როგორ გახდა მეკარე, რატომ დაუმტვრია კორესპონდენტს ფოტოაპარატი და როგორ გადაარჩინა ჟიული შარტავამ დისკვალიფიკაციას, რომელიც პირჯვრის გადაწერის გამო ემუქრებოდა - რას ჰყვება ლეგენდარული ოთარ გაბელია?
Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია ლეგენდარული ქართველი მეკარე, ვეტერანი ფეხბურთელი ოთარ გაბელია.
გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
გიო:
- ბატონო ოთარ, მოგესალმებით. ბავშვობა სად გაატარეთ და ფეხბურთს რა ასაკიდან თამაშობდით?
- ბავშვობა გავატარე ზუგდიდში, ჩემს ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სკოლაში სიარული რომ დავიწყე, ფეხბურთსაც მაშინ, 7-8 წლიდან ბავშვური გატაცებით ვეზიარე. სკოლის პერიოდში ყველა სპორტულ თამაშსა და შეჯიბრებაში ვმონაწილეობდი, ეს იყო ხელბურთი, ფრენბურთი... ვცეკვავდი კიდეც და ეს ყველაფერი ძალიან გამომადგა სამეკარეო საქმიანობაში.
ავთო:
- რატომ გადაწყვიტეთ მეკარეობა და ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი?
- თავიდან, როცა ფეხბურთს ეზოში ვთამაშობდი, მეკარეობა გადაწყვეტილი არ მქონდა და თავდამსხმელი ვიყავი. ერთ-ერთ არაოფიციალურ პატარა ტურნირზე ბომბარდირიც კი გავხდი. კარში, ხანდახან ვდგებოდი. გაგონილი გექნებათ, რომ მთელ საბჭოთა კავშირში "ტყავის ბურთის" პრიზზე პირველობა ტარდებოდა და ტარდებოდა საქართველოშიც. ქუჩის ეგ პირველობა რომ დაიწყო, ჩემთვის პირველი ოფიციალური შეჯიბრება იყო და ჩემმა მეზობლებმა - გივი სართანიამ (მსაჯი იყო) და ვაცბულ ბუკიამ (სტადიონზე მუშაობდა) ჩამრთეს. ნინოშვილის ქუჩაზე ჩამოაყალიბეს გუნდი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იმ პირველობაში. გავიმარჯვეთ ზუგდიდში - ჩემპიონები გავხდით და ფოთში წავედით. იქაც გავიმარჯვეთ. მერე ჩვენი გუნდის მეკარე საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. მოთამაშის სხვა ქუჩიდან მოყვანა არ შეიძლებოდა და მეკარეობა მე მთხოვეს. მთელი ღამე არ მეძინა. გამოუვალი მდგომარეობა იყო და დავთანხმდი. მოკლედ, პირველი ტურნირი როგორც კი დაიწყო, იქიდან დაიწყო ჩემი მეკარეობაც. ზონალურ პირველობაზე საუკეთესო მეკარის პრიზი მომცეს.
ერთხელაც მამაჩემმა დამიძახა და ჟურნალი "ოგანიოკი“ მაჩვენა, რომლის გარეკანზე სერგო კოტრიკაძე იყო გამოსახული. 1962 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე გახდა. მამამ მითხრა - მეკარე ვარო, ამან უნდა თქვას, აბა, შენ რას დაბოდიალობო?! ამ ნათქვამმა დიდი სტიმული მომცა, რომ კარში დგომა წარმატებით გამეგრძელებინა და ამ საქმეს გავყოლოდი.
სენაკელი:
- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ - "ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედაა“. დედის მოყვარული კაცი "ნამდვილი ადამიანია,“ აქედან იწყება მისი საქმისადმი სიყვარული. თქვენი სისხარტით ბევრი ზეიმი გვინახავს... მშობლებზე მოგვიყევით...
- ყველა შვილისთვის თავის მშობელი მნიშვნელოვანია და ყველაზე კარგი ჰგონია. ნამდვილად ბედნიერი კაცი ვარ, რომ საუკეთესო მშობლები მყავდა, რომლებმაც ყველაფერი მასწავლეს - ცხოვრებისეული ყველა წესი და ადათი, რაც ნორმალურ ადამიანს ცხოვრებაში სჭირდება. მამა დიდ თანამდებობაზე მუშაობდა - მეურნეობის დირექტორი იყო, დედა - ბიბლიოთეკარი. დღესაც ახსოვთ მათი უბრალოება, პატიოსნება და მათ ტრადიციებს მეც ვაგრძელებ.
ჩემი სამეგობრო და სანათესავო დედაჩემს "ფეოლას" ეძახდა, არცერთ თამაშს არ აცდენდა. იმ "ტყავის ბურთის" პირველობის ტურნირებზე თამაშები სოფლებში იყო და სულ დამყვებოდა. ერთხელ ძაღლებმა კინაღამ შემიჭამეს, თამაში ცოტა მიუვალ ადგილას გვქონდა, მაგრამ არ შეეძლო, რომ არ წამომყოლოდა.
როცა დიდ ფეხბურთს ვეზიარე, ჩემს თამაშებს უყურებდა, ცუდი ბურთი რომ გამეშვა, არასდროს იტყოდა, რომ ჩემი ბრალი იყო. ყოველთვის სხვას აბრალებდა.
დავითი:
- თბილისის "დინამოს“ 1981 წლის ბრწყინვალე გამარჯვება რეალურად რისი შედეგი იყო?
- ეს პირველი "დინამოელის“ დამსახურებაა. დიდი ფეხბურთს თამაშობდნენ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, მეც რომ არ მახსოვს. 1964 წლის ჩემპიონები რომ გახდნენ სერგო კოტრიკაძე, მიშა მესხი, სლავა მეტრეველი და ეს საოცარი თაობა - ფეხბურთი მათ შემაყვარეს. იმ 1964 წლის დიდი წარმატება რომ არ ყოფილიყო, შეიძლება მომავალში ის გამარჯვება, რაც შემდეგ მოვიპოვეთ, არც გვქონოდა. იმ თაობაში ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავები თამაშობდნენ, რომ ყველა ბავშვი მათ ჰბაძავდა. გითხარით, რომ თავიდან ბავშვობაში თავდამსხმელი ვიყავი და მიშა მესხს ვბაძავდი. ერთხელაც კაპიტნის სამკლავური "ბრონზით“ მარცხენა მკლავზე დავიხაზე, რადგან ბავშვობაში ჩემი გუნდის კაპიტანი ვიყავი. მარცხენა იმიტომ, რომ მემარცხენე ვიყავი და მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი.
1964 წლის ის დიდი წარმატება იმანაც განსაზღვრა, რომ მწვრთნელებიც მაგრები მოვიდნენ - იაკუშინი, კაჩალინი და ფეხბურთელების ვარსკვლავური შემადგენლობაც დაემთხვა. ამ თანხვედრის გამო მოხდა ის, რაც მოხდა.
იმ თაობის შემდეგ იყვნენ დიდი ფეხბურთელები, მაგრამ ისე მოხდა, რომ წარმატება არ ჰქონიათ. მომდევნო ეტაპზე უკვე მოვიდა ჩვენი თაობა. თბილისის "დინამოში“ მოვიდა საუკეთესო მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი და შეაგროვა ის შემადგენლობა, რამაც წარმატებამდე მიგვიყვანა. ყოველთვის დადიოდა რეგიონებში, თამაშებს ესწრებოდა.