ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო ანუ უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაცია - პუტინს „ისკანდერებიც“ აუფეთქეს
უკრაინაზე თავდასხმის დღიდან მოყოლებული, კრემლი მის ქალაქებსა და სოფლებს თითქმის ყველა იმ შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის გამოყენებით ბომბავს, რომელიც რუსეთის არმიის არსენალშია.
უკრაინის დამცველები კი თავის მხრივ ცდილობენ შურისძიების ფარგლებში მტერს გაუნადგურონ ეს შეიარაღება.
შესაბამისად, უკრაინას დაზიანებული და განადგურებული ჰყავს ფრთოსანი რაკეტების გამომშვები რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები Ту-95МС-ები, მართვადი ბომბების ჩამომყრელი საფრონტო ბომბდამშენები Су-34-ები, შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავები А-50-ები, მეხუთე თაობის Су-57-ი, სარაკეტო კორვეტები და თვით ერთი წყალქვეშა ნავიც კი, რომელიც მშრალ დოკში იდგა.
მაგრამ, დღემდე შურისძიების გარეშე რჩებოდნენ ის რუსული „ისკანდერები“, რომლებიც ნამდვილ კოშმარს წარმოადგენენ უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მაცხოვრებლებისთვის, რადგან მათ მიერ გაშვებული აერობალისტიკური რაკეტების გადაჭერა მხოლოდ ამერიკულ „პეტრიოტებს“ თუ ძალუძთ და ისიც მხოლოდ სპეციალური ანტისარაკეტო რაკეტებით, რომელთა რაოდენობა უკრაინელთა არსენალში ძალზე შეზღუდულია და ძირითადად დედაქალაქ კიევის გარშემოა თავმოყრილი.
აქედან გამომდინარე,ბევრად უფრო უპრიანი იქნებოდა რუსული „ისკანდერის“ თავად სარაკეტო დანადგარების განადგურება უშუალოდ სასტარტო პოზიციებზე და დისლოკაციის ადგილებზე.
უკრაინის დამცველების ამ პრობლემასთან დაკავშირებით უკვე ვწერდით ამავე ბლოგის 11 აპრილის სტატიაში „ისრების ჩამოყრას ისრების მსროლელის განადგურება სჯობს ანუ რამდენი „პეტრიოტი“ სჭირდება უკრაინას რუსული „ისკანდერების“ მოსაგერიებლად...“, რომელშიც ყურადღებას ვამახვილებდით:
„ისრების ჩამოგდებას სჯობს მეისრის განადგურება ანუ უკრაინელებმა უკვე გამოშვებული რუსული „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ ჩამოგდებაზე მეტად უნდა იფიქრონ თავად „ისკანდერების“ გამშვები მობილური დანადგარებისა და „კინჟალის“ მატარებელი „მიგების“ განადგურებაზე,რაც ბევრად მომგებიანი გამოვა „ღირებულება-ეფექტიანობის“ კრიტერიუმით, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც დროში გახანგრძლივებული ეს ფართომასშტაბიანი ომი „გამოფიტვის ომად“ გადაიქცა.

მაგრამ, „ისკანდერებსა“ და „კინჟალებს“ რუსი სამხედროები ფრონტის ხაზიდან 300-400 კმ-ის დაშორებიდან უშვებენ, რომ უკრაინელები ვერ მისწვდნენ მათ გამშვებ სახმელეთო და საჰაერო მატარებლებს.
ასევე დაგაინტერესებთ: ყველაზე მასიური საჰაერო შეტევა მოსკოვზე... გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნის წინ...
ისტორიული ამბავი: პუტინს ბერიაშვილის "ჩაიკები" აუფეთქეს - უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაცია
პროვოკაცია „მიგებით“ ანუ პუტინის მორიგი წკიპურტი ნატოს...
თუმცა მანძილის პრობლემას უკრაინელები თანდათანობით ხსნიან, მას შემდეგ რაც ინტენსიურად დაიწყეს კამიკაძე-დრონებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის 1 200- 1 700 კმ-მდეც კი საჰაერო დარტყმების მიყენება.

შესაბამისად, შესაძლებელი ხდება უკრაინული კამიკაძე-დრონებით საპასუხო დარტყმების მიყენება იმ პოზიციურ რაიონებზე რუსეთის სიღრმეში, საიდანაც მობილური დანადგარებიდან იღებენ სტარტს „ისკანდერის“ აერობალისტიკური რაკეტები, თუმცა...
ამერიკული გლობალური სადაზვერვო ქსელის თანამგზავრები ადრეულად აღმოაჩენენ რუსული „ისკანდერების“ სტარტს სარაკეტო ძრავების საქშენებიდან გამოტყორცნილი მაღალტემპერატურიანი ალის მეოხებით და უკრაინულ მხარეს ოპერატიულად აწვდიან ინფორმაციას ქალაქებში საჰაერო განგაშის გამოსაცხადებლად.
მაგრამ, თუკი რუსულ „ისკანდერს“ 300-400 კმ-ის გასაფრენად სულ რამდენიმე წუთი თუ სჭირდება, უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა „ისკანდერების“ სასტარტო პოზიციამდე მისაღწევად 3-4 სთ-ი უნდა იფრინონ და იქ, რა თქმა უნდა, აღარავინ დახვდებათ, რადგან რაკეტების სტარტიდან ხუთიოდე წუთში „ისკანდერის“ გამშვები მობილური დანადგარები სასწრაფოდ ტოვებენ სტარტის ადგილს...

ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთ გამოსავლად რჩება უკრაინული კამიკაძე-დრონების წინასწარი გაგზავნა ბრიანსკისა თუ ორიოლის ოლქების ცაში ბარაჟირებისთვის, რათა „ისკანდერების“ სარაკეტო დანადგარების აღმოჩენისთანავე მათზე იერიში მიიტანონ...“
ალბათ,დაახლოებით ასეთი სცენარით განხორციელდა ის უნიკალური სპეცოპერაცია, რის შედეგადაც დადასტურებულად გაიხსნა ანგარიში...რუსული „ისკანდერების“ განადგურების!
ინტერნეტსივრცეში გუშინდელი დღიდან გავრცელდა მაღალი ხარისხის ფოტოები,რომლებსაც ასახულია ექვსი დამწვარი МЗКТ-7930 ტიპის რვაბორბლიანი მანქანა, სწორედ ისეთები, რომლებიც გამოიყენება „ისკანდერის“ აერობალისტიკური სტარტისთვის და ასეთივე რაკეტების ტრანსპორტირებისთვის. როგორც თანდათანობით გაირკვა, ჯერ კიდევ 20 აგვისტოსთვის, 14 უკრაინულმა შორსმფრენმა კამიკაძე-დრონმა საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის ფრონტის ხაზიდან მინიმუმ 370 კმ-ით დაშორებულ რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე მოლკინოს დასახლებაში მდებარე, მსუბუქად გადახურულ ანგარებზე, რის შედეგადაც დაიწვა და განადგურდა რუსული სამხედრო ტექნიკა.
რუსმა სამხედროებმა თავად გადაუღეს და ინტერნეტსივრცეში გაავრცელეს მათი განადგურებულლი ტექნიკის ფოტოები, რომელთა დეტალური ანალიზის შედეგად ირკვევა - ამ წარმატებული უკრაინული საჰაერო ოპერაციის შედეგად რუსეთის არმიამ საბოლოოდ დაკარგა ერთი 9П78-1 ტიპის მობილური სარაკეტო დანადგარი (რომელსაც „ისკანდერის“ ორი რაკეტის ერთმანეთის მიყოლებით გაშვება შეუძლია), ხუთი 9Т250 ტიპის სატრანსპოტო-დამტენი მანქანა (თითოეულ ასეთ მანქანას „ისკანდერის“ ორი რაკეტა მიაქვს და სარაკეტო გამშვებ დანადგარზე მათ გადატვირთვას ახორციელებს ამწეს საშუალებით) და ერთი „კამაზი“, რომლის ძარაზეც საზენიტო სარაკეტო-საქვემეხო „პანცირი“ იყო დამონტაჟებული.
ანგარებში გადამალული ეს „ისკანდერები“ დიდი ალბათობით ეკუთვნოდა რუსეთის არმიის პირველ სარაკეტო ბრიგადას, რომელიც მოლკინოს პოლიგონის სიახლოვეს, გორიაჩი კლიუჩის დასახლებაშია დისლოცირებული. თავად მოლკინო კი იმით არის ცნობილი, რომ იქ რუსეთის გენშტაბის სადაზვერვო სამმართველოს (ყოფილი „გე-ერ-უ“-ს) მე-10 ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადაა განთავსებული, ხოლო მოლკინოს პოლიგონზე წლების განმავლობაში მომზადებას გადიოდნენ პრიგოჟინის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები.
საერთოდ, „ისკანდერის“ ერთ ბატარეაში შედის ორი გამშვები და ორიც სატრანსპორტო-დამტენი მობილური დანადგარი. შესაბამისად, ამ დარტყმით უკრაინელებმა რუსეთის „ისკანდერების“ ერთი-ორი ბატარეა არაბრძოლისუნარიანი გახადეს, რაც ზღვაში წვეთად მოჩანს, როდესაც რუსეთის არმიის არსენალში „ისკანდერების“ 14 სარაკეტო ბრიგადა ირიცხება, თუმცა აქ მთავარი მაინც ის არის, რომ შედგა დადასტურებული შურისძიება იმ რუსულ „ისკანდერებზე“, რომლებმაც უკრაინულ ქალაქებს დიდი მსხვერპლი მიაყენეს, მანამდე კი პირველი საბრძოლო გამოცდა აგვისტოს ომის დროს ქართული გორის წინააღმდეგ ჩაატარეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა მოჰყვა...