ქართული პოლიტიკური "ანომალია": "ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან და ამით ხელისუფლებას აძლიერებენ" - ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზი: რა მოხდება 4 ოქტ - კვირის პალიტრა

ქართული პოლიტიკური "ანომალია": "ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან და ამით ხელისუფლებას აძლიერებენ" - ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზი: რა მოხდება 4 ოქტომბერს?!

რა პოლიტიკური რისკებია ქვეყანაში, რა ხდება ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- აშკარაა, რომ ხელისუფლებაში მიმდინარეობს ძალაუფლების გადანაწილება. როგორც ჩანს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრაქტიკულად მთლიანად პრემიერ-მინისტრ კობახიძეს გადააბარა და კობახიძემაც დაიწყო საკუთარი გუნდის ფორმირება. ეს თითქოს სიახლეა, მაგრამ სინამდვილეში ქართული პოლიტიკური რეალობისთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

როდესაც ერთი ლიდერი ხელისუფლებაში მოდის, როგორც წესი, ცდილობს თავისი გარემოცვა შეკრას და ძველი გუნდის გავლენა შეასუსტოს. "ქართულ ოცნებაშიც" სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს და ეს უფრო ბუნებრივი ციკლია, ვიდრე შიდა რყევის ნიშანი...

თუ დავაკვირდებით "ქართული ოცნების" შიდა პოლიტიკას, ისინი რამდენიმე მიმართულებით ამკაცრებენ ნაბიჯებს. პირველი - კორუფციასთან ბრძოლაა, მეორე - ნარკოტიკებთან, ხოლო მესამე -– კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ კამპანია. ამ ყველაფერთან ერთად ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური ძალები ერთ ქვაბში მოხარშოს: ყველას "აგენტებად" მოიხსენიებს და საზოგადოებას არწმუნებს, თითქოს ყველა მათგანი დასავლეთის მოსყიდულია და უცხო ძალების დავალებით "ამღვრევს წყალს", თორემ სინამდვილეში ქვეყანაში "ყველაფერი კარგად არის".

საბჭოთა კავშირის დროსაც იმავეს ვისმენდით: კორუფცია დასავლეთის გადმონაშთია, ოპოზიცია - უცხოეთის აგენტი, ხოლო ვინც ამას არ ეთანხმებოდა, ის მოღალატე. ყველა ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავეს აკეთებდა.

საქართველოში, სამწუხაროდ, კორუფცია ხშირად გამოიყენებოდა არა როგორც სისტემური რეფორმის გზა, არამედ როგორც პოლიტიკური იარაღი. ყოველ ახალ გუნდს სჭირდება საზოგადოებაში ლეგიტიმაციის განმტკიცება და ამისთვის ყველაზე მარტივი გზაა წინა ხელისუფლების წევრებისა თუ ძველი გუნდის წარმომადგენლების კორუფციაში დადანაშაულება. ეს წესი არაერთხელ გვინახავს: შევარდნაძის დროიდან დაწყებული, სააკაშვილის მმართველობისასაც და ახლა "ქართული ოცნების" პირობებში. როგორც კი ახალი გუნდი საბოლოოდ ჩამოყალიბდება, ძველი გავლენები განზე იწევა და სისტემა ისევ ძველებურად აგრძელებს ფუნქციონირებას. ასე რომ, ხელისუფლებაში ახალი და უჩვეულო არაფერი ხდება.

გაცილებით კრიტიკულია მდგომარეობა ოპოზიციაში. პარტიები ერთმანეთში დაპირისპირებას არ ერიდებიან და ამის გამო, ფაქტობრივად, ერთმანეთს ანეიტრალებენ. ოპოზიციური ელექტორატი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთი თანაბრად მიუღებლად მიიჩნევს როგორც "ქართულ ოცნებას", ისე "ნაციონალურ მოძრაობას", მეორე კი კვლავ "ნაცმოძრაობისგან" დაშლილ პარტიებს უჭერს მხარს.

ეს სურათი არსებითად განსხვავდება 2003 ან 2012 წლებისგან, როდესაც ოპოზიციას უფრო მკაფიო ერთიანობა ჰქონდა, ახლა კი ხელისუფლება კარგად იყენებს ამ დაყოფას და ცდილობს შიდა კონფლიქტებით უფრო დაასუსტოს ოპოზიციური ველი.

- გახარიას გუნდსა და პარტია "ლელოს" ლიდერებს თითქოს მორატორიუმი აქვთ გამოცხადებული დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მიმართ, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობა" არ ერიდება როგორც გახარიასა და ხაზარაძის ღალატში დადანაშაულებას, ასევე იმ ანალიტიკოსების ბულინგს, რომლებიც მათ პოზიციებს კრიტიკულად აფასებენ.

- ერთი მხრივ, პარტია "ლელოსა" და გახარიას გუნდების წინააღმდეგ თავდასხმები და საუბრები იმაზე, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაციაში ეხმარებიან, მეორე მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ გახმოვანებული ვერსიები, თითქოს რევოლუციური ფონის შექმნით "ოცნებას" პროტესტის ძალით გადატეხისა და რეჟიმის გამყარების საშუალებას აძლევს, უფრო ზრდის ოპოზიციის მიმართ უნდობლობას. ამგვარად იქმნება პარადოქსული სურათი, სადაც ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან და ამით ხელისუფლებას აძლიერებენ. თუ საზოგადოება შეძლებს არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას და პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში ქუჩის პროტესტშიც მიიღებს მონაწილეობას, ეს ხელისუფლებისთვის რეალურ გამოწვევას შექმნის. ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ბალტიისპირეთი. იქ საზოგადოება ძალიან გონივრულად მოიქცა და ერთდროულად მონაწილეობდა როგორც არჩევნებში, ისე ქუჩის აქციებში. შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა თავისი ძალები გადაენაწილებინა. ჩვენთანაც მსგავსი პროცესის ჩამოყალიბება აუცილებელია, თუ გვსურს პოლიტიკური ცვლილება რეალური იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ: გია ხუხაშვილის სკანდალური განცხადება: "ბოიკოტისტებმა ხელისუფლების კი არა, არჩევნებში მონაწილე პარტიების დამარცხება აქციეს მთავარ მიზნად" - რა სცენარი გველოდება 4 ოქტომბერს?!

"მე გადავწყვეტ, ვის ავახიო ფული და მერე ვის დავურიგო": ჩვენ ვნახეთ, რა მოუტანა ამ პრინციპმა ქვეყანას" - რატომ მიიჩნევს ირაკლი მელაშვილი, რომ "ნაცმოძრაობამ" ჭკუა ვერ ისწავლა?!

"ქვეყანა ნელ-ნელა მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და დათმობაზე წავიდეს, თორემ..." - კორნელი კაკაჩიას საგანგაშო პროგნოზი

"გვახსოვდეს, რაოდენ ძვირად დაუჯდა საქართველოს 90-იანი წლების სახელმწიფო გადატრიალებისა და სამოქალაქო არეულობის მორევიდან ამოსვლა" - ვიქტორ ყიფიანის ანალიზი: რა მოხდება 4 ოქტომბერს?!

- "მშვიდობიანი რევოლუციის" სცენარს რა პერსპექტივა აქვს?

- ყველაფრის მიუხედავად, არც დღეს არის რევოლუციური განწყობა. "ნაციონალებს" ავიწყდებათ და მე შევახსენებ 2003 წლის "ვარდების რევოლუციას", ისევე როგორც 2012 წლის ხელისუფლების ცვლილებას, ძალიან ძლიერი საერთაშორისო ჩარევა ახლდა თან. მაშინ ვაშინგტონი და მოსკოვიც კი აქტიურად იყვნენ პროცესში ჩართული. დღეს მსგავსი გარემოება არ არსებობს.

ამიტომ იმედი, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ქუჩის პროტესტი შეცვლის, ზედმეტად ოპტიმისტურია. არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა: ეს არა მხოლოდ მანდატებისთვის ბრძოლაა, არამედ საზოგადოების მომზადება იმ მომენტისთვის, როცა საჭირო გახდება პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა.

წაიკითხე ვრცლად