მევენახისა და მეღვინის წალკოტი თელავის ვარდისუბანში
ეზო-კარის მოვლა და გარემოზე ზრუნვა ბევრისთვის საყვარელი საქმიანობაა. იური ჯაშიაშვილი 83 წლისაა. მის ეზოში თუ მოხვდებით, დარწმუნდებით, რომ აქ სხვადასხვა მცენარეა გალაღებული. აქვეა ათასგვარი დეკორაცია, ნივთი, რომელიც ეზოს პატრონს მთელ სივრცეში გაუშლია. იური ჯაშიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მკვიდრია. იქ დაიბადა და გაიზარდა. კახელ კაცს მევენახეობა-მეღვინეობაც ემარჯვება - ვისაც მისი ღვინო გაუსინჯავს, ჯერ არავის დაუწუნებიაო.

იური ჯაშიაშვილი:
- ეზოში ფაცხები, სკამები, თონე, ურემში მოკალათებული მიხო და მარო ჩემი ხელითაა გაკეთებული, ძველებური ნივთები კი სხვადასხვა ადგილას დავაწყვე. ისინი წლების განმავლობაშია ნაგროვები...
ახალგაზრდობაში ჩვენს სოფელში შესანიშნავი სახინკლე მქონდა. ჩემი ხინკლისთვის ხალხი საიდან არ მოდიოდა. ახლა სოფლის ცენტრში შესყიდული მაქვს ყოფილი უნივერმაღის შენობა, სადაც ავეჯის სახლი გავხსენი. ოჯახი ყველაფერს ერთდროულად ვპატრონობთ - ვენახსაც, ავეჯის სახლსაც და ეზო-კარსაც.

თამუნა ფარეშიშვილი, რძალი:
- ბატონ იურის გაჩერებულს ვერ ნახავთ, ეზოში ყველაფერი მისი ნახელავია. რასაც უნდა აკეთებდეს, ნებისმიერ საქმეში გულსა და სულს დებს.

იური ჯაშიაშვილი:
- რაც კი შემიქმნია, ეგ იდეები სულ ღამე, ძილის წინ და დილას მოსული აზრების შედეგია. იდეა რომ მოვა, მაშინვე დავგეგმავ, როგორ განვახორციელო, ოღონდ გაკეთების წინ 100-ჯერ გავზომავ ხოლმე და მერე ვჭრი.
- ეზოზე ამგვარად ზრუნვა როდის დაიწყეთ?
- რაღაცას სულ ვაკეთებდი, მაგრამ 5 წელიწადია, გვერდით ბინა შევიძინეთ. ეზოები გავაერთიანეთ და ჯამში 3600 კვადრატია. ყოჩაღი რძალი მყავს, ყველაფერში მეხმარება - ეზოშიც, ბოსტანშიც. მასაც უყვარს ყვავილები, მცენარეების მოშენება და მოვლა.

- დიდი ხანია ძველი ნივთების შეგროვება დაიწყეთ?
- ახალგაზრდობიდანვე ვაგროვებდი, ბევრი რამ მაქვს, მათ შორის, კევრი, გრამოფონი, პატეფონი და კიდევ სხვა ნივთები.
ეზოში სამი ხე-ყვავილი - ირმის რქა ხარობს. ლამაზად ყვავის, თანაც წელიწადში ორჯერ. გვაქვს მარწყვის ხე, ერთ თვეში დამწიფდება ნაყოფი, რომელსაც თუთის გემო აქვს... ცოტა ხნის წინ ურეკიდან ლამაზი მცენარეები წამოვიღე. სულ ვფიქრობ, ჩვენი ეზო კიდევ უფრო როგორ გავალამაზო... აქ ბევრი სხვადასხვა ჯიშის ვარდია, ასევე ფოთლოვანი, მარადმწვანე და მოყვავილე მცენარეები.
ეზოს წელიწადში ხუთჯერ მაინც ვთიბავთ, პეწი და სილამაზე რომ არ დაკარგოს. ვრწყავთ, თუ რამე შესაკრეჭია, ვკრეჭთ, ვწამლავთ, მცენარეებს ზედმეტ ფოთლებს ვაცლით.

- ისე, დიდი ფართობია.
- და სულ ათვისებულია. ზოგან ფანჩატურია, ზოგან სკამები, ზოგან მცენარეები... ამ ყველაფრის მოვლა-პატრონობა, მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ორჯერ მაქვს გაკეთებული გულის შუნტირება, მაგრამ არ შემიძლია დღის განმავლობაში რაღაც არ ვაკეთო... კარგია, რომ წყლის პრობლემა არაა, აუზიც გვაქვს და წყალს იქ ვაყენებ.
სოფლის ბოლოს ვენახი მაქვს. სამი ტონა რქაწითელი მოდის. დამხმარეებიც მყავს, მაგრამ მსუბუქ საქმეს მე ვაკეთებ, ვაზისთვის თავის გადაჭრას, დაკავებას... ახალგაზრდა რომ ვიყავი და მამა მყავდა, ვენახს, ძირითადად, ის უვლიდა. რაც მამა აღარ არის, ვენახიც და ღვინოც მე ჩავიბარე.
- რით გამოირჩევა იური ჯაშიაშვილის ღვინო?
- ღვინო კარგი რომ იყოს, უნდა მოუარო. რამდენჯერმე გადაღება უნდა. ადრე ქვევრში ვწურავდი, ახლა სხვა ჭურჭელში ვაყენებ და ვინახავ. რომ დაიწურება და ჭურჭელში ჩაისხმება, პირამდე უნდა გაივსოს, სხვა შემთხვევაში, ღვინო გაფუჭდება. როცა დუღს, დღეში ორჯერ მაინც უნდა დარევა.
ვენახი სოფელში აუცილებელია. სამგან მქონდა. ერთი ისეთ ადგილას იყო, რომ თბილისში ბინაში გადავცვალე, ორი ვენახი კი მაქვს. ღვინოს არ ვყიდი, სახლისა და ნათესავების პატივსაცემად ვინახავ. 1000 ლიტრამდე დგება.
- რა არის აუცილებელი ხარისხიანი ყურძნის მისაღებად?
- მოწამვლაა საჭირო სეზონზე. მაისიდან, მინიმუმ, ათ დღეში ერთხელ შაბიამნით უნდა შეიწამლოს. ტრაქტორით ვაწამვლინებ და სეზონზე დაახლოებით სულ ათჯერ მაინც უწევს. საერთოდ, ვენახის მოვლა შრომატევადი საქმეა. დასანანია, რომ ყურძენს ფასი არა აქვს, ამიტომ ჩაბარებაც უაზრობაა.
- ბოსტანშიც მუშაობთ?
- ბოსტანიც გვაქვს და ყველაფერი მოგვყავს, რაც გვჭირდება: კარტოფილი, ხახვი, პამიდორი, კიტრი, ლობიო, მწვანილი.
- ვარდისუბანი ოდითგანვე მექვევრეების სოფელი იყო.
- მექვევრეობაც იყო და კრამიტიც იჭრებოდა. ადრე სოფელში სახლები სულ კრამიტით იყო გადახურული. ახლა იშვიათია, მაგრამ აქა-იქ მაინც ნახავთ. ბავშვი ვიყავი, როცა ჩვენთან კრამიტი იჭრებოდა და მერე მისი გამოწვა ხდებოდა, თიხასაც ვამუშავებდით.
მამა მეორე მსოფლიო ომიდან რომ ჩამოვიდა, ცოტა გაჭირვებული ცხოვრება გვქონდა და ამიტომ ბავშვობაში ამ საქმეს მეც ვაკეთებდი. მოკლედ, ქვევრიც მომიჭრია და კრამიტიც.

ვარდისუბანში ხალხი ახლაც მისდევს ამ საქმეს და აქაური ნამუშევრები საზღვარგარეთაც მიაქვთ, ოღონდ ადრე მასობრივად აკეთებდნენ, ახლა ნაკლებად, ამით სულ 2-3 კაცი თუ იქნება დაკავებული. თიხის მოზელას, დამუშავებას, ნამუშევრის გამოწვას დიდი ცოდნა უნდა, მაგრამ შემოსავლიანია. თიხის ჭურჭელმა წლებს რომ გაუძლოს, თვითონ თიხა უნდა იყოს ხარისხიანი და სწორად გამოიწვას.
- კახეთში მეღვინეებს მარნებისთვის იმერეთიდანაც მოაქვთ ქვევრები.
- აქ უფრო დიდი ქვევრები იჭრება - 2-3-ტონიანი, დასავლეთში - შედარებით პატარა.
- ეზო რომ მოვლილი, ლამაზი და სასიამოვნო შესახედავი იყოს, რა არის საჭირო?
- ყურადღება და შრომა. ეზოში ნარგავებს თუ არ მიხედე, როგორ გაიხარებენ?! დილას ეზოში რომ გახვალ, ყველაფერს თვალს გადაავლებ და წესრიგია, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს.