათ გადასვენებას ვერ შევძლებთ, აეროპორტი დაიკეტაო. შევარდნაძემ მცირე დაფიქრების შემდეგ უპასუხა - დროებით დავასაფლავოთ აეროპორტის მიდამოებში, მოვიგერიოთ შეტევა და მერე გადავასვენოთო...

აეროპორტის მიდამოებში დასაფლავებულების გადმოსვენება,მხოლოდ წლების შემდეგ მოხერხდა...

და კიდევ ერთი მოგონება:

1993 წლის 9 ივლისს ტამიშთან გზა გავხსენით (მე იქ სამხედრო კორესპონდენტის რანგში ვიმყოფებოდი), სოხუმზე ბლოკადა მოიხსნა და რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში მოვფრინავდი, როდესაც ბაბუშერის აეროპორტში სამგზავრო „ტუ“ შევნიშნე, რომლის მარჯვენა რეაქტიული ძრავის საქშენი დეფორმირებული იყო - მას საზენიტო „სტრელას“ ნამსხვრევები მაშინ მოხვდა, როდესაც აეროპორტში ეშვებოდა - უტყუარი გახლდათ, რომ მოწინააღმდეგემ ეს საზენიტო „სტრელა“ კატარღიდან გაუშვა.თბილისში დაბრუნებულმა ამ საფრთხის შესახებ დავწერე კიდეც სტატიაში...

ეს უნდა გამხდარიყო გაფრთხილება, რომ ბაბუშერის აეროპორტში აფრენა-დაშვების მომენტში, როდესაც თვითმფრინავები მანევრს მცირე სიმაღლეზე, ზღვის თავზე აკეთებდნენ, ისინი ხდებოდნენ კარგი სამიზნე აეროპორტის სიახლოვეს მოდრეიფე მოწინააღმდეგის კატარღაზე განთავსებული, „სტრელასა“ და „იგლას“ მსროლელი მეზენიტისთვის და საჭირო იყო ამ კატარღის ჩაძირვა ან გაგდება იმ მანძილზე, რომ საზენიტო რაკეტები ვერ მიეწვდინათ ქართულ სამგზავრო თვითმფრინავებამდე...

მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა და ორი თვის შემდეგ, სეტემბერში, რუსულ-აფხაზურმა ამ საჰაერო ტერორისტულმა ტაქტიკამ ორი ქართული სამგზავრო თვითმფრინავი და მათში მსხდომნი შეიწირა.აეროპორტში მდგარი სამი თვითმფრინავი კი „გრადებმა“ ააფეთქეს, რომლებიც შეიძლება ასევე კატარღებიდან იყვნენ გამოშვებულნი, რადგან ბაბუშერის აეროპორტი 21 კმ-ზე მეტად იყო დაშორებული გუმისთის ფრონტის ხაზიდან და იქიდან ნასროლი მოწინააღმდეგის „გრადები“ ვერ სწვდებოდნენ ამ აეროპორტს.

ქართული სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდების შემდეგ დაიკეტა ბაბუშერის აეროპორტი, რითაც შეწყდა ალყაში მყოფ სოხუმთან კავშირი, რადგან მოწინააღმდეგეს ოჩამჩირე-სოხუმის საავტომობილო გზის მდინარე კოდორზე გამავალი ხიდი ბლოკირებული ჰქონდა, რამაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა სოხუმის დაცემაში...