4 ოქტომბრის სცენარი ანუ ვინ უშვებს საბედისწერო შეცდომას?! - ირაკლი მელაშვილის პროგნოზი: რევოლუციურ პროცესებს სჭირდება ლიდერები, ბელადები და ასეთებს ვერ ვხედავ პოლიტიკაში"
4 ოქტომბრამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მაგრამ ერთადერთი კონკრეტული ნაბიჯი, რაც ხელისუფლების საათების სიზუსტით დაანონსებულ დამხობასთან დაკავშირებით გაცხადდა, ის არის, რომ პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას შესთავაზა, რადგან ხელისუფლებას ტერმინი "მშვიდობიანი დამხობა" არ მოსწონს, "ალერსიანი ჩარეცხვით" შევცვალოთო. სხვა საკითხია, ეს ტერმინი რამდენად შეიცვლება, მაგრამ სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, ეს ყველაფერი რა გავლენას იქონიებს პოლიტიკურ პროცესზე, რაზეც ჩვენ პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.
- მე რამე დიდის მოლოდინი არა მაქვს. იმედია, რაიმე სისულელეს არ ჩაიდენენ. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საბოლოოდ ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბერს დიდი პოლიტიკური ძვრების მოხდენის თაობაზე. არ ჩანს ის განწყობა საზოგადოებაში, რომ ასეთი პოლიტიკური ძვრები მიდიოდეს.
რევოლუციურ პროცესებს სჭირდება ლიდერები, ბელადები, რომელთაც საზოგადოება თვალდახუჭული მიჰყვება ხოლმე და ასეთებს, უბრალოდ, ვერ ვხედავ დღეს ქართულ პოლიტიკაში.
- ოპოზიცია, განსაკუთრებით ბოიკოტისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას 4 ოქტომბრის შეეშინდა და ამიტომ დაიჭირა ხაბეიშვილი. ეს რამდენად ადეკვატური აღქმაა და რა შედეგები ექნება?
- ხელისუფლება შეშინებულს არ ჰგავს. არც იმისი ნიშნებია, რომ ძალოვანი სტრუქტურები ოპოზიციის მხარეზე გადადიოდეს. ეს, ჩემი აზრით, ოპოზიციაში რაღაც ნაწილის დიდი არაადეკვატურობის ნიშანია, რატომღაც იმედი აქვთ და ცდილობენ ხალხიც დაარწმუნონ, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია და ამითი მოახდინონ ოპოზიციურად განწყობილთა მობილიზება. მეტი მათ არაფერი აქვთ, არც არანაირი შეთავაზება, გარდა იმისა, რომ 4 ოქტომბერს მოხდება ყველაფერი, მაგრამ რა მოხდება, ვერავინ ვერაფერს ეუბნება ხალხს.
- თუ ხელისუფლებას არ ეშინია, მაშინ რაში სჭირდებოდა ხაბეიშვილის ახლა დაჭერა?
- ხელისუფლება გამალებით ცდილობს ხაბეიშვილისგან ლიდერის გამოძერწვას, რადგან აწყობს ოპოზიციის ასეთი ლიდერის არსებობა. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმას, რაც ხდება. გასაგებია, რომ ხელისუფლება ბევრ ტუტუცობას სჩადის, მაგრამ ხაბეიშვილის დაჭერა სრული სიგიჟე იყო, თან იმ მოტივით, რაც გაცხადდა. როცა დაიჭირეს, სანამ შსს ბრიფინგს ჩაატარებდა, თავად "ნაცმოძრაობის" მომხრეებიც, ლიდერებიც და ადვოკატებიც ელოდებოდნენ, რომ ხელისუფლება უბრალო ჩანაწერს მაინც დადებდა და იტყოდა, ეს იქნება კომპილაცია და არ დაიჯეროთო. ამათ კი არც არაფერი დადეს და თქვეს, პოლიტიკური დაპირების გამო დავიჭირეთო. ისიც კი არ უთქვამთ, სახელმწიფოს დამხობას გეგმავდაო. სრული სამართლებრივი აბსურდია.
