ჟესტური ენის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნა - "ძალიან გახარებულები არიან და ელოდებიან, როდის ეყოლებათ ექიმები, რომლებიც მათ ენაზე ისაუბრებენ"
23 სექტემბერს, თბილისის სამედიცინო აკადემიაში, ჟესტური ენის მნიშვნელობასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, თბილისის სამედიცინო აკადემიასა და ყრუთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. ასევე, გაიმართა ახალი პროექტის წარდგენა, რაც გულისხმობს მედიცინის სტუდენტებისთვის ჟესტური ენის სწავლებას.
ანა გაბრიჭიძე, თბილისის სამედიცინო აკადემიის კურსდამთავრებული, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტი:

- 23 სექტემბერს, ჟესტური ენების საერთაშორისო დღეა, ამასთან დაკავშირებით, მემორანდუმი თბილისის სამედიცინო აკადემიასა და ყრუთა კავშირს შორის საზეიმო ვითარებაში გავაფორმეთ. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტში ჟესტური ენის არჩევითი კურსი დაიწყება. ჟესტური ენა კურიკულუმში ჩასმული არჩევითი საგანი იქნება. პირველ ეტაპზე, ზოგადად, ჟესტურ ენას ისწავლიან და მეორე, მესამე ეტაპზე ამ საგანს უკვე სიღრმისეულად გაივლიან, რაც მოიცავს არამარტო ჟესტურ ენას, არამედ, სამედიცინო ტერმინოლოგიას და პაციენტებთან კომუნიკაციას.

მართლაც არაჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა, რომელსაც ასამდე სტუდენტი დაესწრო. ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა - მაია მეტონიძემ სტუდენტებს გააცნო ეს წამოწყება, მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ასევე, გვყავდა მოწვეული ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები, რომელთაც თავიანთი გამოცდილება გაგვანდვეს.

მათ აღნიშნეს, რომ ძალიან რთულია, როცა მათ ექიმთან თარჯიმანი მიჰყვებათ. ამ დროს ბოლომდე ვერ იხსნებიან, კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ, რადგან არ სურთ ყველაფერი თარჯიმანთან ისაუბრონ. რადგანაც საქართველოში არც გვყავს თარჯიმნების საკმარისი რაოდენობა, თარჯიმნები ძირითადად, სხვა ყრუ და სმენადაქვეითებულების ოჯახის წევრები არიან. ისინი თარგმნიან, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს იმას, რომ ექიმი არასწორ ანამნეზს იღებს, იწყება არასწორი მკურნალობა და ეს ყველაფერი იმის შედეგად, რომ ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია ვერ შედგა.

ამიტომაც, ეს ადამიანები ძალიან გახარებულები არიან და ელოდებიან, როდის ეყოლებათ ექიმები, რომლებიც მათ ენაზე ისაუბრებენ. პროგრამის ხელმძღვანელმა ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად კომუნიკაცია მედიცინაში. იმის შესახებ, რომ თანამედროვე მედიცინა აუცილებლად მოითხოვს ინკლუზიურობას, საკითხებზე ღიად საუბარს, რაც აქამდე ტაბუდადებული იყო და ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩებოდა.