რატომ ღებავენ ახალგამოჩეკილ წიწილებს მეფრინველეები - კვირის პალიტრა

რატომ ღებავენ ახალგამოჩეკილ წიწილებს მეფრინველეები

მართლაც ძალიან ლამაზია ახალგამოჩეკილი წიწილა თავისი ღუნღულა ყვითელი ბუმბულით, მაგრამ ბოლო დროს რამდენჯერმე შეგვხვდა ფაქტი, რომ ამ წიწილებს სხვადასხვა საღებავით აფერადებენ. ამას მომხმარებლის მოსაზიდად აკეთებენ და ჩვეულებრივ წიწილებზე მეტ ფასსაც ადებენ, მით უმეტეს, რომ განსაკუთრებით ინტერესდებიან ბავშვები. ბევრი, ალბათ, ვერც წარმოიდგენს, ერთი შეხედვით ხასხასა ფერებით ასე ლამაზად სახეცვლილი ფრინველი შეღებვისას რამხელა სტრესს განიცდის და რა საფრთხეების პირისპირ შეიძლება აღმოჩნდეს.

როგორც ჩანს, ზოგიერთი მეფრინველე ამაზე არ ფიქრობს.

ლუკა ქაჩიბაია სენაკელი ვეტერინარია, თავადაც უამრავ ფრინველს ზრდის და ამრავლებს. ცოტა ხნის წინ ჩვენი რესპონდენტი იყო და თავის ყელტიტველა ქათმებსა და ციცრებზე გვესაუბრა, დღეს კი როგორც ამ დარგის სპეციალისტი და ვეტერინარი, გაფერადებული წიწილების შესახებ ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს.

- ფერადი წიწილები უდავოდ აოცებს მნახველს. ისინი ასეთები იბადებიან თუ რამე ხრიკია?

- რა თქმა უნდა, ხრიკია - ისინი ბუნებრივად ასეთები არ იბადებიან, ღებავენ, არადა, ის საღებავები, რითაც მათ აფერადებენ, არ არის გამორიცხული, ტოქსიკურიც აღმოჩნდეს და წიწილების ბედი ფატალურად დასრულდეს. წიწილას ამ მდგომარეობამდე მიყვანა არ შეიძლება, არ არის მისაღები მისი ასე შეღებვა. ის მეფრინველეები, ვინც ამას აკეთებენ, არასწორად იქცევიან.

- რატომ აკეთებენ ამას, როგორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს?

- ჩემი აზრით, რომ გაყიდონ და მეტი შემოსავალი ჰქონდეთ, ვიდრე სხვა მეფრინველეებს აქვთ. შესაძლოა ყურადღების მიპყრობა სჭირდებათ. ფერადი წიწილები კი, ცხადია, მეტ ყურადღებას იქცევს, მეტ ადამიანს იზიდავს, ვიდრე ჩვეულებრივები.

- თქვენი აზრით, ფერადი წიწილები, რომელსაც ზოგჯერ საჩუქრად ყიდიან, რამხელები არიან?

- 2-3 დღის იქნებიან, მეტის არა. როდესაც წიწილა ინკუბატორიდან იჩეკება, დაახლოებით 37 გრადუსამდე აქვს ჩეკის დროს ტემპერატურა. ინკუბატორიდან რომ გადმოგვყავს, მას ოთახში იგივე ტემპერატურა ან ერთი-ორი გრადუსით ნაკლები უნდა დავახვედროთ. უკიდურეს შემთხვევაში, ახალგამოჩეკილი წიწილასთვის 32-33 გრადუსიც მისაღებია.

b-cornish-banner-1758634837.jpg

- ნაცვლად იმისა, რომ წიწილაზე იზრუნონ და შესაბამისი პირობები შეუქმნან, ღებავენ? რა შეიძლება მოხდეს?

- ცხოველთა დამცველები ამ საკითხით მეტად უნდა დაინტერესდნენ და მეტად იზრუნონ ფრინველებზე. როგორც ვეტერინარი ხომ ვაკვირდები და ასევე არაპროფესიულადაც ვხედავ - ცხოველთა დამცველებს უპირატესობა ძაღლებისთვის აქვთ მინიჭებული. არადა,

ძაღლების გარდა ძალიან ცუდ დღეში არიან სხვა ცხოველები და ფრინველები.

კი, ძაღლები ქუჩაში მრავლად არიან, მაგრამ მეფრინველეებს მეტი გაკონტროლება სჭირდებათ. ზოგიერთი ფრინველებს ძალიან ცუდად ექცევა.

- ასეთი საკითხებით დაინტერესება ნაკლებია...

- საღებავმა, რომლითაც ღებავენ, შეიძლება ბევრი რამ გამოიწვიოს: მოსალოდნელია ტოქსიკური ზემოქმედება, სასუნთქი გზების გაღიზიანება ან შეიძლება კანის დამწვრობაც მიიღონ. თუმცა, სულაც რომ არ იყოს საღებავი ტოქსიკური, მაინც ახალშობილი ფრინველისთვის დიდი სტრესია, როცა საღებავში აყოფინებ თავს. შეიძლება პულვერიზატორითაც ღებავენ. ამ საკითხით ასე დაწვრილებით არ დავინტერესებულვარ. რითაც უნდა აკეთებდნენ, ფრინველისთვის დიდი სტრესია. 2-3 დღის წიწილას ძალიან ფაფუკი ბუმბული აქვს, სული რომ შეუბერო, ჯერ კიდევ სცვივა ახალი ბუმბული.

- რამდენ ხანს შეინარჩუნებენ საღებავს?

- ალბათ, თვემდე, რადგან წიწილა 20-25 დღის რომ ხდება, ახალი ბუმბული იწყებს წამოსვლას. ნელ-ნელა იმოსება ახალი ნაზი ბუმბულით, მაგრამ იქამდე რამდენი მიაღწევს ამხელა სტრესის მერე, ეს არის საქმე.

- შეღებილი წიწილები რომ იზრდებიან, საერთოდ თუ გაიზარდნენ, მათ ჩვეულებრივად გაყიდიან, ალბათ, ქათმებად.

- თუ გაიზარდნენ, კი. ცხადია, საღებავი აღარ ექნებათ, მაგრამ წიწილობის პერიოდში იმ შეღებვისას, როგორც ვთქვი, შესაძლებელია სასუნთქი გზების დაავადება ქრონიკულში ჰქონდეთ გადასული, რაც რთული სამკურნალოა... თან ასე გაფერადებულებს ბავშვებისთვის საჩუქრად რომ ყიდულობენ, მათ რა ბედი ეწევა, კაცმა არ იცის.

- რამხელაა გამოჩეკისთვის ინკუბაციის პერიოდი?

- 19-დან 21 დღემდე. გამოჩეკილ წიწილებს, ტემპერატურული რეჟიმის შექმნის გარდა, ოთახის ტემპერატურის წყალი უნდა დახვდეს. ჩვენ პრეპარატსაც ვურთავთ პირველი 5 დღის განმავლობაში, მერე ვიტამინები სჭირდება, საკვები... მათი გაზრდა ჯიშებზეა დამოკიდებული. არის ჯიშები, რომელთაც 40-35 დღე სჭირდებათ, რომ ქათამი 2-3 კილოგრამი გახდეს. სხვადასხვა ჯიშია და წონაც ამაზეა დამოკიდებული. არის ისეთი ჯიშებიც, ერთი წლის ფრინველი 250-300 გრამს რომ იწონის.

- რა საკვები სჭირდებათ?

- თანამედროვე მეფრინველეები "ნუტრიმაქსის" "სტარტს" იყენებენ, ეს უფროა რეკომენდებული, ხარისხიანი საკვებია, ამასთან, მზა და გრანულირებულია, ხელს უწყობს საკვების ადვილად ათვისებას და საწყის ეტაპზე მაქსიმალურად ზრდა-განვითარებას. მერე სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საკვების ცვლაა საჭირო. 25-30 დღიდან ანუ მეოთხე ეტაპზე "ფინიშზე" გადაგვყავს.

- მოკლედ, ჩვენი საუბრით მოვუწოდებთ და ვურჩევთ ცხოველთა დამცველებს, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ ფრინველების მიმართაც, ამ თემით მეტად დაინტერესდნენ...

- კი, ასეა. რატომღაც არ კონტროლდება ეს ყველაფერი. გავაფრთხილოთ ის მომხმარებელიც, ვინც შეღებილ ფრინველს ყიდულობს, არ შეიძინონ. ისინი ამით შვილებს იმის მაგალითსაც აძლევენ, როგორ უნდა მოვუაროთ ფრინველებს და როგორ დავიცვათ ცოცხალი არსებების უფლებები. არ გაეკარონ ასეთ პოსტებს სოციალურ ქსელშიც, პირდაპირ დაარეპორტონ.

- ვინც ამას აკეთებს, რას ვეტყვით?

- სხვაგვარი მიზანდასახულობა გამოიჩინონ, საკუთარი თავი სხვანაირად წარმოადგინონ. არ არის საჭირო ფრინველისა თუ ცხოველის ასეთი ტანჯვა... პატარა გოგონებს თმას ხომ არ უღებავენ მშობლები, რადგან არ შეიძლება, ფრინველების შეღებვა კი საერთოდ დაუშვებელია. ავარიდოთ მათ ეს სტრესი და საფრთხე.

ვინც ამას აკეთებს, შეიძლება მიზეზად მოიდოს, წიწილა ვაქცინირებულიაო. ვაქცინაციის შემდეგ ფრინველები ინიშნებიან, რათა ადვილად განირჩეოდნენ, რომელია ვაქცინირებული. ამისთვის სპეციალური მარკერი არსებობს, ან ფეხის ბეჭედი, რგოლი, რომელიც ფეხზე უკეთდება, მარკერით კი ბუმბულზე მონიშნავენ... შეღებვის შემთხვევაში ეს ნიშანი დაიკარგება.

სამეგრელოში ერთ მცენარეს ბაკარიას ეძახიან, სინამდვილეში კი ბირკა ჰქვია. ესვრი და მაისურს ეწებება. ერთმა ქართველმა ისინი შეაგროვა, სხვადასხვაფრად შეღება და თურქეთში გასაყიდად წაიღო. დადგა შუა გზაზე, ბავშვები გაოცდნენ ასეთი შეღებილი რაღაცები რომ დაინახეს. იმ კაცმა ბევრი ფული იშოვა, რადგან სათამაშოდ გაასაღა. ეს ნაკლებად საზიანო იყო ბუნებისთვის, წიწილების შეღებვა კი ფრინველს აზიანებს!