ასევე დაგაინტერესებთ: გია ხუხაშვილის სკანდალური განცხადება: "დიახ, "ნაცმოძრაობა" ხელისუფლების გამყარებას ემსახურება" - რატომ მიიჩნევს ექსპერტი 4 ოქტომბრის "რევოლუციას" "ოცნების" მიერ შემოგდებულ პროვოკაციად
- როდესაც დაანონსებულია კონკრეტული თარიღი, რომ რაღაც უნდა მოხდეს, და თუ არ მოხდება, მაშინ რა მოჰყვება ამ ყველაფერს?
- იმ დღეს რა უნდა მოხდეს? ვერავინ ვერაფერს ამბობს. მხოლოდ რამდენიმე კაცი გამოდის და ამბობს, ხელისუფლებას 4 ოქტომბერს დავამთავრებთო, მაგრამ როგორ, კაცმა არ იცის. ვერც ხალხში ვხედავ ისეთ განწყობას, რომ ემზადებოდეს რაღაც გადამწყვეტისთვის. პირველ რიგში, ვერ ვატყობ ნდობას იმ ხალხის მიმართ, ვინც აანონსებს "მშვიდობიან დამხობას". მმართველ გუნდში კი სჯობს კონსენსუსის ვარიანტებზე იფიქრონ, რათა ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ეს ცუდი სიზმარი. ისე, "მშვიდობიანი დამხობა" ძალიან უცნაური ტერმინია, ასეთი რამ მხოლოდ ჩვენ შეიძლებოდა მოგვეგონებინა.
ალბათობა, რომ ხელისუფლება დაემხობა, ძალიან დაბალია. ამიტომაც პროცესები ძალიან მდორედ წავა და საზოგადოებაში იქნება ფრუსტრაცია ოპოზიციის მორიგი ცრუ დაპირების გამო.
საქართველოში ცვლილებები არ მომხდარა მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლება არ მოსწონთ. ცვლილებები მოხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება ირწმუნებს, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც რაღაც უკეთესის მომტანია. ამიტომაც მთავარი ამოცანაა ოპოზიციის ფორმატირება ისე, რომ ოპოზიციამ საზოგადოების მოთხოვნებს უპასუხოს.
თუ საზოგადოებისა და ოპოზიციის ერთ სიმებზე აწყობა ვერ მოხერხდა, ქვეყანაში ცვლილებები არ იქნება.
- ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ერთი ჯგუფი მეორეს დაუპირისპირდა, ამის გამოყენება ოპოზიციას არ შეუძლია?
- მმართველი პარტია საქართველოში არასოდეს არ არის კლასიკური პარტია. ყოველთვის არის ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფების ძალიან ამორფული კავშირი და ახლა იქ ზოგი თავის დამყარებისთვის იბრძვის, ზოგი ზევით ასასვლელად და ა.შ. ვერ გეტყვით, რომ ეს საზოგადოებაზე მაინცდამაინც არსებით გავლენებს ახდენს.
დაიჭირეს მინისტრი და შეხედეთ საზოგადოების რეაქციას, არც აინტერესებთ. იმდენად არაპოპულარულია ხელისუფლება, რომ არავის დაჭერა არ ადარდებთ. ხელისუფლების ავტორიტეტი დაცემულია ნულს ქვემოთ. მეორე მხრივ, ხელისუფლების ბედნიერებაა ის, რომ ოპოზიცია უფრო უარეს მდგომარეობაშია. ხალხი უყურებს ამ ორ უვარგისს და ფიქრობს, რომ შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველს.
