დანიურ F-35-ებს თავზე ანთებული ციმციმებით გადაუფრინეს - ნეტავ ვინ დასცინის ნატოს ასე მწარედ?! - კვირის პალიტრა

დანიურ F-35-ებს თავზე ანთებული ციმციმებით გადაუფრინეს - ნეტავ, ვინ დასცინის ნატოს ასე მწარედ?!

გუშინ, 24 სექტემბრის მიწურულს, ამავე ბლოგში გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით - „დანია, ნორვეგია და შვედეთი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებიდან აფრენილმა დრონებმა ააფორიაქეს?“ რომელიც ასეთი წინადადებით დავამთავრეთ: „თუკი უახლოეს დღეებში კვლავ განმეორდა ანალოგიური შემთხვევები ევროპის სხვა ქალაქების თავზეც, მაშინ კიდევ უფრო განმტკიცდება ეჭვი იმის შესახებ, რომ რუსეთი დრონების „შესევით“ ევროპელების დაშინებას იწყებს...“ და ზუსტად ორიოდე საათში ყველაფერი განმეორდა, მაგრამ კიდევ უფრო სამარცხვინოდ, დანიის შეირაღებული ძალებისთვის და მთლიანად ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის...

დანიის სამხრეთ იუტლანდიის რეგიონში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზის - Fighter Wing Skrydstrup-ის თავზე ანთებული ციმციმებით უცნობმა დრონებმა გადაიფრინეს!

1-dan-1758785490.jpg
დანიელი გენერლები ერთი წლის წინ ძალიან ამაყობდნენ ამ საჰაერო ბაზაზე მეხუთე თაობის პირველი F-35A-ს ტიპის მრავალფუქციონალური საბრძოლო თვითმფრინავების განთავსებით, მაგრამ რა იცოდნენ, ვინ გადაუფრენდა ანთებული ციმციმებით...

ეს სწორედ ის სამხედრო აეროდრომია, რომელზეც დანიამ განათავსა აშშ-დან ბოლო დროს ნაყიდი მეხუთე თაობის F-35A-ს ტიპის მრავალფუქციონალური საბრძოლო თვითმფრინავები და რომლებიც არიან განკუთვნილნი დანიის საჰაერო სივრცის დამრღვევი უცნობი საფრენი აპარატების აღმოსაჩენად და ჩამოსაგდებად...

ამის სანაცვლოდ, დანიის გენშტაბმა დაგვიანებული განგაში გამოაცხადა და ეს F-35-ები სასწრაფოდ სხვა აეროდრომზე გადააფრინა... გადასარჩენად!

ეს უკვე ნამდვილი დაცინვაა, არა მარტო დანიის, არამედ - ნატოს გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის ჩრდილოეთი მიმართულების ზონის სარდლობისთვისაც, რომელმაც დროულად ვერ შეძლო უცნობი საფრენი აპარატების მანამდე აღმოჩენა, სანამ ისინი დანიის შუაგულში მდებარე ამ სამხედრო აეროდრომის თავზე არ გამოჩნდებოდნენ და თანაც - ანთებული ციმციმებით.

ღამისეულ ცაში მფრენი ობიექტი, ჩართული თეთრ-წითელი ციმციმებით, კარგად მოჩანს თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში და ეს ერთადერთი დამამტკიცებელი საბუთია იმის, რომ დანიის სამხედრო აეროდრომის თავზე ვიღაც უცნობები „ნავარდობენ“, მაგრამ ამ უცნობი დრონების ოპერატორებს უბრალოდ რომ გამოერთოთ აერონავიგაციური მაშუქები, საერთოდ, დააფიქსირებდნენ კი ნატოს რადიოლოკატორები ამ დრონებს?

ამიტომაც ჩნდება მოსაზრება, რომ ანთებული ციმციმებით დანიის იმ საჰაერო ბაზის თავზე დემონსტრაციულად გადაფრენა, სადაც თანამედროვე F-35-ები ბაზირებენ, სპეციალურად იქნა განხორციელებული, რითაც დანიის ხელისუფლებას „მიუთითეს“ - როდესაც უკრაინას F-16-ებს უგზავნით, რუსეთთან საბრძოლველად, თქვენთან დარჩენილი F-35-ების განადგურება ძალიან ადვილად შეგვიძლიაო...

ასევე დაგაინტერესებთ: ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო ანუ უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაცია - პუტინს „ისკანდერებიც“ აუფეთქეს

ყველაზე მასიური საჰაერო შეტევა მოსკოვზე... გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნის წინ...

ბაგრამის აეროდრომისთვის ტრამპი ავღანეთში ხელმეორედ შეიჭრება?! - აქედან აფრენილ ამერიკულ ბომბდამშენებს ერთ საათში შეეძლებათ ჩინეთის სტრატეგიული ობიექტების განადგურება

ისტორიული ამბავი: პუტინს ბერიაშვილის "ჩაიკები" აუფეთქეს - უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაცია

და ვის შეუძლია დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის სამოქალაქო აეროპორტების და ახლა უკვე სამხედრო აეროდრომის დატერორება უცნობი დრონების მათ თავზე გადაფრენით? ამის კანდიდატი ერთადერთია - რუსეთის ფედერაცია, რითაც კრემლი არა მარტო ამ ქვეყნებს, არამედ - მთელ ნატოსა და ევროკავშირს აჩვენებს მათ ფაქტობრივ უსუსურობას, გაუმკლავდნენ რუსული დრონების მასობრივ შეტევას...

2-dan-1758785490.png
დანიის სამხედრო-საჰაერო ბაზის -Fighter Wing Skrydstrup-ის თანამგზავრულ ფოტოზე მოჩანს დაცული ანგარები, საბრძოლო თვითმფრინავების საიმედოდ გასათავსებლად, მაგრამ რუსული, არა სადემონსტრაციო, არამედ - კამიკაძე-დრონების მოულოდნელი მასობრივი საჰაერო შეტევის შემთხვევაში, ეს აეროდრომი დროებით მაინც იქნება გამოყვანილი მწყობრიდან...

დანიის ამ სირცხვილნაჭამი საჰაერო ბაზიდან პირდაპირი ხაზით ყველაზე ახლოს - 700 კმ-ში რუსეთის კალინინგრადის ოლქია, მაგრამ რუსული დრონები ამ სიშორეზე არ გაფრინდებოდნენ. ისინი, დიდი ალბათობით, აფრინდნენ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ იმ ტანკერის ან მშრალტვირთმზიდი გემის გემბანიდან, რომელიც ახლა მიცურავს დანიის სანაპიროდან არცთუ მოშორებით, ჩრდილოეთ ზღვაში და დასავლეთის მხრიდან მათი შეფრენა დანიის საჰაერო სივრცეში, როდესაც მთელი ყურადღება აღმოსავლეთ, რუსეთის მიმართულებაზეა გადატანილი, სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

ამასთან, დანიის საჰაერო სივრცის დასარღვევად, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა მომცრო ფორმის დრონები, შეიძლება - „გერბერებიც“ (ისეთები, რომლებმაც 10 სექტემბერს ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყანა - პოლონეთი ააფორიაქეს), რომლებიც დამზადებულია პენოპლასტის( რომელშიც ტრანსპორტირებისას ფუთავენ მაცივრებსა თუ ტელევიზორებს) ფართო გამოყენებით, რაც ძალზე აძნელებს მათ რადიოლოკაციურ აღმოჩენას.