დანია, ნორვეგია და შვედეთი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებიდან აფრენილმა დრონებმა ააფორიაქეს? - კვირის პალიტრა

დანია, ნორვეგია და შვედეთი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებიდან აფრენილმა დრონებმა ააფორიაქეს?

ნატოს სამი წევრი ქვეყნის-დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის საჰაერო სივრცეებში 22 სექტემბერს რამდენიმე საათით შეწყდა ავიამიმოსვლა, უცნობი საფრენი აპარატების გამოჩენის გამო...

ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა ამ დრომდე მხოლოდ იმის დადგენა შეძლეს, რომ ეს დრონები თვითმფრინავის კონსტრუქციის იყო და მათ გამოცდილი ოპერატორები მართავდნენ, მაგრამ საიდან მოფრინდნენ და საით გაფრინდნენ, ჯერ ბოლომდე არ დაუზუსტებიათ.

ფაქტობრივად, ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა ის, რაც სისტემატურად ხდება რუსეთის საჰაერო სივრცეში, როდესაც იქ შეფრენილი უკრაინული კამიკაძე-დრონების შიშით, რუსეთის ხელისუფლება იძულებული ხდება სასწრაფოდ გამოაცხადოს განგაში „კოვიორი“ და დაკეტოს აეროპორტები, რამაც რუსეთის საჰაერო სივრცეში ავიარეისების შესრულებას უდიდესი პრობლემები შეუქმნა.

blogi-3-1758741614.png
იაფასიანი რუსული სადაზვერვო დრონი „გერბერა“ 300 კმ-მდე მიფრინავს,მაგრამ საწვავის დამატებითი ავზის დაყენების შემდეგ, 700 კმ-ის დაფარვაც შეუძლია...

იმავე ხერხით სამაგიეროს გადახდა რუსეთს უკრაინისთვის იმ უბრალლო მიზეზის გამო არ შეუძლია, რომ ამ მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმის დღიდან,უკრაინის აეროპორტებიდან სამგზავრო რეისები აღარ შესრულებულა, მაგრამ იქნებ კრემლში გადაწყვიტეს, რომ უკრაინის სანაცვლოდ შურისძიება სწორედ ნატოს იმ ევროპულ ქვეყნებზე გადაიტანონ, რომლებიც სამხედრო დახმარებას უწევენ კიევს?

პოლონეთის ცაში შეჭრილი „გერბერას“ რუსული დრონები ერთგვარი სტარტი გახლდათ კრემლის ამ ახალი ტაქტიკის, რომელიც გაგრძელდა ზებგერითი რუსული „მიგების“ ესტონეთის ცაში 12 წუთიანი „განავარდებით“ და იქნებ დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის დედაქალაქების თავზეც სწორედ რუსულმა სადაზვერვო დრონებმა გადაიფრინეს?

რუსეთის კალინინგრადის ოლქიდან პირდაპირი ხაზით შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმამდე 500კმ-ია, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლომდე 800 კმ-ი,ხოლო დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენამდე კი 480 კმ-ი და თეორიულად შეეძლოთ რუსულ სადაზვერვო „გერბერებს“ დამატებითი მეორე ბენზინის ავზის დაყენების შემთხვევაში, ერთი მიმართულების დაფარვა.

bloogi-1758741720.png
ბალტიის ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვაში გასვლამდე რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები ჩაუვლიან ფინეთის, ესტონეთის, ლატვიის, შვედეთის, ლიეტუვას, პოლონეთის, დანიისა და ნორვეგიის სანაპიროებს,რომლის დროსაც დიდი ალბათობით ახორციელებენ ნატოს წევრი ამ ქვეყნების რადიოელექტრონულ დაზვერვას და სურვილის შემთხვევაში სადაზვერვო დრონების გაშვებაც შეუძლიათ...

მაგრამ,ამ ქვეყნების სპეცსამსახურებში ეჭვობენ, რომ ამ დრონების, რომლებმაც ძილი დაუფრთხეს კოპენჰაგენისა და ოსლოს მაცხოვრებლებს, აფრენა მოხდა...რუსული „ჩრდილოვანნი ფლოტის“ იმ ტანკერებიდან, რომლებიც საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, ლენინგრადის ოლქის პორტებიდან ნედლ ნავთობს ეზიდებიან მთელ მსოფლიოში სწორედ ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების გავლით, რის დროსაც ჩაუვლიან ჯერ შვედეთის,შემდეგ კი დანიისა და ნორვეგიის სანაპიროებს.

22 სექტემბერს, დანიისა და ნორვეგიის საჰაერო სივრცეების დარღვევისა და უცნობი დრონების მათ დედაქალაქებზე გადაფრენის მომენტისთვის, მათ სანაპიროებთან მიცურავდა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ სამი-ერთი ტანკერი და ორი მშრალტვირთმზიდი გემი, რომელთა გემბანებიდან თვითმფრინავის კონსტრუქციის დრონების გაშვება სპეციალური კატაპულტის გამოყენებით, არავითარ ტექნიკურ პრობლემას არ წარმოადგენს.

ეს მეთოდი-სამოქალაქო გემების სადაზვერვო საქმიანობისთვის გამოყენება, უძველესია და მას საბჭოთა კავშირი გარდა სხვა ბევრი ქვეყნის დაზვერვაც მიმართავდა ათწლეულების განმავლობაში და ამიტომაც სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც ასე გადაწყვიტა ევროპელების დაშინება-მათი დედაქალაქების თავზე უცნობი საფრენი აპარატების დაბალ სიმაღლეზე გადაფრენით...

მითუმეტეს, რომ სწორედ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების ეკიპაჟებს ბრალდებათ თვეების წინ ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების სპეციალურად დაზიანება, ცურვის დროს ჩაშვებული ღუზებით.

თუკი უახლოესს დღეებში კვლავ განმეორდა ანალოგიური შემთხვევები ევროპის სხვა ქალაქების თავზეც,მაშინ კიდევ უფრო განმტკიცდება ეჭვი იმის შესახებ, რომ რუსეთი დრონების „შესევით“ ევროპელების დაშინებას იწყებს...