ოპოზიცია რომ მოვა, კაცმა არ იცის, რა იქნება. ხელისუფლებაშიც არ არის ისეთი არავინ, რომლის იმედიც საზოგადოებას ექნება. ძალზე დაბალია მათი პიროვნული რეიტინგები და მაღალია პოლიტიკური ლიდერების მიუღებლობა, იმიტომ, რომ ისინი საზოგადოებაში დესტრუქციის მთავარი შემომტანები არიან, რაც არ უნდა ლაპარაკობდნენ სხვის რადიკალიზმზე. ამიტომაც საზოგადოება მათ არ ენდობა და სულ არ აინტერესებთ, ერთმანეთთან რა დაპირისპირებები აქვთ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში.
- ოპოზიცია ამას რატომ ვერ იყენებს?
- ოპოზიციამ მთელი ამ ხნის განმავლობაში რა შანსი გამოიყენა, რომ ეს გამოიყენოს? კორუფციასთან ბრძოლა ყოველთვის არის იარაღი, რომელსაც ხელისუფლება, როცა დასჭირდება, იყენებს, მაგრამ, მეორე მხრივ, საკუთარ დისკრედიტაციას ახდენს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ 700 მილიონი დოლარი ისე გათეთრდა, რომ ვერც ეროვნულმა ბანკმა, ვერც საბანკო სისტემამ და ვერც სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერაფერი გაიგეს. მაშინ სახელმწიფო არ გვქონია. საუბარია იმ ოდენობის თანხის გათეთრებაზე, რომელიც ჩვენი სავალუტო რეზერვების ლამის 20-30%-ს შეადგენს და შეუძლებელია ეს ეროვნულ ბანკს არ სცოდნოდა. მაშინ რაშია საქმე? ის ხალხი, რომელიც დღეს ამაზე ლაპარაკობს, ხომ ყველა ხელისუფლებაში იყო და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათზეა. ამბობენ, ჩვენ ვუვლით და ვიცავთ ქვეყანასო. რას იცავ, თუ ასეთი რამ ერთი სავალუტო ჯიხურის მეშვეობით მოხდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა იმდენად დაუცველია, რომ 3-4 სავალუტო ჯიხურს შეუძლია ჩვენი საფინანსო სისტემა დაანგრიოს.
- არჩევნების წინ ამაზე ლაპარაკი ხელისუფლებას რაში სჭირდება, რატომ გარისკა?
- კობახიძე ახლა ცდილობს კორუფციასთან, დარღვევებთან მებრძოლის იმიჯი შეიქმნას და ყველაფერი სხვას გადააბრალოს. ამიტომ იწყებს ამ ამბების გამომზეურებას, ფიქრობს, ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის. ამიტომ ის ნეგატივი, რაც ამ ამბების გამომზეურებამ შეიძლება მოიტანოს, ადვილად გადასაგორებელია. სამაგიეროდ, საშუალოვადიან პერსპექტივაში პრემიერს ექნება კორუფციასთან მებრძოლის ისეთი იმიჯი, რომ გუნდში ვეღარავინ აჯობებს.
მას სხვა იმიჯის შექმნის რესურსი არა აქვს. ჭკუადამჯდარი და ემპათიის მქონე იმიჯის შექმნა მისთვის შეუძლებელია. ამიტომაც იქმნის „"მკაცრი ხელის" იმიჯს და სააკაშვილის ნულოვანი ტოლერანტობის სტილში დაიწყო უკვე განცხადებების გაკეთება, არავის არ დავინდობ, მკაცრად იქნება კანონი გამოყენებულიო და ა.შ. ამასთან, საზოგადოებას კანფეტიც უნდა მიაწოდო და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯის შექმნა სწორედ ეს კანფეტია. ჩვენ დღეს ავტორიტარული მართვის ისეთი სისტემა გვაქვს, რომ პირველი პირების შეხედულებები, ფსიქიკა დიდწილად განაპირობებს იმას, თუ ქვეყანაში რა ტიპის მართვა იქნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კობახიძის პირადი ინიციატივებია საკუთარი იმიჯის შესაქმნელად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად.